ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას
(წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან)
ყველა ნუგეშისცემის საფუძვლად წმიდა მამა სდებს იმ აზრს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება ამქვეყნად კი არ არის, არამედ იმქვეყნად, და განსაკუთრებული ძალით სურს ეს აზრი დაამკვიდროს იმ ადამიანებში, ვინც დათრგუნულია მათთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვით. იგი სავსებით ეთანხმება იმას, რომ ამ შემთხვევაში მწუხარება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ბრძანებს, მოსაზრება, რომელიც ყველაზე მეტად გვიკლავს გულს, თითქოსდა გარდაცვლილები აღარ არიან, რომ ისინი გაქრნენ - ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა: გარდაცვლილები ცოცხლები არიან, მხოლოდ არსებობის სხვა სახე აქვთ მიღებული. თანაც, განა დიდი ხნით ვშორდებით ჩვენს ახლობლებს? დღეს აქ ვართ, ხვალ კი ყველანი იქ ვიქნებით.
„გარდაცვალებულთა გამო ტირილში არაფერია არაბუნებრივი და სამარცხვინო, - ბრძანებს წმიდა მამა, - უცნაურიც იქნებოდა, დედას რომ არ გამოეტირა ქალიშვილის გარდაცვალება. მაგრამ ამ დროს ზომა უნდა ვიცოდეთ: თავს არ უნდა ვიკლავდეთ და არ უნდა ვივიწყებდეთ სიკვდილსა და მიცვალებულებზე იმ წარმოდგენას, რომელსაც ქრისტიანობა გვაძლევს". მოკვდა! არა, ის არ მოკვდა, მოკვდა სხეული; ის კი ცოცხლობს და ისევე ცოცხლობს, როგორც ჩვენ, მხოლოდ არსებობს სხვა სახით. და საფიქრებელია, თქვენს ქალიშვილს უკვირს, რომ თქვენ ტირით და თავს იკლავთ, რადგან იგი თავს უკეთესად გრძნობს. არსებობის ის სახე უკეთესია ჩვენსაზე. იგი რომ უცებ არ მობრძანებულიყო და თქვენ გეთხოვათ, ისევ სხეულს დაუბრუნდიო, არაფრისდიდებით არ დაგეთანხმებოდათ. მაშ, რატომ უნდა დაუპირისპირდეთ? რატომ უსურვებთ მას, რაც მან მოიძულა? განა ეს სიყვარულია? შეუძლებელია გული არ დაგეწვათ, რომ ვერ მოახერხეთ უკანასკნელად ჩაგეხედათ მის თვალებში; უკანასკნელი სიტყვა გაგეგონათ მისგან; უკანასკნელად ჩაგეკრათ გულში... ჰოდა, იტირეთ. ოღონდ მაინც ზომიერად. მას ფიზიკური თვალები დახუჭული აქვს, სულიერით კი გვჭვრეტს. თქვენც შეხედეთ მას... მისი ენა დადუმდა, მაგრამ მას არ დაუკარგავს შესაძლებლობა თქვენს გულში გელაპარაკოთ. უსმინეთ და გაიგონებთ: „დედიკო, ნუ დარდობ და თავს ნუ იკლავ! მე შენთანა ვარ და მე ძალზე კარგად ვარ". თქვენც უპასუხეთ მას: „მადლობა ღმერთს, რომ შენ უკეთ ხარ". მისი მკლავები ჩამოეშვა, ვერასოდეს მოგეხვევათ. მაგრამ მას თავისთავად, ვითარცა სულს, შეუძლია მოიცვას თქვენი სული და ისევე გადასცეს სითბო, როგორადაც თბილია ჩვეულებრივი გულში ჩახუტება. თქვენც უპასუხეთ მას მშვიდად, მშფოთვარე კი არა, არამედ თბილი, გულითადი ხსოვნით...
