შეიძლება თუ არა მოძველდეს მართლმადიდებლობა?
ბოლო ხანებში სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები თუ ცალკეული პირები ეკლესიას ხშირად უკიჟინებენ, თითქოს იგი დროს ჩამორჩა, რომ იგი ვეღარ პასუხობს დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნებს, თითქოს მოძველდა მართლმადიდებლური სწავლება და ხელახალ გადახედვას საჭიროებს, რადგან თითქოს ეს არის მუხრუჭი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. ეს ადამიანები განაქიქებენ ეკლესიის მოძღვრების ძირითად პრინციპებს: მორჩილების ცნება ბრმა მორჩილებასა და ფანატიზმამდე დაჰყავთ, მოციქულებრივ და წმიდა მამათა სწავლებას ადამიანთა ერთი გარკვეული ჯგუფის პირად შეხედულებებად მოიაზრებენ, მონასტრული ცხოვრება და სახარებისეული ციტატები დროს ჩამორჩენილი, დრომოჭმული შუასაუკუნეობრივი გადმონაშთი ჰგონიათ და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება, ძალიან კარგადაც კი იციან ზოგადად ეკლესიის ისტორია, რადგანაც თავი „ღვთისმეტყველებად" და „თეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორებად" მოაქვთ, მაგრამ ბიბლიური მწიგნობრებისგან არაფრით განსხვავდებიან.
როგორც ჩანს, შინაგანი ურწმუნოების გამო მათ არ ესმით, ან ძალიან კარგადაც ესმით, მაგრამ გარკვეული მიზნების გამო, არ სურთ აღიარონ, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლობა საქართველოსთვის, რას ნიშნავს ის სარწმუნოება, რომელიც პირველი საუკუნეებიდანვე შეურყვნელი და შეუცვლელი გადმოიცემა დედაეკლესიის მიერ. გადავხედოთ მსოფლიოს ისტორიას:
წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლიდან დაიწყო ჩვენი სულიერი სიკვდილიდან გამოსვლა, აღორძინება, არის ჭეშმარიტი მისიის გამოკვეთა, ხრწნადიდან უხრწნადზე გადასვლა, მოკვდავობის ჯურღმულიდან უკვდავების ნათელთან ზიარება... დავესესხები მწერალს, ბატონ ოტია იოსელიანს - მაცხოვარს 12 მოციქული ჰყავდა და სულ მთლად ნაწილებად რომ დაგენაწილებინა და მიმოგეფანტა დედამიწაზე, საქართველოს მათი ერთი ფრჩხილიც კი არ შეხვდებოდაო. მაგრამ სამი მოციქული იყო საქართველოში: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა მოციქული, - ბრძანებს მხცოვანი მწერალი. რით დაიმსახურა საქართველომ ასეთი პატივი? რისთვის არგუნა ღმერთმა ესოდენ გამორჩეული მადლი. ალბათ იმიტომ, რომ ქართველ კაცს ქრისტიანობამდელი ისტორიის მანძილზეც მოსიყვარულე გულით, ადამიანური მორალის გადახვევების გარეშე უცხოვრია. ალალი და ბავშვივით მიმნდობია ქართველი. უფალმა იცოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორც თესლი კეთილი, ქრისტიანობა ადვილად მოიკიდებდა ფეხს, გაიდგამდა ფესვებს მისი წმიდა სახარება. სამყაროს ყოფიერების ცოდვებისაგან დამძიმებულ სივრცეში საქართველო გახდა ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული აღმსარებელი. მთელი მისი ისტორია დაკავშირებულია სარწმუნოებისთვის თავდადებასა და სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლასთან. პროგრესს განიცდიდა კაცობრიობა და, მიუხედავად დიდი ომებისა და ზეწოლისა, ჩვენი სამშობლო, არასდროს, განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ჩამორჩენია მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს. არსებობდნენ უზარმაზარი სახელმწიფოები თავისი კანონებითა და ტრადიციებით, მაგრამ დღეს ისინი აღარ არიან. ეს დიდი სახელწიფოები ისტორიოგრაფიაში ცივილიზაციის აკვნად იწოდებიან, მაგრამ მათგან აღარაფერი დარჩენილა, გარდა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი რარიტეტებისა. რატომ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ასეთი სიცოცხლისუნარიანი? რამ გადაარჩინა ურიცხვ და ომში მრავალნაცად ურდოებთან ჭიდილში დასაღუპავად განწირული პატარა საქართველო? უეჭველია, ღვთის წყალობამ. ეს წყალობა კი იმიტომ გარდამოვიდა ამ პატარა ქვეყანაზე, რომ მან უცვლელად და უბიწოდ შემოინახა ჭეშმარიტი რწმენა უფლისა, არც არაფერი მოაკლო და არც არაფერი მიუმატა მის სწავლებას, არამედ მორჩილად, სიყვარულითა და მოშურნეობით მიჰყვებოდა უფლისკენ სავალ ვიწრო ბილიკებს. ასე შეინარჩუნა მან მაღალი სულიერება და ზნეობა, გადარჩენისათვის გაუნელებელი ბრძოლის ჟინი, ტრადიცია და ადათი, თვითმყოფადობა და ეროვნული ფასეულობანი. თაობიდან თაობას დიდი სიფრთხილითა და მოწიწებით გადასცემდა წმიდა მამათა სწავლებას, მსოფლიო ეკლესიათა კრებებზე დადგინებულ კანონებს, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ ეს არ იყო ერთეული ადამიანების პიროვნული მსოფლმხედველობა, არამედ თვით უფლისმიერი შთაგონების ნაყოფი, რომელიც წმიდა მამებმა სიწმიდით ცხოვრების გამო მოიხვეჭეს. ჩვენი ხალხი ინარჩუნებდა ეროვნული ეკლესიის ტრადიციას, რაც უპირველესი პირობაა ეროვნული თვითმყოფადობოს შენარჩუნებისათვის. ჩვენს ერს არასდროს დაუკარგავს თავის წმიდა ფუნქცია: ებრძოლა და ეშრომა სარწმიუნოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის, შეექმნა პროგრესული მსოფლიოსათვის საკადრისი სულიერი თუ მატერიალური ღირებულებანი. იგი ფეხდაფეხ მისდევდა განვითარების მწვერვალზე მყოფ ქვეყნებს - ბიზანტიასა და სპარსეთს, ეგვიპტესა თუ არაბეთს, პალესტინასა და ინდოეთს, რაშიც არათუ ხელი არ შეუშალა წმიდა სარწმუნოების უბიწოდ და შეურყვნელად შენახვას, არამედ პირიქით, სწორედ მართლმადიდებლობა იყო ის მკვიდრი საფუძველი იმისა, რაზეც იქმნებოდა კულტურული თუ მატერიალური ფასეულობანი. არავის დაავიწყდეს, რომ სწორედ ე.