წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
შენიშვნები
[1] - სიტყვა „მონადა" აქ იხმარება განუყოფელობის, სიმარტივის მნიშვნელობით.
[2] - აქვე შევნიშნავთ, რომ ამ პარაგრაფში აღწერილ ჩვეულებას თუმცა შეცდომაში შევყავართ ჩვენი შეგრძნებების წესის შესახებ, ე.ი. გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვგრძნობთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გარეთ, მაგრამ იგი დიდად გვიწყობს ხელს და აუცილებელიცაა ჩვენი სიცოცხლისათვის, რადგან ამ ჩვეულების გამოა, ჩვენ რომ მტკიცედ ვართ დარწმუნებული გარე სამყაროს არსებობაში და ვსწავლობთ გარემომცველ საგნებს. მაშასადამე, ბუნება ბრძნულად მოიქცა, როცა ამ ჩვეულების გამომუშავების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა.
[3] - ყველა ეს ფაქტი, აგრეთვე ამ წიგნის მთელი პირველი განყოფილების ფიზიოლოგიური დაკვირვებების დიდი ნაწილი აღებულია გ. ჟემჩუჟნიკოვის ფიზიოლოგიიდან, ნაწილობრივ კი - ვალენტინის ფიზიოლოგიიდან.
[4] - იხილეთ ჟურნალი „Русский Вестник", 1856, №4 ნარკვევი.
[5] - „Физиология и Анатомия сог. Жемчужникова"
[6] - ეს „ფსიქოლოგია" შედგენილია გერმანელი მეცნიერის ფიშერის სახელმძღვანელოს მიხედვით და შეიძლება საუკეთესოდ მივიჩნიოთ ყველა იმათ შორის, რომლებიც რუსულ ენაზე დაბეჭდილა.
[7] - ზემოხსენებული „ფსიქოლოგიის" §171-ში ნათქვამია: „აზროვნების პირველ მთავარ პროცესს, იგივეობის მიმართებათა განვითარებას ემყარება ინტრაზიტული დებულება, ცნებისა და სისტემის წარმოქმნა. გაგება, მოთხრობითი დასკვნა. აზროვნების მეორე დამოკიდებული პროცესი. მიზეზობრივ მიმართებათა განვითარება, მოიცავს ტრანზიტულ დებულებას, მიზეზობრივ მსჯელობას, დანასკვს და ა.შ. აზროვნების ამ ორ მთავარ პროცესში, ისე როგორც სულის ყველა სხვა მოქმედებაში, ასახულია მისი არსის ორმხრივობა:
იგივეობის მიმართებათა განვითარება მხოლოდ ცნობიერებას ეკუთვნის და წარმოადგენს აზროვნებას აზროვნებაში, ამის საპირისპიროდ, მიზეზობრივ მიმართებათა განვითარება განეკუთვნება ნებას. არ წარმოადგენს მოქმედებას აზროვნებაში".
ეს ამონაწერი ჩვენ იმ მიზნით მოვიყვანეთ, რომ ყოველმა მიუკერძოებელმა მკითხველმა დაინახოს - შეიძლება თუ არა ამ ენაზე შემუშავდეს ნათელი გაგება მსჯელობის საგნის შესახებ! ეს რა ენის მოსატეხი ბარბაროსული სიტყვებია: „ინტრაზიტული" და „ტრაზიტული?" ანდა როგორ მოგწონთ „აზროვნება აზროვნებაში" და „მოქმედება აზროვნებაში"? შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასი კაციდან, რომელნიც ამ ტრიადას წაიკითხავენ, მას რამენაირად მხოლოდ ორი ან სამი გაიგებს - სხვები კი, შესაძლოა, მხოლოდ თავს მოიტყუებენ, თითქოს გაიგეს იგი. მაგრამ მარტო ეს „ფსიქოლოგია" კი არაა დაწერილი ასეთი ენით. იგი სხვა ფილოსოფიურ თხზულებათაგან, რომლებიც ჩვენს საუკუნეშია გამოცემული რუსულ და უცხო ენებზე, ყველაზე მეტი სინათლით გამოირჩევა.
