წმინდა იოანე ოქროპირი
სნეულებების, ექიმებისა და ლაზარეს შესახებ
ადამიანო, ოდეს სნეულება რამ შეგეყრება, გაიხსენე იობის სხეული, მისი წმინდა ხორცი, რამეთუ ამგვარი წყლულებით შემოსილი, იგი მაინც წმინდა იყო და სუფთა. და მართლაც ვინ ყოფილა ოდესმე ასე სნეული, თუ რგებია ვინმეს, ან თუ ვინმეს უნახავს კაცი, ვისაც ასეთი ტანჯვა და უბედურება რგებოდეს? არა, არავის. თანდათან იფიტებოდა მისი სხეული, ყველა ასოდან მატლები სდიოდა, და ნაკადი იგი უწყვეტი იყო. ირგვლივ საშინელი სიმყრალე იდგა, სხეული იობისა თანდათან იხრწნებოდა და საძაგელს ხდიდა საჭმელს. უჩვეულო და გაუგონარ შიმშილს განიცდიდა იგი, იმიტომ, რომ ვერ ჭამდა მიწოდებულ საჭმელს. გული არ მიმდისო, ამბობდა, ისეთი საძაგელიაო ჩემი პური (იობი, VI, 7). მაგრამ შენ იტყვი, მას საკმაო ნუგეში და შვება უნდა ჰქონოდა იმის შეგნების გამო, რომ ეს უბედურებანი ღმერთმა მოუვლინაო. პირიქით, სწორედ ეს აღონებდა და აშინებდა იობს განსაკუთრებით, რადგან ფიქრობდა, რომ ღმერთი ემტერებოდა, ღმერთი, რომელსაც წლების მანძილზე მსახურებდა. ასე ფიქრობდა, რადგანაც ვერ ეპოვნა ვერავითარი გონივრული მიზეზი თავსდატეხილ უბედურებათა გამო. ხოლო თუ შენ მიგაჩნია, რომ ეს კმარა სანუგეშოდ, შეგიძლია თვითონაც მიიღო ასეთი ნუგეში, თუკი შენ ღმერთის გულისთვის კი არ მოგიხდება რაიმე უბედურების დათმენა, არამედ კაცთა ბოროტების გამო დაგატყდება თავს. მაგრამ აუგი და ძრახვა არ უნდა დაგცდეს, არამედ მადლობით უნდა განადიდებდე ღმერთს, ვისაც შეეძლო წინააღდგომოდა უბედურებას, მაგრამ შენს გამოსაცდელად არ გააკეთა ეს. და შეიმოსები მაშინ იმ გვირგვინით ღმრთისთვის წამებულთ რომ ერგოთ. და შენც იმავ სასყიდელს მიიღებ, რადგან მხნედ გადაიტანე კაცთაგან მიყენებული უბედურებანი და მადლობით განადიდე ღმერთი. არ არის არცერთი კეთილი ადამიანი ცოდვის გარეშე და არც ბოროტი სიმართლის გარეშე; მისაგებელი კი ერთსაც მიეგება და მეორესაც. თუ ღვთის სათნო კაცი ბოროტს რაიმეს ჩაიდენს, ავად გახდება და დაისჯება, ამან არ შეგაცბუნოს, არამედ თქვი: ამ კაცს ოდესმე მცირე ბოროტება ექნება ჩადენილი და აქვე მიეგება ამ ბოროტებისთვის, რათა იქ არ დაისაჯოსო. ასევე, თუ დაინახავ, რომ ცოდვილი ვინმე იტაცებს, ატყუებს, ათას უკეთურებას და ბოროტებას სჩადის და მიუხედავად ამისა, მაინც კეთილდღეობს, ნუ შეცბუნდები, არამედ თქვი: ამ ცოდვილს, ათას უკეთურებას და ბოროტებას რომ სჩადის, ოდესღაც რაიმე სიკეთე ექნება გაკეთებული, და ამიტომაც აქ იმკის სიკეთეს, იქ რომ არ მოითხოვოსო ჯილდო. ამის დანახვა, ლაზარეს მაგალითზეც შეიძლება. ვინაიდან მასაც ჰქონია რაღაც ცოდვანი, ხოლო მდიდარსაც თავის მხრივ, რაიმე სიკეთე გაუკეთებია. მაშ, ისმინე, რას ამბობს აბრაამი: „შვილო, გაიხსენე, რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომაც ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები" (ლუკა, 16, 25). ამიტომ როცა დაინახავ, რომ ღვთის სათნო კაცი ისჯება, ნეტარი უწოდე მას და თქვი: ამ მართალ კაცს რაღაც ცოდვა გააჩნია, მისთვის ღებულობს მისაგებელს და იმ ქვეყნად სუფთა მიდისო. ხოლო თუ ის უფრო მეტად ისჯება, ვიდრე მისი ცოდვანი იმსახურებენ, ეს მას სათნოების გამრავლებად ეთვლება. იობი იყო ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი და სხეული მისი აქ მიეცა სასჯელს, რათა იქ მიეღო ჯილდო. და განა ააცდინა ეს წმინდანი ცოლის რჩევამ გზას? პირიქით, საპირისპიროდ მოიქცა და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა. კიდეც გაკიცხა ცოლი. და ამჯობინა მან ეურვა, ეტანჯა, ათასი გაჭირვება დაეთმინა, ვიდრე გმობით მიეღო ბოროტებათაგან განთავისუფლება. ზოგნი კი, როგორც კი რაიმე სნეულება შეეყრებათ, უმალ გმობას იწყებენ ღვთისას, ეს კი სნეულებას ამძიმებს, მოთმინების გზით მოპოვებულ სარგებლობას კი კარგავს. რასა სჩადიხარ ადამიანო? შენს მწყალობელს, მაცხოვნებელს დამცველს, მზრუნველს ძრახავ? ვერ ამჩნევ, რომ უფსკრულში მიექანები და უკიდურესი წარწყმედის მორევს აძლევ საკუთარ თავს? განა იმისთვის არ გივლენს ეშმაკი ათას გაჭირვებას, რათა ამ თხრილში გადაგჩეხოს? და ოდეს ხედავს, რომ ძრახავ და გმობ უფალს, ადვილად ამრავლებს და აძლიერებს შენს წუხილს, უნდა რომ ტანჯვით დამძიმებული კვლავ მიეცე დრტვინვას. ხოლო თუ ხედავს, რომ ვაჟკაცურად ითმენ და იტან, და რაც მეტად ძლიერდება ტანჯვა, მით უფრო მეტად ჰმადლობ ღმერთსა, უმალვე გშორდება, რამეთუ ხედავს თავისი ხრიკების ამაოებასა და უსარგებლობას. რატომ დრტვინავ, ადამიანო, და რატომ ანთხევ გმობას, მოულოდნელ უბედურებაში ოდეს ჩავარდები? განა მსუბუქს შეიქმ შენს ტანჯვას, ძრახვას თუ მოჰყვები? პირიქით, გააძლიერებ მას, და გაცილებით მძიმეს შეიქმ მწუხარებას. მაგრამ იქნებ არ შეგიძლია იყუჩო, როცა მწუხარება გმსჭვალავს? მაშინ ძრახვის ნაცვლად მადლობა მიაგე, დიდებით შემოსე ღმერთი, ქება შეასხი მას. უფალს თუ დაგმობ, ღმერთის დახმარებასაც უარყოფ და ეშმაკსაც უფრო ძლიერს შეიქმ შენს წინააღმდეგ. ხოლო