წმიდა იოანე ოქროპირი
რჩეული ადგილები თხზულებებიდან
გარდაცვლილის გამო უზომო მწუხარებას არ უნდა ვეძლეოდეთ
ხედავ რა გარდაცვლილს, იმას კი ნუ შეხედავ, რომ თვალები დახუჭა და მდუმარედ წევს, არამედ იმას, რომ იგი აღსდგება მკვდრეთით და ენითგამოუთქმელ, განსაცვიფრებელსა და განსაკვირვებელ დიდებას შეიმოსავს: და აწინდელი სახილველიდან თვალი მიაპყარ მომავლის იმედს. მაგრამ შენ ჩვეულებას მისდევ და ამიტომაც ეძლევი მწუხარებას და ტირი? მაგრამ განა საკვირველი არაა? როცა ქალიშვილს გაათხოვებ, უბედურად არ თვლი, თუკი მისი ქმარი შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება და იქ ბედნიერად ცხოვრობენ, რადგანაც ამბავი მათი კეთილდღეობის შესახებ განშორების სიმძიმილს გიმსუბუქებს. აქ კი, როდესაც არა ადამიანს, არა თანამონას, არამედ თავად უფალს მიჰყავს შენი ნათესავი, შენ სევდას ეძლევი და დრტვინავ? - „როგორ შეიძლება არ სწუხდეს ადამიანი?" მე ამას არ ვამბობ და არ ვკრძალავ წუხილს, არამედ - გადამატებულობას წუხილისა, რამეთუ გარდამეტებული მწუხარება სჩვევია უგუნურ, გონებაშეშლილსა და განებივრებულ სულს. სწუხდე, სტიროდე, გარნა ნუ დრტვინავ, სულმოკლეობას ნუ ეძლევი, ნუ ჩივი. ჰმადლობდე წამყვანებელს, შეამკვე წასული და შეჰმოსე იგი ნათელ დასაკრძალ სამოსელში. თუკი დრტვინვას მოჰყვები, გარდაცვლილსაც შეურაცხყოფ და წამყვანებელსაც განარისხებ, საკუთარ თავსაც ავნებ; ხოლო თუ მადლობას შესწირავ, მასაც შეამკობ, წამყვანებელსაც განადიდებ და საკუთარ თავსაც სარგებლობას მოუტან. იტირე, როგორც უფალი შენი დასტიროდა ლაზარეს, მოგვცა რა ამით საზომი, წესი და საზღვარი წუხილისა, რომელსაც არ უნდა გადავცდეთ. ასევე თქვა პავლემაც: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რათა არა ჰსწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოება" (1 თესალონიკელთა 4, 13). სწუხდე, - ამბობს იგი, - მაგრამ არა როგორც წარმართი, რომელიც არ ელის აღდგომას, არა აქვს მომავალი ცხოვრების იმედი...
რას შეუძლია განკითხვის დღეს სარგებლობის მოტანა
დიდება, სიმდიდრე და ამქვეყნიური გვარიშვილობა განკითხვის დღეს არანაირ სარგებლობას არ მოგვიტანს, შეგვეწევა მხოლოდ მცნებათა აღსრულება, რომელსაც ახლავს მართალ დოგმატთა დაცვა. ამას ნურასოდეს დაივიწყებ და შენი სულიდან ღვთის შიშს ნუ ამოიგლეჯ, იცი რა უეჭველად, რომ ყველა ჩვენგანის სუნთქვა მის ხელშია, და ერთს ის უმატებს სიცოცხლის წლებს, ხოლო მეორეს, როგორც ინებებს, უმოკლებს. „მე, - ამბობს ის, - ვკლავ და მე ვაცოცხლებ... ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან თავს" (მეორე რჯული 32, 39). „საშინელ-არს შევრდომა âელთა ღმრთისა ცხოველისათა!" (ებრაელთა 10, 31). ყველა ჩვენ, ადამიანები - მტვერი და ნაცარი, ყვავილი, ბალახი, მიწა, აჩრდილი, კვამლი, სიზმარი, და ვცოცხლობთ და არც ვცოცხლობთ; რამეთუ იმ წამიდან, რაჟამს განაჩენი იქნა გამოცხადებული ჩვენს მოდგმაზე: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც" (დაბადება 3, 19), - ჩვენ ყველამ ერთბამად შევიმოსეთ მოკვდაობა და განხრწნადობა, და ყველა საერთოდ უკვე დავექვემდებარეთ სიკვდილს, თუმცა ერთი კვდება დღეს, მეორე - ხვალ. მიწისაგან წარმომდგარნი, რამოდენიმე ხნის შემდეგ კვლავაც