მფარველობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა

ბერძენთა იმპერატორის ლეონ ბრძენის მეფობის დროს, მეხუთე საუკუნეში, პირველ ოქტომბერს, დიდებულ ვლაქერნის ეკლესიაში, რომელიც იყო აშენებული სტამბოლში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, სრულდებოდა ღამისთევის ლოცვა. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით, რომელთა შორის იყო ანდრია სალოსი. ღამის მეოთხე საათზე ანდრია სალოსმა აღაპყრნო თვალნი თვისნი ზეცას და დაინახა, რომ ვითომც ტაძარს აღარ ჰქონდა თაღები და გუმბათი და დაინახა ზეციური დედოფალი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ანათებდა რა როგორც მზე, ის იდგა ჰაერში, და მის გარშემო იდგნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ-მთავარნი, მოწამენი და ყოველნი ზეციურნი ძალნი, და ფარავდა რა თავისი წმიდა ომოფორით ქრისტიანებს, ევედრებოდა მათთვის ძესა თვისსა და ღმერთსა ჩვენსა. წმინდა ანდრიამ ჰკითხა იქვე მდგომ თავის მოწაფეს - ნეტარ ეპიფანეს: „ხედავ, ძმაო, ქვეყნის შუა მდგომელს?" - ვხედავ, წმიდაო მამაო, და შეძრწუნებული ვარ, მიუგო მან. - იმ დროიდან დადგენილია დღესასწაული ღვთისმშობლის მფარველობისა, რათა ქრისტიანებს ახსოვდეთ ეს სასწაული და იცოდნენ ვის უნდა მივმართოთ გაჭირვების დროს და ვის უნდა შევწიროთ სამადლობელი მსხვერპლი, როცა გასაჭირისგან განვთავისუფლდებით.

„და თქვა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა" (ლუკ. 1, 46-50).

ჟურანლი „წყარო", № 14, 1992 წ.

* * *

ხატმებრძოლობის პერიოდში მართლმორწმუნე ქრისტიანებს ლუდიის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისაგან აღსრულებული სასწაულები განამხნევებდა. ამ ხატის შექმნის ისტორია წმიდა მოციქულების - პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის სახელებთან არის დაკავშირებული. როდესაც ისინი იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლუდიაში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, იქ ახლადმოქცეულთათვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს. იერუსალიმში დაბრუნებული წმიდა მოციქულები ევედრებოდნენ დედა ღვთისას, მოენახულებინა და თავისი მუნმყოფობით განენათლა და ეკურთხა ახალი ტაძარი. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიუგო: „წარვედით მშვიდობით, და მეცა მუნ ვიქნები თქვენთან ერთად". და მართლაც, ტაძარში მობრუნებულმა მოციქულებმა ერთ-ერთ მთავარ სვეტზე იხილეს საკვირველი სიმშვენიერის ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. შემდეგში თვით დედაც ღვთისა მოვიდა ლუდიიდ მონასტერში და თავის ხატებას განსაკუთრებული მადლი და ძალა მიანიჭა.

იმპერატორ იულიანე განდგომილის ჟამს, მეოთხე საუკუნეში, ლუდიაში ახალი სასწაული აღსრულდა. ტაძარში ქვისმთლელები გაგზავნეს უკეთურებმა, რათა გაენადგურებინათ საკვირველმოქმედი გამოსახულება. მაგრამ რამდენიც არ ეცადნენ ქვისმთლელები, მოეტეხათ და გადაეშალათ წმიდა ხატი, იგი არა და არ ქრებოდა, არამედ სულ უფრო ღრმად შედიოდა სვეტში. დიდება მომადლებული ხატისა მთელს ქვეყანას მოედო. მისგან ასლი გადაიღეს, რომელიც შემდეგ რომში გადაასვენეს. ნიშანდობლივია, რომ ამ ასლმაც საკვირველმოქმედების ძალა შეიძინა.

არსებობდა ღვთისმშობლის სხვა ხელთუქმნელი ხატიც ლუდიაში. იგი ამ ტაძარში იმყოფებოდა, რომელიც წმიდა მოციქულ პეტრეს მიერ განკურნებული ენეას მიერ იყო აგებული. როცა წარმართებმა და იუდეველებმა მოისურვეს ქრისტიანებისთვის წაერთმიათ ეს ტაძარი, მაშინ განმგებლის განკარგულებით იგი სამი დღით ჩაჰკეტეს, რათა ამ ხნის განმავლობაში ღვთის სასწაული მოვლენოდათ მოცილე მხარეებს და ამგვარად გადაწყვეტილიყო დავა. როცა სამი დღის შემდეგ ტაძარი გააღეს, მასში ღვისმშობლის ხელთუქმნელი გამოსახულება იხილეს.

 

* * *

ღირსმა მამამ პალადი ალექსანდრიელმა ერთხელ შემდეგი ამბავი მოუთხრო თავისი სენაკის სტუმრებს: ერთ მის ნაცნობ კეთილმსახურ კაცს ღვთისმოშიში და მორჩილი მეუღლისაგან ექვსი წლის ასული ჰყოლია, რომელსაც მშობლები კეთილმსახურებითა და ღვთის შიშით ზრდიდნენ. ერთხელაც ამ კაცს კონსტანტინეპოლს გამგზავრება მოუხდა. მეუღლემ ნავსადგურამდე მიაცილა და დამშვიდობების წინ, სხვათა შორის ჰკითხა: „ვის ხელთ გვტოვებ მე და შენს ასულს?" „ჩვენი დედოფლის - ღვთისმშობლის ხელთ", - უპასუხა ოჯახის თავმა, დაემშვიდობა ცოლს და გემით გაემგზავრა.

მალე ამის შემდეგ მისი მეუღლისა და ასულის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა ერთი ბოროტმოქმედის მხრიდან. საქმე ასე მომხდარა: ეშმაკმა ჩააგონა ამ კეთილშობილი სახლობის ერთ-ერთ მსახურს, ხელი აღემართა თავის ქალბატონზე, მოეკლა იგი, გაეტაცებინა ძვირფასი ნივთები და გაქცეულიყო. მართლაც, ბოროტმოქმედმა დანა აიღო სამზარეულოდან და საძინებელი ოთახისკენ წავიდა; მაგრამ როგორც კი შეეხო კარის ზღურბლს, ანაზდად დაბრმავდა და ვერც წინ წადგა ნაბიჯი და ვერც უკან. დიდხანს ეცადა, როგორმე შესულიყო ოთახში, მაგრამ უხილავი ძალა ერთ ადგილას აკავებდა. მიუხედავად ანაზდეული საკვირველი დაბრმავებისა, უგუნურმა ბოროტმოქმედმა ვერ გულისხმა-ყო ამაში საღმრთო განგებულების ხელი, ყოველივეზე რომ ზრუნავს სამყაროში, და განსაკუთრებით კი - ადამიანზე: მას კვლავაც სურდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, განეხორციელებინა ეშმაკის მიერ ჩაგონებული ბოროტმოქმედება. და აი, მან თვით დაუწყო ხმობა თავის ქალბატონს, მომიახლოვდიო. ქალბატონს გაუკვირდა მსახურის ქცევა და უბრძანა, თვითონ შემოსულიყო. მაგრამ მსახური კვლავ და კვლავ უმეორებდა, მომიახლოვდი, ანდა შენი ასული მაინც გამოგზავნეო. მან კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ეჭვობდა და არც შიშობდა თავისი და ქალიშვილის სიცოცხლის გამო, მაინც რატომღაც გადაწყვიტა არ მისულიყიო მსახურთან. მაშინ მსახურმა, სიბრაზისგან გონდაკარგულმა იმის გამო, რომ ვერ ასრულებდა თავის განზრახვას, საკუთარი თავი განიგმირა დანით... ქალბატონის კივილზე დაუყოვნებლივ შეიყარნენ მეზობლები. ბოროტმოქმედმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სიკვდილის წინ ყოველივე აუწყა მათ. ამ შემთხვევით ყველამ შეიცნო საღმრთო განგებულების გამოუკვლეველი ნება. მათ ერთხმად განადიდეს შემოქმედი ღმერთი და მართალ მორწმუნეთა მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მარადის ქალწული მარიამი.

 

* * *

მორწმუნე ჭაბუკი ღირსი დოსითეოსი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავისი ოცნების ქალაქში, იერუსალიმში ყოფნისას, გეთსიმანიის ბაღში დიდხანს უყურებდა განკითხვის დღის გამოსახულებას. ანაზდად თავის გვერდით უცნობი დედაკაცი დაინახა, რომელმაც აუხსნა მას, თუ რა იყო გამოსახული სურათზე. ჭაბუკმა დოსითეოსმა ჰკითხა: „ვით შეიძლება საუკუნო სატანჯველთა აცილება თავიდან?" რაზეც პასუხი მიიღო: „მარხვა დაიცავი, არ მიიღო ხორცი და რაც შეიძლება დიდხანს ილოცე". ამ სიტყვების თქმისთანავე უცნაური მოძღვარი გაუჩინარდა. დოსითეოსი მის ძებნას შეუდგა ქალაქში, მაგრამ ამაოდ, რამეთუ თანამოსაუბრე მისი თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო. ღვთის დედის გამოცხადებამ დიდი გავლენა მოახდინა ჭაბუკის სულზე და სავანეში თვისი მოძღვრისადმი სრულყოფილი მორჩილებით და საკუთარი ნების სრული უარყოფით მთლად გაითავისუფლა სული გულისთქმის ა და პირმოთნეობისაგან და დაიმკვიდრა საუკუნო სასუფეველი.