თუ მადლს მიაგებ, მზაკვარ დემონის ხრიკებსაც მოიგერიებ და მფარველი ღმერთის ზრუნვასაც მიიპყრობ. მაგრამ შენ იტყვი ხშირად ჩვეულების გამო ენა ისწრაფისო უხამს სიტყვათა წარმოსათქმელად. იცოდე, ოდეს აუგის თქმა დააპირო, ყოველი მხრიდან მაგრად ჩაიკვნიტე ენა კბილებით და ეს სიტყვები კი არ ათქმევინო. უმჯობესია ახლა სდიოდეს მას სისხლი, ვიდრე იმ დღეს, როცა წვეთი წყალი მოენატრება, შვება კი არსით არ მიეცემა. უმჯობესია დაითმინო დროებითი ტკივილი, ვიდრე განუწყვეტლივ და საუკუნოდ იწვოდე ცეცხლში იმ ქვეყნად. მაშ ასე, თუკი შენ მძიმე სნეულება შეგეყრება და მრავალნი გაიძულებენ შელოცვით, ავგაროზებით ან კიდევ სხვა ჯადოსნური საშუალებებით შეიმსუბუქო ტანჯვა, შენ კი ღვთის შიშით ვაჟკაცურად და მტკიცედ გადაიტან სნეულების სიმძიმეს და უარს იტყვი ამგვარი მკრეხელობის ჩადენაზე - წამების გვირგვინს გარგუნებს უფალი. და ეჭვი ნუ შეგეპარება იმაში, რომ როგორც წამებული დაითმენს წამების ვაებას მხნედ ოღონდ კი არ ეთაყვანოს კერპს, ასევე შენც დაითმენ ტანჯვას, რათა მკრეხელური საქმით არ სცოდო. და განა მართლაც არ იმოსები შენ წამების გვირგვინით, ოდეს ციებ-ცხელება გაწვალებს და გწვავს, შენ კი სხვათა შეგონების მიუხედავად, უარყოფ შელოცვას? როდესაც შეარცხვენ და სახლიდან გამოაგდებ შემლოცველებს და გრძნეულებით კურნებას უარყოფ? ყველა ვინც კი გაიგებს ამის შესახებ, შეგაქებს და განკვირდება შენით. გაიხსენე ნეტარი ტიმოთე, რომელსაც სნეულება არასდროს სტოვებდა და მუდამ უტანჯავდა სხეულს. და თუ ეს მართალი და წმინდა კაცი იტანდა ამდენს, რომელსაც ქვეყნიერებისთვის ზრუნვა ჰქონდა მინდობილი, რომელიც მკედრებს აღადგენდა, დემონებს განდევნიდა და ურიცხვ სნეულებათაგან ჰკურნავდა ადამიანებს, რაღა მიტევება გექნება შენ, ხანმოკლე ავადმყოფობის დროსაც რომ შფოთავ და დრტვინავ? მამები ხშირად დაუმსახურებლად სჯიან თავიანთ ვაჟიშვილებს და აიძულებენ მოთმინებით აიტანონ სასჯელი, შენ კი ის ვერ აგიტანია ღმერთი რომ გსჯის. რატომ? მას ხომ უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე მამებს თავიანთი შვილები, ის ხომ ყველაფერს შენდა სასიკეთოდ და სასარგებლოდ აკეთებს, შენ კი, უმნიშვნელო სნეულებაც რომ შეგეყაროს, უმალვე გამოდიხარ მისი მეუფებიდან და დემონებთან გარბიხარ. აბა, რა მიტევებას მიიღებ? როგორ იმართლებ თავს ქრისტეს წინაშე? როგორ მოიხმობ მას შენს ლოცვებში? რა სინდისით შეხვალ ამის შემდეგ ეკლესიაში? რა თვალებით შეხედავ მღვდელს? რა ხელით შეეხები წმინდა ტრაპეზს, რა ყურებით მოისმენ იქ წაკითხულ საღვთო წერილს? სხვა ვერავინ ვერ ილოცებს შენთვის, თუნდაც მოსეს შემართება ჰქონდეს. ან იქნებ არ გესმის, რას ეუბნება ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე"-ო. (იერ. XV,1)? როგორც მონებით მოვაჭრენი სთავაზობენ პატარა ბავშვებს ღვეზელს, ტკბილ ხილსა და მისთანებს, და ამგვარი სატყუარებით დამორჩილებულთ თავისუფლებას და თვით სიცოცხლესაც კი წარსტაცებენ, ასევე გრძნეულნი წარწყმედენ სულის ცხონებას სნეული ასოს მორჩენის დაპირებებით. ხომალდზე მყოფნი მესაჭეს იმას კი არ მიუთითებენ, როგორ ეჭიროს საჭე და როგორ მართოს ხომალდი, არამედ მის ხელოვნებას მინდობილნი გემბანზე სხედან და ასე იქცევიან არა მარტო მაშინ, როცა ხომალდი მშვიდობიანად მიცურავს, არამედ მაშინაც, როცა მას უკიდურესი საფრთხე ემუქრება. და მხოლოდ ღმერთს არ უნდათ მიენდონ, ღმერთს, რომელიც მზრუნველობით იქმს ჩვენთვის სიკეთეს, და ემსგავსებიან ავადმყოფს, რომელიც ექიმს იმის მიცემას კი არ თხოვს, რაც მას ავადმყოფისგან იხსნის, არამედ პირიქით რაც კვებავს ამ ავადმყოფობას. მაგრამ ექიმი განა შეისმენს ავადმყოფის ვედრებას, თუნდაც მტირალი და შესაბრალისად მავედრებელი იხილოს იგი. ის არ მიაქცევს სნეულის ცრემლებს ყურადღებას და თავისი ხელობის წესს კვლავ დაიცავს. ასეთ უყურადღებობას ჩვენ გულქვაობას კი არ ვუწოდებთ, არამედ კაცთმოყვარეობას, რადგან თუკი ექიმი ავადმყოფს დაუჯერებს და ასიამოვნებს მას, მაშინ ის მისი მტერი შეიქმნება, ხოლო თუ თავისაზე დადგება და შეეწინააღმდეგება ავადმყოფის სურვილს, ამით გულმოწყალებასა და სიყვარულს გამოავლენს. არც მოყვარული მამა მისცემს თავს იმის უფლებას, რომ დანა ან გავარვარებული ნაკვერჩხალი მისცეს შვილს (როცა ის ამას თხოულობს), რადგან კარგად იცის, რომ ასეთი თხოვნის დაკმაყოფილება დამღუპველი იქნება მისთვის. ასევე არ სურს ღმერთს, წარსაწყმედელი რამ მისცეს მთხოვნელთ. რადგანაც იცის, რომ ეს დაღუპავს მათ სულებს. თუმცაღა მვედრებელთ კი ჰგონიათ, რომ თავისთვის სასარგებლო რამეს ითხოეენ. ასე რომ თუ ჩვენ ავად შევიქმნებით, უმჯობესია კვლავაც ვიავადმყოფოთ, ვიდრე სნეულებისგან განთავისუფლების იმედით მკრეხელობას მივეცეთ. თუ გრძნეულმა განგკურნა კიდეც, მან ვნება უფრო მეტი მოგაყენა, ვიდრე სარგებლობა. მას ხშირად მოუნდა სარგებლობა ხორცისთვის, რომელიც, მოგვიანებით მაინც უნდა მოკვდეს და გაიხრწნას მაგრამ უკვდავ სულს კი ზიანს აყენებს.
