წმიდა იოანე ოქროპირი
როგორ შეგვიძლია ამპარტავნების დაძლევა?
ამისათვის ღმრთის შეცნობაა საჭირო. რამეთუ, თუკი ამპარტავნება ღმრთის უმეცრებისაგან იშვება, მისი შეცნობის შემდეგ ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. დაფიქრდი ჯოჯოხეთის გეენიაზე, გაიხსენე ის ადამიანები, ვინც შენზე ბევრად უკეთესები არიან, იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღმრთის წინაშე. თუკი ამაზე დაფიქრდები, მალე დაამშვიდებ შენს გონებას, მალე დაამდაბლებ მას. დაფიქრდი დღევანდელ დღეზე, ადამიანის ბუნებაზე, იმაზე, თუ რა არარაობაა იგი. მიცვალებულს რომ დაინახავ, დაფიქრდი ყოველივე წარმავალის არარაობაზე, იმაზე, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა აჩრდილი და სიზმარი. რას იტყვი? მეტყვი, გონება მაქვს მონიჭებულიო? მაგრამ აღარც გონება შეგრჩენია, რამეთუ ამპარტავნება უგუნურების ნიშანია. მაშ, რითი იქადი? კეთილგონიერებით? მაგრამ ამპრატავნება არ არის თვისობრივი კეთილგონიერებისთვის, პირიქით, მის გამო კარგავ უფლებას, კეთილგონიერი გეწოდოს. ამიტომ აღვირი ვასხათ ჩვენს გულისსიტყვებს, ვიყოთ მდაბალნი, სიმდაბლისმოყვარენი, მშვიდნი. რამეთუ ასეთები განსაკუთრებით უყვარს უფალს. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითაო" (მთ. 5,3), ამბობს იგი. და კიდევ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (იქვე 11,29). იმიტომაც დაბანა მას ფეხი თავის მოწაფეებს, რათა ჩვენთვი სიმდაბლის გაკვეთილი ეჩვენებინა. შევეცადოთ, რომ ყოველივე ამისგან ვარგოთ რაიმე ჩვენს სულს, რათა შევძლოთ იმ სიკეთეთა დამკვიდრება, რაც ღმრთის მოყვარეთათვის არის აღთქმული.
„როგორ ვიცხოვროთ სახარების მცნებების მიხედვით?", თბილისი, 2002 წ.