წმიდა იოანე ოქროპირი

ექვსი სიტყვა ბედისა და განგების შესახებ

სიტყვა მეხუთე

ჭეშმარიტად, საყვარელნო, არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სიდამპლით აღსავსე სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. გარდა იმისა, რომ ის შეცდენილ სულებში დებს ღმრთისმგმობ, ბიწიერ და დამღუპველ აზრებს, არწმუნებს ადამიანებს, ილაპარაკონ ღმერთზე ის, რაც დემონებზეც კი არ უთქვამს ვინმეს. გამანადგურებლად მოქმედებს იგი ჩვენს ცხოვრებაზეც, ყველაფერს მოუსვენრობით და შფოთით ავსებს. ამხობს და ანგრევს იმას, რაც ღმერთმა და ბუნებამ წინასწარმეტყველთა და წმიდა მამების ბაგეთაგან გვამცნო; ის ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა. აკეთებს იმავეს, რასაც ადამიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ავადმყოფი და სამკურნალო სხეული არ ასარგებლოს მისთვის მომზადებული საექიმო საშუალებებით, არ მოიცილოს დაავადება, მიეცეს უზრუნველობასა და ქარაფშუტობას, და ასე დაელოდოს ყველაზე საცოდავ სიკვდილს. განა ამასვე არ ამბობს ბედი? დე, ნურავინ მოუწოდებს სხვას სასარგებლოსკენ; დე, ნურავინ უსმენს სხვას; ტყუილად არსებობს კანონები და მოსამართლეები, ტყუილად - კიცხვა და დარიგება, ტყუილად - სასჯელის შიში, ტყუილად - პატივი და საჩუქრები, ჯილდოები გმირობისათვის; თუ გამოავლენ მზუნველობას, შენთვის სასარგებლოს ვერაფერს მიიღებ აქედან და თუ იქნები დაუდევარი, არავის ავნებ; ბავშვი ნუ ივლის სკოლაში, კაცი ნუ დაემორჩილება კანონს, ნუ მიაქცევ ყურადღებას რჩევებსა და სასარგებლო დარიგებებს! რა შეუძლია მოიტანოს შრომამ? მსგავსად დაუტვირთელი, მეზღვაურებისა და მესაჭისაგან მიტოვებული ხომალდისა, ადამიანმა ქარიშხალს მიანდოს გონების საჭე! მითხარი, გსურს, დაუჯეროთ და არაფერი ვიღონოთ ჩვენი ცხოვრების ხსნისათვის?

ცოტა ხნით თავი დავანებოთ იმას, რაც სულებს იხსნის და ვისაუბროთ ჩვენი აწინდელი ცხოვრების შესახებ. დავუჯეროთ ბედს და არ დავსაჯოთ მსახურები, რომლებიც სწორად არ იქცევიან, არც ისინი მოვაქციოთ ცხოვრების გზაზე, ვინც გარყვნილლ ცხოვრებას ეწევა, არც სასამართლოში მივიყვანოთ დამნაშავეები, არც კანონებს დავემორჩილოთ? ვისურვებდი ასე მომხდარიყო ცოტა ხნით მაინც, რათა მოგცემოდათ საშუალება შეგეცნოთ ბედი, ბოროტების ეს მავნე და დამღუპველი მასწავლებელი. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული და პარკთა მიერ განსაზღვრული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში. თუკი კლოფო მოაბრუნებს თითისტარს საწინააღმდეგო მხარეს, ბევრიც რომ იშრომო, არ ექნება არაფერი შედეგი შრომასა და ძალდატანებას. რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა? რატომ არ ირჩევთ, მართლაც გაიგოთ რა არის ბედით შეპირობებული? გსურს კი მაჩვენო, რაა სინამდვილეში ბედისგან განსაზღვრული? შეწყვიტე მიწათმოქმედება, გააუქმე ზღვაოსნობა, განდევნე ყველა ცხოვრებისეული ხელოვნება; ნურც მშენებელი, ნურც მეთუნე, ნურც მქსოველი, ნურც სხვა ჩვენი ცხოვრებისათვის სარგებლის მომტანი იზრუნებს თავისი ხელობისთვის. მაშინ კარგად დაინახავ როგორია ბედის ჯილდო. რატომ ვლაპარაკობ ხელობებზე, რომლებიც გვეხმარებიან ცხოვრების შენარჩუნებაში? დარჩეს ეს ხელობები, ნურცერთს ნუ გააუქმებ, მაგრამ იმ დროს, როდესაც ისინი ჩვეულებრივ ადგილზე დარჩებიან, თითოეული ცაკლე ნუ იზრუნებს იმაზე, რაც მას ეკუთვნის, - ყველა საქმის განკარგულება ბედს მიანდოს და მაშინ გაიგებს მის სარგებლიანობას, როდესაც გატანჯავენ და გაშოლტავენ, მოთხოვენ გადასახადს. არავინ მიაქცევს ყურადღებას უქონელს, რომელიც გადაწყვეტს ბედის მფარველობას შეაფაროს თავი.

