სიკვდილის საყოველთაობა
ყოველი ადამიანისათვის ცნობილია, რომ მოკვდება, მაგრამ არავინ იცის, როდის; სიკვდილი არ განარჩევს და არ გვინიშნავს დროს, არც იმას ითვლის, რამდენ წელს იცოცხლა ადამიანმა, არ ელოდება სიბერეს, არ ინდობს ახალგაზრდობასაც, არ აქცევს ყურადღებას იმას, მზად არის თუ არა ადამიანი მომავალი ცხოვრებისათვის, - იგი მოცელავს ყველას; იგი ჰგავს ცელით მინდორში გამოსულ მიწისმოქმედს, რომელიც არ უყურებს და არ განარჩევს ყვავილებს ბალახებისაგან, არამედ ცელავს ყველაფერს, გამხმარი ბალახი იქნება ეს თუ ახლადამოსული ყვავილი; შემდეგ ყველაფერს გაახმობს და ზვინს დადგამს ანდა მისთვის განკუთვნილ შენობაში მოათავსებს; ასევე სიკვდილიც არავის ინდობს, არც ახალგაზრდებსა და არც მოხუცებს, არც ძლიერთ და არც უძლურთ; იგი განურჩევლად ყველას კუბოში მიუჩენს ადგილს. ამიტომაც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: „კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აყუავდეს. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი (ფს. 102, 15-16).
წმიდა წერილიდან ვიცით, ჩვენი წინაპრები - ადამი და ევა, რომელთაგანაც წარმოდგა კაცთა მოდგმა, უკვდავად იყვნენ შექმნილნი: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბადება 1, 27) და „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (2, 7). მაშ, საიდან გაჩნდა სიკვდილი? იგივე წმიდა წერილი გვასწავლის, რომ იგი ცოდვის შედეგია. „ცოდვაი სოფლად შემოხდა" (რომ. 5, 12), - ბრძანებს მოციქული პავლე. თავისი სახელწოდება თვით უფლისაგან მიიღო იმ დროს, როდესაც სიკვდილი ჯერ არც არსებობდა, რამეთუ უფალმა ღმერთმა ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას მცნებად მისცა არ ეჭამათ ნაყოფი ხე ცნობადისა და უთხრა: „როგორც კი შეჭამ, სიკვდილით მოკვდები" (დაბ. 2, 17).
ზემოთქმულიდან ცხადად ჩანს, რომ ღვთის გარდაუვალი სამსჯავროთი სიკვდილი გარკვეული შედეგია ცოდვისა, ჩვენი წინაპრების მეშვეობით მთელს კაცთა მოდგმაზე გავრცელებული, რამდენადაც ჩვენი წინაპრებისათვის გამოთქმული ღვთის სამსჯავრო: „მიწად მიიქცეოდე, მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3, 19) - ეხება თითოეულ კაცსაც, როგორც პირველ ადამიანთა შთამომავალს; ამიტომაც ბრძანებს მოციქული პავლე: „წინა-უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი" (ებრ. 9, 27).
ეშმაკმა გველის სახე მიიღო და ისე აცდუნა ჩვენი წინაპრები ღვთის მცნებათა დასარღვევად: „არ მოკვდებით, არამედ შეიქმნებით ღმერთებივით" (დაბ. 3, 4-5). მათაც დაუჯერეს და იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი, მაგრამ განღმრთობა კი არ მიიღეს, არამედ სამოთხიდან განიდევნენ და სიკვდილს მიეცნენ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათი შვილებიც და მთელი კაცთა მოდგმა. ცოდვით დაცემამდე ისინი ღმერთივით უკვდავნი იყვნენ, ვნებებისა და ავადმყოფობებისაგან თავისუფალნი, დაცემის შემდეგ კი მეყსეულად დაკარგეს ღვთაებრიობა და უკვდავება და სიკვდილი გაბატონდა მათზე, მათი მეშვეობით კი - ყველა ადამიანზე. ამიტომაც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: „მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მისწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით" (ფს. 81, 6-7).
მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა