სხვადასხვა პატერიკული მოთხრობები
* * *
მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის დროს ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა, რომ ვალებს ვერსგზით ვერ ისტუმრებდა.
სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, თავი მოეკლა და ერთ ებრაელ მოგვს სთხოვა ძლიერმოქმედი შხამი.
ებრაელმა მისცა მას საწამლავი. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალას ჯვარი გადასახა და შესვა იგი, მაგრამ უვნებელი დარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა.
მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან, უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა უფრო ძლიერი რამ შხამი მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერი შხამი მისცა.
ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი უძლური იყო თავის ჯადოქრობაში. მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, თუ როგორ იღებდა იგი ამ შხამს.
- ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდიო, - უპასუხა.
ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისაგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს წამალი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და უამბო ამ სასწაულის შესახებ. იოანემ უქადაგა მას, რის შემდეგაც ებრაელმა გამოთქვა სურვილი, მონათლულიყო.
* * *
ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა:
- წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები.
მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.
- მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.
- არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა.
- ახლა წადი და ადიდე ისინი.
მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან.
- რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს.
- კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა.
- ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას შეასხამდი. გახსოვდეს, თუ გადარჩენა გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი როგორც მკვდარი და გადარჩები.
* * *
ერთმა ქრისტეს მსახურმა მოგვითხრო: ვიდრე ქრისტეანთა დევნა დაიწყებოდა, ეპისკოპოსმა რაღაც მიზეზის გამო მღვდელი განაყენა მღვდლობისაგან. წავიდა იგი სხვა ქვეყანაში რაღაც საქმეზე. იქ წარმართებმა შეიპყრეს და ძლიერ აწამეს, რომ უარი ეთქმევინებინათ ქრისტეანობაზე, მაგრამ არ უარჰყო. მაშინ თავი მოკვეთეს და გახდა ქრისტეს მოწამე.
მალე ქრისტეანთა დევნა შეწყდა. იმ ქალაქის მთავარს სასწაულებრივად ეუწყა იმ მოწამის შესახებ და ააშენა მის სახელზე ეკლესია. ამოიღო მისი წმ. ნაწილი, ჩადო ლუსკუმაში და ეკლესიის სიწმიდეთა შორის დააბრძანა. შემდეგ მოუხმო მრევლს და ეპისკოპოსს, რომ ეკლესია ეკურთხებინათ. როგორც კი მღვდელმა მწუხრის ლოცვა დაიწყო, ლუსკუმა დაიძრა და თავისით გავიდა ეკლესიის გარეთ. ყველა იქ მყოფი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა. მათ ლუსკუმა კვლავ იმავე ადგილას დააბრძანეს ეკლესიაში, მაგრამ იწყებდა თუ არა ეპისკოპოსი ლოცვას, ლუსკუმა მაშინვე გადიოდა ეკლესიიდან. ეს რომ ქალაქის თავმა იხილა, შეეშინდა, დაიწყო აღსარების თქმა და მოთქმა ღმრთის წინაშე. იგი ამბობდა, ჩემი ცოდვების გამო არ უნდა წმ. მოწამეს ამ ეკლესიში დამკვიდრებაო. ამასვე იმეორებდა მთელი მრევლი. ასეთი საოცრების მხილველნი ტიროდნენ და გოდებდნენ, საღამო რომ მოახლოვდა, ის წმ. მოწამე ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა, რამ დაგამწუხრათ, იცით, რატომ არ ვრჩებოდი თქვენთან ეკლესიაში? თუ გინდათ სიკეთე მიყოთ, წადით ჩემს ეპისკოპოსთან და მოიყვანეთ რომ გამხსნას, რადგან თვით უფალმა ბრძანა თქვენზე _ მღვდელმთავრებზე: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა". ეს რომ თქვა, გაუჩინარდა.
მეორე დღეს ეპისკოპოსმა ამცნო ამის შესახებ მთავარს, მან ძალზე გაიხარა. ეპისკოპოსი კრებულითურთ გაემართა იმ ეპისკოპოსისაკენ, რომლის შესახებაც უთხრა წმ. მოწამემ და მოუთხრეს ყოველივე მის შესახებ. ის მაშინვე ადგა და თან გაჰყვა. მივიდა, თაყვანი სცა წმ. მოწამეს და უთხრა; ქრისტემ, რომელმაც შენ შეგკრა ჩემ მდაბლის ხელით, აწ გაგხსნას მისი სახელისათვის სისხლდათხეული. შემოდი და იყავი ჩვენთანო. შეასვენეს ლუსკუმა ეკლესიაში და აღასრულეს საღმრთო მსახურება. ლუსკუმა ადგილიდან აღარ დაძრულა და იმ დღიდან მრავალ სასწაულს ახდენდა.
