რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია?
(მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შვიდი ძირითადი ნიშანი)
სხვადასხვა ეკლესიებისა და სექტების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო, ბევრს უძნელდება პასუხი კითხვაზე: მაინც რომელია მათგან ჭეშმარიტი ეკლესია და არსებობს კი საერთოდ ჩვენს დროში ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია? შესაძლებელია, ფიქრობენ ზოგიერთნი, თავდაპირველი სამოციქულო ეკლესია თანდათან დაიშალა და დღეს არსებული ეკლესიები წარსულში არსებული სულიერი სიმდიდრის - მადლისა და ჭეშმარიტების მხოლოდ ნამსხვრევებსღა ფლობენ. ზოგს კი სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის დავა უმნიშვნელოდ და წვრილმანად მიაჩნია. ისინი, ამგვარ შეხედულებათა გამო, ვარაუდობენ თითქოს თავდაპირველი ეკლესიის აღდგენა შესაძლებელია დღეს არსებული ქრისტიანული დენომინაციებიდან მათ შორის შეთანხმებისა და ურთიერთდათმობის გზით. ეს თვალსაზრისი საფუძვლად უდევს თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელიც არცერთ ეკლესიას არ ცნობს ჭეშმარიტად. მავანთა შეხედულებით კი, ეკლესიას პრინციპულად არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო ოფიციალურ ეკლესიებთან, არამედ ყოველთვის შედგებოდა ცალკეული მორწმუნეებისაგან, რომელნიც სხვადასხვა ეკლესიურ დაჯგუფებებს ეკუთვნოდნენ. უკანასკნელმა შეხედულებამ თავისი გამოხატულება ეგრეთ წოდებულ „უხილავი ეკლესიის" შესახებ მოძღვრებაში ჰპოვა, რომელსაც თანამედროვე პროტესანტი ღვთისმეტყველები აყნებენ. დაბოლოს, ბევრი ქრისტიანისთვის გაუგებარია: საჭიროა კი საერთოდ ეკლესია, როდესაც ადამიანი თავისი რწმენით ცხონდება?
ყველა ეს წინააღმდეგობრივი და არსებითად არასწორი შეხედულება ეკლესიაზე, გამომდინარეობს ქრისტიანული მოძღვრების ცენტრალური ჭეშმარიტების - ადამიანის ცხონების შესახებ სწავლების ვერგაგებიდან. სახარებისა და მოციქულთა ეპისტოლეების კითხვისას, სავსებით ცხადი ხდება, რომ მაცხოვარი მოუწოდებს ადამიანებს სულის ხსნისაკენ არა ცალ-ცალკე და განმარტოებულად, არამედ ერთად, როგორც ერთიანი, მადლმოსილი სიკეთის სამეფოს მოქალაქეებს. ბოროტების სამეფოც ხომ ერთიანად მოქმედებს, ბნელეთის თავადის მეთაურობით, თავის ბრძოლაში ეკლესიის წინააღმდეგ, რის შესახებაც მაცხოვარმა შემდეგი სიტყვებით შეგვახსენა: „და უკეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰხდის, თავსა თვისსა განევლთა: ვითარ დაჰმტკიცნეს მეუფება მისი" (მათ. 12,26).
მიუხედავად ეკლესიის შესახებ თანამედროვე შეხედულებათა სიჭრელისა, საღად მოაზროვნე ქრისტიანთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ მოციქულთა დროს არსებობდა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ცხონების მსურველთა ერთიანი საზოგადოება. „საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს ეკლესიის წარმოშობის შესახებ იერუსალიმში, როდესაც მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმიდა ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა მოციქულებზე. იმ დღიდან ქრისტიანულმა სარწმუნოებამ სწრაფად დაიწყო გავრცელება რომის უზარმაზარი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. მისი გავრცელების კვალდაკვალ, ქალაქებსა და სოფლებში დაიწყო აღმოცენება ქრისტიანულმა თემებმა - ეკლესიებმა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, უზარმაზარი ტერიტორიული დაშორების გამო, ეს თემები, ასე თუ ისე, განცალკევებით ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან. თუმცაღა, ისინი თავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილად თვლიდნენ. მათ აერთიანებდათ საერთო სარწმუნოება და საერთო წყარო განწმენდისა, რომელსაც წარმოადგენდნენ მადლმოსილი ქრისტიანული სარწმუნოებანი (ნათლისღება, ზიარება, ხელდასხმა და ა.შ.).
თავდაპირველად ამ მღვდელმოქმედებებს თავად მოციქულები აღასრულებდნენ. თუმცაღა, მალე დამხმარეთა საჭიროება გაჩნდა და მოციქულები ქრისტიანული თემებიდან ირჩევდნენ ღირსეულ კანდიდატებს, რომელთაც ეპისკოპოებად, მღვდლებად, დიაკვნებად ასხამდნენ ხელს.
მოციქულები ეპისკოპოსებს ავალდებულებდნენ დაეცვათ ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდე, ესწავლებინათ მორწმუნეთათვის კეთილმსახური ცხოვრების წესი და ხელი დაესხათ თავიანთ დამხმარეთათვის ახალი ეპისკოპოსების, მღვდლების და დიაკვნების სახით. ასე, ხის მსგავსად, იზრდებოდა ეკლესია პირველ საუკუნეებში და განუწყვეტლივ ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. იგი თანდათანობით მდიდრდებოდა სულიერი გამოცდილებით, რელიგიური ლიტერატურით, საღვთისმსახურო ლოცვებითა და საგალობლებით, მოგვიანებით - ტაძრული არქიტექტურითა და საეკლესიო ხელოვნებით, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა თავის არსს, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.
სახარებანი და მოციქულთა ეპისტოლეები ერთბაშად და ყველგან ერთდროულად არ გაჩენილან, მრავალი ათწლეულის მანძილზე, ეკლესიის აღმოცენების შემდგომ, სწავლების გადაცემის წყარო იყო არა წმიდა წერილი, არამედ ზეპირი ქადაგება, თავად მოციქულთა მიერ გადმოცემად სახელდებული (1 კორ. 11,16 და 15,2; 2 თეს. 2,15 და 3,6; 1 ტიმ. 6,20). გადმოცემა - ეს ერთიანი სარწმუნოებრივი მოძღვრების შემცველი ტრადიციაა. ეკლესიაში მას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ საკითხის გასარკვევად, თუ რა არის სწორი და რა არა. როდესაც სადმე ჩნდებოდა რაიმე, რაც არ ეთანხმებოდა სამოციქულო ტრადიციას, - იქნებოდა ეს სარწმუნოებრივი საკითხები, საიდუმლოებათა აღსრულება თუ მართვის პრობლემა, - იგი მიიჩნეოდა არასწორად და უკუგდებული იყო. აგრძელებდნენ რა სამოციქულო ტრადიციას, პირველ საუკუნეთა ეპისკოპოსები რუდუნებით ამოწმებდნენ ყველა ქრისტიანულ ხელნაწერს და თანდათანობით შეაგროვეს მოციქულთა შრომები, და გააერთიანეს ერთ კრებულში, რომელსაც „ახალი აღთქმა" ეწოდა და „ძველი აღთქმის" წიგნებთან ერთად შეადგინა „ბიბლია" ისეთი სახით, როგორც ეს დღეს გვაქვს. ეს პროცესი წიგნების შეგროვებისა დასრულდა მე-3 ასწლეულში. სადავო წიგნები, რომლებიც მთლად არ ეთანხმებოდნენ სამოციქულო ტრადიციას, მაგრამ მოციქულებს მიეწერებოდა, უარყოფილ იქნა, როგორც არასწორი, აპოკრიფული. ამგვარად, სამოციქულო გადმოცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა „ახალი აღთქმის" - ეკლესიის ამ წერილობითი საუნჯის ფორმირებაში.
ახლა ყველა დენომინაციის ქრისტიანები „ახალი აღთქმით" სარგებლობენ - ხშირად თვითნებურად, მოწიწების გარეშე, ვერ აცნობიერებენ რა, რომ იგი ჭეშმარიტი ეკლესიის საკუთრებაა - საუნჯე, მის მიერ რუდუნებით შეგროვილი. სხვა, ჩვენამდე მოღწეული წერილობითი ძეგლების წყალობით, რომლებიც მოციქულთა მოწაფეებმა დაწერეს, ჩვენთვის ცნობილია მრავალი ძვირფასი წვრილმანი ქრისტიანული თემების ცხოვრებისა და რწმენის შესახებ, ქრისტიანობის გავრცელებიდან პირველ საუკუნეებში.