წ. ფანატიზმის ეპოქაში, როგორც ახალი ფსევდოინტელიგენტები მოიხსენიებენ შუასაუკუნეების პერიოდს, საქართველოში გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა. ჩვენს ქვეყანაში ათასი რჯულისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანი იყრიდა თავს, მაგრამ ქართველს აზრადაც არ მოსვლია, თავისი ჭეშმარიტი სარწმუნოება მათი აღმსარებლობისთვის შეეჯერებინა. სხვაგვარად ხომ დღეს გვექნებოდა რაღაც სარწმუნოებრივი ნაზავი, ნარევი, სადაც ძნელად თუ მოძებნიდი მოციქულებრივი სწავლების ნაშთებს. მაშინ ყველაზე ცხადად ხედავდა ქართველი უცხო ქვეყნების სიმდიდრესა თუ ფუფუნებას, რომელიც თითქმის ყოველდღე გადიოდა მის თვალთა წინაშე, მაგრამ არასოდეს მოსვლია აზრად, დაეტოვებინა თავისი მსოფლმხედველობა, გამოჰკიდებოდა უცხო ქვეყნების აღმსარებლობებს, თავადაც შთანთქმულიყო მატერიალურ სიმდიდრეში და შთამომავლობისთვისაც მოჩვენებითი კეთილდღეობა დაეტვოვებინა. სხვაგვარად ფიქრობდა ქართველი კაცი: მან სულიერი კერები მოამრავლა. როდესაც იუსტინიანე დიდის ბრძანებით კონსტანტინეპოლში ბრწყინვალე აია-სოფიას ტაძარი აშენდა, შვიდი ათეული წლის შემდეგ საქართველოში აიგო დიდებული ჯვრის ჯვარგუმბათოვანი მონასტერი, მოგვიანებით გელათში შეიქმნა სასულიერო აკადემია - „სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი"... ერს, რომელმაც ქრისტიანული სულიერებისა და არქიტექტურის ასეთი მარგალიტები შეუქმნია, უდავოა, უდიდესი შინაგანი პოტენციალი, ღვთაებრივი, მადლსნაზიარები უდიდესი სულიერება ექნებოდა, რომელიც წმიდა სამღვდელოებას ეპყრა ხელთ და თავგანწირული სულისკვეთებით მიუძღვოდა ერის გადარჩენისკენ მიმავალ ჭეშმარიტების გზაზე. ცხადია, ჩვენს ერს ჭეშმარიტების ძიების ასეთი მოთხოვნილება რომ არ ჰქონოდა, მაშინ არც ექნებოდა საჭიროება, ეშენებინა ტაძრები და მონასტრები, არ დაიწერებოდა „ვეფხისტყაოსანი", არ შეიქმნებოდა „გალობანი სინანულისანი"...
იყო სულიერი გაჭირვებაც და კრიზისიც, მაშინ უფალი განსაცდელს გვიგზავნიდა, რათა გაჭირვების ჟამს ისევ გავძლიერებულიყავით, ისევ უფლისთვის გვეთხოვა შეწევნა და მოვქცეულიყავით ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ, ზოგჯერ კი ღმერთი წმიდა ადამიანებს გვიგზავნიდა მისადმი სიყვარულში განსამტკიცებლად. განა ასე არ ექცეოდა უფალი ისრაელის ერს, როდესაც იგი ივიწყებდა ღმერთს და სწორი გზიდან გადაუხვევდა?! იგი ან განსაცდელს მოუვლენდა მას ან დიდ პატრიარქებს და წინასწარმეტყველთ გამოარჩევდა მათსავე წიაღში და უწინამძღვრებდა, რათა გადაერჩინა იგი - რადგანაც უფალს არ სურს წარწყმედა ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი. იყო დაცემაც და იყო აღდგომაც, მაგრამ სულიერი სიკვდილი, ღვთის წყალობით, ჩვენი ერისათვის არასოდეს დამდგარა, რადგანაც ქართველი კაცი ყველაზე უწინ სწორედ სულიერებაზე ზრუნვას აყენებდა, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ სხვა დანარჩენი ფასეულობების განვითარება სწორედ რომ სულიერიებიდან გამომდინარეობს.
არ გეგონოთ, რომ თავს ვიწონებთ ჩვენი წარსულით. ჩვენს ქვეყანას ჰყავდა უდიდესი მეფენი, ერის სულიერი წინამძღოლი მამანი, მნათობნი-მზენი, თუმცა არც „სახელგანთქმული" მოღალატენი დაჰკლებია, რომლებიც დაუღალავად უკიჟინებდნენ ერს სწორი გზის გადახვევასა და ჭეშმარიტი ფუნქციის შეცვლას, ზოგჯერ კი უცხოტომელი დამპყრობლის წინაშე ქედის მოხრას, დამოკიდებულებას და მიმბაძველობასაც უქადაგებდნენ. ხშირად პირად მაგალითსაც იძლეოდნენ, მაგრამ ჩვენს ერს არასოდეს გადაუხვევია იმ ოქროს შუალედური გზიდან, რომლის საშუალებითაც მივეახლებით უფალს. დიდმა იმპერიებმა, რომლებიც თუმცაღა აღმსარებლობით ქრისტიანებიც კი იყვნენ, ალბათ, სწორედ ის გეზი დაკარგეს და ის გამორჩათ სულიერი თვალსაწიერიდან, რასაც ჭეშმარიტების გზაზე სიარული ჰქვია, სწორედ ის ეროვნული ფასეულობები გაუქარწყლდათ, რაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დიდების მორევში ჩაძირულ და დაპყრობითი ომების მეშვეობით მოხვეჭილ ძლიერებასა და სიმდიდრეს, სხვაზე ბატონობის გამუდმებულ სურვილს საკუთარი ეროვნულობის დაკარგვა მოჰყვა. მატერიალურმა მიზანსწრაფვამ დაჩრდილა მისტიკური და იდეოლოგიური, ერების წიაღშივე მოხდა საკუთარი „მე"-ს უგულებელყოფა, აღრევა სხვა ერებთან, ეროვნული გამაერთიანებელი ნიშნის გაქარწყლება, ზეზეული სიკვდილი. ამ იმპერიების შთამომავლებს მხოლოდ ურიცხვი სიმდიდრე და ავლა-დიდება შემორჩათ, რომელიც მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის საგნებიღა იყო. იქაური ადამიანი მას უკვე ვეღარ აღიქვამდა, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ან რაიმე ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ, მოიაზრებდა მას, როგორც მხოლოდ მოხმარების საგანს. ქრისტიანობა კი მხოლოდ ზედაპირულ, წეს-ჩვეულებების აღსრულების აუცილებლობად გადაექცა. ასეთ ხალხს ნელ-ნელა შეეცვალა საკუთარი, ეროვნული ნიშნით აღბეჭდილი ფასეულობის შექმნის სურვილი, დაკავდა სხვისი მიმბაძველობით და ყოველივე საკუთარი გაიუცხოვა. ამის შედეგად კი ადვილად აღმოჩნდა ქაოსში და სხვა ერებს შეერია. იმპერიები, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებს, ხან მოყვრულად მოსული, ცხვრის ტყავში გახვეული მგლის სახით, ხან კი ცეცხლითა და მახვილით, აიძულებდნენ ყოველივე თვითმყოფადი დაევიწყებინათ და სარწმუნოება შეეცვალათ, რომ შემდეგ ისინი თავმოყვარეობადაკარგულ, ღმერთისგან გაუცხოებულ ბრბოდ ექციათ და ადვილად ებატონათ მათზე, თვითონაც მათ დღეში ჩავარდნენ და კიდევ უარესში. ისინი ხშირად ცდილობდნენ, დაპყრობილი ერების წიაღშივე ეპოვათ დასაყრდენი - „შადიმან ბარათაშვილები", რადგნაც კარგად ესმოდათ, რომ ხალხი თავისივე ერის წარჩინებულ წარმომადგენლებს უფრო დაუჯერებდა და უფრო ადვილი იქნებოდა მათი გადაგვარების გზაზე დაყენება. მაგრამ დაპყრობილი ქვეყნები ადვილად არ ივიწყებდნენ ყოველივე ეროვნულს, არ ეთმობოდათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და იბრძოდნენ მის დასაცავად, ხოლო დამპყრობელნი მათთან ომსა და ჭიდილში ნაკლებად იცლიდნენ თავისი სულიერებისა და ეროვნულობისათვის და ერთიანობის საფუძველი ეცლებოდათ.
მავანს კარგად ესმის, რომ დღესაც, თუ ჩვენს ეროვნულობის ნიშანს ხელყოფს, აღგვირევს სარწმუნოებას, ყოველივე ძვირფასს გაგვიუბრალოებს, ტრადიციულს ფასდაკარგულად და უფუნქციოდ წარმოგვიჩენს და „ადამიანის კეთილდღეობისათვის მებრძოლი" ორგანიზაციების სახით თავს მოგვახვევს თავის სწავლებებს, მაშინ ადვილად წაგვაქცევს და იდეოლოგიურად დაგვიპყრობს კიდეც.