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? როდემდე არ შევიცნობთ ყოვლისმპყრობელს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. თუკი მართლა არსებობს ბედი, ნება მიეცი ბავშს ურთიერთობა ჰქონდეს ცუდ ადამიანებთან და გაირყვნას გარყვნილებთან ერთად: თუ ბოროტება ბედით არის შეპირობებული და პარკებისგან განსაზღვრული, შენთვისაც სასარგებლო იქნება ასე მოქცევა. ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც? რატომ ვლაპარაკობ ბავშვების შესახებ, როდესაც ვერ ბედავ ასე მოიქცე მსახურების შემთხვევაშიც კი, ემუქრები კიდეც მათ, აშინებ, ყოველ ღონეს ხმარობ, რომ კარგად მოიქცნენ. რატომ არ იმედოვნებ ბედისწერაზე? რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისათვის? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. უკეთ რომ ვთქვათ, არავინ იქნება კარგი ან ცუდი. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? რისთვის ვაამებთ?ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ.

რა უაზრობაა, იყო ჩათრეული ცოდვაში ბედის იძულებით. მეორე მხრივ კი, მოითმინო უკიდურესი სასჯელი მისივე ზეგავლენით, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე თანაგრძნობითა და წუხილით; სიძულვილისა და სასჯელის საგანი იყო, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე პატივით. ძალადობის მხრიდან უსამართლობის დამთმენი და ამტანი კი არ უნდა დაისაჯოს, პატივით უნდა მოეპყრან. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი უგუნურება: მძიმედ ვიტანჯებით ცოდვაში მყოფნი და ამისთვისვე ვისჯებით. ბედმა შექმნა კაცისმკვლელი და შემდეგ სიცოცხლეს ართმევს იმისთვის, რომ ადამიანი დაემორჩილა ბედისგანვე განსაზღვრულს. რა დოგმატი შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დამღუპველი? მსგავსად იმისა, რომ ადამიანმა  უფსკრულში გადაჩეხოს მეორე და მას შემდეგ, რაც დაეუფლება გადაჩეხილს, ამის გამო მისი დასჯა მოინდომოს, ან რომ მისცენ ადამიანი დასასახიჩრებლად არაადამიანურ მტანჯველს და ურიცხვ უბედურებას, ხოლო შემდეგ სასჯელი მოთხოვონ მისთვის მისივე მონობისა და ტყვეობისათვის. მითხარი, შეიძლება იყოს ვინმე უფრო უგუნური ან უბედური, ვიდრე ასეთი ადამიანები?

მტრებმაც კი იციან შეწყალება მოწინააღმდეგისა, რომელიც მძიმე შეცოდებას ჩადის უნებურად, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხოლო ბედმა არ იცის იმათი შეწყალება, ვინც მასვე ემორჩილება. უკეთ რომ ვთქვათ, მათ, ვინც ბედის ძალასაა დამორჩილებული, ბედი ჩადენილისთვის სასჯელსაც ადებს. მითხარი როგორი შფოთი, როგორი ლაბირინთი, როგორი ქარიშხალი იქნება ასეთი შერევის გამომხატველი? ჩემთვის საკმარისი იქნებოდა უსამართლობის ნახვა, კერძოდ კი: უცოდველი ცოდვაში ჩავვარდი, სხვა კი, ვისაც არანაირი სათნოება არ გააჩნია, პატივით ტკბება. საკმარისი არ არის ეს უსამართლობა, რომ ბედმა განუსჯელად და უგნურად დამჩაგრა, სხვას კი პატივი მიანიჭა? ეს იმ დროს, როდესაც ადამიანებიც კი იმდენად კაცთმოყვარეები და მშვიდები არიან, რომ არჩევენ უნებურს ნებით შესრულებულისაგან, ხოლო ეს ადამიანთა საქმეების გამგებელი, რომელიღაც ერინია და ბოროტი დემონი, ყველაფერს ერთმანეთში ურევს.

