წმიდა იოანე ოქროპირი
სოფლის წარმავლობისათვის, სიკვდილისა და სასჯელისათვის
საყვარელნო, რომელთაც დაგიტოვებიათ წარმავალ სოფელზე ზრუნვა და მისი უქმი საქმენი, კვლავ ნუ დაუბრუნდებით ამქვეყნიურ ამაო გარჯას. გეშინოდეთ ღვთისა და იცოდეთ, რომ სიმდიდრე წარმავალია, დიდება - ფუჭი, სილამაზე - ცვალებადი, მშვენიერება - განქარვებადი, ყოველივე ამა სოფლის დიდება ამაო, რომელიც სიზმარივით დავიწყებას მიეცემა, კვამლის მსგავსად გაიფანტება და აჩრდილივით გაქრება.
ამისთვის თქვა სოლომონ ბრძენმა: „ამაოება ამაოებისაი და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2); დავით წინასწარმეტყველმა კი ბრძანა: „რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5); ამა სოფლის საქმენი ცრუ, წარმავალი და ამაოა. მცირე დროის შემდეგ ყოველივეს დავტოვებთ, შიშველნი, როგორც ვიშვით, ისე გავალთ ამიერ სოფლიდან და მართლმსაჯულის წინაშე წარვდგებით. რაც აქ მოვიპოვეთ, აქვე დავტოვებთ და ყოველი შენაძენისაგან ცარიელნი, გასვრილნი და შერცხვენილნი, ზარდაცემულნი და შეძრწუნებულნი, თავდადრეკილნი და გულგახლეჩილნი, ჩვენს ბოროტ საქმეებთან ერთად გარესკნელის ბნელში დავემკვიდრებით. და წარვსდგებით საშინელი განკითხვის ჟამს მსაჯულის წინაშე, რომელიც ქრთამს არ იღებს, ჩვენი დაუთმენელი და გამოუთქმელი სატანჯველის საზღაურად და იმ ბოროტად მძვინვარე სახეების გამო, რომელთა მხილველი, აურაცხელი წმიდა ანგელოზთა სიმრავლეც კი ზარდაცემული და შეშინებული დგას. იქ დაიდგმება ტახტი საშინელი სამსჯავროს ჟამს, დაედინება უშრეტი ცეცხლის მდინარე, შხამიანი და უკვდავი მატლი, და იქნება სიცივე გაუთბობელი, გლოვა უნუგეშო. იქ არ იქნება სიცილი, არამედ მხოლოდ ტირილი და გლოვა, არ იქნება სიხარული, არამედ აღუწერელი მწუხარება, გაუნათებელი ბნელი და წყვდიადი.
საყვარელნო ძმანო, ყოველივე ამის მოსმენაც კი საშინელია და ვინ გულისხმაჰყოფს, რაღა იქნება იქ მოხვედრა! ამაზე მეტად უსაშინლესი და უსაზარლესია განკითხვის ჟამს ერთად შეკრებილი ყოველი დაბადებულის ხილვა, რომელთაც მსაჯულის წინაშე პასუხი უნდა აგონ იმ საშინელი საქმეების გამო, რაც ამ სოფლად ყოფნის ჟამს ჩაუდენიათ.
ძმანო ჩემნო, ბოროტი, საშინელი და საზარელია განკითხვის დღე; რაც მაშინ იქნება, მსგავსი არასოდეს ყოფილა. მაშინ გამოჩნდება წმიდა ანგელოზთა გუნდი, მესაყვირის საყვირის ხმა საფუძვლითურთ შეძრავს ყოველ დაბადებულს. ვარსკვლავნი, როგორც ფოთლები, ჩამოცვივდებიან, მზე და მთვარე დაბნელდება, ცა წარიგრაგნება, როგორც ეტრატი და შეიძვრება ყოველი ქვეყანა - ზევით და ქვევით; სამარენი განიხსნებიან და აღსდგებიან მკვდარნი, დასაბამიდან აღსრულებულნი; შეიძვრებიან სულნი და ხორცნი - უხრწნელად განახლებულნი, შეიკრიბებიან მსაჯულის წინაშე და ყველას თავისი ცოდვებისამებრ მიეგება;
ისმინეთ, ძმანო, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ თქმული, თუ რა იხილა მან ჩვენებით: დაიდგა ტახტრევნები და დაბრძანდა მასზე „ძველთა დღეთაჲ". მისი დასაბრძანებელი იყო როგორც ცეცხლის ალი და მისი ურმის თვალნი ცეცხლივით გავარვარებული. იძვროდა ცეცხლის მდინარე და მის წინ გადმოდიოდა. იდგნენ ათასის ათასნი უზენაესის წინაშე და ბევრის ბევრნი ემსახურებოდნენ. მე, დანიელმა, ვიხილე ყოველივე ეს, შეძრწუნდა ჩემი გული, შეიცვალა ჩემი სახე და შეშფოთდა ჩემი გონება შიშისა და ზარისაგან (შდრ. დან. 7,9-15); დიდება ერთ ღმერთს, ძმანო ჩემნო!
