წმიდა იოანე ოქროპირი
ექვსი სიტყვა ბედისა და განგების შესახებ
სიტყვა პირველი
ჩვენი ცხოვრება ხვავრიელია მრავალრიცხოვანი მღელვარებით და აღვსილია მოუსვენრობით, მაგრამ ეს როდია მტანჯველი, საყვარელნო, არამედ ის, რომ ჩვენს ძალაშია ამ მღელვარებისა და მოუსვენრობის შესუსტება, ან უმტკივნეულოდ გადატანა; არ ვზრუნავთ არც ერთსა და არც მეორისთვის, არამედ მთელ დროს სევდაში ვატარებთ: ერთნი სიღარიბის გამო მისცემიან მწუხარებას, მეორენი - ავადმყოფობის, სხვა - საზრუნავების სიმრავლისა და სახლის მეთვალყურეობის, ზოგი - ბავშვების აღზრდის, ზოგი უშვილობის მიზეზით.
მიაპყარი ყურადღება უგუნურების სიჭარბეს, რადგან ყველა ერთი და იმავე გარემოებების საბაბით როდი ვდრტვინავთ. დრტვინვის მიზეზი ამ გარემოებათა ბუნება რომ იყოს, ერთნაირად არ უნდა გვენაღვლა ურთიერთსაპირისპირო საგანთა გამო. თუკი სიღარიბე ბოროტებაა და თანაც აუტანელი ბოროტება, მაშინ არ უნდა გოდებდეს ის, ვინც სიმდიდრეში ცხოვრობს, თუკი უშვილობაა ბოროტება, მრავალშვილიანობით დაჯილდოებული მხიარული უნდა ყოფილიყო და კიდევ, თუ სანუკვარია საზოგადოებრივ საქმეთა მართვა, პატივით ტკბობა და მრავალი ქვეშევრდომის ყოლა, მაშინ საქმიანობის თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას უნდა გაურბოდნენ და ყველას ძაგდეს ასეთი ყოფა. ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ ერთნაირად მწუხარებდნენ მდიდრები და ღარიბები, ხშირად კი სიმდიდრეში მყოფი უფრო მეტადაა მოცული მწუხარებით, ვიდრე ღარიბი, მწუხარებენ ძალაუფლების მქონენიც და ქვეშევრდიმნიც, მრავალშვილიანი მამაც და უშვილოც, ასეთი განწყობილების მიზეზად უნდა ჩავთვალოთ არა გარემოებები, არამედ ისინი, ვისაც არ შეუძლია, როგორც საჭიროა ისე ისარგებლოს ამ გარემოებებით და მოიცილოს ყოველგვარი სევდა. გარემოებათა უეცარი ცვლილება როდია მღელვარებისა და მოუსვენრობის მიზეზი, არამედ ჩვენ და ჩვენი გონება; ასე რომ თუკი გონება კარგად გვაქვს განათლებული, ყოველთვის მოსვენებულები ვიქნებით მშვიდ ზღვასა და ნავთსაყუდელში, ყოველ მხარეს ქარიშხალიც რომ მძვინვარებდეს; და პირიქით, თუ გონება კარგად არ არის აწყობილი, ყველა საქმე კეთილადაც რომ წარმართულიყო, აღმოვჩნდებოდით ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც დაღუპული გემის მგზავრები. მსგავს მოვლენას შეიძლება მივადევნოთ თვალი სხეულის შემთხვევაშიც: გაკაჟებულ სხეულის პატრონს არაფერი მოუვა, ჰაერის ურიცხვი ცვლილებების გადატანაც რომ მოუხდეს; პირიქით, ვარჯიშისა და ცუდი ტემპერატურისადმი მიჩვევის გამო კიდევ უფრო გაძლიერდება. ხოლო ვისაც სუსტი და მჭლე სხეული აქვს, მშვენიერი, კეთილშეზავებული ამინდითაც რომ ტკბებოდეს, ვერ მიიღებს სარგებელს, რადგან მისი საკუთარი უძლურება ამინდის კარგი გავლენის საპირისპიროდ მოქმედებს. ამასვე