უფლის წინადაცვეთა
სჯულისა შემოქმედი სჯულსა აღასრულებს
ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთაებრივ ყრმასთან და იოსებთან ერთად ბეთლემის გამოქვაბულში 40 დღე გაატარა, პირველი წუთებიდანვე დაიწყო ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთისა მსახურება.
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს. იესო ნიშნავს მხსნელს, ანუ გამომსყიდველს. ყოველ ებრაელს შეეძლო ეს წესი ჩაეტარებინა, მაგრამ უპირატესობა ოჯახის უფროსს ენიჭებოდა. ის სათავეს აბრაამიდან იღებდა და შემდეგ სინას მთაზე მიღებული სჯულით განმტკიცდა, თვით მოსესაც კი სიკვდილით დაემუქრა უფალი, თუ თავის ვაჟზე ამ წესს არ აღასრულებდა.
ძველ აღთქმაში ეს წმინდა ჩვეულება უფალსა და აბრაამის შთამომავლობას შორის დადებული აღთქმის ნიშანი იყო და ქრისტიანული საიდუმლოს - წმიდა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. წინადაცვეთა იყო ღვთივრჩეული ხალხის განმასხვავებელი ნიშანი და ისრაელის საზოგადოებაში აუცილებლად ითვლებოდა, ისევე, როგორც ქრისტიანობის მსურველის მონათვლაა აუცილებელი; როგორც ნათლისღება, ასევე წინადაცვეთა ნიშნავს ვნებების მოკვდინებას, ჭეშმარიტ მორჩილებას და უფალთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს.
ძე ღვთისა, ადამიანთა მოდგმის მხსნელი წინადაცვეთას არ საჭიროებდა, მაგრამ მიიღო ის სჯულის მიხედვით, რათა თავისი მიმდევრებისთვის საეკლესიო კანონების მორჩილება ესწავლებინა. შემოქმედმა და უფალმა ხატი მონისა მიიღო, რათა მის მიერ შექმნილი ბოროტებისა და სიკვდილის მონობისაგან ეხსნა.
უფალი ყოველთა და მეუფე წინაცვეთასა თავს იდებს და კაცთა ცთომასა, ვითარცა სახიერი განკვეთს და მოსცემს მაცხოვრებასა დღეს სოფელსა, დიდება მოწყალებასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყვარეო.