წმიდა იოანე ოქროპირი

რჩეული ადგილები თხზულებებიდან

უნდა პატივსცემდეთ მღვდლებს

ყველა ზომა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა თავსა შორის თვისსა გვაქვნდეს სული წმიდა, და ყოველგვარი პატივისცემით ვექცეოდეთ იმათ, ვისაც მინდობილი აქვთ ხელმწიფება მადლიანი ნიჭებით მოქმედებდნენ. უეჭველად, დიდებულია მღვდლების ღირსება!.. „რომელთაცა, - ნათქვამია, - მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნეს". ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქვენთა და ერჩდით მათ" (ებრაელთა 13, 17), და: „და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით" (1 თესალონიკელთა მიმართ 5, 13). მართლაცდა, შენ ზრუნავ მხოლოდ შენს საქმეებზე და თუ კარგად წარმართავ, სხვის ნაცვლად პასუხს არ აგებ. მღვდელი კი, კარგადაც რომ წარმართოს თავისი საკუთარი ცხოვრება, თუკი შენი და სხვისი ცხოვრებისათვის არ იზრუნებს საჭირო გულსმოდგინებით, მათთვის, ვინც მის მზრუნველობას არიან მიბარებულნი, მანკიერ ადამიანებთან ერთად წარვალს გეენიაში, და ხშირად უდანაშაულო თავისი საქმეების მიხედვით, იგი იღუპება თქვენი უსჯულოებისთვის, თუკიღა შესატყვისი სახით არ აღასრულებს ყოველივეს, რაც კი მას ეხება. მაშასადამე, უწყით რა, რაოდენ დიდი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, გამოიჩინეთ მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა. ამაზევე მიუთითა პავლემაც, თქვა რა: „იგინი იღჳიძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ" (ებრაელთა მიმართ 13, 17). ამიტომაც გვმართებს მათ მიმართ დიდი პატივისცემის გამოჩენა. და თუ თქვენც სხვებთან ერთად დაიწყებთ მათ შეურაცხყოფას, მაშინ თქვენი საქმეებიც არ იქნება კეთილწარმატებული. ვიდრე მესაჭე კეთილსულოვნადაა, მანამ თანამგზავრებიც უსაფრთხოდ არიან; მაგრამ როგორც კი თანამგზავრები მის შეურაცხყოფასა და მტრულ მოქმედებას იწყებენ, იგი წუხილს ეძლევა და აღარ შეუძლია ძველებურად იფხიზლოს, ან ჩვეულებისამებრ ხელოვნებით მართოს ხომალდი, და თავისდაუნებურად, თანამგზავრებს აურაცხელ უბედურებას შეამთხვევს. ასეა მღვდლებთანაც: თუკი ისინი თქვენგან ღირსშესატყვისი პატივისცემით ისარგებლებენ, თქვენს საქმეებსაც კეთილად წარმართავენ, ისე, როგორც საჭიროა; ხოლო თუ თქვენ მათ დაამწუხრებთ, ძალა წაერთმევათ და იმას გააკეთებთ, რომ მათაც ადვილად გაიტაცებენ თქვენთან ერთად ტალღები, თუნდაც ისინი ფრიად მამაცნიც იყვნენ... დაფიქრდი იმაზე, რაც ქრისტემ იუდეველებზე თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი: ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან" (მათე 23, 2-3). ახლა კი არ შეიძლება ითქვას, რომ მღვდელნი მოსეს სავარძელზე დასხდნენ; არა, ისინი ქრისტეს სავარძელზე სხედან, რადგანაც ქრისტეს სწავლება მიიღეს. ამიტომაც ამბობს პავლე: „ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ" (2 კორინთელთა მიმართ 5, 20). ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ ემორჩილებიან ყველანი საერო ხელისუფლებას? მიუხედავად იმისა, რომ მათგან მრავალნი ხელისუფლათ აღემატებიან გვარითაც და ცხოვრებითაც და სიბრძნითაც; მიუხედავად ამისა, მისდამი პატივისცემის გამო, ვინც ისინი დაადგინა, ისინი არაფერ ამაზე არ ფიქრობენ, არამედ პატივს მიაგებენ მეფის დადგენილებას, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ვინც მთავრობა მიიღო მათზე. აი, ამგვარი შიში გვაქვს ჩვენ, როდესაც მთავარს ადამიანი გვიდგენს! მაგრამ, როცა ღმერთი ასხამს ხელს, ჩვენ მოძულებულიც გვყავს ხელდასხმული, შეურაცხყოფასაც ვაყენებთ, ვავიწროებთ ათასგვარად, და მაშინ, როდესაც საკუთარი ძმების განკითხვა აკრძალული გვაქვს, მღვდლებზე ვილესავთ ენას! და რა გამართლებას ვიპოვით, როდესაც საკუთარ თვალში მორს ვერ ვხედავთ, ხოლო სხვებს კი ბოროტ მონდომების ბეწვსაც კი ვამჩნევთ? ნუთუ არ იცი, რომ როდესაც ამგვარად სხვებს განიკითხავ, შენთვისაც უმძიმეს განკითხვას იმზადებ? ამას იმისთვის როდი ვამბობ, რომ თითქოსდა მე ვიწონებდე მსახურების უღირსად აღმასრულებელ სამღვდელოებას. არა, - მე უკიდურესად ვნანობ მათ გამო, და მიუხედავად ამისა, იმავე დროს ვამტკიცებ, რომ მისდამი დამორჩილებულთ და, მით უფრო, უბრალო ადამიანებს არა აქვთ განკითხვის უფლება. ვთქვათ, მღვდლის ცხოვრება ყველაზე უფრო მანკიერია: თუ შენ ყურადღებიანი ხარ საკუთარი ცხოვრების მიმართ, არანაირ ვნებას არ ნახავ იმისგან, რაც მას ღვთისგან აქვს მინდობილი. თუკი უფალმა ვირი აიძულა ალაპარაკებულიყო და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა; თუკი, ამ გზით, სახედარის უტყვი ბაგითა და ბალაამის უწმინდური ენით იგი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა: მით უფრო, თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, იგი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, და გარდამოგივლენთ სულიწმიდას, - თუნდაც უკიდურესად მანკიერნიც რომ იყვნენ სამღვდელონი. წმინდა მღვდელიც ხომ საკუთარი სიწმინდით არ მოიზიდავს სულიწმიდას, არამედ ყოველივეს მადლი აღასრულებს. „ყოველივე თქუენი არს, - ამბობს მოციქული, - გინათუ პავლე, გინათუ აპოლო, გინათუ კეფა" (1 კორინთელთა მიმართ 3, 22), ყველაფერი, რაც კი მინდობილი აქვს მღვდელს, ერთი მხოლოდ ღვთის ნიჭია და ადამიანური სიბრძნისმეტყველება რამდენსაც უნდა აზვიადებდეს, იგი ყოველთვის იმ მადლზე დაბლა იქნება. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რათა ჩვენი ცხოვრება უზრუნველად წარვმართოთ, არამედ იმად, რათა ჩვენ, მორჩილებაში მყოფთა, ვხედავთ რა რომელიმე წინამძღვრის მცონარებას, ამის მომიზეზებით საკუთარი თავისთვის ბოროტება არ გავიმრავლოთ. მაგრამ რას ვამბობ მღვდლებზე? არცა ანგელოსთა, არცა მთავარანგელოსთა არ ძალუძთ რაიმე ზეგავლენის მოხდენა მასზე, რაც ღვთით გვებოძება; აქ ყოველივეს განაწყობს მამაჲ და ძეჲ და სულიწმიდაჲ, ხოლო მღვდელი მხოლოდ ენით ითხოვს და თავის ხელს განართხამს. ესეც არ იყოს, უსამართლობა იქნებოდა, რომ სხვა პირის მანკიერების გამო, ზიანი იმათ მისდგომოდათ, ვინც რწმენით ეკიდებიან ჩვენი ცხონების სიმბოლოებს. მაშ, ვიცით რა ეს ყოველივე, ღვთის შიშიც ვიქონიოთ და მღვდლებსაც პატივი მივაგოთ, ყოველნაირად ვცეთ პატივი, რათა როგორც ჩვენი კეთილი საქმეების გამო, ასევე მათი პატივისცემისთვის, ღვთისაგან უდიდესი ჯილდო მივიღოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესაგან, რომლისა თანა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სიმშვიდე

