წმიდა იოანე ოქროპირი
ჯვრის თაყვანისცემისათვის
- მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა...
- დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა! (ლუკა 23,42-43)
მოვიხსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯვარისაი და ვაქოთ ჯვარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტე, რაითა გვირგვინოსან იქმნენ გონებანი ჩვენნი მოხსენებითა მით ჯუარისათა. არათუ სიტყვითა ჩვენითა ჯვარი იქების, არამედ მოხსენებითა მით ჯუარისაითა გონებანნი ჩვენნი გვირგვინოსან იქმნებიან.
ძმანო, დღეს ჯვარი აღემართა და სოფელი განწმიდნა, სიკვდილი უკუნიქცა. ჯვარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯვარი აღემართა და სიკვდილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰხსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების...
ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი სამოთხედ. ამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაი, დღეს შევიდა მპარავი, რომელმან ჯვარსა ზედა მოიპარა ცხორებაი. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაი, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკვდავებაი. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თვით უფალი იტყვის, ვითარმედ სასუფეველი ცათაი მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას...
იხილეღა მართალ სასჯელი ესე ღმრთისაი, რაითა შენცა იტყოდი წინასწარმეტყველისა მის თანა: „მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს სასჯელი შენი", ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისათა ავაზაკი შევალს სამოთხედ; ერთი შეცოდებაი ადამს გამოხდის სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისაითა ავაზაკი შევალს სამოთხედ და ერთი სიტყვაი სარწმუნოებისაი ავაზაკსა დაამკვიდრებს.
ძმაო, ეკრძალე პირსა შენსა, რაითა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-ჟამისა იგი შრომილი შენი წარსწყმიდო. მოიხსენე სიტყვაი უფლისაი, ვითარმედ სიტყვითა შენითა დაისაჯო და სიტყვითა შენითა განჰმართლდე.
ჰოი, საკვირველი! აბრაჰამსცა არა ესმა ესე ხმაი აღთქმისაი სამოთხისათვის, არამედ სარწმუნოებით აღუთქვამს სასუფეველსა. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა. ამას გულს-მოდგინედ დახედე, მსმენელო, და ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოიძიე და ახალსა ჰკითხე გულს-მოდგინედ. არავი უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა, არცა ესმა ხმითა აღთქუმაი და მიცემად სამოთხისა არცა აბრაჰამს, არცა მოსეს, არცა წინასწარმეტყველთაგანსა ვის, არცა მოციქულთა, არამედ ყოველსა წინა ავაზაკსა მას ესმა.
ამენ გეტყვი: დღეს ჩემთანა ხარ სამოთხესა. წოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგვალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა. და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკვიდრო სამოთხეი.
მოსესცა მისცა ღმერთმან სჯული აღთქმისაი, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარეს ავაზაკისა სამოთხეი უწინარეის ამათ წინასწარმეტყველთა და რჩეულთა?
იტყვის წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ; ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგეოდენსა მლევანსა შეურაცხებასა იხილა ღმერთი; ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამო მეტყველი, ჰრწმენა ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებაი ღმრთეებისა ბუნებისაი; ჰრწმენა ღმერთი ესაიასცა, რამეთუ იხილა დიდებასა ღმრთეებისასა; ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარეი საყდართა დიდებისა თვისისათა. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინასწარმეტყველთა, რამეთუ იხილეს თვითოეულად დიდებასა შინა თვისსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაი კაცთაი; ჰრწმენა ღმერთი მოსესცა, რამეთუ ეტყოდა ცეცხლით გამო და არმეურით ნესტვითა, საყვირითა და ქუხილითა, რომელი შემძლებელ იყო ურწმუნოთაცა განძლიერებად.
ხოლო ამასცა ვიტყვი და არათუ წინასწარმეტყველთა შეურაცხ-ვყოფ, არამედ, რომელმან მოიპოვა მსწრაფლ სამოთხეი, ვაქებ, რამეთუ ხედვიდა უფალსა და მხსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღვრებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული; იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად; იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა; ხედავს დასჯასა შინა და მეუფედ ხადის მას; მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს.
- შჯული არა გისწავიეს, რომელი-ეგე უშჯულოებასა შინა იქცეოდე, წინასწარმეტყველნი არა აღმოგეკითხნეს. აწ ვინაი საღმრთოთა სიტყუათა იტყვი, რომელი ესე მარადის მახვილსა ესევდი? აწ ვისგან ისწავე ქრისტეისთვის ენითა ცნობაი? ჰურიანი ჯუარს-აცუმენ, რომელთა შჯული იციან, და შენ რომელი შჯულსა ყოვლადვე უმეცარ ხარ, ვინაი ღმერთად ჰქადაგებ და შჯულსა მას შინა თაყუანის-სცემ ჯუარ-ცმულსა მას? რომელმან საკვირველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა? ვთქუათ ამას ზედაცა, თუ ვინაი იტყვის ავაზაკი ესე: „ვინაი იტყვი ჰოი, ავაზაკო, ანუ ვინ გასწავა თქუმად, მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა?"
იტყვის ავაზაკი: - მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ! ვხედავ, მზის თუალი შეშინებული დაბნელდა: ვხედავ ქუეყანასა დანლაღებულსა და მკუდართა აღდგინებასა. ვხედავ, რამეთუ ქრისტეის მკვლვლნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისასითა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა...
ჯუარმან განდევნა ეშმაკი; ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაი, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაი. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-ცმულისა დიდებაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
უდაბნოს მრავალთავი