სიტყვები - „მამა", „მოძღვარი" და „წინამძღვარი"

რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები":

იეღოველები ფარისეველთა და მწიგნობართა შესახებ მაცხოვრის სიტყვებს იმოწმებენ: „თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე" (მათ. 23, 8-10) და ამტკიცებენ, რომ კაცთაგან არავის ვუწოდოთ მოძღვარი, მამა და წინამძღვარი.

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

სიტყვების მოძღვარი, მამა და წინამძღვარი პირდაპირი მნიშნველობით გაგება არ შეიძლება, რადგან მათ ორი მნიშნველობა აქვთ: პირველი - კონკრეტული და მეორე - ზოგადი. მართლაც, კონკრეტული მნიშნველობით - მამა, მოძღვარი და წინამძღვარი - მხოლოდ ერთადერთია - ღმერთი, რადგანაც იგია მამა ყოველი ქმნილებისა: „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი" (1 კორ. 8, 6);

არის მეორე მნიშვნელობაც - ზოგადი, რის მიხედვითაც ადამიანი შეიძლება იწოდოს მამად, თუკი, მას ჰყავს ხორციელი შვილები.

აბრაამი „ხარანს დასახლდა. და მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყნად" (საქმე 7, 4).

„გაგზავნა იოსებმა ხალხი, და მოიხმო მამამისი იაკობი, და მთელი თავისი საგვარეულო" (საქმე 7, 14).

„განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან" (ლუკ. 12, 53).

„უთხრა უმცროსმა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებელიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება" (ლუკ. 15, 12).

„მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით" (კოლ. 3, 21).

პიროვნებას ეწოდება მამა, თუკი მას ჰყავს სულიერი შვილები.

ელისე წინასწარმეტყველი ილია წინასწარმეტყველს მამას უწოდებს.

„ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ!" (4 მეფ. 2, 11-12).

მოციქული პავლე ძველი აღთქმის წმინდანებს სულიერ მამებს უწოდებს.

„მაშასადამე, რწმენისაგან, რათა მადლით მტკიცე იყოს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ; არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მაამ. როგორც დაიწერა: მე დაგადგინე შენ მრავალი ხალხის მამად" (რომ. 4, 16-17);

„მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენის სიმართლისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა ყოფილიყო ყოველი წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ, - და მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, რომელთაც მიიღეს წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ კვალს მამის ჩვენის აბრაამის რწმენისას" (რომ. 4, 11-12).

ქრისტე ნათლობას ხელახალ, სულიერ შობას უწოდებს.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს... ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში... სულის მიერ შობილი სულია" (იოან. 3, 3, 5-6).

თუკი ნათლობისას კაცი სულიერად იშვება, მაშინ პიროვნებას, რომელიც ამას აღასრულებს, მისი სულიერი მშობელი ეწოდება. ასეთები კი მოიქულები იყვნენ, რადგან ქრისტემ უშუალოდ მათ დაავალა ამის შესრულება:

„წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულიწმიდის სახელით" (მათ. 28, 19).

ამგვარად, მოციქულებსა და მათ მიერ ხელდასხმულ ესპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს, როგორც ნათლობის საიდუმლოს შემსრულებლებს, ეწოდებათ სულიერი მამები, ხოლო მათ მიერ მონათლულებს - სულიერი შვილები.

პავლე თავის თავს უწოდებს მშობელს, ანუ სულიერ მამას.

„ვინაიდან მრავალი მზრდელი გყავთ ქრისტეს მიერ, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგან ქრისტე იესოს მიერ სახარებით მე გშობეთ თქვენ. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, რომელიც არის ჩემი საყვარელი შვილი და სარწმუნო უფლის მიერ, რათა მოგახსენოთ თქვენ ჩემი გზანი ქრისტეს მიერ" (1 კორ. 4, 15, 17).

„რადგან თავადაც იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, სათითაოდ შეგაგონებდით" (1 თეს. 2, 11-12).

მოციქულები თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს უწოდებდნენ.

„მოგიკითხავთ თქვენებრ რჩეული ეკლესია ბაბილონისა, და მარკოზი, ჩემი ძე" (1 პეტრ. 5, 13).

„შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვლავ შობის სალმობით მელმის, სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე" (გალ. 4, 19).

„შვილნო, დაიცვენით თქვენი თავები კერპთაგან" (1 იოან. 5, 21).

„იმაზე დიდი სიხარული არ გამაჩნია, როცა მესმის ჩემი შვილების ჭეშმარიტებით სიარული" (3 იოან. 4).

„ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში" (1 ტიმ. 1, 2).

„მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით" (2 ტიმ. 2, 1).

„ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისაებრ" (ტიტ. 1, 4).

აღსანიშნავია, რომ არც იოანე ღვთისმეტყველს და არც პავლე მოციქულს ხორციელი შვილები არ ჰყოლიათ. აქ ლაპარაკია სულიერ შვილებზე.

მოყვანილი მუხლებიდან გამომდინარე, მოწაფეებიც მოციქულებს სულიერ მამებს უწოდებდნენ. ამაზე დაყრდნობით მართლმადიდებელ ეკლესიაში მრევლი სასულიერო პირებს მამებს უწოდებს, რადგანაც ისინი არიან არა მარტო მათი სულიერი მშობლები, არამედ დამრიგებლები, მოძღვრები, მწყემსები და წინამძღოლნი ყოველ სულიერ საქმეში.

ეკლესიის მსახურთ ეწოდებათ მწყემსები.

„გაუფრთხილდით თქვენსავე თავს და მთელ სამწყსოს, რომლის მცველებადაც დაგადგინათ თქვენ სული წმიდამ, რათა მწყემსავდეთ უფლისა და ღმერთის ეკლესიას" (საქმე 20, 28).

„ხუცესთ თქვენს შორის ვთხოვ, როგორც თანახუცესი... მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღმრთის სამწყსო; მიხედეთ მას, არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინედ" (1 პეტრ. 5, 1-2).

ეკლესიის მსახურთ ეწოდებათ მოძღვარნი.

„ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველსნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირინელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე, და სავლე" (საქმე 13, 1).

„და რაკი ჩვენთვის მოცემული მადლისაებრ სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გიბოძა, იწინასწარმეტყველე, თანახმად შენივე რწმენისა; თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრისა - დამოძღვრე" (რომ. 12, 6-7).

„ზოგიერთნი ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ - ერთი, მოციქულებად, მეორეც, წინასწარმეტყველებად, მესამეც, მოძღვრებად" (1 კორ. 12, 28);

„მანვე დაადგინა ზოგი მოციქულებად, ზოგი წინასწარმეტყველებად, ზოგი მახარებლებად, ზოგიც მწყემსებად და მოძღვრებად" (ეფეს. 4, 11);

„რომლის ქადაგად და მოციქულადაც ვარ დადგენილი, ისევე როგორც წარმართთა მოძღვრად" (2 ტიმ. 1, 11).

ეკლესიის მსახურთ ასევე ეწოდებათ წინამძღვარნი.

„გაიხსენეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღმრთის სიტყვას, და, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეთ, მიჰბაძეთ მათ რწმენას" (ებრ. 13, 7).

„გევედრებით თქვენ, ძმანო, სცანით მაშვრალნი თვენს შორის, და წინამძღვარნი თქვენნი უფალში და მოძღვარნი თქვენნი, და პატივი მიაგეთ მათ უპირატესად სიყვარულით, მათივე საქმის გამო" (1 თეს. 5, 12-13).

აღსანიშნავია ისიც, რომ იეღოველები, ალბათ, ამდენი მამხილებელი ციტატის გამო მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავიანთ ბოლოდროინდელ ჟურნალებში მოციქულებსა და ძველ საეკლესიო მწერლებს მამებად მოიხსენიებენ: „...არც მოციქული მამების ნაწერებშია რაიმე ნათქვამი..." („საგუშაგო კოშკი", 1.04.96, გვ. 5).

„ქრისტეს დაბადების შემდეგ ადრინდელ საუკუნეებში ნიკეის კრებამდელი მამები წამყვან რელიგიურ მასწავლებლებად იყვნენ აღიარებულნი" („უნდა გწამდეს სამება?" გვ. 7).

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას", თბილისი, 1998 წ.