იმ დროისათვის ერთი, წმიდა, სამოციქულო ეკლესიის რწმენა საყოველთაო იყო. ბუნებრივია, რომ ეკლესიას მაშინ ჰქონდა თავისი ხილული მხარეც - გამოხატული „სიყვარულის საღამოებში" (ლიტურგიებში) და სხვა ღვთისმსახურებებში, ეპისკოპოსებსა და მღვდლებში, ლოცვებსა და საეკლესიო გალობებში. კანონებში (მოციქულთა მიერ დადგენილ წესებში), რომლებიც არეგულირებდნენ ცალკეული ეკლესიების ცხოვრებასა და მათ შორის ურთიერთობებს, ქრისტიანული თემის ცხოვრების ყოველგვარ გამოვლინებებს. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოძღვრება „უხილავი" ეკლესიის შესახებ ახალია და არასწორი.
თუკი დავეთანხმებით პირველ საუკუნეებში რეალური, ერთიანი ეკლესიის არსებობს ფაქტს, შესაძლებელია კი ისეთი ისტორიული მომენტის პოვნა, როდესაც იგი გაიყო და შეწყვიტა არსებობა? პატიოსანი პასუხი - „არა" უნდა იყოს! საქმე იმაშია, რომ სამოციქულო მოძღვრებიდან გადახრამ, ანუ ერესებმა, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს იჩინა თავი. განსაკუთრებით აქტიური მაშინ გნოსტიკური სწავლებანი აღმოჩნდა, რომელნიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ურევდნენ წარმართული ფილოსოფიის ელემენტებს. მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში ცდილობდნენ დაეცვათ ქრისტიანები ამ მოძღვრებებისაგან და პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ ამ სექტების მიმდევრები დაშორდნენ რწმენას. ერეტიკოსებს მოციქულები ისე ეპყრობოდნენ, როგორც გამხმარ ტოტებს, რომლებიც ეკლესიის ხეს მოსწყდნენ. მათ მსგავსად, მოციქულთა საქმის გამგრძელებელი, პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებიც არ მიიჩნევდნენ კანონზომიერად მათ დროს გაჩენილ გადახრებს მოციქულთა რწმენიდან და ამგვარი მოძღვრებების ჯიუტ მიმდევრებს ეკლესიიდან განკვეთდნენ ხოლმე. მისდევდნენ რა მოციქულთა სწავლებას: „არამედ დაღათუ ჩუენ, გინათუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ". ე.ი. განკვეთილ იქნას (გალ. 1,8-9).
ამგვარად, პირველ საუკუნეებში ქრისტიანობის გავრცელების, ეკლესიის ერთიანობის საკითხი გარკვეული იყო: ეკლესია - ეს ერთიანი სულიერი ოჯახია, რომელიც მოციქულთა დროიდან ჭეშმარიტი მოძღვრების, ერთი და იგივე საიუდმლოებების და მადლის უწყვეტი მემკვიდრეობითობის მატარებელია, რომელიც ეპისკოპოსიდან ეპისკოპოსს გადაეცემოდა. მოციქულთა მემკვიდრეთათვის ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა ის ფაქტი, რომ ეკლესია სრულიად აუცილებელია სულის ცხონებისათვის. იგი ინახავს და ქადაგებს ქრისტეს მოძღვრებას სუფთა სახით, იგი განანათლებს მორწმუნეებს და მიჰყავს ისინი ხსნისაკენ. თუკი წმიდა წერილის ხატოვან შედარებას გამოვიყენებთ, პირველ საუკუნეებში ქრისტიანობის გავრცელებისა, ეკლესია მოიაზრებოდა როგორც შემოფარგლული „ეზო ცხოვართა" რომელშიც მწყემსი კეთილი - ქრისტე, იცავს თავის ცხოვართ „მგლისაგან" - ეშმაკისაგან. ეკლესია ვაზის მსგავსია, სადაც მორწმუნენი, როგორც ტოტები, ქრისტიანული ცხოვრებისა და კეთილი საქმეებისთვის აუცილებელ სულიერ ძალებს იღებენ. ეკლესია მოიაზრებოდა როგორც ქრისტეს სხეული, რომელშიც თითოეული მორწმუნე, როგორც ნაწილი, მთელს უნდა ემსახურებოდეს. ეკლესია გამოისახებოდა ნოეს კიდობნის სახით, რომლის წყალობითაც მორწმუნენი ცხოვრებისულ ზღვას გადალახავენ და ზეციური სასუფევლის ნავთსაყუდელში დაივანებენ. ეკლესია იმ მწვერვალს ემსგავსება, რომელიც ადამიანურ ცთომილებებზე ამაღლებულა და თავის მგზავრებს ზეცისკენ - ღმერთთან, ანგელოზებთან და წმინდანებთან ურთიერთობისკენ მიუძღვის.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანობისა, ქრისტეს რწმენა - ნიშნავდა რწმენას იმისა, რომ საქმე, რომელიც მან მორწმუნეებს ხსნისათვის მისცა, შეუძლებელია ამოიწუროს ან წაერთვათ მათ ეშმაკის ძალისხმევით. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, თავად უფალი იესო ქრისტე და მისი მოციქულები გარკვევით ასწავლიდნენ ეკლესიის არსებობის შესახებ თვით უკანასკნელ ჟამამდე სამყაროს არსებობისა: „და დღეთა შინა მათ (წარმართ) მეფეთასა აღადგინოს ღმერთმან ცისამან მეფობა, რომელი საუკუნეთადმი რა განიხრწნას, და მეფობაჲ მისი ერსა სხუასა არა დაუშთეს და დააწულილნეს და განფიწლნეს მეფობანი ყოველნი, და იგი აღდგეს საუკუნეტადმი" - უწინასწარმეტყველა ანგელოზმა წინასწარმეტყველ დანიელს (დან. 2,44). უფალმა აღუთქვა პეტრე მოციქულს: „და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16,18).
მსგავსად ამისა, ჩვენც, უკეთუ გვწამს მაცხოვრის აღთქმისა, უნდა ვაღიაროთ მისი ეკლესიის არსებობა ჩვენს დროშიც და აღსასრულამდე ქვეყნისა. ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვითითებია, თუ სად არის იგი, არამედ გამოვთქვათ მხოლოდ პრინციპული ვარაუდი: იგი უნდა არსებობდეს თავისი წმიდა, ერთიანი, რეალური ბუნებით. განყოფილი, შებღალული, აორთქლებული ის - ეკლესია აღარ არის.
მაშ სადაა იგი? რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ განშტოებებს შორის?
I. პირველ რიგში, ჭეშმარიტი ეკლესია შეუბღალავი, სუფთა სახით უნდა შეიცავდეს მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ მოძღვრებას. ძე ღმერთის დედამიწაზე მოსვლის მიზანი ადამიანთათვის ჭეშმარიტების მოტანა იყო, როგორც მან ბრძანა ჯვარზე ვნების წინ: „ამისთვის შობილ ვარ, და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვჰსწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა" (იოან. 18,37). მოციქული პავლე, მოძღვრავს რა თავის მოწაფეს ტიმოთეს, თუ როგორ უნდა აღასრულოს საეპისკოპოსო ვალდებულებანი, დასძენს: „ხოლო უკეთუ ვჰყოვნო, რათა უწყოდე ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლაი, რომელ-არს ეკლესია ღმრთისა ცხოველისა სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3,15). სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე განშტოებებს შორის სწავლების მხრივ დიდი სხვადასხვაობაა. პრინციპულად აუცილებელია შევთანხმდეთ, რომ ყველა არ შეიძლებ სწორად ასწავლიდეს. თუკი, მაგალითად, ერთი ეკლესია ამტკიცებს, რომ ზიარება არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ - არა, მაშინ შეუძლებელია ორივე მართალი იყოს, ანდა თუკი ერთ ეკლესიას სწამს პირჯვრის გამოსახვის სულიერი ძალის რეალურობა, ხოლო მეორე ამ ძალას უარყოფს, აშკარაა, რომ ერთ-ერთი მათგანი ცდება. ჭეშმარიტი ეკლესია ის უნდა იყოს, რომელიც სარწმუნოებრივ საკითხებში სრულიად ეთანხმება პირველი საუკუნეების ქრისტიანულ ეკლესიას და არაფერში არ ეწინააღმდეგება მას. ჭეშმარიტი მოძღვრების წყარო თავად ღმერთია, რადგან ღმერთია ჭეშმარიტება და თავად მაცხოვარი უწოდებს თავის თავს, არაერთგზის, ჭეშმარიტებას და ნათელს, სოფლის განმანათლებელს. ეს ჭეშმარიტება, ქრისტე მაცხოვრის მიერ ნაქადაგები, ჩაწერილია მისი უშუალო მოწაფეების, მსმენელებისა და თვითმხილველების მიერ წმიდა სახარებაში, რომელიც თავის განვითარებასა და ახსნას პოულობდა მოციქულთა ქადაგებებში მთელს მსოფლიოში. ასე რომ, სახარებაში ჩაგდებული თესლი, მოციქულთა ეპისტოლეებსა და ქადაგებებში დატოტვილ ხედ გადაიქცა, რომლის ჩრდილქვეშაც უნდა გავრცელებულიყო წმიდა ეკლესიის სწავლება ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. თუკი ადამიანი მიუკერძოებლად შეადარებს თანამედროვე ქრისტიანულ ეკლესიათა მოძღვრებებს, მაშინ ის, როგორც ჩვენ შემდგომ ვნახავთ, უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია შეუბღალავად ქადაგებს ძველი, სამოციქულო ეკლესიის რწმენას. სრულიად შეუბღალავი სიწმინდით ინახავდა იგი ღმერთის მიერ მოცემულ მოძღვრებას, რის გამოც იწოდება კიდეც სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა.