ვისაც სურს, ღმერთს მიემსგავსოს, დე იგი მშვიდი და წყნარი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და დე დიდსულოვნად გადაიტანოს, როდესაც სხვები წყენას აყენებენ. „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი, - ამბობს უფალი, - და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაითა იყუნეთ თქუენ შვილნი მამისა თქუენისა ზეცათაჲსა; რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (მათე 5, 44-45; ლუკა 6, 27-28). მრავალი სათნოებაა ქრისტიანისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სიმშვიდე; რადგან ერთი მხოლოდ ამით გაბრწყინებულთ უწოდებს ქრისტე ღვთის მიმბაძველთ. რამეთუ თავად მეუფესაცა ჩვენსა მაცხოვარსა, იყო რა შეურაცხყოფილი, იწვნია რა დარტყმები, იქნა რა მილურსმული და ჯვარცმული, მშვიდად გადაჰქონდა სიშმაგე იუდეველებისა, და ჰქონდა რა ესევითარი ძალა დაესაჯა უკეთურნი, არ სჯიდა, არამედ თავისი ძალა იმაში აჩვენა, რომ მიწისძვრით შეარყია მიწა, აღადგინა მკვდრები, დააბნელა მზე და დღე ღამედ გარდააქცია, თავისი სიმშვიდე და კაცთმოყვარება იმითაც აჩვენა, რომ არავინ დაუსჯია უკეთურთაგან, რათა ყველას სცოდნოდა, ვინც კი დანაშაულებრივი ხელი აღმართა მეუფეზე, რომ ადვილად შეეძლო, გაშმაგებულნი დაესაჯა მას, ვინც ადვილად შესძრა მიწა და უბრძანა რა, მეყვსეულად დააბნელა მზე; მაგრამ რამდენადაც მშვიდია, მშვიდად გადააქვს სიცოფე უკეთურებისა; და არათუ მხოლოდ მშვიდად გადაჰქონდა მას ჯვარმცმელთა და მაგინებელთაგან, არამედ მამასაც ევედრებოდა ზეციური ისრები არ დაეშინა უკეთურთათვის. მაშ ასე, როდესაც შენ მძიმესა და აუტანელ შეურაცხყოფას დაგატეხენ და რისხვასა და მძვინვარებაში ჩავარდები, მოიგონე მაშინ სიმშვიდე ქრისტესი, და მაშინვე შენც მშვიდი და წყნარი შეიქმნები, და არამარტო შენ მიიღებ უდიდეს სარგებლობას სიმშვიდისაგან, არამედ მას მტერსაც მოუტან და ასწავლი კეთილი იყოს, რამეთუ, როდესაც ის დაინახავს, რომ შენ მშვიდად გადაგაქვს უკიდურესი შეურაცხყოფა და თავს იკავებ განრისხებისაგან, უმალ ისიც მორჩილი და კეთილი გახდება, მიატოვებს მრისხანებას, სურვილი გაუჩნდება შენი სიმშვიდის მობაძავი გახდეს.

 

წყენას უნდა ვპატიობდეთ

მოყვასს უნდა მივუტევებდეთ შეცოდებებს და მისთვის ვლოცულობდეთ. როგორც იმან, ვინც თავის მსგავს მონას ასი ქანქარის გადახდა მოსთხოვა, არა იმდენად მას ავნო, არამედ საბედისწერო დარტყმა მიაყენა საკუთარსავე თავს, დაკარგა რა ათი ათასი ტალანტი ვალის მიტევება: ასევე, ამის საპირისპიროდ, ვინც მოყვასს პატიობს შეცოდებებს, მომავალ სამსჯავროზე თავადაც იქნება შენდობილი, და რამდენადაც მეტს მიუტევებს, თვითონაც მეტად იქნება შეწყნარებული. მაგრამ განსხვავება მხოლოდ რაოდენობაში როდია: ყველა შემთხვევაში, მოწყალება მას შეუძლია გამოიჩინოს როგორც მონამ, ჯილდოს კი მიიღებს იგი ისეთს, როგორიც შეიძლება მეუფემ მიანიჭოს. ნუ მეტყვი, რომ შენი შეურაცხმყოფელი დამნაშავეა ამაში და ამაში. შენი ჩვენებისდა მიხედვით რამდენადაც უფრო მძიმე იქნება მისი ნამოქმედარი, მით უფრო მკაფიოდ აჩვენებ მისდამი შემწყნარებლობის აუცილებლობას, რამდენადაც მით უფრო შეგიძლია ამგვარად მომავალ ცხოვრებაში შენთვის წყალობა დაიმსახურო. განიშორე შენი მრისხანება, საღი მსჯელობით დაიოკე გული; ღმერთს შესწირე იგი მსხვერპლად... მოყვასისადმი სიკეთე ცოდვის განმწმენდელი უდიდესი მსხვერპლია: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (მათე 6, 14).