ისე ჩანს, უკანასკნელი დროის ყველა ფილოსოფოსი ერთმანეთს ეჯიბრებოდა იმაში, თუ ვინ ვის აჯობებს ენის ბუნდოვანებაში, თითქოს ფილოსოფიურ პრაქტიკოსთა ღირსებას ხედავდნენ უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელ სიღრმეში. და თითქოს ფილოსოფიამ პრივილეგია მოიპოვა ბუნდოვანებასა და გაუგებრობაში! რუსულ ენაზე გამოსულ ფილოსოფიურ თხზულებებში ამას ერთი მანკიც ემატება. ესაა ჟინი გადააჭრელონ და გააბუნდოვანონ მეტყველება ადგილზე და უადგილოდ მოტანილი უცხოური ტერმინებით. მივმართავთ მიუკერძოებელ მოაზროვნეთა სამსჯავროს: შეუძლიათ თუ არა მათ გულახდილად თქვან, რომ ყველა ეს უცხოური სიტყვა. „ობიექტო", „აბსოლუტი", „ფუნქცია", „ნიჰილიზმი", „ინერვაცია", „სუბსტრაქტი", „პოტენცია" „ტენდენცია", „რეალიზაცია", „აბსტრაქტული", „ინდივიდუალიზაცია", „სქემატიზმი", „აპოდიქტური", „კატეგორიული" და ათასი სხვა, რომელთაც წალეკეს რუსული წიგნები, თუნდაც რაიმესათვის საჭირო იოს და სასარგებლო? ჩვენ არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რაოდენ ზარალდება ამით ენის სიწმინდე, ეს დასაბუთებას არ საჭიროებს. მაგრამ ჩვენ თამამად ვამტკიცებთ, რომ ათეული ასეთი სიტყვიდან სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ცხრა შეცვლილიყო რუსული ტოლფასი სიტყვებით და ამით სრულიადაც არ შეიცვლებოდა აზრი, რომლის გამოსახვაც მისით სურთ. არ უარვყოფთ, რომ არის შემთხვევები, როცა აუცილებელია მივმართოთ უცხო სიტყვას, მაგრამ საწყენი ისაა, რომ ამ სიტყვებით თავს იწონებენ. სურთ მათი საშუალებით აჩვენონ თავისი განსწავლულობა და ღრმა აზროვნება.
[8] - იმ ადამიანების დანახვა, რომელთაც ბუნებამ დააკლო თვითსრულყოფის ზოგიერთი იარაღი და რომელთაც უნართა სრული განვითარებისთვის მიუღწევიათ, ყოველთვის ბევრ აზრს აღგვიძრავს სულში. მაგალითად, როცა ვხედავთ ყრუმუნჯს, რომელსაც განათლებული ადამიანების ყველა ცნება აქვს, უნებურად ვეკითხებით ჩვენს თავს, როგორ ინახავს იგი მეხსიერებაში სხვადასხვა იდეებს, აზრებს? ჩვენ, ე.ი. ყველა გრძნობის მქონე ადამიანები ყველა სხეულისა და საგნის სახელწოდებებს მეხსიერებაში ვინახავთ ბგერების მეშვეობით, რომლებიც მათ გამოხატავენ. როცა მე ქაღალდზე ვხედავ და გონებაში აღვბეჭდავ წაკითხულ სიტყვებს. „ძეგლი", „წყალი", „ადამიანი" და სხვ., თუმცა ხმამაღლა არ წარმოვთქვამ ამ სიტყვებს, მაგრამ გონებაში მკაფიოდ წარმოვიდგენ იმ ბგერებს, რომლებიც გვეძლევიან მათი წამოთქმისას; მაგრამ ყრუმუნჯს არა აქვს წარმოდგენები ბგერების შესახებ. მაშასადამე, როცა იგი ამ სიტყვებს უყურებს, ბგერებს კი არ წარმოიდგენს, არამედ, ალბათ იმ საგანთა ფიგურებს, რომლებსაც ეს სიტყვები აღნიშნავენ და როცა იგი გონებაში იხსენებს ამ სიტყვებს, მაშინ იგი მათ წარმოიდგენს არა ბგერების სახით, არამედ ფიგურებად, ე.ი. წარმოიდგენს ამ სიტყვების შემადგენელ ასოთა ფიგურებს. ახლა წარმოვიდგინოთ ბრმა-ყრუ-მუნჯი: როგორ ვასწავლოთ მას რაიმე? როგორ გადავცეთ მათ სხვადასხვა აზრი ან სხვადასხვა საგნის სახელწოდება? და შეიძლება თუ არა გადავცეთ მას განყენებული იდეები? ყოველივე ამას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა ძნელია ასეთი არსების განათლება. მას ყველა გრძნობის მაგივრობას შეხება უწევს, მისთვის ისაა განათლების ერთადერთი საშუალება, და საჭიროა დიდი მეცადინეობა, რომ მარტო ამ საშუალებით მიაღწიოს მან ყველაფრის გაგებას. გოგონას, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდით, ჩვეულებრივ გარკვეულ საგანს აძლევდნენ ხელში, შემდეგ კი მის თითებზე აღნიშნავდნენ ამ საგნის სახელს. დიდი ხნის განშორების შემდეგ მან იცნო თავისი დედა, როცა მის მკერდზე შეეხო პატრობიდანვე ნაცნობ ჯვარს, ამასთან ბავშვის ნაზი გრძნობები გამოამჟღავნა.
[9] - აქ საჭიროა შენიშვნა იმის შესახებ, ფლობენ თუ არა ცხოველები რაიმე საშუალებებს იმისათვის, რომ თავისი შეგრძნებები აცნობონ ერთმანეთს, და აცნობებენ თუ არა მათ ერთმანეთს? ცხოველების, განსაკუთრებით კი საზოგადოებებად ცხოველების ჩვეულებებსა და ცხოვრებაზე წარმოებული ათასობით ცდა და დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთს აცნობონ თავისი შეგრძნებები და, ჩანს, ამას მარტო ხმის ინტონაციის მეშვეობით ახერხებენ. აი, ერთი საინტერესო შემთხვევა, რომლის მოწმეც მე გავხდი. ერთხელ, ზაფხულის დამდეგს, დილაადრიან გამოველ სასეირნოდ. პატარა კორომს რომ მივუახლოვდი, ერთი ხის ქვეშ ყვავის ბარტყი შევნიშნე და მისკენ გავემართე. უეცრად ზედ ჩემს თავს ზევით შემომესმა დედალი ყვავის გულგამგმირავი ჩხავილი, ჩანს, ეს იყო დედა, რომელიც თავის ბახალას დარაჯობდა. იგი აქეთ-იქეთ აწყდებოდა, თავს მესხმოდა, სიმწრით ხის ტოტებს კბენდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე მისი ბახალა დავიჭირე, და განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი საწყალობელი წრიპინი გაიგონა, მაშინვე აფრინდა კორომის თავზე და ისე გამწარებული ჩხავილი მორთო, თითქოს ვიღაცას ეძახდა დასახმარებლად. ორი წუთიც არ გასულა რომ ყვავების მთელი გუნდი მოვარდა და ერთობლივად ცდილობდნენ წაერთმიათ ჩემა ნადავლი. ეს ცდა მე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გავიმეორე. ცხადი იყო, რომ ყვავი განსაკუთრებული ჩხავილით ასწრებდა გადაეცა სხვებისათვის შიშისა და მრისხანების გრძნობა და თითქოს თხოვდა მათ დახმარებოდნენ. ეს და სხვა ცდები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დიდებული საშუალებაა თვითონ მარტივი ერთმარცვლიანი ბგერები გრძნობების გადაცემისათვის და რამდენ წარმოდგენას აღძრავს სულში მარტო ხმის ინტონაციები.