მკაცრად მისდევდა და ინახავდა რა მოციქულთა სწავლებას, როგორც წერილობითს, ასევე ზეპირს, მორწმუნეთა სულების ხსნისათვის წმიდა ეკლესია ყოველთვის უარყოფდა ყოველგვარ ცვლილებას მასში, ყოველგვარ უთანხმოებას მოციქულთა მიერ ნაქადაგებ ღვთაებრივ მოძღვრებასთან და წყვეტდა ურთიერთობას ჭეშმარიტების ყოველგვარ მოწინააღმდეგესთან, ერეტიკოსთან და განხეთქილების შემომტანთან. თავისი ერთიანობა და მოძღვრების უცვალებადობა მან მკაფიოდ გამოხატა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებზეც მკაცრად შემოიზღუდა თავი ახლადაღმოცენებული ერესებისაგან, ვითარცა ინება სულმა წმინდამან, რომელიც ქრისტეს აღთქმისაებრ მარად წმიდა ეკლესიაში სუფევს: „და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხვა ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქვენ, რათა თქვენ თანა დაადგრეს უკუნისამდე" (იოან. 14,16). ეს ერთიანობა და უცვალებლობა მოძღვრებისა, მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე ნარჩუნდება და არცერთ მის საწინააღმდეგო, ანდა მასთან უთანხმოებაში მყოფ შტრიხსაც კი არ ძალუძს შებღალოს მისი ნათელი ხატი, ან ვის გაბედავს შეცვალოს ის, რასაც: „ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარმეტყველთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩვენ ძისა მიერ თვისისა, რომელი იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შეჰქმნა საუკუნენი" (ებრ. 1,1-2).
განა შესაძლებელია ღმრთაებრივი გონება შეცვალოს ადამიანურმა? მაგრამ ეს ბოროტისგანაა, ჭეშმარიტების მოწინააღმდეგისგან, დასაბამიდან კაცისმკვლელისგან, რომელიც ჭეშმარიტებასა არა დაადგრა. „რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მის თანა. ოდენ იტყვინ ტყუილსა, თვისისაგან გულისა იტყვინ, რამეთუ მტყუარ-არს და რამეთუ მამაცა მისი მტყუარ არს" (იოან. 8,44).
განა აქედან ცხადი არაა, რომ ისინი, ვინც ღმრთაებრივ მოძღვრებას ცვლიან ადამიანური მოსაზრებების გამო, არ შეადგენენ ეკლესიის წევრებს, უკვე ამის გამო ესინი მოსწყდნენ მას და განვრდომილ იქნენ მისი წიაღიდან? დიახ, ამგვარი ხალხი უკვე აღარაა ეკლესიის ზღუდის შიგნით, არამედ თავიანთ გულისთქმისაებრ ვლენან და თავადვე ასამართლებენ საკუთარ თავს, აღდგომიან რა ჭეშმარიტებას.