 

მტრებისთვის უნდა ვლოცულობდეთ

მეგობრებისათვის ლოცვას ისეთი სარგებლობა არ მოაქვს, როგორც ლოცვას მტრებისთვის. უსმინე ქრისტეს, რომელიც ამბობს: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუასნი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან" (მათე 5, 46). ასე რომ, როდესაც ჩვენ მეგობრებისთვის ვლოცულობთ, ჯერ კიდევ არა ვართ მეზვერეებზე უკეთესნი; ხოლო თუ მტრები გვეყვარება და მათთვის ვილოცებთ, ადამიანური შესაძლებლობისდა მიხედვით, ღმერთს მივემსგავსებით. „რაჲთა იყვნეთ თქუენ, - ამბობს იგი, - შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (მათე 5, 45).

 

საიდან მომდინარეობს შინაური უსიამოვნებანი და მწუხარებანი

ბევრს ომი აქვს საკუთარ სახლში: ზოგს ცოლისაგან აქვს ომი, სხვას შვილი ესხმის თავს, ვინ ძმისგან განიცდის უსიამოვნებას, ვინ კი მსახურისგან, - და თითოეული მათგანი იტანჯება, განიცდის, იბრძვის, ომს ატეხს (სხვას) და მარცხდება ომში, მაგრამ არცერთი მათგანი, მსჯელობს რა საკუთარ თავში, არ ფიქრობს, ცოდვები რომ არ დაეთესა, სახლში ეკალ-ბარდები არ აღმოუცენდებოდა, - ცოდვის ნაპერწკალი რომ არ შეენთო სახლიც ცეცხლის ალში არ გაეხვეოდა. ხოლო შინაური უბედურებანი რომ ცოდვათა ნაყოფია და რომ სასჯელის აღმსრულებლად ღმერთი მისსავე შინაურებს უნიშნავს, ამაზე საღვთო წერილი მოწმობს, და მასზე უტყუარი არაფერია. შენთან ომი აქვს ცოლს, სახლში შესვლისთანავე გარეული ნადირივით გეკვეთება ხოლმე, ლახვარივით ალესილი აქვს ენა? სამწუხაროა, რომ თანაშემწე მოწინააღმდეგედ ქცეულა; მაგრამ საკუთარი თავი გამოიკვლიე: სიჭაბუკეში რაიმე ხომ არ განგიზრახავს რომელიმე ქალის წინააღმდეგ? და აი ქალის შეურაცხყოფისთვის ქალივე გიხდის, და სხვის ჭრილობას საკუთარი ცოლივე მკურნალობს. მართალია, თავად მოქმედმა პირმა ეს არ უწყის, მაგრამ იცის მკურნალმა - ღმერთმა. იგი შენზე მისით მოქმედებს, როგორც რკინით*, - და როგორადაც რკინამ არ უწყის, რასაც აკეთებს, არამედ ექიმმა, რომელიც რკინით მკურნალობს, ასევე აქაც: მართალია, ჭრილობის მიმყენებელმა ქალმა და ჭრილობამიყენებულმა კაცმა არ იციან ამის მიზეზი, მაგრამ სამაგიეროდ ღმერთმა, როგორც მკურნალმა, უწყის, რა არის სასარგებლო. ხოლო ის, რომ ცოლი მათრახია ცოდვათა გამო, ამაზე წმიდა წერილი მოწმობს; იგი ამბობს, რომ „ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა" (სიბრძნე ზირაქისა 26,3. 9)* იგი მათ, როგორც მწარე წამალი ეძლევათ, ცოდვის წვენებს რომ დაშრეტს. და რომ შვილებისაგან თავდასხმა ასევე სასჯელია ცოდვათა გამო, ამის მოწმე დავითია, რომელსაც საკუთარი შვილი აბესალომი სდევნიდა ურიას ცოლთან უსჯულო კავშირის გამო. როდესაც ძმები გესხმიან თავს, იმდენად მათზე დრტვინვას კი ნუ მოჰყვები, არამედ საკუთრ თავს დააკვირდი და ყურადღებით გამოიკვლიე, რა ცოდვებისთვის გექცნენ ძმები მტრებად. ასე იოსები განიცდიდა ძმებისგან თავდასხმას, მაგრამ არა ცოდვების გამო, იობი კი ცოლის შესმენას ისმენდა, მაგრამ არა ცოდვათა