წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
წინასიტყვაობა
როცა განათლებულ ადამიანთა სამსჯავროზე გამოგაქვს „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", საჭიროდ მიგვაჩნია ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმ მეთოდის გასამართლებლად, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ მათი გადმოცემისათვის.
ფსიქოლოგიას ბევრი როდი მიიჩნევს ცდისეულ მეცნიერებად და თუმცა ასობით წიგნი ატარებს ცდისეული ფსიქოლოგიის სახელწოდებას, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათში მეტად მცირეა ცდისეული; ყოველ შემთხვევაში, ისინი ჯერ კიდევ მეტად შორს არიან ჭეშმარიტად ცდისეული, ე.ი. ბუნებისმეტყველურ მეცნიერებათა მეთოდისაგან. საღად მსჯელობისას კი უნდა დავეთანხმოთ აზრს, რომ ფსიქოლოგიას ნაკლებად როდი მიეყენება კვლევის ცდისეული მეთოდი, ვიდრე ამ მეცნიერებებს; ეს იმიტომ, რომ ადამიანის სული არ არის ჩვენი გონების რაღაც განყენებული წარმოდგენა, რომლის შესწავლაც მხოლოდ გონებაჭვრეტით იქნებოდა შესაძლებელი, არამედ სუბსტანციაა, რომელსაც აქვს ნამდვილი ყოფიერება და რომელიც თავს იჩენს მრავალ მოვლენაში; მაშასადამე იგი, ყველა სხვა სუბსტანციის მსგავსად, შეიძლება და უნდა იქნეს შესწავლილი ცდებისა და დაკვირვების გზით. მართალია, სული უხილავი არსებაა და გარე საგნების მსგავსად შეუძლებელია მას გარე გრძნობების საშუალებით დავაკვირდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, თვითონ ეს გრძნობები არიან სულის წარმონაქმნნი. მაშასადამე, როცა მათ ვსწავლობთ, ამით თვითონ სულს ვსწავლობთ. მთელი ჩვენი ორგანიზმი იარაღია სულისა, რომელიც მუდამ თავის თავს ავლენს მის ცვლილებებსა და მდგომარეობებში; მაშასადამე, ორგანიზმის ამ მდგომარეობების შესწავლით ჩვენ შევიმეცნებთ თვითონ სულის თვისებებს. გარდა ამისა, ყოველ სულიერი მოვლენა, ყოველი შინაგანი ფაქტი, რომელიც ორგანიზმისაგან დამოუკიდებელია, ასევე შეიძლება იყოს შინაგან დაკვირვებათა საგანი, რამდენადაც ჩვენი თვითცნობიერება მუდმივი შინაგანი ცდაა. ბოლოს, ყველა სულიერ ძალას და უნარს ადვილად შეიძლება დავაკვირდეთ მაშინ, როცა ისინი დაძაბულია, როცა ისინი ვარჯიშობენ, მოქმედებენ. ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ საგნის შესწავლის ცდისეულ მეთოდს არსად ისეთი ფართო მიყენება არ შეიძლება ჰქონდეს, როგორც ფსიქოლოგიაში, და მე მგონია, ფსიქოლოგია ბევრს მოიგებდა, თუ უარს იტყოდა უნაყოფო გონებაჭვრეტაზე და მიმართავდა ზუსტ ცდას, მიუკერძოებელ დაკვირვებებს, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზს, ერთი სიტყვით, თუ მიმართავდა იმ შესანიშნავ მეთოდს, რომელიც ბუნებისმეტყველურ მეცნიერებებს ასე შესაშურად ზუსტს, საინტერესოს და საფუძვლიანს ხდის.
აი, ის მოსაზრებანი, რომლებითაც ვხელმძღვანელობდით „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების" გადმოცემისას. ჩვენ ვცდილობდით სულის შესახებ ყველა მსჯელობა ისეთ ფაქტებსა და მოვლენებზე დაგვემყარებინა, რომლებიც ფიზიოლოგიასა და ფიზიკაში სავსებით დამტკიცებული და ახსნილია, რომ ამით თავი დაგვეღწია ყოველგვარი უნაყოფო თეორიებისა და ჰიპოთეზებისაგან.
მაგრამ თვითონ ფსიქოლოგიის გადმოცემისას, დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ჩვეულების შესაბამისად, ჩვენ ზუსტად უნდა აგვეხსნა რა არის ფსიქოლოგია, როგორ დაიყოფა იგი, რა ადგილი უკავია მას სხვა მეცნიერებათა შორის, როგორ უნდა გადმოიცეს ის და ა.შ. და ა.შ. განსაკუთრებით კი ძალა არ უნდა დაგვეშურებია იმის დასაბუთებისათვის, რომ ფსიქოლოგია ყოველმხრივ მეტად სასარგებლო მეცნიერებაა. მაგრამ დაე მოგვიტევონ, რომ მიღებულ ჩვეულებას გადავუხვიეთ, ჩვენ გვგონია, რომ მეცნიერების ასეთი შესავალი ზედმეტია, უნაყოფო და ნაწილობრივ სასაცილოც კი. ყველა ეს ჭეშმარიტება, რომელთაც შესავალში ამტკიცებენ, მეცნიერების საწყისს კი არ უნდა წარმოადგენდნენ, არამედ საბოლოო შედეგებს. წიგნის პირველ გვერდზე იმის ახსნა, რაც მთელი კვლევა-ძიების შედეგის სახით უნდა იქნეს გამოყვანილი, იგივეა, რაც სახლის შენების დაწყება სახურავით. ფსიქოლოგია რომ სულის შესახებ მვცნიერებაა, ეს, უეჭველად, წინასწარ იცის ყველამ, ვინც კი ამ წიგნს აიღებს ხელში. რა მეცნიერებებთან აქვს მას კავშირი, ამას შედეგები გვაჩვენებენ; სასარგებლოა თუ არა იგი, ეს თვითონ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, როცა წიგნს ბოლომდე წაიკითხავს.