უფლის ტაძრად მიყვანება
ესე არს ღვთისაგან - სიტყვა ღვთისა, ჩვენთვის
განკაცნა და იხსნა კაცნი, მას თაყვანისვცემდეთ
ისრაელის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ და ეგვიპტელი პირმშოების სიკვდილით დასჯის მოსახსენებლად საღვთო სჯული ებრაელთაგან მოითხოვდა, რომ მამრობითი სქესის ყველა ყრმა, როგორც უფლის საკუთრება, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ტაძარში მიეყვანათ, ღვთისათვის შეეწირათ და უფლისაგან გამოესყიდათ: ამას ყრმის ტაძრად მიყვანება ეწოდებოდა. ქალწული მარიამის პირმშომ შეასრულა სჯული: ტაძარში მიიყვანეს და გამოისყიდეს ის, ვინც მიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ თავისი სიკვდილით განეწმინდა, გამოესყიდა და მარადიული ცოდვისა და სიკვდილისაგან აღედგინა ადამიანები.
მოსეს სჯულის მიხედვით ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, შვიდი დღის განმავლობაში არაწმინდად ითვლებოდა და შემდეგ ოცდაცამეტი დღის განმავლობაში მას საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. პირმშოს შობიდან მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა წასულიყო და როგორც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, ღვთისათვის ერთი წლის კრავი, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილი გვრიტი ან მტრედის ხუნდი შეეწირა. ამ წესის აზრი ისაა, რომ თუკი შვილიერება ღვთის საჩუქარია, მაშინ თუ არა ღმერთს, სხვას ვის უნდა შევწიროთ ამ საჩუქრის პირველი ნაყოფი. ებრაელები მოვალენი იყვნენ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად შეეწირათ პირმშოები, რადგან მან, ეგვიპტელ პირველნაშობთა მოწყვეტის დროს, მათ პირმშონი დაინდო.
ქალწული მარიამი უფლის დედა გახდა, შობით განიწმინდა და კვლავ განუხრწნელ წმინდა ქალწულად დარჩა, ამიტომ მას განწმენდა არ სჭირდებოდა, მაგრამ მორჩილების გამო დადგენილ წესს არ გადაუხვია. ის არ გაამპარტავნებულა თავისი სიწმინდით, არამედ ტაძრის კარიბჭესთან მიახლოებისას იმ ადგილას გაჩერდა, რომელიც მელოგინეებისთვის იყო განკუთვნილი. მან მიიტანა მსხვერპლი, მაგრამ ეს ღატაკების მსხვერპლი იყო: წყვილი მტრედის ხუნდი. ღვთისმსახურთაგან მსხვერპლის მიღების და ყოვლადდასაწველის შეწირვის შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთაებრივი ყრმით ხელში, იოსების თანხლებით ტაძარში შევიდა.
ამ დროს სულიწმინდის შთაგონებით ტაძარში მოვიდა მოხუცებული სვიმეონი, მიმადლებულ მარიამს მიუახლოვდა და ახლადშობილი მიირქვა. ამიტომაც ვუწოდებთ მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელს. წმინდა სიხარულით შეპყრობილმა მოხუცებულმა განადიდა ღმერთი და ქვეყნიერების მხსნელს წინასწარმეტყველურად უგალობა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა".
წმინდა წერილი ამ სვიმეონის შესახებ ამბობს, რომ ის იყო „კაცი მართალი და ღვთისმოსავი, ისრაელის პირმშო". საეკლესიო საგალობლებში სვიმეონი ღვთისმსახურად და მღვდელმთავრად იხსენიება, რომელიც სჯულისაებრ მსხვერპლს სწირავდა. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ სვიმეონი, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსწავლული ადამიანი იყო, იმ 72 განმმარტებელს შორის შედიოდა, რომლებიც ეგვიპტელი მეფის პტოლემიოს-ფილადელფოსის ბრძანებით წმინდა წერილს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ, ნიკიფორე კალისტისის ისტორია გადმოგვცემს, რომ წინასწარმტყველ ისაიას პირველი წიგნის თარგმნისას, სვიმეონი შეჩერდა ცნობილ წინასწარმეტყველებაზე: „ქალწულმან მუცლად იღოს" - სურდა ეს ადგილი გადაესწორებინა, სიტყვა ქალწული გადაეხაზა და ქალი ჩაეწერა, მაგრამ მოვლენილმა ანგელოსმა მას ხელი უპყრა და წინასწარმეტყველების შესწორება აუკრძალა, თანაც უთხრა, რომ სიკვდილს მანამ ვერ იხილავდა, სანამ ეს წინასწარმეტყველება არ აღსრულდებოდა: „ერწმუნე წერილს; მის აღსრულებას შენი თვალით იხილავ". ამის შემდეგ სვიმეონი ყოველდღიურად დადიოდა ტაძარში და სულიწმინდის ჩაგონებით მან იცნო ქალწული მარიამი ყრმა უფლით ხელში, რადგან ისინი არაჩვეულებრივი ნათელით იყვნენ გაბრწყინებულნი.