გამო. ხოლო ადამიანთა უმეტესობისთვის, მათივე ცოდვების გამო ხდებიან შინაურები მათი მტრები. ზოგჯერ ცოდვების გამო მეგობრებიც მტრად გვიხდებიან და უწინ ჩვენი მოყვარულები ახლა ვეღარ გვიტანენ და ჩვენგან სახეს იბრუნებენ; რადგან ღმერთი, მისთვის ცნობილი მიზეზების გამო, უშვებს მათ შორის ამგვარ სიძულვილს. ასევე ეგვიპტელებზეცაა ას მეოთხე ფსალმუნში ნათქვამი: „გარდააქცია გული მისი, მოძულებად ერისა მისსა" (ფსალმუნი 104, 25). ღმერთი კი სიძულვილს არ დაუშვებდა, თუკი უწინ მათი სიყვარული მანკიერი არ იქნებოდა. ვისაც სიყვარული დაღუპვისათვის ემსახურებოდა, მასვე სიძულვილი სათნოებისაკენ უბიძგებს. ასევე მონა-მორჩილნიც ხშირად ამხედრებიან თავიანთ ბატონებს მათი ცოდვების გამო. აი, შეხედე, ვიდრე ადამი შესცოდებდა, ცხოველებიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, და იგი, როგორც თავის მონებს, სახელებს აძლევდა მათ; და როდესაც ცოდვით შესვარა სახე, ცხოველებმაც ვერ იცნეს იგი და მონებიდან მტრად ექცნენ. და როგორც შინაური ქოფაკი იმას ემსახურება, ვინც კვებავს მას, მის წინაშე ძრწის და მისი ეშინია, მაგრამ თუ მოულოდნელად სახედაჭვარტლულს ნახავს ან უცხო ნიღბით, მაშინვე ეცემა მას, როგორც უცნობს, და დაგლეჯვას ლამობს; ასევე მოხდა ადამთანაც: ვიდრე ისეთ სახეს ინარჩუნებდა, როგორადაც იგი ღმერთმა შექმნა, ხატად თვისად, მანამ მხეცები, როგორც მონები ემორჩილებოდნენ. მაგრამ როგორც კი სახე ურჩობით შეისვარა, მხეცებმაც ვერ იცნეს იგი და მტრობა უწყეს, როგორც სავსებით უცნობს. მონათა აჯანყებებიც ასევე საზღაურია ცოდვებისათვის. მართალი იყო დანიელი და ლომებმაც აღიარეს მისი ძალაუფლება მათზე; მათ იგი ცოდვასთან უზიარებელი ნახეს და სასჯელისგანაც უზიარებელი დატოვეს (დანიელი 6, 22). შესცოდა სიცრუისმთქმელმა წინასწარმეტყველმა, - და გზად ლომი შემოეყარა და მოკვდინებულ იქნა (3 მეფეთა 13, 24); სიცრუით შეისვარა სახე და ლომმაც ვერ იცნა იგი. ლომს რომ, დანიელის მსგავსად, მასში წინასწარმეტყველი დაენახა, პატივსაც მიაგებდა; მაგრამ იგი ცრუწინასწარმეტყველს წააწყდა და ამიტომაც დაესხა თავს, როგორც უცხოს; მეუფემ იცრუა და მონაც ეცრუვა მის მეუფებას. მაგრამ რას ვამბობ მე საშინაო უბედურებებზე, როცა თავად ჩვენი სხეულიც კი, რომელიც ყველაზე ახლობელი და სასურველია ჩვენთვის, ზოგჯერ ისიც კი გვმტრობს, როდესაც შევცოდებთ, და სამაგიეროს გვიხდის ციებ-ცხელებით, სხვა სნეულებითა და სატანჯველებით, - თუკი მონებრივი სხეულიც სჯის მეუფებრივ სულს, როდესაც იგი შესცოდებს, არა იმის გამო, რომ მას ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ასე ებრძანა. ამას მოწმობს ქრისტე, რომელიც განკურნებულ პარალიზებულს ეუბნება: „აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ" (იოანე 5, 14). მაშ, შევიტყვეთ რა, ძმანო, რომ შინაომებიც, მოყვასისაგან და მონათაგან ჯანყიც, ხორციელი ავადმყოფობებიც უმეტესწილად ჩვენი შეცოდებების გამო ხდება ხოლმე, მოვსპოთ უბედურებათა წყარო - ცოდვა.

