წმიდა იოანე ოქროპირი
აღდგომისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
„ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს"
დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით". რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ.
ისევე, როგორც დანიელ წინასწარმეტყველის მტარვალნი შერცხვნენ, როცა იგი ორმოდან უვნებელი გამოვიდა და ლომები არ შეეხნენ მას; ისევე, როგორც ბაბილონის მთავარი გაწბილდა, როდესაც სამი ყრმა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა, ასევე და უმეტესად შერცხვნენ ჯვარმცმელნი ღვთის ძისა, როდესაც იგი მკვდრეთით აღმდგარი საფლავიდან გამოვიდა. უწყოდა უფალმა, რომ არ ირწმუნებდნენ მის აღდგომას და აღადგინა მკვდრეთით მართალნი, რათა მათ ექადაგათ ქრისტეს აღდგომა. როგორ არ უნდა ირწმუნო ასეთი დიდი სასწაული, როცა ხედავ, რომ გაიხსნა საფლავნი და ისმენ, როგორ გიქადაგებენ მიცვალებულნი?!
მაგრამ არცაა გასაკვირი, რომ მათ ყურად არ იღეს მკვდართა ღაღადი; ვისაც ღვთისა და ღვთის ძისა არა სწამს, ნუთუ საფლავიდან აღმდგარ მართალს დაუგდებს ყურს?! ჯვარმცმელნი ქრისტესი დამწუხრდნენ, როდესაც მიცვალებულთა იქადაგეს დიდება უფლისა, ხოლო უფლის მოწაფეებმა განიხარეს. მკვდრები ქადაგებდნენ თავისი უფლისათვის და ანგელოზები, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას მის საფლავთან. ანგელოზნი, რომლებიც არ იყვნენ ქრისტეს ჯვარცმის ჟამს, ახლა ადიდებენ აღდგომილ მაცხოვარს. ჯვარზე ვნებისას რომ გამოჩენილიყვნენ ანგელოზები შეძრწუნდებოდნენ ჯვარმცმელნი მისნი და მაშინ როგორღა აღესრულებოდა ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მიზანი - თავისი სიკვდილით მიანიჭოს ცხოვრება საუკუნო თაყვანისმცემელთა მისთა?
ამიტომ ვნების ჟამს განეშორნენ მას ანგელოზნი მისივე ბრძანებით, რათა აღსრულებულიყო ნება უკეთურთა.
ხოლო აღდგომის ჟამს კი ზეციდან ანგელოზნი ჩამოიყვანა, რათა მოწაფეებისთვის მათ ქრისტეს აღდგომა ეხარებინათ.
ხარობდეს ამიერიდან ეკლესია და დღესასწაულობდეს ამ ბრწყინვალე დღეს! უთხრას იერუსალიმს: ნუ ხარობს მტერი ჩემი, დაცემულს რომ მხედავს, რამეთუ აღვდგები; და ნუ ხარობს, ბნელში რომ ვარ, რადგან მოვა უფალი ჩემი და გამინათებს. კიდევ ამას ეუბნება წინასწარმეტყველი ეკლესიას: „აღდეგ და განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდეს...", რადგან გამობრწყინდა დიდება უფლისა მის ეკლესიაზე. თაყვანს სცემენ ღვთის დიდებას „მეფენი სოფლისანი" და „მსაჯულნი ქვეყანისანი", როგორც თქვა წინასწარმეტყველმა: „განგეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაეხშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანა და შარავანდედნი მათნი" (ეს. 60,11).
ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს და გახდეთ თანაზიარნი მისი აღდგომის სასწაულისა, რათა ადიდებდეთ ყოვლადმოწყალებასა მისსა უკუნისამდე, ამინ.
უდაბნოს მრავალთავიდან ახალქართულზე გადმოიტანა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 13 (272), 2004 წ.