„შენს სენაკში ჩემი მტერია"

იორდანის მახლობლად მდებარე კალამონის ლავრაში ჩვენ მოვინახულეთ პრესვიტერი აბბა კვირიაკოსი, და, აი, რა გვიამბო მან:

- ერთ დღეს სიზმარში პორფირით მოსილი დიდებული მანდილოსანი მეჩვენა. იგი ჩემი სენაკის გარეთ იდგა და თან ორი ბრწყინვალე კაცი ახლდა. მივხვდი, რომ ეს მანდილოსანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, მისი მხლებლები კი - იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. სწრაფად გავედი სენაკიდან და ღმრთისმშობელს შევევედრე, შემოსულიყო და ლოცვა ეთქვა ჩემს სენაკში. მაგრამ მან არ ისურვა შემოსვლა. ვიდექი და დიდხანს ვევედრებოდი, არ გავეშვი დამცირებული და შეურაცხყოფილი. როცა დაინახა, რომ თავს არ ვანებებდი, ღმრთისმშოველმა მკაცრად მიპასუხა:

- შენს სენაკში ჩემი მტერია, როგორ მთხოვ შემოსვლას?!

ეს თქვა და გამშორდა. ამ დროს მეც გამოვფხიზლდი და, ღრმად დამწუხრებულმა, დავიწყე იმაზე ფიქრი, ხომ არაფერი შევცოდე ღმრთისმშობლის წინაშე, თუნდაც აზრით, - რადგანაც სენაკში ჩემს გარდა არავინ იყო, - მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მაშინ გადავწყვიტე რამე წამეკითხა და ამით მაინც გამექარვებინა ჩემი მწუხარება. ხელში იერუსალიმის პატრიარქ ევსუქის თხზულებები მომხვდა. გადავშალე და ბოლო ფურცლებზე უკეთური ნესტორის ორი წერილი დავინახე. მაშინ კი მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მტერი. სასწრაფოდ წავიღე წიგნი და იმ ძმას დავუბრუნე, ვისგანაც წამოღებული მქონდა.

- აიღე, ძმაო, შენი წიგნი, - ვუთხარი, - მან სარგებელი არაფერი მომიტანა, რამდენიც მავნო.

ძმა შემევედრა მეთქვა, რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში და როდესაც სიზმარი ვუამბე, იგი საღმრთო მოშურნეობით აღივსო, წიგნიდან ნესტორის წერილები ამოგლიჯა და ცეცხლში ჩააგდო. თან ამბობდა:

- ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მტერს არც მე გავაჩერებ ჩემს სენაკში!

იოანე მოსხი „ლიმონარი"