 

როცა შესცოდებ, თავის მართლებას ნუღარ მოჰყვები

შემცოდეობა - ბოროტებაა; მაგრამ ბევრად უფრო დიდი ბოროტებაა - იუარო ცოდვის ჩადენა. სწორედ ესაა განსაკუთრებულად ეშმაკის ხელში იარაღი. ასე მოხდა პირველქმნილ ადამიანებთანაც. მაშინ, როცა ადამს შეჰფერდა ცოდვაში გამოტეხილიყო, მან ცოლს გადააბრალა, ცოლმა კი თავის მხრივ - ეშმას. უნდა ეთქვა კია: შევსცოდე, უსჯულოება-ვჰყავი, - სხვები კი არათუ არ აღიარებენ ცოდვას, არამედ თავის მართლებასაც კი იწყებენ. რამეთუ იცის რა ეშმამ, რომ ცოდვის აღიარება ცოდვისაგან ათავისუფლებს, სულს უსირცხვილო სიჯიუტისაკენ ეწევა. შენ კი, საყვარელო, როცა შესცოდებ, თქვი: მე შევცოდე. ამაზე უფრო სამართლიანი თავის მართლება არ არსებობს. ამგვარად შენ მოწყალე-ჰყოფ ღმერთს; ამ გზით შენც უფრო თავდაჭერილი გახდები იმავე ცოდვების მიმართ. ხოლო თუ არაფრისმთქმელი თავისმართლებების ძებნას შეუდგები და შეეცდები სულის შიშისგან განთავისუფლებას, ამით მას კიდევ უფრო განაწყობ იმავე ცოდვების მიმართ და დიდად განარისხებ ღმერთს.

 

ცხონების იმედი არ უნდა გადაიწურო

ნუ მეტყვი: დავიღუპე მე, რაღა დამრჩენია გავაკეთო? ნუ მეტყვი: შევცოდე, რაღა ვქნა? შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულებაზე მაღლა დგას; შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულების ძალას ამარცხებს, შენ გყავს მკურნალი, რომელიც ერთი შებერვით კურნავს; შენ გყავს მკურნალი, რომელსაც ძალუძს და სურს შენი განკურნება. თუკი მან არარაობისაგან გამოგიხმო, მით უფრო ძალუძს შენი გამოსწორება, უკვე არსებულისა და შელახულისა. ნუთუ არ გსმენია, თუ როგორ აიღო მან მიწისაგან მტვერი და შექმნა ადამიანი? მიწა როგორ აქცია ხორცად? როგორ შექმნა ნერვები, როგორ ძვლები, როგორ კანი, როგორ ძარღვები, როგორ ცხვირი, როგორ თვალები, როგორ წამწამები, როგორ ყვრიმალები, როგორ მკერდი, როგორ ხელები, როგორ ფეხები, როგორ ყველაფერი დანარჩენი? აიღო მიწა, ერთი ნივთიერება; მიუსადაგა ხელოვნება - და წარმოქმნა მრავალფერი ქმნილება. შენ არ შეგიძლია თქვა, როგორ შეიქმენი? ზუსტად ასევე არ შეგიძლია თქვა, როგორ აღმოიფხვრება ცოდვები. თუკი ეკალნარში მოხვედრილი ცეცხლი ფერფლად აქცევს მას, მით უფრო აღმოფხვრის ძირფესვიანად ღვთის ნება ჩვენს შეცოდებებს და ცოდვილს უცოდველის დარს გახდის. ნუ იკითხავ, ეს როგორ ხდება, ნუ გამოიკვლევ, ეს როგორ აღესრულება, არამედ გწამდეს სასწაულისა. შენ იტყვი: მე ბევრი შევცოდე და ჩემი ცოდვები დიდია; მაგრამ ვინაა უცოდველი? შენ იტყვი: მე მძიმედ შევცოდე, ყველა ადამიანზე მეტად და უარესად. მაგრამ შენთვის საკმარისია ასეთი მსხვერპლის შეწირვა: აღიარე, რომ შენ შესცოდე და ეს შენი გამოსწორების დასაბამი იქნება. მოსთქვამდე, გული გიჩუყდებოდეს, ცრემლები ღვარე. რაიმე სხვას ღვრიდა განა მეძავი? სხვას არაფერს, სინანულის ცრემლის გარდა. მან თავის წინამძღოლად სინანული გაიხადა - და მოვიდა წყაროსთვალთან.