მიწაში ვბრუნდებით, - მეფენი და უბრალო კაცნი, მთავარნი და მათდამი დაქვემდებარებულნი... მოიგონე, რომ კეთილის მოქმედნი, როგორც სიცოცხლეში, ასევე შემდგომად სიკვდილისა, ნეტარხსენებულნი არიან და საზღაურის მიღების დღეს ამოვლენ სიცოცხლის აღდგომად, ხოლო ბოროტის მოქმედნი, როგორც აქ ყველასგან შეჩვენებასა და ლანძღვას იმსახურებენ, ისევე აღსდგებიან და არა სიცოცხლის, არამედ განკითხვის აღდგომად (იოანე 5, 29)... „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11, 29). მე ვამბობ არა იმის შესატყვისად, რაც მე ვარ, არამედ ვსაუბრობ ჩემი გულმოწყალების შესაბამისად; ხელმწიფებაზე მეტად სახიერება მიყვარს. მე, მეფე, შენთან ვლაპარაკობ; დიდია ჩემი ძალა, მაგრამ არ მსურს, შენი უძლურება ჩემთვის დამახასიათებელი ძლევამოსილებით დავცე. არ ვამბობ: მოვედით, ისწავლეთ ჩემგან, რომ მე - მეუფე ვარ, უფალი ქმნილებისა, რომელიც დასცქერის რა დედამიწას, აიძულებს თრთოდეს, რომელსაც „ცა მტკაველით გაუზომავს და დაუთვლია მიწის მტვერი" (ისაია 40, 12), არამედ: „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". მე ასეთი მშვიდი ვარ: შენ შესცოდე, მე გამათხარება გადავიტანე; მე ასე ნებაყოფლობით მდაბალი ვარ გულით: მე, მეუფე, მოვედი, რათა ისინი გამეთავისუფლებინა, რომელნიც დამონებულნი იყვნენ, მათ კი მე, განმათავისუფლებელს, ყვრიმალში მირტყეს და მონებმა ჯვარს მაცვეს მე; მე კი, მიუხედავად ამისა, ვევედრებოდი რა მათთვის მამასა ჩემსა, ვამბობდი: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკა 23, 34). მაშ, „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"; - „მოვედით", მე გულსმოდგინედ გთხოვთ და არ მრცხვენია ვთხოვო და ვევედრო ჩემს მონებს, რათა იძულებული არ გავხდე დავსაჯო ისინი; მოვედით და ისწავეთ ჩემგან სიმშვიდე მანამ, ვიდრე ჩემგან საზარელს იხილავთ; „მოვედით" აწ მე ვმკურნალობ, მალე კი გავასამართლებ. ახლა მე ვინდობ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი განაჩენს გამოვიტან; ამჟამად მე მოწყალე ვარ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი სამართლიან მსაჯულად წარმოვსდგები. „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ან ჩემს სიმშვიდეს მიაგეთ პატივი, ან - ძლიერებასა ჩემსა შეუშინდით. „მოვედით", წინ უსწრეთ ჩემს გამოჩენას თქვენი აღმსარებლობით: იმიტომ რომ თავმდაბლობა ჩემი გარკვეული დროითაა შეზღუდული. - მხოლოდ აწინდელი ცხოვრებაა, ამბობს უფალი, ჟამი ჩემი სულგრძელებისა; დადგება დრო, როცა დაიხურება კარი ჩემი ამგვარი სახიერებისა; მოვა დრო, როდესაც ცოდვილისაგან დაღვრილი ცრემლი სარგებლობას არ მოიტანს; დადგება ჟამი, როცა საყვირის ხმა ჩემს მეორე მოსვლას ამცნობს ყოველგან, როდესაც ანგელოსები მიმოიფრენენ რა მთელს დედამიწაზე, მილიარდობით გარდაცვლილს წარმოადგენენ სამსჯავროზე; როდესაც საყდარი დაიდგმევა და მე მოვალ ზეციურ ძალთა ზედა, ოდეს მე მომავალს მთავრობანი და ხელმწიფებანი თან მახლდებიან, როდესაც მნათობნი ჩემი სამეფოსი მთელს სამყაროს გაანათებენ, როცა თითოეულის წინაშე გადაიშლება წიგნი მიწიერთა საქმეთა, ოდეს დაჯილდოებულ იქნება სჯულის ზედმიწევნით აღსრულება და საშინელ მსჯავრს გამოუტანენ ეშმაკებს; როდესაც