მშვენიერი მანდილოსანი

დედის ნაამბობი

ჩემი შვილი - ვალერი მძიმეს გახდა ავად. ბიჭი შვიდი წლისაც არ იყო; სული ეხუთებოდა, სიცხე უკიდურეს ზღვრამდე იყო მისული. მოვიწვიეთ პროფესორი. მან გვითხრა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, რათა ზუსტად დავადგინოთ დიაგნოზი - ქუნთრუშა თუ დიფტერია. ჩვენ მოცდა არ ვისურვეთ და სხვა ექიმს მივმართეთ, გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გამოგვეყვანა ბავშვი მდგომარეობიდან. მან დიფტერიის დიაგნოზი დაგვისვა და სასწრაფოდ შრატის ინექცია დანიშნა.

სანამ აფთიაქში დიფტერიის საწინააღმედგო შრატს მოვძებნიდით, პროფესორს დავურეკე და ვუთხარი, ბავშვს შრატს ვუკეთებთ-მეთქი.

- მე თქვენთვის ეს არ დამინიშნავს. - მითხრა მან.

შევწუხდი, დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მექნა. შრატი ვიყიდე და ნაცნობ მედდასთან გავიქეცი, რომ ბავშვისთვის შრატის გაკეთება მეთხოვა. თან, მართალი გითხრათ, სული მიშფოთავდა - პროფესორს უჭირს რამის გადაწყვეტა და მე რაღა ვქნა, ვის მივაკითხო საშველად-თქო. მედდა დამპირდა, მალე მოვალო.

მივიჩქარი ქუჩაში და თან განუწყვეტლივ ვლოცულობ - ღვთისმშობელს ვევედრები, მიგვახვედროს, საჭიროა თუ არა ახლა ნემსის გაკეთება. ამასობაში სახლთან მივედი. ავდივარ კიბეზე და... აშკარად მომესმა: „არა!" მივხვდი, ეს პასუხი იყო ჩემს თხოვნაზე.

სახლში შევედი თუ არა ვთქვი, რომ შრატს აღარ გავაკეთებდით. ყველამ ისე შემომხედა, როგორც ჭკუიდან შეშლილს. ვერაფერი გაეგოთ, რა ხდებოდა. მოვიდა მედდაც. მე ვუთხარი, რომ ნემსი აღარ გაკეთდებოდა. მან შვებით ამოისუნთქა.

ვალერი სიცხისგან შფოთავდა. მხოლოდ იმას მთხოვდა, დედიკო, არსად წახვიდეო. ბავშვის საწოლი ოთახის შუაგულში დავდგით, რომ უფრო ადვილად ესუნთქა. მთელი ღამე მის გვერდით ვიჯექი. შევამჩნიე, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა; ბიჭი ჩაწყნარდა, დაეძინა. მალე გამოეღვიძა, თვალი გაახილა და მკითხა:

- დედა, ვინ იყო ჩვენთან?

- არავინ.

- აბა, როგორ, დედა... აი, ახლახან!

- რა, ახლახან? - ვერაფერს მივხვდი.

- რა, და... დედა, ისეთი მშვენიერი ქალბატონი იყო, ისეთი მშვენიერი!.. - და ვალერის ისევ ჩაეძინა.

დილისკენ ბავშვს გამონაყარი გამოჩნდა და გასაგები გახდა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მკურნალობა. მალე ბიჭი სრულიად განიკურნა. მერე ცხადი გახდა, მაშინ ნემსი რომ გაგვეკეთებინა, ბავშვი დაიღუპებოდა.

სიზმარში, თუ ძილ-ღვიძილში ნანახი მშვენიერი ქალბატონი კი სულ ახსოვდა, თუმცა ამაზე იშვიათად ლაპარაკობდა, გულში ინახავდა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო. ვალერი ისევ ავად გახდა - ანგინა ჰქონდა მძიმე ფორმებში, მაღალი სიცხით.

სახლში მარტო ვიყავი. საჭირო იყო სასწრაფო დახმარების გამოძახება. ბინაში მაშინ ტელეფონი არ გვქონდა. რა უნდა მექნა შუაღამეზე?! ავტომატის საძებნელად ქუჩაში გამოსული პირდაპირ ქუჩაში მუხლებზე დავეცი და გულით შევღაღადე დედა ღვთისმშობელს: „დედაო ღვთისავ, შვილი გადამირჩინე!"

ავტომატი მალე ვიპოვე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. შინ რომ დავბრუნდი, ვნახე: ვალერის ყელიდან ჩირქის გროვას გადმოეხეთქა და ყელი თითქმის გასუფთავებოდა. ტემპერატურა ძალზე სწრაფად დაეცა.

ეს მეორედ მაჩუქა დედა ღვთისმშობელმა შვილი.

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.