ყოველივე ამის გამო, ჰოი, ღმრთისმოყვარენო, გულისხმა-ყავით, რა დიდი ძალა და ხელმწიფება აქვს მღვდელმთავარს. ვისაც იგი შეკრავს ქვეყანაზე, კრული იქნება ცაში და ვისაც იგი გახსნის ქვეყანაზე, ხსნილი იქნება ცათა შინა. ამას ამბობს ჩვენი უფალი და აძლევს მათ ძალმოსილებას.
* * *
ერთ ალექსანდრიელ ღმრთისმოშიშ, ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, სტუმართმოყვარე ვაჭარს მშვიდი და მუდმივად მმარხველი ცოლი და ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს კაცი კონსტანტინეპოლში წავიდა სავაჭროდ და ოჯახში ერთი მონა დატოვა. გემზე რომ ავიდა გასამგზავრებლად, ცოლმა ჰკითხა, ბატონო, ვის ავედრებ ჩვენს თავსო, რაზედაც მან უპასუხა, ჩვენს დედოფალ ღმრთისმშობელსო.
ერთ დღეს ეს ქალი თავის ბავშვთან ერთად იჯდა და ხელსაქმობდა. მათ მონას ეშმაკი შეუჩნდა და გადააწყვეტინა, ქალი და ბავშვი მოეკლა და მათი სიმდიდრე გაეტაცებინა. მან სამზარეულოს დანა აიღო და წავიდა იმ ოთახისაკენ, სადაც მისი ქალბატონი იყო, მაგრამ იმ ოთახის კარში შესვლისას გაშეშდა. ვეღარც ოთახში შევიდა და ვერც სამზარეულოში დაბრუნდა. ქალბატონს დაუძახა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ ქალს გაუკვირდა კარში რომ იყო გაჩერებული და უპასუხა, შენ თავად მოდი, შვილოო. არ იცოდა, თუ იგი უხილავი ძალის მიერ იყო გაშეშებული. მონა შფოთავდა და ისევ ეძახდა ქალბატონს. მაგრამ იგი არ მიდიოდა. მაშინ ბავშვმა უთხრა დედას, გამიშვი, მე მივალო, მაგრამ ქალმა არ დაანება და კვლავ მშვიდად მიმართა მონას, ძმაო, თუ გინდა მოსვლა, თავად მოდი აქო.
რომ დარწმუნდა მონა, რომ აღარაფერი გამოუდიოდა, თავად იგმირა დანა. ამის დანახვაზე ქალბატონმა მეზობლებს დაუძახა. ისინი რომ მოვიდნენ, მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავად უთხრა მათ, რაც მოხდა. ყველამ ადიდა ღმერთი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა, გადაარჩინა მისთვის შევედრებული ქალი და ბავშვი და ეშმაკმა ვერაფერი ავნო მათ.
* * *
დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.
ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.
ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.
ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ" (მთ. 5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.
* * *
სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.
თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.
როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერმა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტაროზი, ამოვიდნენ იქედან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები და ზეციდან ხმა მოისმა, წუთითაც არ მომასვენა მაგის სულმა. ნურც თქვენ შეიბრალებთ მაგას. ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული. ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებასო. მაშინ ანგელოსმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს ტანჯა თავის გვამშივე და მერეღა ამოხადა საშინელი სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ეს რომ ბერმა იხილა, შეძრწუნდა. იგი განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს „ნამდვილვე სიკუდილი ცოდჳლთა ბოროტ არს".
ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და არავინ აქცევდა ყურადღებას. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოიწია, დაინახა ზეციურ ძალთა მთავარნი - მიქაელ და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, რომ მათ გაჰყოლოდა. სულს კი არ უნდოდა ხორცის დატოვება. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოსმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოსმა მიუგო, ჩვენი მეუფისაგან ნაბრძანები გვაქვს, რომ უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მაშინ მიქაელ მთავარანგელოსმა თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს, უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც არ უნდა ამოსვლაო. ზეციდან ხმა მოისმა, მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარით და ანგელოსებით. ისინი ერთხმად უგალობებენ მას. საამო ხმები დაატკბობს და სიხარულით გამოვა მისი სული. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ იგი ჩემთან და ნურაფრით აიძულებთო.
მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოსები. ისინი გარშემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებით და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოსს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებით, საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი ყოვლად სანატრელი სული, რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ეგებებოდნენ ანგელოსთა დასები და ამხნევებდნენ სიტყვებით, გიხაროდენ სულო, მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან მიგელის იქ სიმართლის გვირგვინიო. ასეთი დიდებით და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა" (ფს. 115.15).