 

ყოველდღიურ თვითგამოცდაზე

ვახშმის შემდგომ, როდესაც ძილად მიხვალ, როცა დასაწოლად ემზადები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, როდესაც არავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, შენ დაიწყე სინდისის გასამართლება, ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვე, თუ დღის განმავლობაში როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა, როგორ ზრახავდი მოტყუებას, ან რა მახეს უგებდი მოყვასს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს; ყოველივე ეს ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოადგინე, სინდისი მსაჯულად დაუყენე ამ მანკიერ ფიქრებს, გაანადგურე ისინი, განსაჯე, დასაჯე შემცოდე სული... თუკი მანკიერი გულისთქმების დასჯაა საჭირო, რათა ისინი საქმედ არ იქცნენ, მით უფრო საჭიროა სულით შემუსვრილება ამგვარ საქმეებსა და გულისსიტყვებზე. და ეს ყოველდღიურად ასე იყოს, და იმაზე უწინ ნუ დაიძინებ, ადამიანო, ვიდრე თვალს არ გადაავლებ და განსჯი დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებს; მაშინ, უეჭველია, მომდევნო დღეს ასეთი ჩქარი აღარ იქნები მსგავსი ჩანაფიქრის შესასრულებლად.

 

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მარხვა

წმინდა დიდმარხვის დროს, ჩვეულებისამებრ, ყველა იმას კითხულობს, ვინ რამდენი კვირა იმარხულა. და შეიძლება მოისმინოთ, რომ ერთნი მარხულობდნენ ორი კვირა, სხვები - სამი კვირა, ვინ - ყველა კვირა (დიდმარხვისა). მაგრამ რა სარგებლობაა, თუკი მარხვას კეთილი საქმეების გარეშე ვატარებთ? თუკი ვინმე იტყვის: „მთელი დიდმარხვა ვმარხულობდი"; შენ თქვი: მე მტერი მყავდა და შევურიგდი, ბილწსიტყვაობის ჩვევა მქონდა და მივატოვე, დამცინავი ვიყავი და განვიშორე ეს ბოროტი ჩვეულება. მეზღვაურთათვის არანაირი სარგებლობა არაა იმაში, თუკი ისინი ვრცელსა და დიდ ზღვას გადასცურავენ; არამედ სარგებლობა იმაში მდგომარეობს, თუკი ნავთსადგურში ტვირთითა და სხვადასხვა საქონლით მიცურდებიან. და ჩვენთვისაც არანაირი სარგებლობა არ იქნება მარხვისგან, თუკი მას როგორღაც და განსჯის გარეშე გავატარებთ. თუკი ჩვენ ვმარხულობთ, ვიკავებთ რა თავს მხოლოდ საზრდელისგან, მაშინ, ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მარხვაც მთავრდება. ხოლო თუ თავს ცოდვებისაგან ვიკავებთ, ამ მარხვის დამთავრების შემდეგაც გრძელდება იგი და მისგან ჩვენ მუდმივი სარგებლობა გვექნება, და უწინარეს ცათა სასუფეველისა, იგი აქვე მოგვიზღავს არაერთ ჯილდოს. როგორც ცოდვებში მყოფი გეენიამდე ისჯება სინდისის ქენჯნით, ასევე კეთილი საქმეებით განმდიდრებული უწინარეს ცათა სასუფევლისა ტკბება უდიდესი სიხარულით, საზრდოობს რა კეთილი იმედებით.