წინასწარმეტყველმა ძილში, ჩვენებით იხილა ეს და ასე შეძრწუნდა, რაღა მოგვივა ჩვენ, რომელთაც ცხადად მოგვიხდება ყოველივე ამის ხილვა, როცა წარვსდგებით განსასჯელად, როდესაც ვიხილავთ აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ყოველი მხრიდან შემოკრებილ ადამიანებს, რომლებიც შიშველნი წარსდგებიან უფლის წინაშე და აკიდებული ექნებათ ყოველი საქმე, რაც კი ამ სოფელში ჩაუდენიათ. ცოდვილთ მხრებზე ედებათ თავიანთი ცოდვები და იდგებიან შერცხვენილნი და გამოაშკარავებულნი. მათ ცხადად დაინახავს ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცნი, ისინი კი სირცხვილით თვალის ზემოთ აპყრობასაც ვერ შეძლებენ. ენა მაგინებელთა დაიწვება და არავინ იქნება, ვინც გაუგრილებს მათ. მწვალებელთა კბილნი ანგელოზთა ხელით შეუწყალებლად შეიმუსრება. სადღა იქნება ამ დროს მეფეთა დიდებულება, მთავართა ძალაუფლება და მათი განუკითხველობა? სადღა იქნებიან მაშინ ცრუ მსაჯულნი, რომლებიც განსჯიდნენ პირმოთნედ, იღებდნენ ქრთამს და ცრუთ ამართლებდნენ! სად იქნებიან მონანი და აზნაურნი! სად იქნება მშვენიერება ჭაბუკთა! სად იქნება საგანძურით თავმოწონება! სად იქნება პატიოსან მარგალიტთა სიკეთე! სად იქნება ბეჭედნი და თითთა მშვენიერება! სად იქნება სანოვაგენი და გემრიელი განსაცხრომელნი, ტკბილი და სასურველი სასმელები, რომელთაც სიამოვნებით იღებდით ამ სოფლად! სად იქნებიან მხედარნი და მშვენიერი აღკაზმულობა მათი ცხენებისა! სად იქნება მაშინ სახლები და მშვენივრად შემკობილი ეზოები! სად იქნება სამოსელი მეფეთა: ძოწეულები და პორფირნი! სად იქნება სურნელოვანი საცხებლები, ან საკმეველნი! სად იქნება საწოლები - ოქროქანდაკებულნი! სად იქნებიან ისინი, რომლებიც შეურაცხყოფდნენ გლახაკთ და აყვედრებდნენ დავრდომილთ! სად იყვნენ მაშინ, როცა არ ხედავდნენ დავრდომილებს და გაჭირვებულებს! სად არიან ისინი, რომელთაც ბრძენი ეგონათ თავები! სად არიან ისინი, რომლებიც შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ კეთილის მოქმედთ! სად არიან, რომლებიც გვემდნენ ოჯახის წევრებს და მონებს! სად არიან ისინი, რომლებიც არ იხსენიებდნენ არც სიკვდილს და არც სასჯელს! სად არიან ისინი, რომლებიც ამბობდნენ: ვჭამოთ და ვსვათ დღეს აქ, მერე რაც იქნება იყოს, არ გვადარდებს!
სად არიან ისინი, რომლებიც ამბობდნენ: ღმერთი მოწყალე და შემნდობია და არ მიაგებს ცოდვილთ მათი საქმეებისამებრ! ძმანო ჩემნო, ბოროტი იქნება მათი სინანული საუკუნო სატანჯველში და არავინ - მათი შემწე! მაშინ იტყვიან სიმწრით სავსენი: „ვაი ჩვენდა, ვაი ჩვენდა, როგორ წარვიწყმიდეთ თავები და სულები აქ დავიმკვიდრეთ, რამეთუ ვიცოდით რა იყო კეთილი და არ ვაკეთებდით; ვისმენდით და არ გულისხმავყოფდით; გვასწავლიდნენ და არ გვწამდა; წიგნთა სიტყვები ყოველდღე გვესმოდა და ჩვენ სიზარმაცით განვეშორებოდით.