II. მეორე და არსებითი ნიშანი ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის საეკლესიო იერარქიის უწყვეტობა.
საეკლესიო იერარქიამ ყველა თავისი უფლებამოსილება, - დამწყსოს ეკლესია ქრისტესი, - თავად მაცხოვრისგან მიიღო წმიდა მოციქულთა მეშვეობით. თავად უფალმა იესო ქრისტემ მიანიჭა მოციქულებს ეს ძალაუფლება - გაეგრძელებინათ მისი საქმე: „ჰრქვა მათ იესო კუალად: მშვიდობა თქუენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, და ვითარცა ესე ჰსთქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყუნენ" (იოან. 20, 21-23). წმიდა მოციქულიც იერარქიის დაწესებას თავად ქრისტე მაცხოვარს მიაწერს: „და მან მოჰსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი, დასამტკიცებლად გუამისა ქრისტესი" (ეფ. 4,11-12). და ეს უფლის მიერ ერთხელ დადგენილი იერარქიული საწყისი მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე არ შეწყვეტილა და გრძელდებოდა მოციქულთა მიერ დადგენილი მწყემსების მემკვიდრეთა სახით. და ვითარცა ანკარა წყარო მოედინებოდა და დღემდე მოედინება და ქვეყნის აღსასრულამდე იდენს, მაცხოვრის აღთქმისაებრ.
მართალია იყო ეკლესიისათვის მძიმე წლები - დევნის, ერესების, განხეთქილების, როდესაც ამ ანკარა წყაროს ამღვრევდნენ, ამდაბლებდნენ, მცირდებოდა თვით მოციქულთა მემკვიდრე მწყემსთა და ღვთაებრივი მადლის მატარებელთა რიცხვი, მაგრამ იერარქიული საწყისი, ყველაფერ ამისდა მიუხედავად, არ შეწყვეტილა და როგორც კი ეს მძიმე დრო გაივლიდა, იგი თითქოსდა განახლებული ძალით თანამოქმედებდა სული წმიდასთან, ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა. ამრიგად, აქედან გამომდინარეობდა, რომ სადაც უწყვეტი უწყვეტი იერარქიაა, ჭეშმარიტი ეკლესიაც იქაა ყველა თავისი უფლებამოსილებით, სწორედ იქაა სული წმიდის მადლით ცხონების მსურველთა საზოგადოებაც, რომელიც მორწმუნეებზე ღვთის მიერ დადგენილი მწყემსების მეშვეობით გარდამოედინება.
III. მოციქულთა დროიდან მადლი მორწმუნეებს შვიდი საეკლესიო საიდუმლოების, კერძოდ, ნათლობის, ზიარების, აღსარების, ხელდასხმის, მირონცხების და სხვა საიდუმლოებათა მეშვეობით გადაეცემოდათ. ამ საიდუმლოებათა აღმსრულებელნი თავიდან მოციქულები იყვნენ (საქ. 8,14-17), ხოლო შემდეგ მათ მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსები და ღვთისმსახურები. ამ საიდუმლოთა აღსრულების უფლება ასევე მემკვიდრეობითი იყო: მოციქულებმა ხელი დაასხეს ეპისკოპოსებს და მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ხელი დაესხათ სხვა ეპისკოპოსებისათვის, მღვდლებისა და დიაკვნებისათვის. მოციქულთაგან მიღებული მემკვიდრეობითობა წმიდა ცეცხლს ჩამოჰგავს, რომელიც ერთი სანთლიდან ანთებს ყველა დანარჩენს. უკეთუ ცეცხლი ჩაქრა და მოციქულთაგან მიღებული მემკვიდრეობითობის ჯაჭვი გაწყდა, - აღარ არსებობს არც სიწმინდეები, არც საიუდმლოებანი, ამოწურულია ის საშუალებანი, რომელიც განანათლებს მორწმუნეებს: ამიტომ, მოციქულთა დროიდან ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ მოციქულთაგან მიღებულ მემკვიდრეობითობის დაცვას, რათა ეპისკოპოსს ხელი დაასხას უეჭველად ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა, რომლის ხელდასხმაც მემკვიდრეობითობის ჯაჭვით მოციქულებამდე მიდის.
ეპისკოპოსებს, რომლებიც ერესში ჩავარდნენ, ან უღირს ცხოვრების წესს მისდევდნენ, განაყენებდნენ და ისინი კარგავდნენ უფლებას საიდუმლოებათა აღსრულებისა და სხვათათვის ხელდასხმისა.
ამრიგად, საიდუმლოებათა აღსრულების გაგრძელება განუყოფლად უკავშირდება იერარქიის არსებობას, რომელიც უფლებამოსილია სულიწმიდის მადლი გაუნაწილოს მორწმუნეებს. ცხადია, რომ თუკი არსებობს იერარქია, აუცილებლობით არსებობენ წმიდა საიდუმლოებანიც, რის გამოც წმ. მოციქული ეკლესიის მწყემსებს ქრისტეს მსახურებს უწოდებს: „მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისანი" (1 კორ. 4,1). ყველა წმიდა საიდუმლოებას ღმრთაებრივი საწყისი აქვს და მიმართულია მორწმუნეთა ხსნისათვის. ხოლო ის, რაც ღმერთის მიერ არის დადგენილი შეუძლებელია მოისპოს, სანამ არ დადგება მაღლიდან განსაზღვრული დრო ამისთვის და სანამ არ მიიღწევა ქრისტეს პირველი მოსვლის საბოლოო მიზანი, „უკანასკნელი მტერი იგი განჰქარდეს, სიკვდილი" (1 კორ. 15,26). ხოლო ზიარების წმიდა საიდუმლოს შესახებ ნათლადაა ნათქვამი, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება: „რამეთუ რავდენ-გზისცა ჰსჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკვდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს" (1 კორ. 11,26).
აქედან, უეჭველია ეკლესიაში შვიდი საეკლესიო საიდუმლოების არსებობს აუცილებლობა. ასე რომ, ამის წინააღმდეგ წასვლა, ნიშნავს ღმერთის მიერ დადგეინლი საეკლესიო წესების დარღვევას, ნიშნავს ეკლესიის თავის, ქრისტეს, წინააღმდეგ წასვლას და საკუთარი თავის ცხონებისაგან დაკლებას. რამდენადაც საიდუმლოებანი კანონიერი და მაცხონებელია იქ, სადაც ისინი აღესრულება კანონიერი და სული წმიდის მადლით განათლებული მწყემსების მიერ, რომელთაც მოციქული ასე მიმართავს: „რომელსა ეგე თქვენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქ. 20,28). ამდენად ცხადია, რომ არა საცხონებელად, არამედ საუკუნო სასჯელად ექცევათ, როგორც იქ სადაც თვითნებურად და ღმრთაებრივი სწავლების საწინააღმდეგოდ ამცირებენ საიდუმლოებათა რიცხვს, ისე იქ, სადაც ნებას რთავენ არაკანონიერმა მწყემსმა „რომელი არა შეჰვალს კარით ეზოსა ცხოვართასა" აღასრულოს ისინი, ე.ი. მან ვისაც არა აქვს მადლმოსილი, ღმრთაბრივი უფლება, არამედ თვითნებურად მიიტაცა იგი. ასეთებს მაცხოვარი „სასყიდლით დადგინებულთ" უწოდებს. ქრისტიანული დენომინაციები, რომლებიც პრინციპულად გამორიცხავენ მოციქულებიდან მომდინარე, როგორც იერარქიულ, ისე საიდუმლოებათა აღსრულების მემკვიდრეობითობას, უკვე ამ ნიშნით არსებითად განსხვავდებიან პირველი საუკუნეების დროინდელი ეკლესიისაგან და ამიტომ არ შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტნი.
რაღათქმაუნდა, სულიერად მგრძნობიარე ადამიანი არ საჭიროებს გარეგნულ მტკიცებულებას ღვთაებრივი მადლის მოქმედებისა, რადგანაც თავად ცოცხლად განიცდის იმ სითბოსა და სიმშვიდეს, რომელსაც იგი მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებისა და ღვთისმსახურებათა წყალობით იღებს.
ქრისტიანს უნდა შეეძლოს ღვთაებრივი მადლის გარჩევა იმ იაფფასიანი და მავნებელი ექსტაზისაგან, რომლითაც ხელოვნურად აღიგზნებენ თავს სექტანტები, მაგალითად, ორმოცდაათიანელთა ტიპის, თავიანთ ლოცვით შეკრებებზე. ჭეშმარიტი მადლის ნიშნებია: სულიერი სიმშვიდე, სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი მოკრძალება, სიმდაბლე, მორჩილება და იმის მსგავსი თვისებები, რომელთაც პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოთვლის (გალ. 5,22-26).
