ნაყროვანება - სიბილწეთა დედა

წმიდა მამები ნაყროვანებას სიბილწეთა დედას უწოდებენ. მისგან წარმოდგება არაერთი ცოდვა, რომლებიც, თუ არ შეინანა, ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლებად ექცევა ცოდვილს. ქრისტიანთა ცხოვრებიდან ცნობილია მრავალი მაგალითი, თუ როგორ უნდა ვძლიოთ ნაყროვანებას, რომელიც ხშირად გემოთმოყვარებით იწყება.

† † †

მამა ტიხონ ათონელს ერთხელ ერთი ერისკაცი ესტუმრა, ნაყროვანებისა და გემოთმოყვარებისგან მეტისმეტად გასუქებული, და შესჩივლა, ხორციელი აღძვრანი და არაწმინდა ფიქრები მოსვნებას არ მაძლევენო. შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევო, მიუგო მამა ტიხონმა. ერისკაცი დათანხმდა. ღირსმა მამამ ურჩია, განუწყვეტლივ წარმოეთქვა საუფლო ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" - და მთელი დღეები პურსა და წყალზე გაეტარებინა, ზეთიანი საზრდელი მხოლოდ შაბათ-კვირას მიეღო. გარდა ამისა, ყოველ საღამოს 150 მეტანია აღესრულებინა, ეკითხა ღვთისმშობლის კანონი, თითო თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანთა ცხოვრება.

ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ესტუმრა მამა ტიხონს. მოძღვარმა ვეღარ იცნო - ისე გამხდარიყო, ტაძრის ვიწრო კარში თავისუფლად ეტეოდა. „ახლა როგორ გრძნობ თავს, შვილო?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. „ანგელოზივით, მამაო, არც ხორცი მაწუხებს და არც არაწმინდა ფიქრები", - უპასუხა მან.

† † †

დიდი მოღვაწე იყო მამა არსენ გარეჯელი - ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხან - ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებრძოდა, მაგრამ ღირს მამას ჰქონდა სასოება ღვთისმშობლისა და ითმენდა შიმშილს. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა. არსენმა მოუტეხა. „გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ. რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?" - გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. აიღო პური, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგდო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მჯიღს იცემდა მკერდში და იტყოდა: „ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისათვის წუხარ! ამისთვისცა, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლოო".

ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ.

† † †

სამი ჭიქა რომ დავლიოთ, ბევრი ხომ არ იქნებაო? - ჰკითხეს მამა სისოს. „თუ იცი, რომ ეშმაკი ცოცხალი აღარ არის, სამი ჭიქა არც ისე ბევრია, ხოლო თუ ჯერ კიდევ არსებობს, მეტისმეტიაო", - მიუგო ბერმა.

† † †

ღირსი მამა ქრისტეფორე გარეჯელი თავს ასე იგლოვდა: „ნაყროვანი ხარ, ბერო, უძღები და ცოდვილი! დაღაცათუ ხორცს არა სჭამ, პურსა მაძღრივ სჭამ და ოდესცა ჰპოვებ, ღვინოსაცა სვამ. უბადრუკო ბერო, არ გეშინია?! დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცის განშორება? დღეს თუ ხვალ მოვა წამყვანებელი შენი. განიმზადე თავი!" - და, ვითარცა შვილმკვდარი დედა, მწარედ ტირილს იწყებდა.

† † †

თქვა ბერმა: ოდეს გულისსიტყვა გებრძოდეს და ათასნაირ საჭმელს გთხოვდეს, აჭირვე მას, პურსაც ნუ მისცემ, დაამშიე და იქამდე მიიყვანე, რომ გევედროს და პურიღა გთხოვოსო.

† † †

ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ  მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისათვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისათვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. „აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო", - ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. „ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, - უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო".

† † †

ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთ-მცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი - პურს, ზოგი კი - უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთიდაიგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: „ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო".

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე", № 3 (14), 2005 წ.