მაშასადამე, სამართლიანად ვისჯებით ჩვენ ღვთის მიერ და სამართლიანადაც მივეცემით სატანჯველს, რამეთუ, როგორც ვიქცეოდით, მოგვეგო. საწუთრო სიამოვნებათათვის საუკუნო ცეცხლის სიმხურვალეში ვიტანჯებით, ამაო პატივისა და დიდების სამაგიეროდ, ღვთის წარუვალ პატივს დავაკლდით და წარმავალი სიმდიდრისათვის ცათა სასუფეველი ვერ დავიმკვიდრეთ. ასე იტყვიან ამ დღეს თავიანთი თავის გამო; ვაი ჩვენ, რამეთუ კეთილი და სანუგეშო საწუთროში მივიღეთ და აქ ვიტანჯებით. ხოლო მათ, ვინც აიძულეს თავის საწუთროს ნაცვლად ღმერთს დამონებოდნენ, მოერიდნენ მის განრისხებას, ისინი საუკუნო და წარუვალ განცხრომას მიეცნენ. ვინც იმარხულა, ილოცა და იღვაწა თავისი სულისათვის, გალია სხეული, მან დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ჩვენ კი, საწყალობლებმა, რომელთაც განვიშორეთ ღვთის მორჩილება და არ ვიზრუნეთ სულის ცხონებისათვის, სატანჯველში ჩავვარდით. აწ ვეძიებთ შეწევნას და არავინ იპოვება ჩვენი შემწე. ვოხრავთ და არავის ვეცოდებით, ვტირით და ვგლოვობთ სიმწრით და არავინ გვცემს ნუგეშს. ვაი, ჩვენდა, ჭეშმარიტად!"
ჰე, ძმანო ჩემნო, გევედრებით, იჩქარეთ, დაიცავით თქვენი სულები და მოიმუშაკეთ კეთილი საქმე, რათა სულელთა გვერდით არ აღმოჩნდეთ და არ წარწყმდეთ. აკეთეთ კეთილი სიკვდილის მოწევამდე, რადგან მცირე დრო გვაქვს. სამარადისოდ შევინანოთ კეთილი სინანულით, განვიღვიძოთ მცონარებისა და მოწყინების ძილისგან, ვიშრომოთ მზის დასვლამდე და ღამის დადგომამდე, რამეთუ, როცა ღამე მოიწევა, ვერავინ შესძლებს კეთილის ქმნას.
ვიჩქაროთ, ძმანო, და არ გადავდოთ სინანული, სანამ ამ სოფლად ვართ, რადგან სამარადისო სამკვიდრებელში სინანული აღარ არის. გავფრთხილდეთ, რათა მათ გვერდით არ აღმოვჩნდეთ, რომელთათვისაც უფალმა სახარებაში ბრძანა: „ჰრეკდეს კარსა, და მოუგოს მათ და ჰრქუას, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი, და მწყუროდა და არა მასუთ მე, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, სნეული ვიყავ და არა მომხედეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და არა მოხუედით ჩემდა" (შდრ. მათე 1,25). მაშინ მიუგებენ ისინი: „უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და არა გეცით ჭამადი, წყურიელი და არა გასუთ შენ, გინა სნეული და არა მოვედით შენდა?" მაშინ მიუგოს მათ უფალმან და ჰრქუას: „ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან არა ყო ერთსა გლახაკთაგანსა თანა წყალობაჲ, ჩემ თანა არა ჰყო. წარვედით ჩემგან ბნელსა მას გარესკნელსა, რომელი განმზადებულ არს თქუენთვის უწინარეს ჟამთა, სადა იგი არს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (შდრ. მათე 22,12); ხოლო კეთილის მოქმედთათვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა სასუფეველში და ზეციურ ქორწილში სიძის გვერდით ყოფნა.
ძმანო, ვიჩქაროთ, სინანული, რათა ღირსი შევიქმნათ ვისმინოთ ხმა უფლისა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" (მათე 25,34), და დაემკვიდრეთ იქ. როდემდე განვარისხებთ ღმერთს და არ ვიზრუნებთ ჩვენი თავისათვის, როდემდე განვუდგებით მის ბრძანებას და არ შეგვრცხვება? მას ვებრალებით და ჩვენ არ ვიცოდებთ ჩვენს თავს, იგი უშურველად გვანიჭებს საზრდელს და ჩვენ ცოდვისაგან არ ვცხრებით.
