„როდესაც იმედი მთლად გადამეწურა..."

ადრე გავთხოვდი. ღმერთი კი მწამდა, მაგრამ სამსახურმა და ყოვლდღიურმა ფუსფუსმა ეს რწმენა უკანა პლანზე გადაწია. ვცხოვრობდი ისე, რომ დახმარებისთვის ღმერთს ლოცვით არ მივმართავდი, მარხვას არ ვიცავდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რწმენის მიმართ გულგრილი გავხდი. აზრადაც არ მომდიოდა, რომ უფალი, თუკი მას დახმარებისთვის მივმართავდი, ჩემ ლოცვას შეისმენდა.

ერთხელ, ზამთარში, უმცროსი შვილი - 5 წლის ბიჭი ავად გამიხდა. მოვიწვიეთ ექიმი, რომელმაც დიფტერია დაგვიდგინა რთულ ფორმაში. დაგვინიშნა მკურნალობა. ექიმის ყველა მითითებას ზუსტად ვიცავდი და ბავშვის გამოკეთებას ველოდი, მაგრამ ამაოდ. ბიჭი სულ უკან და უკან მიდიოდა. საშინლად დასუსტდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ვეღარავის ცნობდა, წამლის დალევა არ შეეძლო. მკერდიდან ამოსული საშინელი ხრიალის ხმა მთელ ბინაში ისმოდა.

ახლა ორი სხვა ექიმი მოვიყვანეთ. მათ ნაღვლიანად შეხედეს ავადმყოფ ბავშვს, შეწუხებულებმა ერთმანეთში რაღაც მოისაუბრეს და ჩვენ შემოგვხედეს. სიტყვები საჭირო აღარ იყო, ისედაც ყველაფერი ნათელი გახლდათ - ყველანი მივხვდით, რომ ბავშვს სააქაო პირი აღარ ჰქონდა - ის ამ ღამეს ვეღარ გაატანდა.

მე არაფერზე ფიქრის თავი აღარ მქონდა; მექანიკურად ვუვლიდი ავადმყოფს. ჩემი ქმარი ბავშვის საწოლს არ სცილდებოდა, ეშინოდა, შვილის ბოლო ამოსუნთქვა არ გამოპარვოდა. სახლში ყველაფერი მიჩუმდა. მხოლოდ საშინელი, სტვენანარევი ხრიალი ისმოდა.

იმედი თითქმის გადაწურული იყო. ამ დროს ეკლესიის მწუხრის ლოცვა იწყებოდა, ზარის რეკვის ხმა მოისმა. თითქმის გაუაზრებლად წამოვდექი, ჩავიცვი და ქმარს ვუთხარი:

- წავალ, ავადმყოფი შვილის ჯანმრთელობისათვის მღველს პარაკლისის გადახდას ვთხოვ.

- რა აზრი აქვს?! ხომ ხედავ, რომ კვდება? არ წახვიდე, უშენოდ დალევს სულს! - ძლივს ამოთქვა მან.

- არა, უნდა წავიდე, ეკლესია ახლოს არის.

არ მახსოვს, როგორ შევედი ეკლესიაში. შემომხვდა მამა სტეფანე.

- მამაო, გევედრები, შვილი მიკვდება დიფტერიით. თუ არ გეშინიათ, ჩემთან წამობრძანდით და პარაკლისი გადაიხადეთ!

- ჩვენ ვალდებული ვართ გზა დავულოცოთ მომაკვდავებს და უშიშრად მივდივართ ყველგან, სადაც მიგვიწვევენ. ახლავე მოვალ. - მიპასუხა მამა სტეფანემ.

სახლში გავიქეცი. ყველა ოთახში კვლავინდებურად ხრიალი ისმოდა. ბავშვს პატარა სახე მთალად გალურჯებოდა და თვალზე გადმოცვენაზე ჰქონდა; პატარა ფეხები მთლად გასციებოდა. გული შემეკუმშა. არ მახსოვს, ვტიროდი თუ არა მაშინ. ის კი მახსოვს, რომ ამ საშინელ დღეებში ცრემლი მთლად გამიშრა. კანდელი ავანთე და რაც საჭირო იყო, ყველაფერი მოვიმარჯვე.

მალე მამა სტეფანე მოვიდა და პარაკლისი დაიწყო. ბავშვი თავის პატარა ლეიბით და ბალიშით ფრთხილად ავიყვანე ხელში და საწოლი ოთახიდან მისაღებში გამოვიყვანე. მისი ხელში ჭერა მიჭირდა და სავარძელში მძიმედ ჩავჯექი.

პარაკლისი გრძელდებოდა. მამა სტეფანემ წმიდა სახარება გადაშალა. ნერვიულობისა და დაღლილობისაგან ქანცგაცლილი სავარძლიდან ძლივს წამოვდექი და.... თვალებს არ დავუჯერე - ჩემმა ბიჭუნამ თავი წამოწია და  ასე ისმენდა ღვთის სიტყვებს.

მამა სტეფანემ კითხვა დაასრულა. ბიჭმა პატარა ხელი კისერზე შემომხვია და ასე უსმენდა პარაკლისს ბოლომდე. მე გაბედულად სუნთქვისაც კი მეშინოდა.

მამა სტეფანემ წმ. ჯვარი სახეზე მიადო ბავშვს სამთხევევად, თან უთხრა: „გამოჯანმრთელდი!"

ბავშვი ლოგინში ჩავაწვინე და მამა სტეფანე გავაცილე. უკან რომ მოვბრუნდი, სუნთქვაშეკრული საწოლ ოთახში შევედი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ის გულის გამგმირავი ხრიალი, ამ დღეებში რომ ასე გვზაფრავდა ყველას, აღარ ისმოდა. ბავშვს თანაბარი, მშვიდი სუნთქვა ჰქონდა.

გულაჩუყებული მუხლებზე დავეშვი და ვმადლობდი მოწყალე ღმერთს. ღონემიხდილს იატაკზე ჩამეძინა.

მეორე დილას, ეკლესიის ცისკრის ლოცვის ზარმა რომ დარეკა, ჩემი ბიჭი ლოგინზე წამოჯდა და სუფთა, წკრიალა ხმით დამიძახა:

- დედა, რატომ ვწევარ ამდენ ხანს? მომწყინდა წოლა!

განა შეიძლება იმის აღწერა, რაც მე იმ წუთებში განვიცადე?!

ბავშვმა სიამოვნებით დალია თბილი რძე. ცოტა ხანში სახლში ფეხაკრეფით შემოვიდა ჩვენი ექიმი. მან მისაღებში შეიხედა და იქ ტახტი რომ ვერ დაინახა ცივი ცხედრით, შეგვეხმიანა. მე მხიარული ხმით ვუპასუხე:

- ახლავე მოვალ.

ექიმი გაოგნებული იდგა და ფეხს წინ ვერ დგამდა.

- ნუთუ უკეთესობაა? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.

- დიახ, ვუპასუხე და მივესალმე. უფალმა სასწაული მოგვივლინა!!!

-დიახ, ხიად... თქვენი ბავშვის განკურნება მხოლოდ სასწაულს შეეძლო. - ძლივს ამოთქვა დაბნეულმა ექიმმა.

მალე მამა სტეფანემ უკვე სამადლობელი პარაკლისი აღავლინა ჩვენთან. ჩემი ბიჭი, სრულიად ჯანმრთელი, გულმოდგინედ ლოცულობდა. წირვის ბოლოს მამა სტეფანემ მითხრა:

- კარგი იქნებოდა, ეს შემთხვევა აგეწერათ. გულწრფელად მინდა, ყველა დედამ გაიგოს, რომ მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავარდნენ, არამედ მიმართონ იმას, ვის ხელთაც არის როგორც მათი შვილების კეთილდღეობა და სისცოცხლე, ასევე - თავად მათიც, ყველასი, და რომ მარტოდენ მტკიცე სარწმუნოებაა ყოველგვარი სიხარულის მიზეზი და დასაბამი.

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.