გსმენია ლაზარეს ამბავი? გსმენია, როგორ ებრძოდა იგი მთელი თავისი სიცოცხლე შიმშილს, ავადმყოფობას და სრულ მარტოობას, თავად კი სიცოცხლე მდიდრის კარებთან მიგდებულმა დაასრულა. შესაზიზღი იყო ლაზარე, თვითონ ნიადაგ მშიერი, ძაღლების კერძი შეიქნა. იმ ზომამადე დასუსტდა ხორცით, რომ იმ ძაღლებსაც კი ვერ იგერიებდა, რომლებიც თავს ესხმოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ. და მაინც არ უძებნია შემლოცველი, არ დაუკიდნია ავგაროზნი, არ მიუმართავს ჯადოქრებისთვის, არ მოუხმია გრძნეულები და არც სხვა რამ აკრძალული გაუკეთებია. ასეთ ყოფაში მომკვდარიყო ამჯობინა ვიდრე ნაწილობრივ მაინც ეღალატნა კეთილმორწმუნეობისთვის. და თუ ლაზარე ამდენ ტანჯვა-წვალებას ითმენდა და მედგრად იტანდა ჭირს, რაღა მიტევება გვექნება ჩვენ მცირე რამ ციებ-ცხელების ან ჭრილობების გამო რომ ვუხმობთ გრძნეულთ? ზოგი ისე ავადმყოფობს, საჭირო საჭმელი არ აკლია, სხვები კი ნიადაგ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, თუმცა კი ჯანმრთელნი არიან. ლაზარე კი იმდენად იყო ილაჯგაწყვეტილი, რომ ძაღლებსაც ვერ იგერიებდა, იწვა, ვითარცა ცოცხალი ლეში და უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს. აღარ ჰქონდა მათი მოგერიების თავი - ისე დაუძაბუნდა სხეულის ასონი, ისე გაუსავათდა ავადმყოფობით, ისე დაუუძლურდა გამოცდით. და თუკი თავისთავად თითოეული ეს უბედურება აუტანელი და საშინელია, მაშ ვით ითმენდა იგი მათ, ერთად თავს დატეხილთ? სადმე, უკაცრიელ და უდაბურ ადგილზე რომ ყოფილიყო, ასე უპატრონოდ და ყოველგვარ ზრუნვას მოკლებულს ეთმინა ტანჯვანი, განა ასე დამწუხრდებოდა, მაშინ მარტოობა აიძულებდა მოეთმინა თავსდატეხილი უბედურება ძალაუნებურად. მაგრამ ის გარემოება, რომ ამდენ განცხომაში მყოფი ადამიანის თვალწინ იწვა და ზრუნვაც კი არავისგან ღირსებია, ბევრად უფრო უმწვავებდა ტკვილს. წარმოიდგინე, რა უნდა ეგრძნო მას, როდესაც ხედავდა, როგორ ჩადიოდნენ, ამოდიოდნენ, გადიოდნენ, გამოდიოდნენ, ხმაურობდნენ, განცხრებოდნენ მუქთახორები, პირმოთნენი. ჩვენ ათასი უბედურებაც რომ გვქონდეს გადატანილი, თავად ლაზარეს შემყურეთ შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რამეთუ მჭვუნვარეს უდიდეს ნუგეშს ჰგვრის ის, რომ თავისი ტანჯვა-წამების მონაწილე ეგულება სადმე. ლაზარეს კი ამ დროს თვალწინ არავინ ჰყოლია ისეთი, მასავით რომ ეტანჯა...
მაშ ყველამ მივბაძოთ ლაზარეს, მდიდრებმაც და ღარიბებმაც, რომელმაც არა თუ ერთი ან ორი სათნოებით იღვაწა, არამედ გაცილებით მეტი დაითმინა. იყო უპოვარი, სნეული, არ ჰყოლია მფარველი, არ უნახავს სხვა ლაზარე, მთელი ცხოვრება ასეთ დღეში ჰხედავდა თავის თავს, მდიდარს კი განცხრომაში მყოფს. მას არ შეეძლთ სიბრძნით ეფიქრა აღდგომაზე, რამეთუ მადლზე უწინ ცხოვრობდა. ამას კიდევ ის ემატებოდა, რომ ამ ვაებათა გამო ადამიანები ამრეზით უყურებდნენ.
ხომ ხედავთ რამდენი უბედურება დაითმინა ლაზარემ. აბა მითხარით, რა მიტევება გვექნება ჩვენ, ამის ნახევარსაც კი რომ ვერ ვიტანთ და ვიწყებთ საშინელ გმობას უფლისას?
სწორედ იმიტომ წარმოგვიდგინა უფალმა ლაზარე იგავში, რომ ჭირში ჩაცვენილნი მისი სიბრძნითა და ტკივილით ვინუგეშებოდეთ. ლაზარე არის საერთო მოძღვარი მთელიმ სამყაროსთვის, რამეთუ ჭირში ყოფნის ჟამს შეგვიძლია გავიხსენოთ ის, რომელმაც საკუთარ ვაებათა სიმრავლით სძლია ყოველთა.
თარგმნა ივანე ამირხანაშვილმა