„განუტევე მონა შენი მეუფეო, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი" - შესძახა ღვთაებრივი აღტაცებით შეპყრობილმა სვიმეონმა. მართალი მოხუცებული იესოს ისე კი არ მოეპყრა, როგორც ახალშობილს, არამედ, - როგორც მეუფესა და უფალს, რომელსაც უფლება აქვს დაასრულოს სხვისი სიცოცხლე, ანდა პირიქით, გაუხანგრძლივოს მიწიერი არსებობა.
როდესაც ახალშობილი კვლავ მარიამს დაუბრუნა, სვიმეონმა დალოცა ის და იოსები. სულიწმინდის ჩაგონებით სვიმეონმა განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარზე ვნება, მისი დედის ცრემლი და მწუხარება და თავისი წინასწარმეტყველება გააგრძელა: „აჰა, ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვისსაგებელად და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი". შენმა ძემ - განმარტა მან - ამქვეყნად ხსნა მოიტანა, მაგრამ ყველა როდი ისარგებლებს ამით, დაცემისაგან აღდგინება იქნება ის თავის მიმდევართა და მორწმუნეთათვის, მაგრამ დასანთქმელი ქვა - მათთვის, ვინც მას არ ირწმუნებს და განაგდებს. ის ყოველთვის დაპირისპირების საგნად იქცევა, რათა განცხადდეს ადამიანთა ზრახვები: ადამიანები მხსნელს სასიკვდილოდ მისცემენ და შენ ყველა ამ სატანჯველის მოწმე იქნები: და თვით შენს სულშიც მახვილი გაივლის - ამგვარი იყო წინაუწყება ძველი აღთქმის წარმომადგენლის სვიმეონისა, რომელიც ახალი აღთქმის პირმშოს, აღთქმული მესიის მოსვლას მიეგება.
თითქოს მარადიული ყრმის სრული განდიდებისათვის მათ მიუახლოვდათ ანნა წინასწარმეტყველი, წმინდა ქვრივი, რომელიც ტაძართან ცხოვრობდა, სულიწმინდის შთაგონებით მან ღმერთს ქება შესწირა და ადიდებდა ღვთაებრივ ყრმას ყველა იმის გასაგონად, ვინც იერუსალიმში ხსნასა და გადარჩენას ელოდა. ანნა იყო ფანოელის ასული, ასურის ტომიდან, - სიმდიდრით, ძლიერებით და ამასთან მოკრძალებითა და სიმშვიდით ცნობილი. შვიდი წელი ცხოვრობდა იგი ქმართან, მისი სიკვდილის შემდეგ თავი ღმერთს მიუძღვნა და იერუსალიმის ტაძარს ემსახურებოდა. მარხვით, ლოცვითა და შრომით ილეოდა მისი დღეები და ამგვარად მიაღწია 84 წლის ასაკს, როდესაც უდიდესი სიხარული მიენიჭა - იხილა და განადიდა ქვეყნიერების მხსნელი. წმინდა ეკლესია მას ყოვლადქებულ ქვრივს უწოდებს, უმანკოს, მეუდაბნოესა და წინასწარმეტყველს მიმსგავსებულს.
განწმენდის ყოველგვარი წესის აღსრულების შემდეგ წმინდა ოჯახი ნაზარეთში დაბრუნდა.
უფლის მირქმის დღესასწაული უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ 2 თებერვალს აღესრულება - ათორმეტთა შორის, რითაც დასტურდება უეჭველი ჭეშმარიტება, რომ ქრისტე ქვეყანაზე განცხადდა არა აზრობრივად, როგორც მოჩვენება, არამედ ჭეშმარიტად. მეორე დღეს 3 თებერვალს, ეკლესია სვიმეონ ღვთისმიმრქმელს და ანნა წინასწარმეტყველს იხსენიებს - ღვთის ნებით სვიმეონის სიცოცხლე ჩვეულებრივზე მეტად გახანგრძლივდა, რათა მას საკუთარი თვალით ენახა ყრმა უფალი და მშვიდობით გადასულიყო მარადიულ ცხოვრებაში.
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.