 

* * *

კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიოს ტაძარში მსახურობდა ერთი ღვთისმოშიში და სათნო კაცი, სახელად რომანოზი. იგი ღრმად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი იყო, თუმცა კი სრულიად გაუნათლებელი, წერა-კითხვის არმცოდნე. ამის გამო მას დაკისრებული ჰქონდა ყველაზე მარტივი საქმეები ეკლესიაში: ასუფთავებდა და განამზადებდა ღვთისმსახურებისათვის აუცილებელ საგნებს, ანთებდა სანთლებსა და კანდელებს, ალაგებდა ტაძარს, წმენდდა ნივთებს და ყველა სხვა ამდაგვარ საქმეს ასრულებდა, ხოლო ღამ-ღამობით ველად გადიოდა განმარტოებული ლოცვისათვის, ქალაქის გარეთ მდებარე ვლაქერნის ტაძარში. საღვთისმსახურო საქმეების აღსრულება კი სრულიად არ ძალ-ედვა და არც ჰქონდა რაიმე სამღვდელო წოდება. მიუხედავად ამისა, პატრიარქი ექვთიმე, რომელსაც ძალზე უყვარდა რომანოზი მისი გულმოდგინებისათვის, მორჩილებისა და დაუღალაობისთვის, სხვა სამღვდელოთა თანაბარ პატივს მიაგებდა მას, და მისი ბრძანებით რომანოზი გასამრჯელოსაც სხვების ოდენს იღებდა. ამის გამო ბევრი უკმაყოფილო იყო, ზოგი კი შურით აღივსებოდა ამ პატიოსანი მუშაკის მიმართ და თვით პატრიარქზეც დრტვინავდა, - რატომ გაგვითანასწორა ესოდენ უბრალო და გაუნათლებელი კაციო.

მაგრამ უფალმა კეთილად ინება სწორედ ამ უბრალო ადამიანის მეშვეობით განეცხადებინა მორწმუნე ერისათვის ზეცისმიერი გაცისკროვნებისა და განათლების მთელი ძალა: ერთხელ, ქრისტეს შობის მიმწუხრზე, როცა ღვთისმსახურებას ტაძარში თვით ხელმწიფე ესწრებოდა და რომანოზი ჩვეულებისამებრ სანთლებს ანთებდა, გუნდის მგალობლებმა მუჯლუგუნის კვრა დაუწყეს მას და თან ყვედრებით ეუბნებოდნენ:

- შენ ჩვენნაირ გასამრჯელოს იღებ და ჩვენი დარი პატივით სარგებლობ! მაშ, ამოდი ამბიონზე და ჩვენთან ერთად იგალობე ღვთის სადიდებელი!

ასე, მთელი მორწმუნე ერის გასაგონად შეარცხვინეს მგალობლებმა წმიდა რომანოზი, და იგიც დიდად დამწუხრდა, ისე, რომ ცრემლიც კი წასკდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, როცა ტაძარი მთლიანად დაცარიელდა, გულშემუსრვილი რომანოზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, ქვე დაემხო მის წინაშე და მხურვალედ ევედრა ზეციურ დედოფალს, დამეხმარეო. მერმე შინ დაბრუნდა და ისე დაიძინა, რომ ლუკმაც არ ჩაუდვია პირში. და აი, ღამით, სიზმრეულ ხილვაში, რომანოზს თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ხელთ რაღაც გრაგნილი ეპყრა და უთხრა:

- განაღე პირი და ჭამე ესე!

რომანოზმაც შეჭამა გრაგნილი (ბერძნულად „კონდაკიონი") და მაშინვე გამოეღვიძა. გული საოცარი სიხარულით აღვსებოდა, რადგან ღვთისმშობლისაგან დიდი ნუგეში მიიღო და გონებაშიც უჩვეულო გაცისკროვნებასა და გულისხმის-ყოფას შეიგრძნობდა.

ზეგარდამო ღვთის დედისაგან შთაგონებული წმიდა რომანოზი ტაძრისკენ გაეშურა და ღამისთევის ლოცვაზე მაშინ მივიდა, როცა კონდაკი უნდა ეგალობათ. მაშინდელი წეს-ჩვეულების შესაბამისად, იგი პირდაპირ ამბიონზე ავიდა და ყველას გასაოცრად, საკვირველი ტკბილი ხმით იწყო თავის მიერვე შედგენილი სადიდებლის გალობა: „ქალწული შობს დღეს ზეაღმატებულად..." და შემდგომი ამისა. არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ასეთ უბრალო, კნინ და გაუნათლებელ ადამიანში ესოდენი სიბრძნე და გალობის უნარი. შემდეგ წმიდა რომანოზმა იქ მყოფთ მოუთხრო სიზმრეულ ხილვაში გამოცხადებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნუგეშისა და ამის მიღებული ნიჭის შესახებ. ყველამ ერთხმად განადიდა უფალი და ხორციელად მისი მშობელი დედა.

გულმოდგინე მსახურებისათვის პატრიარქმა ექვთიმემ დიაკვნად აკურთხა წმიდა რომანოზი და, აქედან მოყოლებული, მას არ შეუწყვეტია ღმერთისაგან მიღებული ნიჭის ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოყენება: სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა ღმრთივსულიერ საგალობლებს და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ წმიდა რომანოზს ეკუთვნის ათასამდე საეკლესიო საგალობელი, რომლებითაც ჩვენ დღემდე განვადიდებთ ღვთისმსახურების აღსრულებისას.

„დედა ღვთისმშობლის სასწაულები"
მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში, კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.