წმიდა იოანე ოქროპირი
რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?
(საუბარი 41-ე ფსალმუნის შესახებ)
რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:
რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ-იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ-ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას.
და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება.
საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში.
მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა" (ეფ. 5,18-19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა"? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს.
ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს.
და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე" (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც.
ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება.
სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია.
მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი შეწყობილი გალობისა, ბრალი არაფერში ექნება.
აქ უმანკო სულია საჭირო, მღვიძარე გონება, შემუსვრილი გული, მტკიცე ზრახვა, სუფთა სინდისი. თუკი ღვთის წმინდა კრებულში სწორედ ამ თვისებებით შეხვალ, მაშინ თვით დავითის გვერდით შეძლებ დადგომას. აქ არც ქნარია საჭირო და არც დაჭიმული სიმები, არც ხემი, არც რაიმე იარაღის ფლობა. არამედ, თუკი მოისურვებ, შეგიძლია, - ხორციელ ასოთა მოკვდინებით და საკუთარი სხეულის სულთან შეთანხმებით - თავად იქცე ქნარად. „როდესაც „ხორცთა გული არ უთქუამს სულისათვის" (გალ. 5,17), არამედ, მის გავლენას ემორჩილება და ამ მშვენიერ და საოცარ გზაზე წარემართება. სწორედ ამ დროს შეძლებ სულიერი მელოდიის შექმნას.
აქ საჭირო არ არის ხანგრძლივი ვარჯიშით შეთვისებული ხელოვნება, არამედ, - მტკიცე გადაწყვეტილება მხოლოდ და მაშინ გამოცდილებას ძალიან სწრაფად მოვიხვეჭთ.
ამისათვის არც განსაკუთრებული ადგილია საჭირო, არც განსაკუთრებული დრო, გონიერი გალობა ყოველთვის შესაძლებელია. სავაჭროდ მიდიხარ, მოგზაურობ თუ მეგობრების წრეში ზიხარ, ყველგან ძალგიძს, გააღვიძო სული და უხმოდ გალობაც შესაძლებელია. სწორედ ამგვარად ხმობდა მოსე და უფალმა ისმინა მისი.
ხურო ხარ? როდესაც სახელოსნოში ზიხარ და მუშაობ, შეგიძლია, იგალობო.
მეომარი ხარ, თუ სასამართლოში იმყოფები, შეგიძლია, იგივე აკეთო...
გაზეთი „ქართული გალობა", № 6, 2007 წ.