ქართველმა კაცმა სასოებით უნდა შეინახოს უფლის მოციქულთა და წმიდანთა მიერ ნაქადაგები სარწმუნოება და ეროვნული ფესვები, რასაც ქართველი ერის „გულშემატკივარი მქადაგებლები" არაფრად მიიჩნევენ, „ცრუმისტიკად" და „ცრუსასწაულებად" აღიარებენ და დასცნიან იმ სულიერებას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. ალბათ ყველა ეპოქაში იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკლესიის შეუცვლელ სწავლებას მოძველებულად, ყავლგასულად და შესაცვლელად მიიჩნევდნენ. წარმოდგინეთ, რა სახით მოაღწევდა დღემდე ჩვენი სარწმუნოება, ყველას რომ შესძლებოდა მართლმადიდებლობის შეცვლა და „შესწორება", ყველას თავის შეხედულებებზე რომ „მოერგო" ქრისტიანული სწავლების დოგმები, ალბათ დღეს ჭეშმარიტების ანარეკლიც კი აღარ დაგვრჩებოდა. ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებლობა ადამიანების გამოგონილი, შექმნილი სწავლება კი არ არის, არამედ უფლისაგან ბოძებული, სულიწმიდის მადლით შთაგონებული და თაობიდან თაობას გადაცემული მოძღვრებაა, რომელსაც ვერაფერს დავაკლებთ და ვერც ვერაფერს მივუმატებთ, რაც არ უნდა ბრძენთა-ბრძნად მივიჩნეოდეთ კაცთა შორის. მაგრამ ეს ადამიანები ხომ უკვე სულიწმიდის მადლსაც კი ირონიით მოიხსენიებენ...
საქართველოს დღეს გლობალური გარდაქმნებისა და პოლიტიკური ძვრების პერიოდი უდგას. ვინმეს თვალში ეს შეიძლება საქართველოზე იდეოლოგიური თავდასხმებისთვის ხელსაყრელი დროის ილუზიას ქმნიდეს, მაგრამ როგორც უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს, საქართველო ღვთის წყალობით ძალიან მალე აღსდგება და გაბრწყინდება, ვითარცა ფერფლიდან ფენიქსი და თავის პროგრესულ სიტყვას იტყვის მსოფლიოს კეთილი ნების ხალხებთან ერთად.
მათ კი, ვისაც პირადული ინტერესები ეროვნულზე წინ დაუყენებია, ვურჩევთ, სიყვარულის მარცვალი გაიღვიძონ საკუთარ სულში, ამბიციები და პირადი შურისმაძიებლები სულისკვეთება დაივიწყონ, სარწმუნოებით მოექცნენ, სიყვარულით მივიდნენ ჭეშმარიტების საყდართან და თავი დაანებონ დარბაისელი ქართველი კაცის ჭკუის სწავლებას და მაშინ ერიცა და ბერიც მიუტევებს და სიყვარულით მიიღებს მათ.
ნუ გვიკიჟინებენ, რომ თუ ე.წ. იმიჯს არ შევიცვლით, სარწმუნოებას არ „გავილაითებთ", თითქოს ცხოვრებას ჩამოვრჩებით. ჩვენ ხომ ცხოვრების იმ ფერხულში ვართ ჩაბმული, სადაც თვითოეული ერი ცდილობს თავის თვითმყოფადობით მიაღწიოს კეთილდღეობის მწვერვალს. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, აუჩქარებლად, დინჯად და მიზანსწრაფულად ვიაროთ ჭეშმარიტების გზაზე, რადგანაც ვინც იჩქარა და მოვლენებს გაუსწრო, ისინი აღარ არსებობენ.
კახა კაპანაძე
ჟურნალი „დედა ეკლესია", № 1, 2005 წ.