წმიდა იოანე ოქროპირი
განსჯისათვის ცოცხალთა და მკვდართა
ჰოი, კაცო, მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა, განადგურდება მისი საქმენი. ვარსკვლავნი ჩამოცვივდებიან, როგორც ფოთლები, მზე და მთვარე დაბნელდება... როდესაც ძე ღვთისა, ზეციდან ქვეყნად გარდამომავალი გამოჩნდება, ცათა ძალნი ძრწოლას დაიწყებენ მის წინაშე, ხმა საყვირისა დასწვავს ყოველს და დაინთქმება უკეთურება. იქნება სასტიკი ქარნი, საშინელი მიწისძვრანი, საზარელი ქუხილნი, შემაძრწუნებელი მეხისტეხანი, რომლის მსგავსი არც არასოდეს ყოფილა და არც როდესმე მოიწევა მანამ, სანამ ამის დრო არ დადგება. ძალნი ცათანიც კი შიშით შეძრწუნდებიან იმ საშინელი ზარისაგან, რომელიც იმ დღეს იქნება.
ჩვენ როგორღა ვიქნებით, ძმანო ჩემნო, ამ შემაძრწუნებელ დღეს? საშინელი ძრწოლა შეგვიპყრობს ყოველს. გაიხსენეთ, რა დღეში იყვნენ ისრაელნი სინას უდაბნოში. მათ ვერ დაითმინეს სასტიკი ქარები, სიბნელე, საყვირის ხმა, ცეცხლის ალიდან გამოსული ხმა უფლისა და თხოვეს მას, აღარაფერი განეცხადებინა მათთვის, რადგან არ შეეძლოთ თავს ედვათ ღვთის სიტყვა. ისრაელისათვის უფლის ეს განცხადება საოცარი სიმშვიდით აღესრულა. მისი შედარება არც კი შეიძლება მეორედ მოსვლასთან, რადგან მაშინ უფალი რისხვით კი არ გარდამოვიდა ადამიანებზე, გულისწყრომით კი არ განსწავლა ისინი, არამედ უდიდესი სიკეთითა და სიმშვიდით, რათა ნუგეში ეცა და შესწეოდა მათ.
აწ ისმინეთ, ძმანო ჩემნო, თუ მაშინ თავისი სახიერების გამო ჩვენს ნუგეშინისსაცემად გარდამოვიდა უფალი და ვერ დავითმინეთ მისი მოსვლის ზარი, მიუხედავად იმისა, რომ არც ცა აღენთებოდა, არც სამყარო დნებოდა, არც ქვეყანა და მისი საქმენი იწვოდა, არც საყვირის ხმა გაისმოდა, როგორც მქადაგებელი მკვდართა გაღვიძებისა, რომელნიც საუკუნითგან იყვნენ შესვენებულნი, არც ცეცხლი აენთებოდა, არც სხვა რამ საშინელება ხდებოდა, რაღას მოვიმოქმედებთ მაშინ, როცა უფალი გარდამოხდება რისხვით და მიუწვდომელი გულისწყრომით, დაჯდება ტახტზე და მოუწოდებს ყოველს მზის აღმოსავალიდან - დასავალამდე, კიდით - კიდემდე, რათა განიკითხოს ერი თვისი და ყოველ კაცს მისი საქმეებისამებრ მიაგოს?
ვაი, ჩვენ, ძმანო ჩემნო, რა მდგომარეობაში ვიქნებით მაშინ, როცა ყოველნი, შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვსდგებით მის წინაშე, მეტად შემაძრწუნებელსა და ზარის დამცემ ადგილზე. სად იქნება იმ დროს ჩვენი ჭაბუკური კადნიერება და სხეულის ძლიერება? სად იქნება ჩვენი მშვენიერება, მაცდური და უსარგებლო? სად იქნება ძვირფასად შემკული სამოსელი, ან ცოდვილი გულისთქმანი და ბილწებანი? სად იქნებიან მაშინ სოდომიანნი? სად იქნებიან მსმელნი ღვინისა და განცხრომაში მყოფნი? სად იქნებიან ზარმაცნი და განსვენებაში, საკუთარ ნებაზე მცხოვრებნი? განა ყოველივე ეს არ წარხდება და ნისლივით არ გაიფანტება?
სად იქნება მაშინ სიყვარული ოქროსა და ვერცხლისა და მისნი მოყვარენი, რომელნიც შეურაცხყოფდნენ ყოველს და თავიანთი თავი რაღაც ეგონათ? სად იქნება მაშინ ამაო დიდებულება? სად იქნება სიმამაცე და ძლიერება? სად იქნება მეფობა, მთავრამა, ერისთავობა? სად იქნებიან ისინი, რომლებიც ამაყობდნენ სიმდიდრის სიმრავლითა და საღმრთო საქმისთვის არას ზრუნავდნენ?.. სად იქნება მაშინ სიბრძნე ფილოსოფოსთა და მათი ცუდი გამოძიება? ვაი მათ, რადგან შეშფოთდებიან და შეძრწუნდებიან, როგორც მთვრალნი და ყოველი მათი ამა სოფლის სიბრძნე დაინთქმება. სად იქნება მაშინ ბრძენი, სად იქნება მწიგნობარი, სად იქნება მაშინ ამაოების მფლობელი?