ასე რომ, თუ არ არის ღმერთი, რომელიც ამას ხედავს, ეს აზრი სხვა მხრივაც შეიძლება იყოს მხილებული. შეუძლებელია, რომ არსებული დიადი კეთილმოწყობის დროს არ იყოს განგება. თუ არ არის ღმერთი, როგორაა ყველაფერი მოწესრიგებული? თუკი არსებობს ღმერთი, განა არ ზრუნავს ამისთვის? თუ თავად ღმერთმა შექმნა? - მიაქციე ყურადღება ბიწიერების და ღმერთის გმობის სიუხვეს. თუ არ შეუქმნია და არც ზრუნავს იმაზე, რაც ხდება? - აქ წინანდელზე ნაკლები ბრალდება როდია. ხედავ როგორ ცდილობს ეშმაკი ყოველი მხრიდან გააშმაგოს ადამიანები ღმერთის წინააღმდეგ? გსურს დამარწმუნო, რომ გჯერა ბედის და ის, შენი აზრით, მნიშვნელოვანი დოგმატია? ნუ დასდებ ბრალს მრუშ დედაკაცს, ნუ განრისხდები, ნუ წაიყვან მსაჯულთან. თუ ხედავ, რომ კედელს საძირკველს უთხრიან, ნუ მოთხოვ სასჯელს ამისთვის, რადგან ამას უნებლიედ აკეთებს, - ამას შენ თვითონვე ამტკიცებ. ნუ იზრუნებ შენი საქმეებისთვის, რადგან ის დაგემართება, რაც ბედისგანაა განსაზღვრული. გადააგდე ოქრო, რამდენიც გაქვს; ნურაფრად ჩააგდებ სახლებს, სავაჭროებს, მონებს, რადგან შენი უზრუნველობა არაფერს ავნებს. მაგრამ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას, რადგან დარწმუნდი, რომ უნდა განსაჯო დოგმატი ბედის შესახებ. რატომაა, რომ თუმცა უარყავი იგი, ცოდვების შემთხვევაში მაინც ბედით იფარავ თავს? ხედავ, რომ ეს დოგმატი საიდანმე კი არ მოგიტანია, არამედ უზურნველობიდან, დაუდევრობისა და ძალების შესუსტებიდან სათნოებების მოსაპოვებლად საჭირო შრომასთან მიმართებით.

თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ ყველაფერი ამაოა, უსარგებლოდ ვაკეთებთ და ვითმენთ ყველაფერს, არ არის ქება, არ არის კიცხვა ან სირცხვილი, არც კანონები, არც სამსჯავრო, - საიდან მდიდრდება ერთი, მეორე კი რატომ ითმენს სიღარიბეს? იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ვიცით ამის მიზეზი, გვირჩევნია უცოდინრობაში დავრჩეთ, ვიდრე მივიღოთ სხვა გამოუსადეგარი დოგმატი. უკეთესია კარგი უცოდინრობა, ვიდრე ცუდი ცოდნა. რადგან ერთი თავისუფალია დანაშაულისაგან, მეორეს კი არა აქვს შეწყალება. მაგრამ გარდა ამისა, ღმერთის მადლით, ნათელია საიდანაა ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი. ერთი იმიტომაა მდიდარი, რომ ან მამისაგან მიიღო მემკვიდრეობა, ან ეწეოდა საზღვაო მოგზაურობასა და წვრილმან ვაჭრობას, ან მოსტაცა და წაართვა სხვას კუთვნილი, ან მდიდრულად იქორწინა, ან მიწათმოქმედებას ეწეოდა, ან ხელოვნებას და სხვა რაიმე ხელობას მისდევდა. გამდიდრების ბევრი საშუალება არსებობს: ზოგი სწორი, ზოგი არასწორი. რასაკვირველია, შეიძლება სიღარიბის ახსნაც: ცილისწამების, ენის მიტანის ან ანგარებისმოყვარეობის მსხვერპლად გახდომა, ან ხელგაშლილობა, ან სიზარმაცე, ან უგუნურება, ან სხვა რაიმე გზით გაღარიბება, რადგან ბევრი საშუალებაა გასაღარიბებლად. ამბობენ, - რატომაა, რომ ვინც ინახავს მეძავებსა და მსხემებს და მლიქვნელებს, ვნებს სხვათა საქმეებს, ატარებს ნებიერ და აღვირახსნილ ცხოვრებას, აქვს სიმდიდრე, რომელიც თითქოს წყაროდან მოედინება მისკენ, სხვას კი, ატარებს რა ცხოვრებას მოწყალებაში, ღვთისმოსაობასა და სამართლიანობაში, აუცილებელი საზრდოც კი არა აქვს? იმიტომ რომ, კარგი ადამიანი ირჩევს შრომასთან შეერთებულ სათნოებრივ ცხოვრებას, მეორე კი ცოდვიანია და აირჩია ცოდვის ფუფუნებითი და აღვირახსნილი გზა. რატომ მდიდრდება ბოროტი, ხოლო სათნო სიღარიბეში ცხოვრობს? იმიტომ, რომ მანაც მიიღოს დიდი გვირგვინი, თუ გამოამჟღავნებს მოთმინებას, ის კი - დიდ სასჯელსა და ტანჯვას, თუ არ შეიცვლება და არ გახდება უკეთური, არ შეიცნობს თავის უფალს; სიმსუბუქე, რომელსაც ღმერთი იძლევა, უფრო ამძიმებს მათ, ვინც ბოროტების ერთგული რჩება. სიუხვე, რომელიც ღმერთისგან მიეცემა ადამიანს და საჭირო სახით არ არის გამოყენებული, ზრდის კაცის დანაშაულს. ამრიგად, უბედურება და დამძიმებული გარემოებებიც გვირგვინებს ამრავლებს, ასეთი ადამიანი ხანდახან რომ ცდებოდეს კიდეც, მსჯავრულ ადამიანის შესაძლებლობის თანაფარდია, რადგან უბრალოდ კი არ ხდება განსჯა ცოდვების გამო, არამედ სხვაგვარად განისჯებს მდიდარი და სხვაგვარად ღარიბი: ერთი შეწყალებით, მეორე შეწყალების გარეშე. მაგალითად, თუ ქურდი და პატივმოყვარეა მდიდარიც და ღარიბიც, - ერთს მცირე, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული თავშესაფარი გაჭირვებაში, რომელიც სიღარიბისგან მომდინარეობს, მეორეს კი არა აქვს არავითარი მიზეზი მსჯავრისგან თავის დასაღწევად. ასე რომ ღარიბი, რამდენადაც მცირდება აწინდელ ცხოვრებაში, იმდენად უხვად დაჯილდოვდება კეთილი საქმეებისთვის მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ, ნუ იფიქრებ, რომ ღარიბი უსამართლობას ითმენს, ან რომ მდიდარს აქვს უპირატესობა. მსგავსად ამისა, როგორც ხდება უბედურების შემთხვევაშიც: ვინც ამქვეყნად ისჯება, ან სრულიად განიწმინდება ან იქ დაითმენს ნაკლებ სასჯელს, როგორც აქ დიდი ტანჯვის ამტანი. ასევე სიკეთის მიმართაც: ვინც აქ პატივით ტკბება და სიკეთისკენ არ შეიცვალა, ეს პატივი საშუალებაა, რომელსაც სასჯელისკენ მიჰყავს იგი. ნახე, როგორ კიცხავს ღმერთი ცოდვებს ამქვეყნიური პატივისთვის: „და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა" (II მეფ. 12, 8), კიცხავს ქურუმებსაც პატივისთვის (I მეფ. 2, 28). სხვა ადგილზე: „მოვიხენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა  წინასწარმეტყველნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ" (ამოს. 2, 11). და ყველგან ამატებს რაც გაკეთდა უდაბნოში. ამიტომ როდესაც დაინახავ, რომ მდიდარი უსამართლოდ იქცევა, ანგარიშმოყვარეა და იტაცებს სხვის კუთვნილს, ამ მიზეზის გამო დაიტირე იგი; თუ ის მდიდარია და მაინც ასე იქცევა, - მით უმეტეს მიიღებს სასჯელს. როდესაც დაინახავ, რომ ღარიბი ზრუნავს სამართლიანობისთვის, გაიკვირვე, რადგან ღარიბისაგან მომდინარეობს ეს საქციელი. თუ კი ამას გულდასმით შეასრულებ, არასოდეს შეშფოთდები მიუხედავად გარემოებებისა; თუკი შეხედავ მომავალს და არ დააფასებ აწმყოს, თუ ყოველთვის გექნება მომავლის იმედი და მოცილდები აწმყოს. დე, ღმერთის მადლით, მივაღწიოთ ყველა სიკეთეს, ამინ.

თარგმნა: ქეთევან ღოღობერიძემ


პარკი - წამართული მითოლოგიის მიხედვით, ადამიანის ბედის განმგებელი. ცნობილი იყო სამი სულ პარკი. იყო აზრი, რომ ისინი ადამიანის ბედს განაგებდნენ ძაფის დართვის მიხედვით.

კლოფო - ერთ-ერთი ამ პარკის სახელი.

ერინია - ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით შურისმაძიებელი ქალღმერთი.