ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის
ცხოვრების დაძაბული და შფოთიანი რიტმით დაღლილი ხალხი ხშირად ეძებს ისეთ გარემოს, სადაც დამშვიდდებიან და თავს კარგად იგრძნობენ. ამ ძიებაში ზოგჯერ მთელი სიცოცხლე გადის, რადგან ისინი არასწორად ეძიებენ - ეძიებენ გარეთ, სიმშვიდე კი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს: „ადამიანები, რომლებიც საკუთარ მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ". მართლაც ასეა - ადამიანები იტანჯებიან და არც კი იციან, რატომ.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოდის ჩვენი აზრები, ვინ არის მათი წამქეზებელი. მაგრამ როგორ გავიგოთ ეს?
ამ კითხვაზე ღირსი ბარსანოფი დიდი პასუხობს: „დემონებისგან მოსული ზრახვები აღსავსეა მღელვარებით და შფოთით. ისინი ადამიანში ფარულად და მზაკვრულად შემოდიან, რამეთუ მტრები ცხვრის ქურქში ეხვევიან ხოლმე და უბოროტო გულებს იმით ინადირებენ, რომ თავს კეთილად მოაჩვენებენ.
მოსმენილზე, ნანახზე, გაფიქრებულზე ოდნავადაც რომ შეგიშფოთდეს გული, იცოდე, რომ ყოველივე ეს ბოროტ სულთაგან მომდინარეობს".
სხვაგან იგი ამბობს: „ყოველგვარი ზრახვა, რომელსაც წინ არ უძღვის მორჩილების სიმშვიდე, ღვთისგან არაა. უფალი ჩვენი მხოლოდ სიმშვიდით გვსტუმრობს; ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხით მოდის".
უფლის ანგელოზმა ასე აუხსნა წმიდა ერმს კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოქმედება: „კეთილი ანგელოზი წყნარია, მოკრძალებული, თვინიერი, მშვიდი. როცა ის შემოდის გულში, ჩაგვაგონებს სამართლიანობას, გონიერებას, სიწმინდეს, შემწყნარეობლობას, სიყვარულსა და ღვთისმოსაობას... ბოროტი ანგელოზი ანჩხლია, ბრაზიანი და უგუნური... როცა მრისხანება ან ჯავრი შეგიპყრობს, იცოდე, რომ ის შენშია; ასევე, როცა გულში შემოგეპარება უთვალავი სურვილი, კეთილმოწყობილი გარემო, სხვათა ცოლების ნდომა, სიამაყე, თავმოწონება, გულზვიადობა, - იცოდე, რომ შენში ბოროტი ანგელოზი სახლობს".
აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვონ, გამოცდილ ადამიანებსა და ლოცვას უნდა მიმართონ.
სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს მოძალებულ აზრებთან გამკლავება. ეს იმდენად რთულია, რომ ბერი ბარსანოფი ოპტელი ამბობს: „ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის".
თუ ადამიანმა მოახერხა უწმინდური აზრებისგან გონების დაცვა, ის ჭეშმარიტად ქრისტეს სასძლო ხდება. აი, რას წერს ამის შესახებ მაკარი დიდი: „სული და გონება ისევე უნდა დავიცვათ უწმინდური, გარყვნილი ზრახვებისგან, როგორც სხეული ხილული ცოდვებისგან, რადგან სული ქრისტეს სასძლოა".
უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ გაჩნდა.
ბერი ბარსანოფი დიდი ამის შესახებ ამბობდა: „თუკი ზამთრის ქარბუქი კარს შემოამტვრევს და ოთახში შემოყრის თოვლს, ეს სახლის პატრონის ბრალი არ არის. ჩვენც უდანაშაულონი ვართ, როცა უკეთური აზრები გვიჩნდება. მაგრამ როგორც სახლის პატრონია ვალდებული, კარი მიხუროს და ოთახი მოასუფთავოს, ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ლოცვას, რათა ღმერთმა დაგვიცვას ბოროტი ძალებისგან, რომლებმაც ეს აზრები თავს მოგვახვევს". წმინდა ბერი გვირჩევს, ასეთ დროს „იესოს ლოცვას" მივმართოთ.
ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერი, რომელსაც ასეთი უცნაურობა შეატყვეს: მარტო მიმავალი დროდადრო მარცხნივ მიბრუნდებოდა ხოლმე და ამბობდა: „უარვყოფ".
ბერს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი საქციელი. მან უპასუხა: „თავში ხშირად მომდის ცუდი აზრები, რომლებსაც ჩემი გული უარყოფს. არ მინდა, მაცდურისაგან დათესილი ამ აზრების გამო ვზღო, ამიტომ ღვთის წინაშე უარვყოფ მათ".
მართალია, ჩვენ გონებაში აღმოცენებული უნებლიე აზრებისთვის პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს გულისთქმასც შეეხო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის.
როცა წმინდა ადამიანების გვერდით მოვხვდებით, ჩვენი სული მშვიდადაა, არ გვსურს მათთან განშორება და ვცდილობთ, ეს წუთები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მათი სიმშვიდე თითქოს ჩვენც გვეფინება. ამ დროს ჩვენ ჩიტებს ვემსგავსებით, რომლებიც სულიერ საკენკს კენკავენ და იმ ადგილიდან გაფრენა არ სურთ.
ვევედროთ უფალს, რათა ჩვენი გულებიდან უხვად გადმოედინებოდეს სიკეთე, სიმშვიდე და სიხარული. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის: „იმისთვის, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება - ღვთივსათნო, სული უნდა განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერ სიამოვნებათა ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით".
საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ნინო კანდელაკი
ჟუნრალი „კარიბჭე", № 2 (13), 2005 წ.