ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაწინდვა
გიხაროდენ, სძალო უსძლოო
ქალწულებრივი სიწმინდე - იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ.
როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი და 11 დღე შეუსრულდა, მღვდელმთავარმა მას განუცხადა, რომ წესის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი დაბადებიდან მშობლების მიერ ღვთისთვის იყო შეწირული, შემდეგ, როდესაც ასაკი შეუსრულდა, თვითონ დადო აღთქმა, რომ ქალწულებას სამუდამოდ დაიცავდა და ამ აღთქმის დარღვევა არ სურდა.
მღვდელმთავარი ასეთმა მტკიცე გადაწყვეტილებამ მეტად განაცვიფრა, ღვთისმსახურებიც შეცბუნდნენ. მათ არ შეეძლოთ, არად ჩაეგდოთ კანონი და ასევე არ შეეძლოთ, ქალწული იძულებული გაეხადათ, რომ აღთქმა დაერღვია. ყველა ტაძარში შეიკრიბა და მხურვალედ ლოცულობდა, რომ ღმერთს მათთვის თავისი ნება გამოეცხადებინა. მღვდელმთავარი წმიდა შესამოსელით შემოსილი შევიდა კრეტსაბმელის მიღმა და ღირს იქმნა, რომ ღვთის ნება შეეტყო. მას მოევლინა უფლის ანგელოზი და უთხრა: „ზაქარია, შეკრიბე იუდას ტომის, დავითის სახლის უცოლო მამაკაცები და უბრძანე, რომ ყველამ თავისი კვერთხი მოგიტანოს, ვისზედაც უფალი გარდამოავლენს ნიშანს, მიეცი მას ქალწული, რათა დაიცვას ქალწულება მისი". მაშინ იუდეის შემოგარენში მაუწყებლები დაგზავნეს და მათი მოწოდების თანახმად, მამაკაცების დიდი სიმრავლე შეიკრიბა. მღვდელმთავარმა თორმეტი ღვთისმოსავი და მოხუცებული კაცი აირჩია დავითის ტომიდან, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო, რათა თვით უფალს გამოერჩია კაცი, რომელიც ქალწულზე დაწინდვის ღირსი იქნებოდა. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. როდესაც მეორე დღეს მღვდელთმთავარი ეკლესიის მსახურებთან და თორმეტ მოხუცებულთან ერთად ტაძარში კვლავ შევიდა, ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, ხოლო, როცა მღვდელთმთავარმა ყველას დაუბრუნა კვერთხი და უკანასკნელი იოსებს გაუწოდა, დაინახეს, რომ ზეციდან მტრედი ჩამოფრინდა და კვერთხზე ჩამოჯდა. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამს ნათესავად ერგებოდა, მართალი იყო და მესიის მოსვლას მოუთმენლად ელოდა. მან ღრმა სიბერეს მიაღწია, ამ დროისათვის ის 80 წელზე მეტისა იყო, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, - თავისი ცოლის სალომეას სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი: იაკობი, იოსია, სიმეონი და იუდა და ორი ქალიშვილი: მარიამი და სალომეა (ზოგიერთი საეკლესიო ისტორიკოსი მათ თამარს და ესთერს უწოდებს. იოსებ დამწინდველის შვილებლი იესო ქრისტეს დებად და ძმებად იხსენიებიან; სალომეას ვაჟები - იაკობ და იოანე ზებედეს ძენი კი მის დისშვილებად). მღვდელთმთავრის სიტყვებზე, რომ მან დასაცავად უნდა მიიღოს საღვთო ქალწული, იოსებმა უპასუხა, რომ უკვე მოხუცი იყო, მოზრდილი შვილები ჰყავდა, მარიამი კი ისე ახალგაზრდა, რომ თვითონ ებრაელთა დასაცინი გახდებოდა. ამაზე მღვდელთმთავარმა მას დათანის, აბირონის და კორეას ხვედრი შეახსენა, როდესაც უფალთან შეწინააღმდეგების გამო მიწა განიპო და შთანთქა ისინი: „გეშინოდეს, რომ შენს სახლსაც იგივე არ შეემთხვეს".
იოსები ღვთის ნებას დამორჩილდა და ქალწული მარიამი მასზედ დაიწინდა, ე.ი. გადაეცა მას არა ქორწინებისათვის, არამედ მისი ქალწულების დასაცავად, რათა მარადიული საიდუმლო ხალხის თვალისაგან დაფარული ყოფილიყო. გადმოცემაში არსებობს მინიშნება, რომ ქალწულ მარიამს ჰქონდა გამოცხადება, რომელშიც ეუწყა, რომ არ შეშინებოდა იოსებთან გადასვლისა, რომელიც ქმრის სახელით მისი ქალწულების დამცველი იქნებოდა. დაწინდვის შემდეგ იოსები მარიამთან ერთად თავის ქალაქში - ნაზარეთში გაემგზავრა.
იოსები სამეფო გვარის წარმომადგენელი და დავითის შთამომავალი იყო, მაგრამ თავისი წინაპრების დიდება და სიმდიდრე შესაბამისად ვერ შეინარჩუნა. ის საკუთარი ხელით შრომობდა. ღვთაებრივი მარიამი, რომელიც ტაძარში იყო აღზრდილი და შესანიშნავლი ხელსაქმე იცოდა, არ შეყოყმანდა, გაჰყოლოდა თავის დამწინდველს, რომელმაც იგი ღარიბ ოჯახში მიიყვანა. ის ხურო იყო და საკუთარი ოფლით ცხოვრობდა, მაგრამ კეთილშობილებით და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა. მორჩილი ხურო თავისი ხალხის საუკეთესო შვილი იყო და მარიამი ხედავდა, რომ მისი სახით ღმერთმა მამა და მისი ქალწულებრივი ცხოვრების მცველი და მფარველი მისცა.