„მხოლოდ ჯოჯოხეთის ხილვა თუ მომიყვანდა ჭკუაზე!"

ოჯახში ერთი შვილი ვიყავი. მდიდრულად ვცხოვრობდით. მშობლები სულ ჩემი ჭკუის დარიგებაში იყვნენ, ჩემ ნებაზე არ მიშვებდნენ. მე მხიარულად ცხოვრება მინდოდა, ისინი წესიერებისკენ მომიწოდებდნენ. საღამოს ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად ნადიმები და ქეიფები მიყვარდა. საამისოდ სახლიდან ჩუმად მიგვქონდა ხოლმე ყველაფერი. მამა ყოველთვის მსჯიდა ამისათვის. მე კი მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. ჩვენი სახლიდან ბევრი რამის წაღება შეიძლებოდა, რადგან ყველაფერი ბევრი გვქონდა და ამიტომ ხშირად ვერ ხვდებოდნენ, რამეს თუ მოვიპარავდი. ასე მივეჩვიე საღამოს წვეულებებს და თავქარიან ცხოვრებას. არყის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო.

ამ დროს გარდაიცვალა მამა. მე უფრო გავთამამდი, დედას არ ვუჯერებდი. იმის იმედით, რომ გამოვსწორდებოდი, დედამ დამაქორწინა. მაგრამ ამას არსებითად არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიღუპებოდი და კიდევ დავიღუპებოდი, უფალს რომ არ მოეხედა ჩემთვის დედაჩემის ლოცვის შედეგად.

ერთხელ ქალაქში ფქვილი წავიღე გასაყიდად. გავყიდე და აღებული ფულით მე და ჩემმა მეგობრებმა კარგად მოვილხინეთ. უკან დაბრუნებულებიც გზაში სულ არაყს ვსვამდით. ისე, რომ არ მახსოვს, სახლში როგორ მოვედი.

შემიძლია ასევე ვთქვა, რომ სახლში კი არა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი, ნამდვილ ჯოჯოხეთში, რომლის არსებობა ადამიანებს, სამწუხაროდ, ხშირად არ სჯერთა. ჯოჯოხეთი კი, ძმებო, არსებობს და თანაც ცოდვილი, უბედური ადამიანის წარმოსახვა ვერასოდეს წარმოიდგენს სრულყოფილად, თუ რა არის ის. ...აქ, დედამიწაზე, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა არის ჯოჯოხეთის ცეცხლი. ეს ისეთი ცეცხლი კი არ არის, აქ, დედამიწაზე რომ ვიცით. ამის ატანა კიდევ შეიძლება. აი, იმისი კი... ის ისეთი საშინელია, ისეთი მტკივნეულია, ისეთი მცხუნვარე და მწველი... ამის გამოდმოცემა შეუძლებელია. თან ხელ-ფეხი შეკრული გაქვს, ვერ ატოკებ. ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ვნახე და ისე მახსოვს, თითქოს წუხელ იყო.

- მხსნელო ჩემო! ღვთისმშობელო, დამიფარე! - ვევედრებოდი წმიდა ქალწულს. ტანჯვას კი ბოლო არ უჩანდა. მეჩვენებოდა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც ამ ტანჯვაში ვიყავი. ფაქტიურად კი მხოლოდ ერთი საათი ვყოფილვარ ჯოჯოხეთში.

უცებ ყოველივე ეს გაქრა, გვრძნობ, რომ ხელ-ფეხი გამეხსნა, შემოვბრუნდი და ვხედავ: ხატების წინ კენდელი ანთია (ზუსტად ღვთისმშობლის მიძინების დღე იყო), დედაჩემი მუხლებზე დგას და ცრემლებით ლოცულობს. გამახსენდა ერთი ნათქვამი - „დედის ლოცვას ზღვის ფსკერიდან ამოყავს ადამიანი" და გავიგე, იმ წამს მივხვდი, რა სწორია ეს. იმასაც მივხვდი, რომ სხვა ვერაფერი მომიყვანდა გონზე მე, ცოდვილს.

ავდექი სრულიად ჯანმრთელი, თითქოს სასმელი პირშიაც არ ჩამეშვას. დედამ მითხრა, რომ ცხენებს ვუყვარვარ. გრძნობადაკარგული მოვუყვანივარ სახლში. დედას მკვდარივით დავუწვენივარ საწოლზე. თითქმის აღარ ვსუნთქავდი თურმე.

სასოწარკვეთის პირას მისულ დედას ცხარე ცრემლებით ლოცვა დაუწყია. და აშკარაა, უფალმა ისმინა მისი. მთელი ჩემი სიცოცხლე მუდამ დედის მადლიერი ვიქნები. ეს არასოდეს დამავიწყდება.

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.