ძმანო, მოახლოებულია სიკვდილი და მოწევნულია ჟამი, რათა ყოველი ჩვენი ბოროტი საქმის გამო, რაც კი ცხოვრებაში ჩაგვიდენია, მოსაგებელი მოგვეგოს. ამის გამო, გევედრებით, ძმანო საყვარელნო, დაცხრით ბოროტისაგან, აკეთეთ კეთილი, რათა ცხონდეთ. დაცხრით ტყუილისა და ამაო ფიცისაგან, რადგან ბოროტებაა. მოისვენეთ სიმდიდრისა და საგანძურის შეკრებისაგან და მოიპოვეთ ლოცვა, მარხვა, ღამით მღვიძარება, განამრავლეთ ქველი საქმენი, იტირეთ გულის სიღრმიდან, რათა ღმერთმა იხილოს თქვენი კეთილი გულმოდგინება, დიდი სინანული და შეგინდოთ ყოველი ცოდვა. მოიპოვეთ გული წმიდა, სული მდაბალი და ვიტიროთ აქ ყოფნის მცირე დროის მანძილზე, რათა იქ უსარგებლო ცრემლი არ ვღვაროთ. ცხოვრება სოფლისა მოკლეა, მომავალი სატანჯველი კი გრძელი და ძნელი. დიდი შიში და გამოუცნობი ჭირი ელოდებათ იქ ცოდვილთ, რადგან არავის შეიწყალებთ მათ, ინატრებენ ამ საწუთროში ცხოვრებას, რომელიც დატოვეს, მაგრამ ვერ იპოვნიან და მარადიულ სატანჯველში იქნებიან.
ვაი მას, რომელიც არ ისწრაფვის სინანულისათვის, რადგან ვეღარ იპოვის წყალობას. ვაი მას, ვისაც მარად თვალწინ არ ექნება სიკვდილი და სასჯელი, რადგან საუკუნოდ დაისჯება. ვაი მას, რომელიც არ იტირებს თავისი ცოდვებისათვის ამსოფლად, რადგან იქ მოუწევს მწარე ცრემლის ღვრა... ესეც იცოდეთ ჭეშმარიტად, ვინც გასცემს თავის მონაპოვარს გლახაკთათვის - ღვთის სათნო-საყოფად, მას ასწილ მიეგება. ვინც შეურაცხყოფს საწუთროს და მოიძულებს მის საქმეებს, იგი საუკუნო წყალობას მიიღებს.
ძმანო ჩემნო, გეშინოდეთ ღვთის და შეიმკეთ მორჩილება. გულისხმაყავით სიტყვა სახარებისა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღნენ". ნეტარ არიან, რომლებიც ტირიან და გლოვობენ, რადგან საუკუნო სიხარულს მოიპოვებენ. ძმანო ჩემნო, ესეც იცოდეთ, სხეული, როემლიც გვმოსავს, მიწაა და მიწადვე მიიქცევა. ევედრეთ უფალს, განაღვიძეთ სული მცონარობისა, მოწყინებისა და ამაოების ძილისაგან, რადგან ჟამი სიკვდილისა უეჭველად მოვა და არ არის ძალა, რაც აგვაცილებს მას.
მითხარით, რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი ამ სოფელში შვებით და სიხარულით - ორმოცდაათი ან ასი წელი: ამის შემდეგ მოვა სიბერე, უძლურება, მრავალგვარი სნეულება სხეულისა და მოიწევა სიკვდილი. ყველაფერი აღიკვეთება და შეუერთდება საშინელ ჟამს, როცა სული ხორცს განეშორება, დადუმდება პირი სიტყვისაგან, ჩაწყდება ხმა, ხორხისაგან ამომავალი, ვეღარ შეძლებს ენა ერთი სიტყვის თქმასაც. გამრუდდება თვალნი. ახლობლები, რომლებიც მასთან იქნებიან, მშობლები ან შვილები, ნათესავნი ან მეგობარნი, იგლოვებენ და იტირებენ და ვერ შეეწევიან, ვერც რაიმეს არგებენ. ვერც ის მოახერხებს სიტყვის თქმას, თუნდაც ერთი მათგანისათვის. თავად კი გაიგონებს ყველაფერს, მოისმენს მათ ბჭობას და პასუხს ვერ გასცემს, ვერც ანდერძს დატოვებს მიწაში დაფლული საგანძურის შესახებ, გავა ხორცისაგან და მიეახლება მართლმსაჯულს. ხოლო მონაგებს, რაც დარჩა, გაიყოფენ ბრძოლით და დავით. უნდოდ დაფლული კი ამაოდ წარხდება მისი სულის საუკუნოდ დასასჯელად, ვინაიდან არც გლახაკთ მისცა და არც თავის სულს არგო.