ვხედავთ საკვების მიმართაც: როდესაც ჩვენი კუჭი სიმაგრითა და ძლიერებით გამოირჩევა, ყველაფერი, რასაც ის იღებს, რაიმე ხეშეში ან მისთვის უხეშიც რომ იყოს, გადაიქცევა სუფთა წვენად, რადგან კარგი ბუნებრივი პირობები ძლევენ იმ მავნე ელემენტს, რომელსაც საკვები შეიცავს. ხოლო როდესაც მისი ძალა შესუსტდება და დუნე ხდება, კეთილი წვენებით გამორჩეული საკვებიც რომ მიაწოდო, კუჭი მას ყველაზე ცუდ სახეს მისცემს და გააფუჭებს, ვინაიდან მისი უძლურება მავნედ მოქმედებს საკვების თვისებებზე. ჩვენც ასევე ვართ, ამიტომ ყოველთვის, როცა საქმეებს აშლილობას შევატყობთ, საყვარელნი, ნუ დავადანაშაულებთ ღმერთს. რადგან ეს არ არის ჭრილობისთვის წამლის გამოძებნა. არამედ - ჭრილობისთვის მეორე ჭრილობის მიმატებაა. სამყაროს მართვას ნუ მივაწერთ დემონებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს საქმეები განგების გარეშე ხდება, ნუ დავუპირისპირებთ ღმერთის განგებას რაიმე ბედისწერის ტირანიას. ეს ყველაფერი ღმრთისგმობითაა აღსავსე. და მართლაც, მღელვარება და მისი ხასიათი დამოკიდებულია არა საქმეთა მიმდინარეობაზე, არამედ სულის განწყობილებაზე. რამდენი იტანს მშვიდად სიღარიბეს და არ წყვეტს ღმრთისადმი მადლობას? რამდენია, ცხოვრობს რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში, მადლობას კი არ აღავლენს, ძრახავს ყოვლისმპყრობელს? რამდენი ბრალს დებს საყოველთაო განგებას, თუმცა არაფერი საშინელი არ განუცდია? რამდენია, რომ მთელი ცხოვრება საპყრობილეში გაუტარებია და იქაურ ტანჯვაში, მეტი კეთილგონიერებით იტანს საკუთარ მდგომარეობას, ვიდრე ისინი, ვინც ცხოვრება თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში გაატარა? ხედავ, რომ სულიერი მდგომარეობა და საკუთრივ ჩვენი გონებაა მიზეზი ჩვენს სულზე რომ ვზრუნევდეთ, არ იქნებოდა მოუსვენრობა, არ იქნებოდა მოწყებილობა, არ იქნებოდა რაიმე საშინელი, ჩვენი ცხოვრების გარემოებები ყოველგვარი ზღვის ღელვის ღელვაზე უფრო მეტადაც რომ მერყეობდეს. მითხარი, რატომ აღავლენს მადლობას პავლე? ის იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობდნენ და მთელ დროს სათნოებრივად ატარებდნენ. არავინ იქნებოდა მასზე მართალი კაცთა შორის, რომელთაც მზის ქვეშეთში უცხოვრიათ, ადამიანთა შექმნის დროიდან არავის დაუთმენია მასზე უმეტესი სიმძიმე; მაგრამ ხედავდა რა, რომ ბევრი მანკიერად ცხოვრობს, უხარიათ და ტკბებიან არსებული სიმდიდრით, თვითნ მადლობს ღმერთს და დანარჩენებსაც ამასვე ურჩევს. მას შეხედეთ და შენც, როცა დაინახავ, რომ მანკიერი ადამიანი მხიარულობს, როცა დაინახავ, რომ ქედმაღლობს, როცა დაინახავ, რომ მძლავრობს მტრებზე, შურს იძიებს თავის მაწუხებლებზე, არ განიცდის რაიმე დანკარგს, რომ მისკენ ყოველი მხრიდან მოედინება სიმდიდრე, ყველა პატივს სცემს და ეპირფერება, ხოლო შენ იმყოფები სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში, შეურაცხგყოფენ, ცილს გწამებენ, ბოროტს იზრახვენ, არ იფიქრო, რომ უარყოფილთა რიცხვში ხარ, არამედ მიბაძე პავლეს, რომელმაც შენივე ხვედრი გამოსცადა, აღსდექი სულით, აღიდგინე აზრი, ნუ დაეცემი სევდის მოქმედებით. თუ ვინაა ღმერთის მეგობარი და ვინ მტერი ამქვეყნიურის ბედნიერებისა და უბედურების საფუძველზე ნუ განსჯი, არამედ თუ კი დაინახავ, რომ ვინმე ცხოვრობს სამართლიანად, იფიტება ავადმყოფობით და ასრულებს იმას, რაც ღმრთისმოსაურია, მიეფერე მას და ის ჩათვალე ბედნიერად მიუხედავად იმისა ურიცხვი ბორკილი რომ ედოს, მუდმივად რომ საპყრობილეში ცხოვრობდეს, უღირსთა მონაც რომ იყოს, სიღარიბეში რომ ცხოვრობდეს, მაღაროებშიც რომ მუშაობდეს ან ითმენდეს რაიმე სხვა სახის საშინელებას. ნეტარია ეს ადამიანი თუნდაც თვალები დათხარონ, თუნდაც დაშანთონ, თუნდაც ნელ-ნელა გამოფიტონ მისი სხეული. თუკი დაინახავ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გარყვნილი და მანკიერი ცხოვრებით, სჩადის უკიდურეს ბოროტებას, ტკბება დიდი პატივით, თვით სამეფო ტახტზეც კი ადის, შემოსილია მეწამული სამოსით და განაგებს მთელ სამყაროს, დაიტირე ასეთი და ამავე მიზეზის გამო უწოდე უბედური. ჭეშმარტად, არაფერია მოუწყობელ სულზე მძიმე, თუნდაც მთელი სამყარო ემორჩილებოდეს მას და მართლაც, რა სარგებელი აქვს მოჭარბებულ სიმდიდრეს, როდესაც სათნოებით ყველა სხვა ადამიანზე უღარიბესი ხარ? რა სარგებელია სხვებზე მბრძანებლობაში, თუკი არ შეგიძლია საკუთარი თავისა და საკუთარი ვნებების ძლევა? თუ დავინახავთ, რომ ადამიანი უეცრად დაავადდა უბედურად ვთვლით, ჩვენზე მდიდარიც რომ იყოს, ხოლო როცა მისი სულია ცუდ მდგომარეობაში, სული, რომლის სწორი და რომელზე ძვირფასიც არაფერი გაგვაჩნია, ვეპირფერებით მას გონების, ან სწრაფწარმავალი პატივის, ან სხვა მიზეზის გამო იმ რიცხვიდან, რაც აქვე რჩება და გვტოვებს ამ ცხოვრებასთან ერთად, ხშირად კი უფრო ადრე თავდება ვიდრე ცხოვრება დასრულდებოდეს. ნუ აკეთებ ამას. ესაა ჩვენი მღელვარებისა და მოუსვენრობის მიზეზი. ამის გამო ბევრი ღმერთს დებს ბრალს, ფიქრობენ, რომ სამყაროს არავინ განაგებს. ადამიანებმა რომ იცოდნენ ამ ცხოვრებაში რა არის სიკეთე გარდა სათნოებისა, არც სიმდიდრე, არც განძეული, არც ჯანმრთელობა, არც ძლიერება, არც რაიმე სხვა; რომ ამ ცხოვრებაში არ არის ბოროტება, გარდა მანკისა და ცბიერებისა და სულიერი უზნეობისა: არც სიღარიბე და ავადმყოფობა, არც გინება და ცრუ საჩივრები და სხვა, რაც ითვლება უბედურებად, - არასდროს ითქმებოდა, რაც ახლა ითქმის: ადამიანები არასოდეს გაატარებდნენ ცხოვრებას მუხარებაში, არასოდეს აამებდნენ მათ, ვინც უბედურად უნდა ჩაეთვალათ. არასოდეს ჩათვლიდნენ უბედურებად მათ, ვისი მოფერებაცაა საჭირო, არ მოექცეოდნენ ამგვარად ადამიანების ჭეშმარიტ ღირსებას. ადამიანის ფერება გათქვირულობის, ბარაქიანი ხორაგის ან ხანგრძლივი ძილის გამო - სხვა არაფერია, თუ არა მათ მიმართ ისეთივე მოპყრობა, როგორც უტყვი ცხოველებისადმი, რადგან ამაში მდგომარეობს ბედნიერება პირუტყვთათვის. უკეთ რომ ვთქვათ: ეს ემსახურება ბოროტებას პირუტყვთათვისაც კი. მართლაც, ბევრი ცხენი დაიღუპა იმის გამო, რომ უქმად ცხოვრობდა და ღორმუცელობას იყო მიცემული. თუკი ამგვარი ცხოვრება უგუნური ცხოველებისთვისაც მავნებელია, რომელთა მთელი სათნოება სხეულის კარგ მდგომარეობას მოიცავს, ნუთუ ამაში მოვაქცევთ სათნოებას ადამიანებისას, რომელთა არსიც სულის კეთილშობილებაში მდგომარეობს? ნუთუ არ წითლდები სირცხვილისაგან თვით სხეულის ბუნებისა და ფორმის წინაშე? ღმერთმა ისე კი არ შექმნა ჩვენი სხეული, როგორც უგუნური ცხოველებისა, არამედ ისე, რომ მას გონიერი და უკვდავი სულის მსახურება შესძლებოდა. რატომ შექმნა ღმერთმა ყველა უტყვი ცხოველის თვალები დახრილი, ხოლო შენი მოათავსა თავზე როგორც აკროპოლისში? იმიტომ ხომ არა, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ ცასთან, ხოლო შენ ღმერთის მხრიდანაც და ბუნებიდანაც თავიდანვე გაქვს დადგენილი კანონი: უფრო იმას უყურო, რაც ზემოთაა? შენს სხეულს რატომ მისცა ღმერთმა სწორი გამართული მდგომარეობა, ცხოველისას კი ქვემოთ დახრილი? ისევ იმავე მიზეზით ხომ არა, რომ შენივე გარეგნობის საშუალებით გასწავლოს, რომ საერთო არაფერი გქონდეს მიწასთან და არ მიეცე ამ საგნებს? ამიტომ ნუ ვუღალატებთ ჩვენს კეთილშობილ წარმოშობას და ნუ დავეცემით უტყვთა დაბალ წარმოშობამდე, ჩვენს შესახებაც რომ არ თქვას წმიდა წერილმა: კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო (ფსალ. 48, 20). ცხოვრების ბედნიერების განსაზღვრა ფუფუნების, სიმდიდრისა და აწინდელ საგანთა საფუძველზე ახასიათებს არა იმ ადამიანებს, რომლებიც ყურადღებას აქცევენ საკუთარ კეთილშობილებას, არამედ მათ, ვინც ცხენებად და სახედრებად იქცნენ. მაგრამ ნუ იქნება ისე, რომ ვინმე ასეთი იმყოფებოდეს ამ წმინდა სახლში, სულიერ მაყურებელთა შორის და ღვთისმოსავ კრებულში. სწორედ იმისთვის ვტკბებით ყოველდღე ღმერთის სიტყვის სმენით, რომ სიტყვებით როგორც ნამგლით მკვეთელები, სულის დაავადებების ტყეს დამსგავსებულები ვიქცეთ მსხმოიარე ხეებად და დროზე გამოვიღოთ ნაყოფი, რომელსაც სამეუფო ბეღელში მივიტანთ, დიდების მომტანი რომაა ჩვენი სულების საერთო მპყრობელისა და ვენახის მოქმედთათვის, ვინც უკვდავ ცხოვრებას გვანიჭებს. დე, მიაღწიოს ყოველმა ჩვენგანმა ამ ბეღელს მადლითა და კაცთმოყვარეობით უფლისა ჩვენიას იესუ ქრისტესითა, რომლისა არს სუფევა და ძალი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თარგმნა ქეთავან ღოღობერიძემ
ჟურნალი „წყარო" № 14, 1992 წ.