თუკი ღმერთმა ინება წაეყვანა - სუფთა და წმინდა - სანამ არ იგემა მან ამა სოფლის უკეთური ნაყოფი, განა ღმერთს ბრძოლას დაუწყებთ? და თუ არ აპირებთ ბრძოლას, რატომღა იკლავთ თავს? ღვთისადმი თქვენი სათნოებით აღსავსე ერთგულებით უნდა თქვათ მხოლოდ და მხოლოდ: „იყავ ნება შენი, უფალო! როგორც გვწყალობ, ისევე განაგე. რამეთუ მწამს, რომ ყოველივეს, რასაც შენ განაგებ, ჩემი ქალიშვილისა და ჩემს სასიკეთოდ იქნება". - ასე რომ ილოცებთ, სული დაგიმშვიდდებათ... თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ვაი-ვიშს არ დაიწყებთ, ეს, თითქოსდა, დედის გულს ხინჯად დაედება. ეს ცრურწმენაა. ამოიგდეთ ეს თავიდან".
„იმის ფიქრით, რომ თავის დროზე ყველანი იმქვეყნად წავალთ, შესაძლებელია მწუხარების დაცხრომა მისთვის დამახასიათებელი სიმწვავისა და გულისტკივილისაგან. მგლოვარების ნაცვლად, უმჯობესია გვახსოვდეს სიკვდილი. „დღეს ის გარდაიცვალა, ხვალ კი - მე". ამას იმეორებდა მავანი და სიკვდილის ხსოვნა ისწავლა".
სხვა პიროვნებას წმიდა მამა ეუბნება:
„თქვენ მწერდით, რომ ძალზე წუხართ გარდაცვლილის გამო. არ გლოვობდეთ, შეუძლებელია, გადაჭარბებული მგლოვარება კი სრულიად არ ეგების. ის არ მომკვდარა. ის ცოცხალია, მხოლოდ სხვა სამყაროში გადავიდა. მაშ, სწორედ ასე წარმოიდგინეთ იგი, რომ ცოცხალია, ოღონდ სხვა ადგილას და სხვა სახით. შეიძლებოდა გვეგლოვა, თუკი საფუძველი არ გვქონოდა რწმენისა, რომ ის შეწყალებულია უფლის მიერ. რა ცოდვები აქვს? რაც ძალი და ღონე ჰქონდა უფლისა სწამდა და მისთვის შრომობდა. რადგან უცოდველი არავინაა, მასაც ექნებოდა საკუთარი ცოდვები. მაგრამ აი, უფალმა მძიმე ავადმყოფობა არგუნა და ყველა ცოდვა აღხოცა, ცოდვა უძლურებისა და უმეცრებისა. მაშ, რატომღა უნდა დაისაჯოს? თუკი არ დავეჭვდებით, რომ ღმერთი წყალობას მოუვლენს, რაღა აზრი ექნება უზომო ტირილსა და ურვას? უმჯობესია ილოცოთ სიმშვიდით და მიენდოთ ღმერთს... განა ასე ხანგრძლივი იქნება განშორება. დღეს, ხვალ, და ჩვენც იმქვეყნად გადავალთ. დაე, უფალმა ყველა შეგვიწყალოს!
ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე კარგად ცნობილი, ერთი პატი??.-ს ჭირისუფლებს, ყოვლადუსამღვდელოესი წმიდა მამა ასე ანუგეშებდა:
„განუსვენე, უფალო სულსა მიცვალებულისასა. გზა კეთილად განვლო, სიხარულით შედის მწირი მშობლიურ სახლში... ნაოსნობა განსრულდა, უსარგებლო ხომალდი დამსხვრეულია და დაკარგული, ხოლო მოგზაური დიადი ქალაქის მეუფესთან დაგროვილი სიმდიდრით მივიდა, რათა საკადრისი მიიღოს. ჩვენ კი აქა ვართ... მაშ, ახლა ვიტიროთ, თუ კიდევ რამე ვქნათ? მე ვფიქრობ, უნდა გვიხაროდეს ს.-ს გამო. დიდება შენდა, უფალო! აღარ დაიტანჯება ამ მოსაწყენსა და მწირ მიწაზე... იქნებ საკუთარ თავზე ტირილი გვმართებს? არ ღირს! ბევრი დაგვრჩენია ამქვეყნად? დღეს, ხვალ და ჩვენც იმქვეყნად წავალთ. ნეშტს - გარდაცვლილის სხეულს რომ პატივი უნდა მივაგოთ - ეს სავსებით სამართლიანია. მაგრამ რატომღა წარმოიდგენენ გარდაცვლილის საზარელი, პატივაყრილი სხეულის შემყურენი, თავად გარდაცვლილსაც მისი სხეულის მსგავსად? ეს თვითმოტყუებაა, გულს რომ გვიკლავს. გული რომ არ განვიგმიროთ, ამ თვითმოტყუებას უნდა განვეშოროთ... მერე წარმოვიდგენთ ნესტიან, შავბნელ სამარეს... ის კი, გარდაცვლილი, ნათელ ადგილასაა, სრული სიხარულის მდგომარეობაში. ბოლოს იმასაც ვიფიქრებთ, მოკვდა და გაქრაო, მას კი არც უფიქრია გაქრობა და ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო, სიკვდილამდე, მხოლოდ მაშინ ის უარესად იყო, ახლა კი უკეთესადაა".
ეს კი მეუფის გამოსათხოვარი წერილია საკუთარი მომაკვდავი დისადმი. შეუძლებელია გული არ აგიჩუყოს იმან, თუ როგორი ცოცხალი რწმენით სუნთქავს მისი ყოველი სიტყვა, რწმენით მომავალი საიქიო ცხოვრებისა, მისი ნეტარებითა და სიმშვიდით... თითქოსდა მართალი მოსაგრე საკუთარ დას უცნობ ქვეყანაში კი არ აცილებს, რომელიც ჩვენთვის გაუმტარი კრეტსაბმელით არის დაბურული, არამედ სადღაც, არცთუ შორეულ გზაზე, სადაც მას სასიხარულო შეხვედრა ელის ახლობლებთან და ნათესავებთან, რომლებსაც წმიდა მამა მოკითხვასა და პატივს შეუთვლის, და იმავდროულად მომაკვდავს ამშვიდებს, რომ მათი განშორება ხანგრძლივი არ იქნება: „დღეს თუ არა ხვალ, ჩვენც შენთან ვიქნებით!"
„მშვიდობით, დაო, - წერს იგი, - უფალმა აკურთხოს შენი განსვლა და გზა შენი. შენ ხომ არ მოკვდები. სხეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ცოცხალი, საკუთარი თავის ხსოვნით და მთელი გარემომცველი სამყაროს ცნობით. იქ შენ შეგეგებებიან დედა, მამა, ძმები და დები. მოკითხვა გადაეცი მათ და ლოცვა გამოსთხოვე ჩვენთვის. იქ შენი შვილებიც შეგეგებებიან თავისი დედაშვილური სალმით. შენ იქ უკეთ იქნები, ვიდრე აქ. მაშ, ნუ შეშინდები სიკვდილის მოახლოებისას, ის შენთვის უკეთეს ცხოვრებაში შესასვლელი კარიბჭეა. შენი მფარველი ანგელოზი შენს სულს მიიღებს და იმ გზებით წაიყვანს, რომლებითაც ღმერთი ინებებს. მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი და მაცხოვარი მონანულთა ყოველ ცოდვას წარხოცავს. შენი ცოდვებიც აღხოცილია, როცა მოინანიე. ეს რწმენა რამდენადაც შეგიძლია, განიცხოველე და ნუ განეშორები მას. უფალმა მოგანიჭოს მშვიდობიანი აღსასრული. დღეს თუ არა, ხვალ ჩვენც შენთან ვიქნებით! მალე შევხვდებით. ამიტომ ნუ იდარდებ აქ დარჩენილებზე. მშვიდობით! უფალი გფარავდეს!"