[10] - ვინ მოსთვლის რამდენი უსარგებლო დაქუცმაცება მოხდა, რამდენი სიბნელე და გაუგებრობაა შეტანილი ფსიქოლოგიაში იმის გამო, რომ ზოგიერთებს ჰქონდა სურვილი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ყოფილიყო ორიგინალური და ღრმააზროვანი. რას ნიშნავს, მაგალითად, ეს სიტყვები. „განსჯა, როგორც სულის აზროვნებითი უნარი, არის ცნობიერება, რომელიც თავისუფლად მოძრაობს ცოდნის შიგნით" (იხ. ნოვიცკის „ფსიქოლოგია" §166). ძალზე ვცდილობ, მაგრამ ვერ გამიგია, რა არის ცნობიერების თავისუფალი მოძრაობა, თანაც ცოდნის შიგნით თუ განსჯა ცნობიერების მოძრაობაა ცოდნაში, მაშინ გამოდის, რომ სული განსჯით კი არ იძენს ცოდნას, არამედ განსჯით მოძრაობს მზა ცოდნის შიგნით. მაგრამ ეს აზრი ეწინააღმდეგება განსჯის დანიშნულებას, რადგან განსჯამ უნდა გააფართოოს ცოდნა მსჯელობათა შედგენით, წარმოდგენათა შედარებით და ა.შ. მაგრამ კვლავ უფრო მიჭირს, როცა შემდგომ ვკითხულობ: „განსჯის არსებითი მიმართულება არის აზროვნება, არის ცნობიერების მოძრაობა ცოდნაში როგორც შემოქმედება, მაგრამ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მიმართული ჭეშმარიტებისაკენ". აზროვნება არსებითი მოქმედებაა არა მხოლოდ განსჯისა, არამედ მთელი სულისა ყველა მისი ძალითა და უნარით. კარგია აზროვნება, რომელშიც არ მონაწილეობენ მეხსიერება, წარმოსახვა, დასკვნა და ა.შ. დაე იყოს ასე! დაე აზროვნება იყოს განსჯის არსებითი მოქმედება, მაგრამ რა არის თავად აზროვნება? „თავისუფალი მოძრაობა ცნებებისა ცოდნაში". საიდან იბადება ჩვენი ცოდნა, თუკი აზროვნება მხოლოდ მოძრაობს მზა ცოდნაში? მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ადამიანი თავის ცოდნას იძენდა აზროვნებით, აქ კი საქმე სხვაგვარადაა წარმოდგენილი. არა! ასეთი გამოთქმა ნამდეილად უსარგებლოა. ამგვარი გამოთქმები არაფერს არ გვიხსნიან, ისინი არ აღძრავენ არავითარ ნათელ აზრს, არამედ გონებას სინამდვილის ნაცვლად აჩრდილებით ასაზრდოებენ.
[11] - აქ გ. ქიქოძეს მოჰყავს გამოთქმა ცნობილი რუსი პოეტის გ. დერჟავინის ლექსიდან „ჩანჩქერი": „Алмазна сыплется гора" (მთარგმნელის შენიშვნა).
[12] - მაგრამ იქნებ კანტი გულისხმობდა არა ფიზიკურ, არამედ მათემატიკურ სხეულს? მაგრამ ცნება მათემატიკურ, უკეთ რომ ვთქვათ, გეომეტრიულ სხეულზე პირობითია, ასე ვთქვათ, შემოკლებულია, რადგან გეომეტრიაში გარკვეული მიზნებისათვის შეთანხმდნენ, სხეულის ყველა თვისებიდან განიხილონ მხოლოდ განფენილობა, სხეულის სრულ ცნებაში კი სიმძიმე ერთერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა.
[13] - ცნობილია, რომ ყველა მათემატიკური ამოხსნა ამგვარ იგივეობრივ წინადადებებს ეყრდნობა. მისი ყველა თეორემა დაიყვანება აქსიომებზე, რომელთა ჭეშმარიტება გასაგებია გონებისათვის და თავისთავად ცხადია, ამას მიუმატეთ მათემატიკური ენა, - საოცრად ზუსტი, გარკვეული ენა, მკაცრი ანალიზის იარაღი - და თქვენ იხილავთ, საიდან წარმოსდგება მათემატიკის ეს საშური და სხვა მეცნიერებისათვის სასურველი, მაგრამ მიუღწეველი სინათლე, სიზუსტე და ურყევობა.
[14] - უკანასკნელი თხზულება - „ორგანული ფსიქოლოგია" ითარგმნა რუსულ ენაზე გასულ 1856 წელს პესტიჩის მიერ.
[15] - ეს სახელწოდება მასთან სულს ნიშნავს.
[16] - იქვე, §4
[17] - იხ. §73
[18] - §35
[19] - §35
[20] - ზოგს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ამდენი მსჯელობა და კრიტიკა, მაგრამ ამას ახლო კავშირი აქვს ჩვენი განხილვის საგანთან. ჩვენს მიერ ნახსენებ მეცნიერთა ღრმა მოსაზრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ვეცადეთ გვეჩვინებინა, თუ რა ძნელია დაუმორჩილო ცდისეული დაკვირვებანი იმ ფილოსოფიური თეორიის საწყისებს, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ცდა. ამ გარემოების გამოკლებით ჩვენ ყოველმხრივ ვაფასებთ მათ ღრმა განსწავლულობას და პირველნი ვცდილობთ გამოვიყენოთ მათი დაკვირვებანი სულიერი ცხოვრების სხვადასხვა მხარეთა ასახსნელად.
[21] - იხილე კლენკეს „ორგანული ფსიქოლოგია" §56.
[22] - იხილე კლენკეს ფსიქოლოგია, §94.