IV. მეოთხე ნიშანი წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის შინაგანი ერთობა, რომელიც არსებობს ცაკლეულ ეკლესიებს შორის ეკლესიის მოწყობის მხრივ, ყველაფერ არსებითსა და აუცილებელში. (საქ. 1,3). ცაკლეულ ეკლესიებს შორის არსებობს ქრისტიანული სიყვარულის სულით გამსჭვალული ურთიერთობა, მკაცრად იცავენ რა ამ ერთობას როგორც ღმერთის მიერ დადგენილი წესების, ასევე ღმრთაებრივი მოძღვრების მხრივ; ამგვარი ურთიერთობები განამტკიცებენ მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტების სულს წმიდა ეკლესიისა, რომელსაც მარად ახსოვს მაცხოვრის ლოცვა მამა ღმერთის მიმართ ჯვარზე ვნების წინ: „მამაო წმიდაო! დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რათა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩვენ. რათა ყოველნი ერთ-იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ: რათა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე" (იოანე 17,11;21).
მათთვის ძვირფასია წმ. მოციქულის ანდერძი - დაიცვან სულიერი ერთობა მშვიდობიან კავშირში. ეს ერთობა, რომელიც მკაფიო სახით გამოვლინდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, დღემდე გრძელდება, ან წერილობითი ურთიერთობით, ან ამორჩეული, ნდობით აღჭურვილი პირების მიერ. ქრისტიანული სიყვარულის სული, რომელიც „სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღოინ, არა განლაღნის, არა სასარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განჰრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (1 კორ. 13,4-7), ისე მყარად აერთებს, რომ გარეგნული მხარის თავისებურებანი, როგორც ადამიანურიდან მომდინარენი, ვერ არღვევენ ამ ერთობას, რომელიც დამყარებულია ერთიან და ცოცხალ რწმენაზე ეკლესიის საერთო თავის, იესო ქრისტეს მიმერთ. აქ არაა აჩრდილიც კი უკმაყოფილებისა, მით უფრო მტრობისა ეკლესიებს შორის. მაცხოვრის მცნება: „ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს" (იოანე 12,35). წამოადგენს სახელმძღვანელო და გამაერთიანებელ საწყისს ცალკეულ ეკლესიებს შორის. აქედან ცხადია, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტი ეკლესია ეწოდოს იმ საზოგადოებას, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი და ურთიერთობა სხვებთან და არა მხოლოდ გაწყვიტა, არამედ მტრობს კიდეც მათ. ხოლო სადაც მტრობაა, იქ არ არის ღმერთი სიყვარულისა, არ არის სულიწმიდის მადლი, იქ უეჭველად სიცრუე და ცდომილებაა.
V. მეხუთე ნიშანი წმიდა ეკლესიის ჭეშმარიტებისა არის ის, რომ იგი ჭეშმარიტ მცნებებს და ჯანსაღ, მაცხონებელ მსჯელობებს მორწმუნეთა ცხოვრებაში ნერგავს.
მოქმედებს რა სიყვარულის სულით, რომელიც ეკლესიის ფუძემდებელმა, იესო ქრისტემ გვიანდერძა, იგი როგორც ჭეშმარიტი დედა არწმუნებს მორწმუნეებს „გლოცავ თქვენ, მე კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდეთ ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა. ისწრაფდით დამარხუად ერთობასა მას სულისასა საკვირველითა მით მშვიდობისათა" (ეფეს. 4,1-3). მოციქულის შემდეგი ანდერძი: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ჰსტიროდეთ მტირალთა თანა, და ნუ ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, წინასწარ-განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა" (რომ. 12,15,17).
„ნუგეშინისცემდით სულმოკლეთა, თავს იდებდით უძლურთა მათ სულგრძელ-იყუენით ყოველთა მიმართ" (1 თეს. 5,14); „უკეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშვიდობასა ჰყოფდით" (რომ. 12,18). შეადგენს მის მუდმივ ქადაგებას. მოქმედებს რა სიყვარულისა და მშვიდობის სულით, იგი გვინერგავს აუცილებელ ცხოვრებისეულ წესებს - მთავრობის მორჩილებას, ურთიერთსიყვარულსა და ნდობას, იცავს რა ამავე დროს თავის ერთგულ მრევლს ცრუ წინასწარმეტყველთა და ცრუ მოძღვართაგან: „იყუნეს ცრუწინასწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღვარნი, რომელთა შემოიღონ წუალებაი წარწყმედისა, და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარყოფდნენ, და მოიზიდვიდენ თავისა მათისათვის მსთუად წარწყმედასა" (პეტრ. 2,1). მოთმინებით და სიმდაბლით ეკიდება შეცდომილთ, უნერგავს რა მათ ყური მიაპყრონ ჭეშმარიტებ