„ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს!"

ომების ისტორიებიდან უამრავი მაგალითია ცნობილი, თუ როგორ გადარჩენილან უვნებლად ცხარე ბრძოლებიდან, სადაც ასობით მეომარი იღუპებოდა, მხოლოდ ისინი, რომელთა დედებიც გულმხურვალედ ლოცულობდნენ შვილებისათვის. რა ყოვლისშემძლეა დედის ლოცვები და რა ნაზად უსმენს დედის წუხილს სამყაროს გულმოწყალე შემოქმედი. აი, ერთი საოცარი ამბავი ჩვენი ახლო  წარსულიდან, რომელიც დედის ლოცვის ძალის აშკარა და ნათელი გამოხატულებაა.

„ცარსკოე სელოში", პეტერბურგიდან ოცდახუთი კილომტერის დაშორებით, საგვარეულო ზნამენსკის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ძველი, სასწაულთმოქმედი ხატი „Знамение Богоматери", რომელთანაც უამრავი სასწაული აღსრულებულა.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ სმოლენსკელ მემამულე ქალს ე. დუდინსკაიას ჰყავდა ვაჟიშვილი, ფლოტის ოფიცერი. მისი გემი შავ ზღვაზე შორეულ მოგზაურობაში გადიოდა და ამიტომ ქალმა ცარსკოე სელოს მიაშურა, რათა ზემოხსენებული ხატის წინ ელოცა და ასე დაელოცა გზა შვილისათვის. „ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს, შენზე მინდობილი ჩემი იმედი, დამიბრუნე იგი უვნებელი ზღვის ქვეშეთიდანაც კი!" - გულმხურვალედ ილოცა ქალმა და შვილს დაემშვიდობა.

გემი საშინელ შტორმში მოხვდა. ის დაიმსხვრა, დაილეწა, მთელი ეკიპაჟი ზღვის ტალღებმა შთანთქა. ქალბატონ დუდინსკაიას შვილი ტალღებმა გადმოაგდო გემის ბორტიდან. სიკვდილი გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა კაცს ცარსკოე სელოს ხატი გაახსენდა და მთელი რწმენით მოუხმო ღვთისმშობელს: „დედაოფალო ზეცათაო, დედამ ჩემი თავი შენ შეგავედრა, გადამარჩინე მისთვის!"

ამ დროს ტალღამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ გონება დაკარგა. არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე. გონს რომ მოვიდა, ზღვის ნაპირზე იწვა. მან გულწრფელი მადლობა გადაუხადა ღვთისმშობელს გადარჩენისათვის.

განა აქ კიდევ რამის დამატებაა საჭირო?!

 

არანაკლებ საოცარია მღვდელ ალექსანდრე რომანოვსკის ნაამბობი. ამ შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, რომ შვილების ბედი ძალზე მნიშნველოვანწილად სწორედ დედის ხელშია.

აი, ეს ამბავი:

„ათი წლის წინათ ერთი ბატონის ოჯახში დავდიოდი - მის შვილებს საღვთო სჯულს ვასწავლიდი. ერთ-ერთი ბიჭუნა, შვიდი წლისა, გაცივდა და მძიმედ ავად გახდა - კრუპი, ბავშვის ძალიან საშიში ყელის სნეულება დაემართა. ექიმების მთელმა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა - საქმე უკან და უკან მიდიოდა. ბოლოს ექიმებმა უმწეოდ ჩაიქნიეს ხელი - დედას უთხრეს, რომ ბავშვს მხოლოდ რამდინიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენოდა.

ბავშვის დედა ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. მან, თავზარდაცემულმა, ავადმყოფი შვილი მიატოვა და სამრეკლოში გაიქცა. იქ „ივერიის ღვთისმშობლის" სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული. მისი თხოვნით ავადმყოფი ბავშვისათვის ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს. მუხლებზე დამხობილი ქალი მთელი გულით ევედრებოდა ყველა ქრისტიანის დედას, გადაერჩინა მისი შვილი. მან ხატის წინ კანდელიდან ცოტა ზეთი წამოიღო და შინ დაბრუნებულმა იმით დაზილა შვილი, თან განუწყვეტლად, მხურვალე ლოცვით მიმართავდა ღვთისმშობელს, ეჩუქებინა მისთვის შვილი.

ექიმი დამწუხრებული უცქერდა დედის საქციელს - მან არ იცოდა, რა ერჩია მისთვის. ბოლოს, მხოლოდ იმისთვის, რომ რამე მოემოქმედა, ავადმყოფ ბავშვს პირღებინების წამალი მისცა, რადგან, მისი აზრით, ყველაფერი უკვე სულერთი იყო - ბავშვი კვდებოდა.

დამწუხრებულმა დედამ კიდევ ერთი მხურვალე ლოცვით მომაკვდავ შვილს პირში წამალი ჩაასხა. ბავშვმა გაჭირვებით ჩაყლაპა წამალი. მალე პირღებინება აუტყდა, შეშინებულმა დედამ ბავშვს პირთან ორივე ხელი შეუშვირა და რას ხედავს!.. ის წანაზარდი, რომელსაც ბავშვის ყელი ჩაეკეტა, სუნთქვა შეუხუთა და ახრჩობდა, პირდაპირ დედის ხელებში ჩავარდა. ბავშვმა ამოისუნთქა და მალე სრულიად მოიხედა.

ყველაზე მეტად ექიმი გაოგნდა. მან ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ აქ მედიცინა არაფერ შუაში იყო და რომ ეს ყოველივე მთლად ღვთის განგებულების გამოხატულება იყო. არანაკლებ გაოცებული ვუყურებდი მე ყველაფერ ამას. ნათელი იყო - ეს მორწმუნე და ღვთისმშობლის მსასოებელ დედას აჩუქა მეორედ შვილი უფალმა."

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.