წმ. იოანე ოქროპირი
სინანულისათვის ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს
ხოლო ჩუენცა, საყუარელნო, მივხედნეთ მოქალაქეობასა მისსა და ვისმინოთ მოძღვრებაჲ მისი და ვიჯმნათ შუებათაგან და მთვრალობათა და მოვიგოთ ცხორებაჲ მოღვაწებისა, რამეთუ ჟამი არს აღსარებისა და სინანულისჲ, რაჲთა გავიბანნეთ ბილწებანი იგი ცოდვათა ჩვენთანი და გონებითა დაუსჯელითა მოუჴდეთ წმიდასა მას ტრაპეზსა და ღირს ვიქმნათ დაუსჯელად მოღებად საუნჯეთა მათ ზეცისათა. ვიჯმნათ უკუე დაჴსნილისა ამის და საშუებელითა მეძიებელისა ცხორებისაგან, რამეთუ არა შესაძლებელ არს შუებითა და განცხრომითა აღსარებაჲ და სინანული და ესე ისწავეთ დიდისა წინამორბედისა იოვანესაგან. იხილეთ სამოსელი მისი და საზრდელი და საყოფელი. არამედ მრქუათ მე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე შენი? ნათლისმცემელისა ბაძვად გვასწავლია? და მსგავსად მისა უდაბნოდ განსვლასა გჳბრძანებ? ჰე, გასწავლი და გაწუევ, რამეთუ იგიცა კაცი იყო ჴორცთა ამათ მაჭირვებელთა ჩვენთა, რომელნი ურიცხუათა ბრალთა სიღრმესა შთავსთხიენით და ვნებათა სამკვიდრებელ ვყავთ. ხოლო უკეთუ ესე ვერ ძალგჳც განსვლად უდაბნოსა და მსგავსებად მოქალაქეობასა მისსა, ვაჩუენოთ სახლთაცა შინა სინანული, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი სასჯელისა მის საშინელისაჲ დაღაცათუმცა შორს იყო, არავე ჯერ არს უდებებაჲ, რამეთუ კაცადკაცადისა აღსასრული კართა ზედა არს. და რომელ-იგი წარვიდეს ამიერ სოფლით, მის ზედა მოწევნულ არს ჟამი სასჯელისაჲ. ხოლო რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს: „ღამე იგი განგუეშორა და ნათელი შემოგუეახლა"; და კვალად იტყჳს: „მცირედღა წუთ ერთ მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს". რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა, საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული". გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ ოდეს იქადაგოს ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა" რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არათუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰწმენეს და ესრეთ მოვიდეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ „საწამებელად წარმართთა" ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სახილებელად და დასასჯელად მათთა, რომელთაცა არა ჰრწმენა. ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარცა შუაღამეს შეპყრობილნი მთვრალობითა, რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲთა განყოფილ არიან სიზმართაგან საქმენი ამის საწუთროჲსანი, გინათუ სიხარულისა მომატყუებელ იყვნენ, გინათუ მწუხარებისა. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, განვიღვიძოთ ძილისა მისგან მცონარებისა და მივხედნეთ მიზეზსა მას სიმართლისასა, რამეთუ არავის მძინარესა ჴელეწიფების ხილვაჲ მზისაჲ, არცა განმხიარულებად თუალთა თჳსთა შუენიერებითა მით ბრწყინვალებისა მისისაჲთა, არამედ სიზმართა ხედავნ და ოცნებათა. ხოლო ჩუენ განჳღვიძოთ და გულის-ჴმა-ვყოთ ვითარმედ ფრიადი ლმობიერებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, აღსარებაჲ ცოდვათაჲ და ნაკადულნი ცრემლთა მჴურვალეთანი, რამეთუ ცოდვათა დიდთა და მრავალთა თანამდებ ვართ და რამეთუ ულმობელად და უნანელად წარგჳხდიან დღენი ჩუენნი და ვიცი, მრავალნი თქუენგანნი მეწამნენ, ვითარმედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ და არა ვტყუჲ. ვიცნნეთ, ძმანო, თავნი ჩუენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩუენნი, რაითა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ, რამეთუ რომელი წყლულებათა თჳსთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოჴუებულ ვართ სინანულისაგან, უკეთუ გუენებოს, რამეთუ ჯერეთ სავაჭროჲ დგას და ქადაგებაჲ სინანულისაჲ იქადაგების. უკეთუ დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკვდილისათა, ნუ ჰგონებ, თუ განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკუეთ სასოებასა შენისა ცხორებისასა, არამედ გულის-ჴმა-ყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯუარსა ზედა წამსა შინა ერთსა გათავისუფლდა ცოდვათაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯუარსა ზედა? არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და გათავისუფლებად ცოდვათაგან. უკუეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდვები სიჭაბუკესა შენსა და იტყჳ, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკვდილისაჲ, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ „ვითარცა მპარავი მოვიდისო ღამით". ამისთჳს უცნაურ-ყო ჟამი აღსასრულისა ჩუენისა უფალმან, რაჲთცა საცნაურ და ჭეშმარიტ ვყოთ მოსწრაფებაჲ ჩუენი და მოქცევაჲ ცოდვათაგან. არა ჰხედავ, ვითარ ჩჩჳლნი წარიტაცებიან სიკვდილისაგან, ჭაბუკნი ურიდად მოსწყდებიან?! ამისთჳს წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა სდროებ დღითი-დღე, ნუუკუე ვიდრე-იგი ყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წამყვანებელისაჲთა". ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა, კაცად-კაცადმან ისწავენ მოძღვრებაჲ იგი, რაჲთა არცავინ უზრუნველ იყოს, არცა სასოწარკვეთილ, რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი, არამედ უკუეთუ შევინანო, არა მოტევებაჲ ხოლო ვპოოთ, არამედ ცხორებაჲცა საუკუნოჲ დავიმკჳდროთ და გჳრგჳნი სასუფლევლისაჲ მოგუეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალული ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთმოყვარე არს. უკუეთუ შევინანოთ, ყოველივე აღჴოცოს ცოდვაჲ ჩუენი. ხოლო სინანულსა ვიტყჳ მოქცევასა ბოროტისაგან და ქმნად კეთილისასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ?" რაჲთა წინააღმდგომი ცოდვისა ჩუენისა სათნოებაჲ აღვასრულოთ. ესე იგი არს, უკეთუ მოგიტაცებიეს სხჳსაჲ, მიეც შენიცა გლახაკთა; სიძვით შებღალულ ხარ, განეშორე სრულიად გულისთქუმათ, განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა, მოიგე მარხვაჲ, მოიპე გულისსიტყუანი ცოდვისანი გულისაგან შენისა, განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულთქუმით; გიგინებიეს და შეურაცხგიყვიეს მოყუასი, პატივი-ეც და კეთილ უყავ; თავსიდევ შეურაცხებაჲ და გინებაჲ, აკურთხევდი მაგინებელთა და ძჳრისმყოფელთ შენთა. ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულიაჲ, მოქცევააჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ. რამეთუ არა კმა არს აღმოწუდაჲ ხოლო ისრის პირისაჲ ნაგუემისა მისგან, არამედ წამლისაჲცა ჯერ არს დადებაჲ. უკეთუ შუებითა და მთვრალობითა წარგიჴდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე მარჴვაჲ და წყალსა იჴუმევდე, რაჲთა ვნებაჲ იგი მთვრალობისაჲ აღმოფხურა; უკუეთუ თუალითა ვნებულით მიგიხედვან განცდად სიკეთისა პირთასა, აღჳრაჴსენ თუალთა ყოვლადვე არა ხედვად დედათა. ესრეთ თუ ჰყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყჳსა მის, ვითარმედ: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი", და კუალად: „დააცხვრე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა". ისმინე შემდგომიცა ამისი: „მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას". არა კაცთა მიმართ ხოლო ვიტყჳ, არამედ ღმრთისა მიმართცა და კეთილად თქუა: „მისდევდი მას". რამეთუ განვიოტეთ იგი და განვდევნეთ და ივლტოდა რაჲ ჩუენგანი, დაუტევა ქუეყანაჲ და ზეცასა წარვიდა. არამედ ძალგჳც კუალად უკუმოყვანებად მისა, უკუეთუ მჴურვალედ მოვიძიოთ და მივსდევდეთ მას, უკუეთუ განვიოტნეთ ჩუენგან ვნებანი, რომელთა განიოტე იგი სულთაგან ჩუენთა, რომელ არს: ზუაობაჲ, ამპარტავანებაჲ, მრისხანებაჲ, ანგაჰარებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და სხუანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესევითართა მათ განიოტეს ჩუენგან მშჳდობაჲ და მტერ ღმრთისა გუყვნეს და მბრძოლ ურთიერთას. აწ უკუე მაოტებელნი იგი მშჳდობისანი განვიოტნეთ და ვევედრეთ უფალსა ცრემლითა მჴურვალითა, რაჲთა მოგუცეს მშჳდობაჲ იგი, რომელი აღუთქუა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ". ვილოცოთ ტკბილისა მის მშჳდობისა მიმთხუევად. ვილოცოთ ამისთჳს ნუ ერთსა ხოლო, ანუ ორსა დღესა, არამედ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ თჳთ ლოცვაჲ ნაყოფთაგანი არს სრულისა მის მშჳდობისათაჲ და დაწყებაჲ დაგებისა ღმრთისაჲ. ესე შევიყუაროთ და დაუცხრომელად შევიტკბოთ. დაღაცათუ არა მოგუეცეს, რომელისა იგი ვითხოვდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისაგან, რაჲთა მოგუეცეს. დაღაცათუ მოგვეცეს, ნუვე უდებ-ვიქმნებით, რაჲთა მოცემული იგი ნიჭი სამარადისოდ ეგოს ჩუენ თანა. რამეთუ არათუ ღმერთსა ჰნებავს გჳანად მოცემაჲ სათხოელისა მის ჩუენისაჲ, არამედ დროებითა მით ჰნებავს მოცემად ჩუენდა მიზეზისა მარადის ვედრებად მისდა. ამისთჳს დრო სცის თხოისა ჩუენისა აღსრულებად, რაჲთა დავადგრეთ ლოცვასა შინა, და მრავალგზის გჳლხინეს რაჲ უდებებით ლოცვასა შინა და ვედრებასა, მოგჳვლინის განსაცდელიცა რაიმე მიშუებითა მისითა, რაჲთა მჴურვალედ მივილტოდით რაჲ, ვეგნეთ განუშორებელ მისგან. ეგრეთ ქმნიან მრავალგზის მშობელთაცა შვილისმოყუარეთა. იხილოს რაჲ დედამან შვილი თჳსი უწესოდ მიმავალი, სადა იგი არა ჯერ არნ, უბრძანოს მონათა შეშინებად მისა, რაჲთა მიივლტოდეს წიაღთა დედისათა. ეგრეთვე ღმერთმან გჳხილოს რაჲ, ვითარმედ უგუნურებითა გონებისაჲთა განვეშორებით მას, მიუშჳს განსაცდელსა რასმე, რაჲთა მოვიჴსენოთ უფალი და მივივლტოდით მისა. უკუეთუ კუალ ერთმცა ვიყვენით ჟამსა განსაცდელისა და შუებისასა, არასადამცა მოიწინის განსაცდელნი. და რად ვიტყჳ ჩუენთჳის? წმიდათაცა და სრულთა დიდად სარგებელ ეყოფოდა ამით წესით. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე"; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს"; და პავლე იტყვის: „მომეცა მე საწრეტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე", ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: აძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების". უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა. ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა გჳრგჳინნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს უფლისა. აწ უკუე ჩუენცა ესე ყოველი გულისჴმავყოთ და ოდეს განსაცდელი რაჲ მოიწიოს, ნუ სულმოკლე ვიქმნებით და ნუ გამოვეძიებთ, ნუცა გამოვიკულევთ, თუ რაჲსათვის მოიწია, ანუ თუ ოდესმე განქარდეს, რამეთუ ჟამი განქარვებისა მისისაჲ უფალმან უწყის, რომელმან სარგებელად ჩუენდა მოავალინა, ხოლო ჩუენი ესე არს, რაჲთა სულგრძელებით მოვითმინოთ და მადლობით თავს-ვიდვათ, რაჲთა იხილოს ღმერთმან ერთგულებაჲ და სიკეთე გონებისა ჩუენისაჲ და მოგუცეს მის მიერი წყალობაჲ, რაჲთა აქაცა გამოცდილ და გამოჴურვებულ ვიპოვნეთ და მას საუკუნესა ბრწყინვალე წინაშე ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ ყოველსავე მოწევნულსა განსაცდელსა მადლობით შევიწყნარებდეთ და გულსავსე ვიყვნეთ, ვითარმედ უფალმან უაღრეს ჩუენსა იცის უმჯობესი ჩუენი, და ვადიდებდეთ მას ყოველსავე ზედა, ვპოვოთ ესევითარითა ამით სახითა მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა და საუკუნესა მას მერმისა მოვიღოთ გჳრგჳნნი იგი დაუჭკნობელნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისმადე, ამინ.