რა ვთქვათ იმ ჟამისათვის, როცა იგი ვერ იზრუნებს მონაგებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე? როგორ უნდა შეხედოს მსაჯულს, ან რა შენდობას მიიღებს მისგან? ან რას იტყვის, როცა გარს მოადგებიან ღვთის ანგელოზნი, მისი სულის წასაყვანად მოვლენილნი? მაშინ შეშფოთდება მისი გონება, დაიგრიხება სარეცელზე, შეხედავს მის გარშემო მდგომარეთ ამღვრეული თვალებით, მჭმუნვარე პირით და ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს.
მაშინ დაიწყებს ანგელოზთა წინაშე ვედრებას: შემიწყალეთ მე, ჰოი, ანგელოზნო ღვთისანო, კეთილნო, შემიწყალეთ მე. ნუ წაიყვანთ ჩემს სულს მსაჯულთან ასე ცოდვებით დამძიმებულს, ნუ განმაშორებთ ჩემი გვამისაგან. ვთხოვ თქვენს სახიერებას, მომეცით მხოლოდ ერთი წელიწადი, რათა შევინანო ტირილით, გლოვით, მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით, ღამის თევით და ყოველი ჩემი სიმდიდრე გლახაკთ გავუნაწილო. იქნებ ავანაზღაურო ის დრო, რომელიც ამაოდ გავატარე, განვიკურნო სინანულით, რადგან გაუფრთხილებლად მოხვედით და მოუმზადებელს მომისწარით. ჯერ დიდხანს არ მოველოდი თქვენს მოსვლას. გევედრებით, შეისმინეთ ჩემი თხოვნა, რადგან ბოროტებაში გავატარე ჩემი ცხოვრების დღეები და წარვიწყმიდე სული, მომეცით მცირე დრო, გევედრებით.
მაშინ მიუგებენ მას ანგელოზები: ჰოი, უბედურო და შესაბრალისო კაცო, სად იყავი, სანამ ამქვეყნად ცხოვრობდი? რატომ გადადე სინანული? როგორც თქვი, გცოდნია, თუ როგორ მოგეტევება ცოდვები. რატომ ადრე არ იფიქრე ამაზე? ჰოი, უგუნურო და საწყალობელო, მზე ჩასულია და შენი სინანულის საზღვარი გადასული, რადგან საწუთრო ცხოვრება გათავდა. ღმერთმა ბრძანა შენთვის, უბადრუკო სულო, რომ განეშორო ხორცთ და დაისაჯო საუკუნო ცეცხლსა და დაულევნელ სატანჯველში, შენი საქმეების შესაფერისად.
ძმანო, დამიჯერეთ, ეს ყოველივე ჭეშმარიტად ასე იქნება და ტყუილს არ ვამბობ. შეინანეთ და ნუ ამაო-ჰყოფთ თქვენს სულებს, გაფრთხილდით საშინელი და საჭირველი ჟამის მოსვლამდე. თუ ცოდვა ჩაგიდენიათ და ბრალით ხართ გასვრილნი, სინანულით ჩამოირეცხეთ იგი, რადგან სასჯელი და შერცხვენა აუცილებლად მოიწევა ცოდვილებზე და მრისხანე ანგელოზთა მიერ ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, რამეთუ, როგორც უფალმა ბრძანა: „ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუნი ჩემნი არა წარხდენ" (მათე 24,35).
გეშინოდეთ ღვთისა, ძმანო ჩემნო, იღვაწეთ თქვენი სულებისათვის, რომელთაც საწუთრო გირჩევნიათ საუკუნო ცხოვრებას, გულმოდგინედ შეინანეთ და იღვაწეთ, რათა ცათა სასუფეველში წმიდანებთან თანა-ყოფნის ღირსი შეიქმნათ. ნუ იტყვით, როგორ შეიწირავს ღმერთი ჩემს სინანულს, რადგან მრავალგზის ვისიძვე და ვიმრუშე, მოვიპარე, კაცი მოვკალი, ყოველი ბოროტი ურიცხვად ჩავიდინე. ღმერთი თავისი სახიერებითა და კაცთმოყვარებით შეიწირავს ცოდვილთ სინანულს და ხარობს მათი მოქცევით, რადგან ცოდვილებისათვის გარდამოხდა ზეციდან ქვეყნად და მათთვის დაღვარა ჯვარზე უბიწო სისხლი, რითაც ყოველი კაცი მამათა ბრალისაგან განწმიდა და მტრის მონობისაგან იხსნა. მან ჯვარს შეამსჭვალა ჩვენი ცოდვები, თავის ერად განგვაკუთვნა, მონებად განგვაწესა, საყვარლებად მიგვიჩნია, რათა ყოველდღე ვმადლობდეთ და ქებას აღვავლენდეთ „მის თანა, მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
ძველი ქართული ტექსტის მიხედვით
მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა