ლოცვისას წმინდანთა მოხმობის თაობაზე
მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვისას ხშირად უხმობენ წმინდანებს, რადგანაც მუდამ სჭირდებათ მათი შემწეობა და სწამთ, რომ „ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას" (იაკ. 5, 16). ასეთ რწმენას თვით უფალი გვინერგავს. მან თავად უბრძანა იობის მეგობრებს:
„მიდით ჩემ მორჩილ იობთან... და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით" (იობ. 42, 8).
ღვთის მცნება, რომელიც ეხება ცოცხალი მართლების ლოცვას, ასევე ეკუთვნის გარდაცვლილ წმინდანებსაც; რადგანაც ქრისტეს სიტყვების თანახმად: „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლების, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლუკ. 20, 38). წმინდა წერილის თანახმად, ხორციელი სიკვდილის შემდეგ, მართლები უკვალოდ კი არ ქრებიან, არამედ სულით ცოცხლობენ ღვთის წინაშე და ახალი საგალობლებით ადიდებენ მას: „ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; და თვითეულს ჰქონდა ჩანგი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა და გალობდნენ ახალ საგალობელს" (გამოცხ. 5, 8-9). ამიტომაც შეუძლიათ მართლებს სიკვდილის შემდეგ ლოცვა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ჩვენთვის - დედამიწაზე მცხოვრებთათვისაც. ასე ლოცულობენ ღვთის სიტყვისათვის დახოცილთა, ანუ ქრისტეს მოწამეთა სულებიც, რომელთაც მიეკუთვნებიან: წმ. გიორგი, წმ. თეოდორე, წმ. ბარბარე, ქეთევან წამებული და სხვები: „ვიხილე საკურთხევლის ქვეშ სულნი მოკლულთა ღვთის სიტყვისა და მოწმობისათვის, რომელიც ჰქონდათ. და შეღაღადეს ხმამაღლა და თქვეს, როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისათვის მიწის მკვიდრთაგან" (გამოცხ. 6, 9-10). სიტყვები - „რატომ არ განსჯი" - ნიშნავს: რატომ არ გამოავლენ საბოლოოდ შენს სიმართლეს დედამიწის მცხოვრებლებზე.
„და ავარდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე" (გამოცხ. 8, 4).
ძველ აღთქმაში მოსე წინასწარმეტყველი უფლისადმი ასე ლოცულობს: „გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი" (გამ. 32, 13). ამ სიტყვებით მოსე აღიარებს ძველი აღთქმის მამათმთავრების მნიშნველობას ღმერთის წინაშე და ლოცვაში მათი მოხსენიებით თითქოს წარმოაჩენს მათ, როგორც მის მშველელებსა და მეოხებს. ძველი აღთქმის ეკლესიაში მორწმუნეები განმსჭვალულნი იყვნენ იმ შეგნებით, რომ წმინდანები ცოცხალთათვის ხორციელი სიკვდილის შემდეგაც ლოცულობდნენ.
თავისი ხალხისათვის ლოცულობდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი იერემია წინასწარმეტყველი.
„შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი... ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისათვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი" (2 მაკ. 15, 13-14).
ახალ აღთქმაში კი ქრისტიანებისათვის ლოცულობენ მართალთა და ქრისტესთვის დახოცილთა - ანუ წმინდა მოწამეთა სულები (გამოცხ. 6, 10).
განსაკუთრებულ მეოხებას ქრისტიანები სთხოვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა აღსრულდეს ფსალმუნებში მასზე თქმული წინასწარმეტყველება: „ისმინე ასულო... ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი" (ფსალმ. 44, 11-13) და წმინდა ქალწულიც ყოველთვის ეხმარებოდა ლოცვისას მასზე მინდობილებსა და მვედრებლებს. სახარებაში წერია, რომ პირველი სასწაული ქრისტემ სწორედ მისი თხოვნითა და შუამდგომლობით აღასრულა, როდესაც საგონებელში ჩავარდნილ მექორწილეებს წყალი ღვინოდ გადაუქცია, მიუხედავად იმისა, რომ „უფლის დრო ჯერ არ დამდგარიყო", ანუ წესით მას სასწაული ჯერ არ უნდა მოეხდინა (იხ. იოან. 2, 1-11).
რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები":
ადამიანებმა მეოხება და შუამდგომლობა არ შეიძლება შევთხოვოთ წმინდანებს, „რადგან ერთია ღმერთი, და ერთია შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის, კაცი ქრისტე იესო" (1 ტიმ. 2, 5).
რას უპასუხებს წმინდა წერილი:
სისხლითა და ხორცით (ესენი კი ღმერთკაცის, იესო ქრისტეს, მხოლოდ კაცობრივი ბუნების თვისებებია) ნამდვილად მხოლოდ უფალია მეოხი ღვთის წინაშე ამ ცოდვილი სამყაროსი. რადგანაც მან შეძლო ჯვარზე გაკრული სხეულითა და მასზე დაღვრილი სისხლით „დაეზავებინა ყველაფერი, როგორც მიწიერი ისე ზეციერიც" (კოლ. 1, 20). და „ყოველი ცოდვის მოტევებით" (კოლ. 2, 13) ადამიანი „შეერიგებინა ღმერთისათვის ჯვრის მიერ, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა" (ეფეს. 2, 16).
მაგრამ ლოცველ-მეოხნი, პავლე მოციქულის თანახმად, ჩვენ მრავალი გვყავს: „თანაშეწევნით თქვენი ლოცვისა ჩვენთვის, რათა ჩვენს მიერ მრავალი პირის მეოხებით მიღებული მადლი, მრავალთა მიერვე სამადლობელი შეიქმნეს ჩვენთვის" (2 კორ. 1, 11) მართლმადიდბლებშიც, მხოლოდ ამ აზრით უწოდებენ ღვთისმშობელსა და წმინდანენებს ჩვენს მეოხებს.
იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს:
„მამის ჩემის სახლში ბევრი სავანეა... მივდივარ რათა ადგილი გაგიმზადოთ... კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ; რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ" (იოან. 14, 2-3).
„...მძლეველს ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და მამის ჩემის გვერდით დავჯექი მის ტახტზე (გამოცხ. 3, 21) სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც (იოან. 12, 26), რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას" (იოან. 17, 24).
და მართლაც, მაღლა ზეცაში, ცათა სასუფეველში უფალს ადიდებს, თაყვანს სცემს, ახალ საგალობლებს უგალობს, საკმეველს უკმევს და მის წინაშე ლოცულობს ურიცხვი სიმრავლე ანგელოზებისა და წმინდანებისა, „რომლის აღრიცხვასაც ვერ შესძლებდა ვერავინ" (გამოცხ. 5, 8-9; 6, 9-10; 8, 4).
ამიტომაც, უკვე თითქმის 2000 წელია მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მოწიწებით ეპყრობა და ლოცვით მოუხმობს ზეციურ წმინდანებს: ღვთისმშობელს, მთავარანგელოზებს, ანგელოზებს, ძველი აღთქმის მამამთავრებს, წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მღვდელმთავრებს, წმინდა მოწამეებსა და წმინდა მამებს, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრებისას დაამტკიცეს ღვთის ერთგულება, დაიმსახურებს ცათა სასუფეველში უფლის გვერდით დგომა, ახლა კი სამოთხეში, მესამე ცაზე (იხ. 2 კორ. 12, 2-4) ახალი საგალობლებით და ენით გამოუთქმელი სიტყვებით ადიდებენ და აკურთხევენ უფალს (იხ. გამოცხ. 5, 8-9) და ჩვენთვის ლოცულობენ.
წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას", თბილის, 1998 წ.