საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

15. წმიდა გადმოცემა

განმარტება: წმინდა გადმოცემა არის ერთი თაობიდან მეორეზე სარწმუნოებრივი მოძღვრების გადაცემა. იგი წმინდა წერილზე უფრო ძველია. ადამს და ევას, ნოეს, აბრაამსა და იაკობს არაფერი დაუწერიათ. ღვთისგან მიღებული ბრძანებები მათ გადასცეს თავიანთ შვილებს და მხოლოდ მოსემ სული წმიდის მადლით მოახდინა მათი ჩეწერა. ასევე იესო ქრისტესაც არაფერი დაუწერია. მისი მოძღვრება მხოლოდ მოციქულებმა და მოწაფეებმა ჩაწერეს. თავად მოციქულებსაც ბევრი რამ არ ჩაუწერიათ. ზეპირად გადასცეს თავიანთ მოწაფეებს, რომლებმაც ჩაწერეს იგი. მაგალითად: მოციქულთა ნაამბობი ჩაწერილი აქვთ I-II საუკუნის წმინდა მამებსა და საეკლესიო მწერლებს, რომლებიც უშუალოდ მათ უსმენდნენ ან მათი მოწაფეთა მოწაფეები იყვნენ. მაგ., წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი (+107 წ.), წმ. პოლიკარპე სმირნელი (+167 წ.), წმ. ირინეოს ლიონელი (+203 წ.) და სხვ.

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
გამოსვ. 10,1-2 უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში, რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ.   ძველი აღთქმის წმინდა გადმოცემა წმინდა წიგნებზე ძველია
მეორე რჯ. 32,7 გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! ... (ამას მოჰყვება უფლის საქმეთა მოთხრობა)   მოსეს დროს და შემდგომაც, წმინდა წერილის ჩაწერის შემდეგ, ადამიანებმა ისწავლეს ღვთის რწმენა წმიდა გადმოცემის საშუალებით
ფსალ. 77,3-6 რაც მოვისმინეთ და გავიგეთ და ჩვენმა მამებმა გვითხრეს, არ დავუმალავთ ჩვენ მათ შვილებს, მომავალ თაობებს ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა. დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომლებიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს. და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.  
იოანე 20,30 მოწაფეთა წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. წმიდა გადმოცემის აღიარება აუცილებელია, რადგან წმინდა წერილში (ბიბლიაში) იესო ქრისტეს მოძღვრება და საქმეები მთლიანად არ არის გადმოცემული.
იოანე 21,25 კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
საქმე 1,3 იგი (იესო) ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე. ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა
2 იოანე 12 ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არ მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. მოციქულებსაც არ დაუწერიათ ყველაფერი
3 იოანე 13-14 ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მსურს მელნითა და კალმით მოგწერო. ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად შენდა. რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.
2 თეს. 2,15 მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით. ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა. წმიდა გადმოცემა აუცილებელია ყველა მორწმუნისათვის
2 ტიმ. 2,1-2 მაშ, გაძლიერდი შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა, და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად. გადმოცემა ზეპირად გადაეცემოდა დაუმახინჯებელი სახით სანდო ადამიანებს, რომელთაც შეეძლოთ სხვებისთვისაც ესწავლებინათ
საქ. 20,35 გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა. თვით წმ. მოციქულები იყენებდნენ წმ. გადმოცემას
იუდა 9 მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!
2 ტიმ. 3,8 როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა.
1 კორ. 11,2 იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ. საჭიროა ქრისტეს და მოციქულების სწავლების ცოდნა და ყოველივეს აღსრულება, იმისიც, რაც ჩაწერილი არ არის
ფილიპ. 4,9 რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან. რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
საქმე 20,27 ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღვთის ყოველი ნება. რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ. მოციქულებმა თავიანთი ქადაგებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი ჩაწერეს, უმეტესად კი ზეპირად ასწავლიდნენ
საქმე 20,31 ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წერიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდით თითოეულ თქვენთაგანს. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.
მარკ. 16, 20 ისინი (მოციქულები) წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ. იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა.

შენიშვნა: წმინდა გადმოცემით ვიცით, თუ როგორ უნდა შევასრულოთ წირვა-ლოცვა, ნათლობა და სხვა საიდუმლოებები და წესები, რაც წმინდა წერილში არ წერია.

დამატებითი ლიტერატურა: დიაკვანი ჯონ უაიტფორდი „მხოლოდ წმინდა წერილი?"