განსასჯელი იდგება და თან ერთი მხოლოდ საქმენი თვისნი იქნება, როცა აზრები ამხილებენ და სინდისი განიკითხავს თითოეულს; როდესაც ბოროტი სულები ყურს დაუგდებენ უფლის ნათქვამს, როდესაც ღუმელი დაელოდება ამ მსაჯულის განაჩენს, როცა სიტყვა „შემიწყალე" უკვე აღარ უშველის მხმობელს. მაშ ასე, „მოვედით", მანამდის ვიდრე მე დავხშავ კარს ჩემი მოწყალებისა, ვიდრე დასრულდება ზეიმი სიცოცხლისა, ვიდრე დამთავრდება სანახაობა ყოფითი; რამეთუ დანიშნული ვადა აღსასრულისა უკვე კართა ზედაა. „მოვედით", უწინარეს ვიდრე მე შევუდგები მსჯავრს; რადგანაც თუკი მე დავჯდები სჯად უწინარეს ამისა, უკვე აღარავის შევიწყალებ. ამადაც მოვიყვანე მე მკაფიო მაგალითი სულელ ქალწულებზე, რომელთა ცხოვრების ლამპარიც, ზეთის უქონლობის გამო, დაიშრიტა, - რომელთათვისაც საქორწინო ნადიმის კარი დაეხშო და რომელთა რეკვაზეც შიგნიდან უპასუხეს: „არ გიცით თქუენ" (მათე 25, 1), რათა მიეთითებინათ სიტყვაზე, რომელიც ცოდვილებს ეთქმით იმ სამსჯავროზე. მაშ ასე, ძმანო, თუკი ჩვენ მაცხოვრის სიტყვებიდან შევისწავლეთ უფლის სახიერება, ნუღარ ვიქნებით უყურადღებონი მსაჯულისადმი, კაცთმოყვარულად რომ გვეზრახება უწინარეს სამსჯავროს დადგომისა; გამოსწორებისათვის განკუთვნილ დროს ნუღარ დავკარგავთ, შევმოსოთ სულნი ჩვენნი კეთილი საქმეებითა და მოწყალებით. დე, თითოეულმა ჩვენთაგანმა მოიპოვოს საუკუნო ცხოვრებისათვის აუცილებელი და განეშოროს სამარცხვინო საქმეებს... შევიმკოთ სულები უმანკოებით და მტკიცედ ვიპყრათ შეუფასებელი მარგარიტი წმინდა სარწმუნოებისა; მანამ, ვიდრე შეწყდება ჟამი ჩვენი ცხოვრებისა, მანამ, ვიდრე სახე ამა სოფლისა და ფერადოვნება დიდებისა და ყველა მიწიერი სიამოვნებანი არ გამქრალა, სათნო-ვეყოთ შეუცვლელ მსაჯულს. რამეთუ თავად იგი ამბობს: „არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ" (ეზეკიელი 18, 32). ცოდვილის დასჯა რომ სდომებოდა, ამას აღარ იტყოდა; შეწყალება სურს და ამიტომაც შეაგონებს; ინდობს და ამიტომაც ცდილობს დაარწმუნოს; იგი გაშინებს წინასწარმეტყველებით, რათა აგაცილოს ნამდვილი საფრთხე. რამეთუ როდესაც ღმერთი გემუქრება, შენი ხსნა სურს; ხოლო როდესაც სდუმს, განუზრახავს დაგსაჯოს. ჩვენ ეს ვუწყით მაგალითებიდან. იგი ემუქრებოდა ნინეველებს და დაინდო ისინი; სდუმდა სოდომელებზე, - და დასაჯა ისინი. მან გვირგვინები განგვიმზადა, თუკი თავად არ მოვიწევთ თავზე სატანჯველს. მას სურს გეენიის გაუქმება; სურს დაკეტოს წყვდიადის საპყრობილე, სურს მთელი თავისი რისხვა ერთი მხოლოდ ეშმას დაუნარჩუნოს; სურს მსაჯულად დაჯდეს, რათა არავინ დასაჯოს, არამედ ყველა გვირგვინოსან-ჰყოს. მაშ, გვყავს რა ესევითარი მეუფე, გულმოდგინედ შევიწყნაროთ სიტყვანი, აღსავსენი მადლითა, ვუსმინოთ მღაღადებელს: „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, რათა ღირს-ვიქმნეთ ჩვენ ვისმინოთ ის გულისსათქმელი და ნეტარი ხმაც, რომელიც ამბობს: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან" (მათე 25, 34), რომელსაც დე მივემთხვივნეთ ჩვენ ყოველნი დასატკბობელად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესისა, რომლისა თანა ჰშვენის დიდება მამასა და სულსა წმიდასა. ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა