წმ. თეოფანე დაყუდებული
ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ
წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს"
XIII.
შენ მწერ: „ერთგულმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ჩვენი ახალი მასწავლებელი და მისი მომხრეები ეკლესიაში არ დადიან, ლოცვის დროს წმინდანებს არ უხმობენ, არ მიმარავენ არც ღვთისმშობელს, არც ანგელოზებს, არც მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, არც წმ. მღვდელმთავრებს, მოწამეებსა და ღირს მამებს; ასევე, არც მარხვებს იცავენ, არც იხსნილებენ, არც აღსარებას ამბობენ და არც ეზიარებიან ქრისტეს წმ. ნაწილებს. ასევე, საეკლესიო დღესასწაულებსაც არ ცნობენ".
ხედავ, როგორი ყოჩაღები არიან? ნამდვილი მოლოკნები, თუმცა კი შეისწავლეს ინგლისელის სიბრძნე. ჩვენი მოლოკნები და დუხობორები თავიანთ თავს სულიერ ქრისტიანებად თვლიან, ღვთის ადამიანებად, წმინდანებად, რომელთათვისაც არ არის საჭირო არანაირი საეკლესიო რიტუალი, არანაირი სულიერი ვარჯიში, არანაირი წმ. საიდუმლოებები და ღვთიმსახურებანი.
არ მესმის, რატომ დასდევთ მაგ ახალ მასწავლებელს; ანდა, რატომ აძლევთ ნებას, ყურები გამოგიჭედოთ თავისი ფუჭსიტყვაობით?! ყოველივე იმის შემდეგ, რაც შენ მომწერე, სავსებით ნათელია, რომ იგი განშორებულია წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას.
ის გეჩიჩინებათ თავისი ფსევდო-სწავლებებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენც ჩამოგაშოროთ ეკლესიას და შექმნას რაიმე განსაკუთრებული სექტა, ეკლესიისათვის უცხო და ღვთისგან განდგომილი. თქვენ კი - ისე ილტვით მისკენ, როგორც უგუნური ბუზები მოწამლული სითხისაკენ.
არ მოგწერ, რომ თქვენი მასწავლებელიცა და მთლიანი მისი ბრბოც დიდ შეცდომაში იმყოფებიან იმის გამო, რომ არ ღებულობენ ეკლესიასთან ერთად შენგან ჩამოწერილ პუნქტებს. მხოლოდ გირჩევ ერთს - წაიკითხე სტეფანე იავორსკის წიგნი „რწმენის ქვა". იქ ყველა ის მუხლი დაცულია, მათი უარმყოფელნი კი მხილებულნი არიან. წაიკითხე ყურადღებით და შეითვიე იქ დაწერილი. მაშინ ამ ქვით ადვილად ამოუქოლავ პირს ტყუილად მთქმელს და კბილებს ჩაუმტვრევ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებს, თავხედურად რომ გამოდიან სიცრუითა და ცბიერებით სავსე სიტყვით. ის წიგნი პროტესტანტების წინააღმდეგ არის დაწერილი. მაგრამ პროტესტანტები იგივე არიან, რაც მოლოკნები, ოღონდ გერმანული სულით, და ეს თქვენი ახლებიც - მოლოკნებია, ოღონდ ინგლისური ჩამოსხმისა.