საეკლესიო დღესასწაულების, კვირა დღისა და
აღდგომის დღის აღნიშვნის თაობაზე

რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები":

ცნობილია, რომ ქრისტიანული ეკლესიის დაარსებისთანავე კვირის პირველი დღე, როგორც ქრისტეს აღდგომის დღე, ღვთისადმი დიდების დღედ იყო დადგენილი; მაგრამ ამას არ ეთანხმებიან იეღოველები და ამტკიცებენ, რომ „არავითარი მითითებები არ არის მოცემული „ახალ აღთქმაში" აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, არც მოციქულ მამების ნაწერებშია რაიმე ნათქვამი" („საგუშაგო კოშკი". 1.04.96 წ. გვ. 5).

„ქრისტიანებისათვის მხოლოდ გახსენების საღამოს და არა აღდგომის აღნიშვნა არის მითითებული ბიბლიაში" („საგუშაგო კოშკი". 1.04. 96);

„სადღესასწაულო დღეების სიწმინდე აზრადაც არ მოსვლიათ პირველ ქრისტიანებს, არც უფალი და არც მათი მოციქულები არ ზეიმობდნენ არც მას და არც სხვა დღესასწაულებს" („საგუშაგო კოშკი". 1.04.98).

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

ძველი აღთქმა

უფალი უბრძანებს ისრაიტელებს, რათა ემსახურონ მას და ყოველწლიურად აღნიშნონ მის მიერ დადგენილი საღვთო დღესასწაულები.

პასექის აღნიშვნის შესახებ უთხრა უფალმა მოსეს: „სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული" (გამ. 12, 14).

„დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად" (გამ. 12, 17);

„წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე" (რჯლ. 16, 16);

„დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით... ხუთ დღეს ჭამე და მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური... რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე" (რჯლ. 16, 1, 3);

„შვიდეულის დღესასწაულზე იზეიმე, პირველ მოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე" (გამ. 34, 22);

„გაიხარეთ დღესასწაულში შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც ცხოვრობენ შენს კარზე. შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას" (რჯლ. 16, 14-15).

„შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული" (რჯლ. 16, 13).

ახალი აღთქმა

იესო ქრისტე, ისე როგორც მთელი ისრაელი, რჯულის თანახმად, საზეიმოდ ხვდებოდა საუფლო დღესასწაულებს.

„მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალემში. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალემში დღესასწაულზე წავიდნენ ისინი" (ლუკ. 2, 41-42).

„დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპაექე კრავი. გაგზავნა პეტრე და იოანე, და უთხრა მათ: წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რათა ვჭამოთ... წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი" (ლუკ. 22, 7, 8, 13).

„მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა... შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძრად და ასწავლიდა" (იოან. 7, 2, 14).

მართლმადიდებლებისათვის კვირა დღე სხვა დღეებისაგან გამორჩეულისა, რადგანაც უფალი მკვდრეთით ამ დღეს აღდგა, ამიტომაც ეკლესია მას დიდი ზეიმით აღნიშნავს. კვირა ბერძნული „კირიონიდან" არის აღებული, ნიშნავს საუფლო დღეს; რუსულში მას ეწოდება „воскресенье", ანუ აღდგომის დღე.

იეღოველთა სწავლებით არცერთი დღე არ განსხვავდება ერთიმეორისგანდა ყველა დღე ერთნაირია.

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

უფალი აღდგა კვირის პირველ დღეს.

„კვირის პირველ დღეს, გამზადებული ნელსურნელებით, დილაუთენია მივიდნენ საფლავთან... მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ და შიგ შესვლას ვეღარსად ნახეს იესოს სხეული" (ლუკ. 24, 1-3).

„კვირის პირველ დღეს დილაუთენია მოვიდა მარიამ მაგდალინელი სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი" (იოან. 20, 1).

უფალი მოწაფეებს პირველად გამოეცხადა კვირას, აღდგომის დღეს.

„კვირის იმავე პირველ დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!" (იოან. 20, 19).

უფალი მოწაფეებს მეორედ გამოეცხადა აღდგომის სწორს, ისევ კვირა დღეს.

„რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად. და შევიდა იესო, თუმცა დახშული იყო კარი, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!" (იოან. 20, 26).

სულიწმიდის გადმოსვლა - სულთმოფენობა მოხდა აღდგომიდან ორმოცდამეათე, ანუ კვირა დღეს.

„როცა სრულდებოდა ორმოცდაათობის დღე, ყველანი ერთად იყვნენ ერთ ადგილას. და ანაზდად იგრგვინვა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ. და მოევლინა მათ ალვით გამოყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თვითეულ მათგანს. და აღივსნენ ყველანი სულით წმიდით, და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ" (საქმე 2, 1-4).

ევქარისტიის, ანუ წმინდა ზიარების საიდუმლო სრულდებოდა კვირა დღეს.

„კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შეიკრიბნენ მოწაფეები, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ" (საქმე 20, 7).

კვირას გაიცემოდა მოწყალება ღარიბებისათვის.

„კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა, თავის მხრივ, შეძლებისდაგვარაფ, გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება. ხოლო როდესაც მოვალ, თქვენს მიერ არჩეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალემს" (1 კორ. 16, 2-3).

იოანეს გამოცხადება იყო კვირა დღეს.

„მე, იოანე, ძმა თქვენი... ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღმრთის სიტყვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, როგორც საყვირის" (გამოცხ. 1, 9-10).