 

მათ მიმართ, ვინც არა ღირსშესატყვისად მიეახლებიან წმიდა ზიარებას

მორწმუნეთაგან მრავალნი ისეთ უგუნურებასა და მცონარებამდე მივიდნენ, რომ არიან რა აღვსილნი აურაცხელი ცოდვებით და სრულებითაც არ ზრუნავენ რა საკუთარ თავზე, უდიერად და, როგორც მოუხდებათ, მიეახლებიან დღესასწაულებში წმიდა ზიარებას; ის კი არ უწყიან, რომ ზიარების დრო განისაზღვრება არა დღესასწაულითა და ზეიმით, არამედ სუფთა სინდისითა და უმწიკვლო ცხოვრებით. როგორც იმას, ვინც საკუთარ თავში ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს, შეუძლია ყოველდღიურად ეზიაროს, ასევე, პირიქით, ცოდვებში ჩაფლულსა და უნანელისთვის სულაც არაა უსაფრთხო თუნდაც დღესასწაულებზე ზიარება. რამეთუ ის, რომ ჩვენ წელიწადში ერთხელ მივეახლეთ ზიარებას, სულაც არ გვათავისუფლებს დანაშაულისგან, თუკი უღირსად ვეზიარებით. პირიქით, სწორედ ეს გვაყენებს მეტი განკითხვის ქვეშ, რომ ვეზიარებით რა წელიწადში ერთხელ, მაშინაც კი არ მივეახლებით ზიარებას წმინდად; ამიტომ ყველას გთხოვთ, საღვთო საიდუმლოებებს არ მიეახლოთ მხოლოდ დღესაწაულის გამო, არამედ, როდესაც თქვენ გსურთ ამ წმიდა ძღვენის ზიარება, მანამდე რამდენიმე დღით ადრე ეცადეთ თავი სინანულით, ლოცვებით, მოწყალებითა და სულიერი საქმიანობით განიწმინდოთ, და უკან ნუღარ დაბრუნდებით, როგორც ძაღლი - საკუთარ ნარწყევში. მართლაცდა, განა საშინელება არაა - ხორციელ საგნებზე ესოდენი ზრუნვა გამოიჩინონ, რომ დღესასწაულის მოახლოებისას, რამოდენიმე დღით ადრე, სკივრები გახსნან და ყველაზე საუკეთესო კაბა ამოიღონ, მოამზადონ იგი, შეიძინონ ფეხსაცმელები, საკვები უხვად მოიმარაგონ, ჩაიფიქრონ ათასგვარი სასყიდელი და ყველანაირად მოირთონ და მოიკაზმონ; სულზე კი, რომელიც სავსებით უგულებელსყვეს და დატოვეს არაწმიდად, შერყვნილად და შიმშილით გათანგულად და სრულიად მოუწყობელად, სულაც არ ზრუნავენ, სხეული აქ მორთული შემოიყვანონ, სული კი შიშველი და უსახური დატოვონ? ამასთან, შენს სხეულს შენივ მსგავსი მონა ხედავს, ხოლო სულს - უფალი, და მისი უგულებელსყოფისათვის უდიდეს სასჯელს მოგიზღავს. ნუთუ თქვენ არ იცით, რომ ეს ტრაპეზი სავსეა სულიერი ცეცხლით და როგორც წყაროსთვალები გამოადინებენ საკუთარი თავიდან ბუნებრივ წყალს, ასევე ამასაც გააჩნია თავის თავში რომელიღაც გამოუთქმელი ალი? ამიტომაც მას ნუ მიეახლები ჩალით, შეშითა და თივით, რათა შენ არ გააძლიერო აალება და მაზიარებელთა სული არ დაწვა, არამედ მიეახლე ძვირფასი თვლებით, ოქროთი და ვერცხლით, რათა ნივთიერებაჲ ესე უფრო გაასუფთაო და აქედან შენც დიდი შენაძენით გახვიდე. თუკი შენს სულში რაიმე ცუდია, განაგდე, გააძევე იგი მანდედან. ვინმეს მტერი ჰყავს და დიდი წყენა მიადგა მისგან? დე ასეთმა შეწყვიტოს მტრობა, დე დააშოშმინოს ანთებული და გაღიზიანებული სული, რათა შიგნით არანაირი შფოთი და მღელვარება არ იყოს. ზირების გზით შენში შემოვალს მეფე; ხოლო როდესაც დიდი სიჩუმეა, დიდი სიმყუდროვე, - გულისსიტყვებშიც უდიდესი მშვიდობაა.

 გაგრძელება...