* * *
ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე". რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებინა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.
* * *
ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესაში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: „უფალო იესო ქრისტე! ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება".
როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა: „უფალო, რად არ შეისმინე ჩემი ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?"
ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა: „მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?"
მან უპასუხა: „მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი".
ეს რომ გაიგონა, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.
* * *
მოხუცებულთა თავშესაფარში დასახმარებლად დადიოდა ერთი ბერი. იმდენად უბრალო, რომ ამაღლება, რომელსაც მონასტერი დღესასწაულობდა, ეგონა ისეთივე დიდი წმიდანი, როგორიცაა წმინდა ბარბარე და სკვნილზე ლოცვის დროსაც ამბობდა: „წმიდაო ამაღლებაო, მეოხ გვეყავ ჩვენ!" ერთხელ თავშესაფარს ეწვია სნეულებით დაუძლურებული ძმა და რაკი არ აღმოაჩნდათ რამე მოსამაგრებელი საჭმელი, ბერი მწრაფლ დაეშვა სარდაფში, ზღვაზე გამავალი ფანჯრიდან გამოყო ხელები და ითხოვა: „წმიდაო ამაღლებაო, მომეცი ერთი თევზი ჩემი ძმისთვის" - და, აჰა, სასწაული! ხელებში ჩაუვარდა ზღვიდან ამომხტარი ერთი დიდი თევზი. ბერმა ისე ბუნებრივად მიიღო თევზი, თითქოს საკვირველი არაფერი მომხდარა და გახარებულმა მოუმზადა თევზი უძლურ ძმას მოსამაგრებლად.
* * *
ივერთა სავანეში ბერმა ნიკოლოზმა, მარკიანელთა საძმოს წევრმა, გვიამბო ერთ მამაზე, რომელიც ასეთივე ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა.
ერთხელ როცა ჭაში წყალი დაშრა, ბერმა გამშრალ ფსკერზე თოკით ჩაუშვა წმინდა ნიკოლოზის ხატი და თქვა:
- წმიდაო ნიკოლოზ, ამოყევი ზევით წყალს, თუ გინდა, რომ კანდელი აგინთო. შენ ხომ ეს შეგიძლია. ხომ ხედავ, ამდენი ხალხი მოდის და ჩვენ არ გვაქვს ცივი წყალი, რომ დავალევინოთ.
და, აჰა, სასწაული! წყალმა თანდათან იმატა და წმიდანის ხატი ზემოთ ამოჰყვა, ბერმა აიტაცა, შემდეგ მოწიწებით ეამბორა მას ტაძრისკენ გასწია.
წმიდა სპირიდონი ზრუნავს დღესასწაულისათვის
ერთხელ, როცა კუტლუმუსიოსის მონასტრის წმიდა სპირიდონის სახელობის კერკირელთა სენაკში მოახლოვდა წმიდანის დღესასწაული, მამები წუხდნენ, რადგან ვერ იშოვეს თევზი. მონაზვნებმა შესთავაზეს უხუცესს, რაკი ახალი თევზი ვერ იშოვეს, ხმელი ტარანი ეყიდათ. უხუცესმა უთხრა:
- მოითმინეთ, წმიდა სპირიდონი მოგვიტანს თევზს - და განუწყვეტლივ სკვნილზე ლოცულობდა.
როდესაც მონაზვნებს გამოელიათ მოთმინება და ძალიან შეწუხდნენ, რადგან უკვე მოახლოვდა დრო და სამზადისს უნდა შედგომოდნენ, უეცრად ესმით კარზე კაკუნი, აღებენ კარს და რას ხედავენ! ორი მეთევზე თევზით სავსე ორი გოდრით კითხულობს უხუცესს. მორჩილებმა მოუხმეს უხუცესს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს:
- ეს ის უხუცესი არ არის, ჩვენთან სხვა უხუცესი მოვიდა და გვითხრა: „წაიღეთ თევზი წმიდა სპირიდონის სენაკში, სადაც დღესასწაულია და კარგ საზღაურსაც მიიღებთ. თუ გინდათ, წინდსაც დაგიტოვებთ".
უხუცესი მიხვდა, რომ სასწაული მოხდა და მეთევზეები ტაძარში მოსალოცად წაიყვანა. მეთევზეებმა დაინახეს თუ არა წმიდა სპირიდონის ხატი, თქვეს:
- აი, ეს არის ის უხუცესი, რომელმაც გვითხრა, რომ აქ მოგვეტანა თევზი!
მაშინ მათ ბერმა უპასუხა:
- ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ წმიდანისაგან წინდი, კურთხევად რომ გვქონოდა!