პირველ ქრისტიანთა შორის ბევრი იყო ყოფილი იუდეველი, რომელთაც ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებანი ქრისტიანობაში გადმოჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ მოციქულები, წარმოშობით ებრაელები, თავდაპირველად შაბათის კანონს იცავდნენ (ლუკ. 23, 56; მარკ. 16, 1), მაგრამ მათზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მათი ეს დამოკიდებულება შეიცვალა, რაც აშკარად ჩანს პავლე მოციქულის წერილით გაქრისტიანებული ყოფილი წარმართებისადმი, რომელიც ებრაული კანონებისადმი არ იყვნენ კეთილგანწყობილნი: „მაშ, ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, ან რაიმე დღესასწაულის, ან კიდევ ახალი მთავრისა თუ შაბათთა გამო" (კოლ. 2, 16).

ამ მუხლით მოციქული გადმოგვცემს, რომ ებრაელთა კანონები სასმელ-საჭმელზე, დღესასწაულებზე აღარ არის საჭირო. იგი პირდაპირ აგებინებს ქრისტიანებს, რომ მათთვის, თუმცაღა ბიბლიაში შაბათი და სხვა დღესასწაულები (პასექის, კარვობის, უცომოების) უფლის დღედ იწოდება, მაგრამ ეს ყველა „ჩრდილია მომავლისა" (კოლ. 2, 17).

პავლე მოციქული საუბრობს ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში განსვენების დღის - შაბათის შესახებ, რომელშიც ადამიანები „ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, - კვლავ აწესებს დასაზღვრულ დღეს" (ებრ. 4, 6-7).

ამგვარად, პავლე მოციქული პირდაპირ მიგვითითებს ებრაული შაბათის, როგორც სადღესასწაულო დღის „სხვა დღით" შეცვლის აუცილებლობაზე, რაც ქრისტიანებისათვის მხოლოდ კვირა - აღდგომის დღე შეიძლება იყოს.

ახალი აღთქმის პასექის, ანუ აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვა თვით ქრისტეს მოციქულებმა დაადგინეს.

„გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ თქვენ ახალი ცომი, რადგანაც უფუარნი ხართ; ვინაიდან პასექი ჩვენი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურობისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით" (1 კორ. 5, 7-8).

ძველი აღთქმის პასექი წარმოადგენდა ახალი აღთქმის პასექის წინასახეს. როგორც ძველ აღთქმაში ღმერთმა ებრაელები ეგვიპტელთა ტყვეობისაგან იხსნა, ახალი აღთქმის პასექით, ანუ ქრისტეს აღდომით უფალმა ადამიანები ეშმაკის მონობისაგან გამოიხსნა.

ამგვარად, ძველი აღთქმის პასექი ახალ აღთქმაში შეიცვალა ქრისტეს პასექით, ანუ აღდგომის დღესასწაულით. როგორც მოციქულთა დადგენილებიდან და კანონებიდან ჩანს, უფლის ვნებისა და აღდგომის დღეებს ქრისტიანები ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში აღნიშნავდნენ.

ისტორიიდან ცნობილია, რომ უფლის აღდგომის დღესასწაული სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. ამასთან დაკავშირებული უთანხმოებანი 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე გადაიჭრა, როდესაც დადგინდა, რომ აღდგომის დღესასწაული ყველას ერთდროულად აღენიშნა გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, მთვარის შევსებიდან პირველ კვირა დღეს. ამასთან, თუ იუდეველების ქასექი დაემთხვეოდა ქრისტიანთა პასექს, იგი ერთი კვირით უნდა გადაეწიათ. ამიტომაც არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიით ქრისტეს აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და სხვადსხვა დროს აღინიშნება.

ამგვარად, ქრისტეს აღდგომის აღნიშვნა 325 წელს კი არ შემოიღეს, როგორც ამას „იეღოვას მოწმეები" ამტკიცებენ, არამედ პირველ ქრისტიანებს შორის იგი მანამდეც აღინიშნებოდა. პირველ მსოფლიო კრებაზე მხოლოდ მისი თარიღი დადგინდა. საეკლესიო კრებას ჰქონდა ამის სრული უფლება, რადგან ჯერ კიდევ მოციქულთა დროს, იერუსალიმის კრებაზე, როცა მოციქულებმა წინადაცვეთა ნათლისღებით შეცვალეს (იხ. საქმე 15, 24-28), დაადგინეს, რომ ყველას „დაემარხათ იერუსალიმელ მოციქულთა და ხუცესთა მიერ დადგენილი წესები" (საქმე 16, 4).

სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს, ყველა სადავო საკითხი, რომელიც ქრისტიანთა შორის წარმოიშვებოდა, ამიერიდან მოციქულებს, ხეცესებს და, საერთოდ, საეკლესიო კრებებს უნდა გადაეწყვიტა, რაც ნიკეის პირველმა მსოფლიო კრებამ კიდეც განახორციელა.

კონსტანტინე დიდი და კვირა დღე

„იეღოვას მოწმეები" აქილიკებენ და კიცხავენ მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს, თითქოს მან გამოაცხადა კვირა წმინდა დღედ. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. კონსტანტინე დიდს კვირა არ გამოუცხადებია დასვენებისა და ღვთის თაყვანისცემის დღეღ. იმპერატორის ქვეშევრდომები იმ დროისათვის უკვე იცავდნენ ამ დღეს. ისინი თავიანთ დუქნებს კეტავდნენ, ყველა საქმეს ტოვებდნენ და ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მიდიოდნენ. ამის გამო, ამ დღის წმიდასაყოფად გამოიცა ბრძანება. მაშასადამე, იმპერატორმა კონსტანტინემ სიახლე კი არ შემოიტანა, არამედ იმპერიაში მანამდე არსებული წესი დააკანონა.

ამგვარად, იეღოველთა სწავლება, თითქოს აღდგომის, კვირა დღისა და სხვა დღესასწაულების აღნიშნვა არასწორია, ბიბლიის სწავლებას ეწინააღმდეგება.

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას", თბილისი, 1998 წ.