ჰოი, ძმანო ჩემნო, გულისხმაყავით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როცა პასუხი მოგვეთხოვება ყოველი საქმისთვის, დიდისა თუ მცირისათვის. როცა პასუხი უნდა გავცეთ სიმართლის მსაჯულს ყოველი ამაო სიტყვისათვის. როგორი იქნება ჩვენი ყოფა იმ დროს, როცა დავდგებით მარჯვენა მხარეს მსაჯულისა და დიდების მეუფისა? როგორ ვიქნებით, როდესაც მოგვიკითხავენ ჩვენ წმიდანნი და მართალნი, იქ მყოფნი? როცა მოგვიკითხავს აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, მოსე, ნოე, იობი, ყოველი წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მოწამენი და ყოველნი მოღვაწენი, რომელთა ცხოვრება გვესმოდა აქ და გვიკვირდა. თითოეული სიყვარულით მოგვიკითხავს და შეგვიტკბობს, გამხიარულებული ჩვენი ხსნის გამო.
როგორი მიუწვდომელი სიხარული იქნება, როდესაც მეუფე მხიარული პირით მიმართავს მის მარჯვენით მდგომთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით" (მათ. 25, 34), მაშინ მიიღებენ ისინი მშვენიერ გვირგვინს ღვთის დიდებული ხელისაგან და სასუფეველს დაიმკვიდრებენ; იქნებიან ქრისტესთან და ღვთის მოყვარეთათვის აღთქმულ სიკეთეში დაივანებენ. მაშინ უკვე აღარ იქნება შიში და მწუხარება. გულისხმაყავი, ძმაო, როგორც უკვე ვთქვით, სასუფეველი ცათა, ეს არის გვირგვინი ღვთის ხელით დადგმული და სუფევა ქრისტესთან, უკუნისამდე. გულისხმაყავი, ძმაო, რას ნიშნავს ყოველ ჟამს ღვთის პირის ხედვა, შენს განმანათლებლად, როცა არც მზე გაგინათებს დღისით, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, არც მთვარე ღამით, უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი და ღმერთი - შენი დიდება. ეს არის, ძმაო, ის რაც აღეთქვა ღვთის მოყვარეთ, რომელთაც ეშინიათ მისი და იცავენ მის მცნებებს.
ასევე გულისხმაყავი, ძმაო, წარწყმედა ცოდვილთა, როცა ისინი წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, როგორი სირცხვილი და მწუხარება მოევლინებათ, როცა დადგებიან მარცხენით მეუფისა; როგორი ბნელი დაკრავთ მათ, როგორ შეძწუნდებიან, როცა ისმენენ: „წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა". ვაიმე, ძმანო ჩემნო, რა მწარე მწუხარება შეიპყრობს მათ სულთ, როცა ხმანი კრებულისა იღაღადებენ ცოდვილთა ჯოჯოხეთში ჩასვლას. ვაიმე, ძმანო ჩემნო, როგორი გლოვა და მოთქმა იქნება, როცა გაუყენებენ მათ საუკუნო სატანჯველის გზას - დაუთმენელს და დაულევნელს, სადაც იქნება ტირილი განუწყვეტელი, კბილთა ღრჭენა და მარადიული ჯოჯოხეთი, რისიც თავად ეშმაკსაც ეშინია.
ვაი, საყვარელო, რა არის ჯოჯოხეთი? - ცეცხლი დაუშრეტელი, წყვდიადი საუკუნო, სადაც ცოდვილნი უწყალოდ იტანჯებიან. ისინი თავიანთი სატანჯველის გამო იღაღადებენ ღვთის მიმართ, მაგრამ უფალი არ უსმენს მათ. მაშინ მიხვდებიან, რომ ამაო იყო მათი ცხოვრება ამ წუთისოფელში, რადგან არ ეგონათ, რომ აქაური, წუთიერი სიტკბოება საუკუნო სიმწარედ გადაექცეოდათ. ისინი აღიარებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და იტყვიან: უფლის სასჯელი სამართლიანია, რამეთუ გვეუწყა ამის შესახებ და არ ვინებეთ ბოროტი საქმეებისაგან განშორება. მაგრამ იმ დროს უკვე აღარანაირი სარგებელი აღარა აქვს მათ ღაღადებას.
გევედრებით თქვენ, ძმანო, რადგან ამ საშინელ დღეს მოველით, ვისწრაფვოთ, განვიწმიდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ უფლის წინაშე.
ძველი ქართული ტექსტის მიხედვით მოამზადა
ნინო გაგოშაშვილმა