წმ. თეოფანე დაყუდებული
ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ
წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს"
IX.
სამი გადმოცემული მუხლი, რწმენა, ღვთის მცნებებით ცხოვრება და მადლის მიღება საიდუმლოებების საშუალებით, საჭიროებს, კიდევ მეოთხე - ღვთისაგან დადგენილ მოძღვრებას.
უნდა გვწამდეს, მაგრამ, როგორ უნდა ვიწამოთ მქადაგებლის გარეშე? „ნუ ვითარმე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ?" (რომ. 10,15). საჭიროა, რომ მადლი მოვიხვეჭოთ საიდუმლოებების მეშვეობით, მაგრამ ეს როგორ იქნება ღვთის საიდუმლოებების აღმსრულებელთა და მშენებელთა გარეშე? (1 კორ. 4,1) აუცილებელია რწმენისაებრ ცხოვრება მცნებების მიხედვით, მაგრამ შეუძლებელია გამოსწორება ხელმძღვანელის გარეშე, რომელიც მიუთითებდა, დაიცავდა, შეცდომებს გაუსწორებდა, დაცემულთ აღადგენდა და გზას აცდენილთ კვლავ სწორ გზაზე დააყენებდა.
ამგვარად, სულის ხსნისათვის აუცილებელია პიროვნებები, რომელნიც ღვთის სახელით იმოქმედებდნენ, სარწმუნოებას ასწავლიდნენ, მადლით აკურთხებდნენ საიდუმლოებების მეშვეობით და უხელმძღვანელებდნენ ცხოვრებაში; აუცილებელია მოძღვრები, ღვთისგან დადგენილნი და ღვთისგან ნაბოძები. სწორედ მათი დაწესება ინება უფალმა. აი, შენ ამის შესახებ მოციქულის მოწმობა! „და მან [უფალმა] მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა" (ეფეს. 4,11-12) და თვით საქმემაც უჩვენა ეს.
უფალმა დააგზავნა მოციქულები, რომ ევლოთ და სარწმუნოება ესწავლებინათ, ნასწავლნი მოენათლათ, მონათლულებსა და განსწავლულებს კი ესწავათ დამარხვად ყოველივესი, რაოდენი ამცნეს მათ (მთ. 28,19-20).
მოციქულები ასეც იქცეოდნენ. მაგრამ, ვინაიდან ისინი მუდმივად არ იქნებოდნენ დედამიწაზე, მათ მოციქულებრივ საქმეს კი უნდა ეარსება ყველა საუკუნეში, ამიტომ ისინი ყველგან, ღვთის ნებით, თავიანთ ნაცვლად ტოვებდნენ მემკვიდრეებს - მოძღვრებსა და მასწავლებლებს, რომ მათ გაეგრძელებინათ მოციქულთა საქმე - წმინდა მსახურება, ღვთის საიდუმლოებების შესრულება და ქრისტეს სხეულის შექმნა.
წაიკითხეთ მოციქულთა საქმეებში. აი, წმ. პავლემ ბარნაბასთან ერთად გაანათლა რწმენით ლისტრა, დერბია, იკონია, პისიდიის ანტიოქია. მაგრამ მოვიდა დრო, რომ დაბრუნებულიყვნენ სირიის ანტიოქიაში. მათ რა, მხოლოდ რწმენის ანაბარა მიატოვეს მორწმუნეები? - არა! მათ ხელახლა გაიარეს ყველა ქალაქი, განაწესეს ყოველივე, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ხალხს ეკლესიურად და მათზე სამეთვალყურეოდ და ყოველგვარი საჭიროების აღმსარულებლებად დაუდგინეს მოძღვრები, რომლებსაც თვით მოციქულებმა დაასხეს ხელი (საქმ. 14,22-23).
იგივი გააკეთა წმ. პავლემ ეფესოში და დანარჩენ ქალაქებში, ყველგან თავის მიერ ხელდასხმულ მოძღვრებსა და მასწავლებლებს ადგენდა. შემდეგ, წმ. პავლე ეფესოს მახლობლად ზღვით მგზავრობდა, რაკი დრო არ ჰქონდა, რომ თვითონ ჩასულიყო იქ, მოიწვია ყველა ეს მოძღვარი მილეტში, სადაც გამოეთხოვა მათ, მისცა რა საბოლოო მითითებები თავიანთ სამწყსოების დამწყსვასთან დაკავშირებით: „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქ. 20,28).
და კიდევ აი, რა იყო: რომიდან დაბრუნებისას, პირველი ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ, მოციქულმა შეიარა კუნძულ კრეტაზე და გაავრცელა იქ ქრისტიანული სარწმუნოება. მაგრამ, რადგან თვითონ არ ჰქონდა დრო, რომ ყველგან დაედგინა მოძღვრები, ამისათვის იქ განგებ დატოვა წმ. ტიტე, „და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი" (ტიტე 1,5).
რა თქმა უნდა, წმ. პავლე ყველგან ასე იქცეოდა და, როგორც ის მოქმედებდა, ასევე მოქმედებდნენ დანარჩენი მოციქულებიც; მაგრამ ისინი მოქმედებდნენ არა თავიანთი ნება-სურვილით, არამედ ღვთის ნებით. და არც ერთი ქრისტიანული საზოგადოება არ იყო დარჩენილი ხელდასხმული მოძღვრის გარეშე. ასე გრძელდება წმ. ეკლესიაში დღემდე - ეს კანონია მორწმუნეთათვის: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა (მოძღვართა) და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქუენთათვის" (ებრ. 13,17). რაც უფალმა უთხრა მოციქულებს, მოძღვრებსაც ეხებათ: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა" (ლუკ. 10,16).