უსინათლო გოგონას განკურნება
ეს მართლაც საოცარი და სულისშემძვრელი ამბავი ერთმა პეტერბურგელმა პატივცემულმა ქალბატონმა გვიამბო. მდინარე ვოლგის სანაპიროს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ჩამოსული სამგზავრო გემი მოადგა. ნავსადგომზე დიდძალი ხალხი გადმოვიდა. 12 წლის გოგონა რაღაცა განსაკუთრებული სიხარულით აღტაცებული არბოდა კიბეზე. ხან კიბის ერთ მოაჯირს მიაწყდებოდა, ხან - მეორეს; თან ხმამაღლა ეძახდა დედას: „დედიკო, დედა! აქეთაც გავიხედავ, იქითაც გავიხედავ!"
დედა-შვილი რომ მომიახლოვდა, - იგონებს ქალბატონი ელისაბედი (ასე ერქვა პეტერბურგელ ქალბატონს) - გოგონას მივმართე: „შვილო, კიბეზე რომ ამოდიოდი და აქეთ-იქით მოაჯირს აწყდებოდი, შიშით გული მისკდებოდა, არ გადავარდნილიყავი, ხომ დაიმტვრეოდი?!"
გოგონას ნაცვლად დედამისმა მიპასუხა: „მეც მეშინოდა, მაგრამ ვერ დავუშალე. ახლა მას განსაკუთრებული სიხარულის დღეები აქვს, ყველაფრის ნებას ვაძელევ და თვითონაც ვიზიარებ მის სიხარულს". და დედამ უცნობ ქალბატონს ისეთი სასწაულებრივი ისტორია უამბო, რომლის მსგავსი მხოლოდ წმიდა სახარებაში თუ წაგვიკითხავს ცოდვილ ადამიანებს.
ეს ამბავი ხარკოვში, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებთან მომხდარა ტაძარში. აი, ბედნიერი დედის ნაამბობი:
„ჩემი შვილი - ვერიკო ბრმა დაიბადა. უსაზღვროდ ვიტანჯებოდი ამის გამო - დღე და ღამე მოსვენება არ მქონდა, საუკეთესო თვალის ექიმებთან დამყავდა. პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო: ეს უკურნებელი სენია.
ამასობაში ვერიკო თორმეტი წლის გახდა. ერთადერთი ღმერთის და წმინდა სერაფიმეს იმედიღა მქონდა. გადავწყვიტე ტაძარში წავსულიყავი და თან ჩემი შვილიც წამეყვანა. ასეც მოვიქეცი.
მთელი პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვსულვართ, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებს არ მოვცილებივართ - ცრემლებით ვევედრებოდი შველას, მეოხებას ღვთის წინაშე. რათა ვერიკოსათვის მხედველობა მიეცა, მაგრამ ჩვენი თვალცრემლიანი ვედრება წმინდა სერაფიმეს თითქოს არც ესმოდა.
ბოლოს გადავწყვიტე, სახლში დავბრუნებულიყავით. დარდისგან გული მიწუხდა, მაგრამ ამავე დროს ღმერთის სასოებას და წმ. სერაფიმეს დახმარების იმედს არ ვკარგავდი. უკვე უშუალოდ შინ წამოსვლის წინ საბოლოოდ ერთხელ კიდევ შევედით ტაძარში და მამა სერაფიმეს წმიდა ნაწილებთან ორივემ მუხლი მოვიყარეთ. ვერიკოს ქვითინით ვუთხარი: „ილოცე, შვილო, გულმხურვალედ ილოცე, იცოდე, ღმერთს ყველაფერი შეუძლია". თვითონაც ცხარე ცრემლებით ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვით მე და ჩემი შვილი.
მე ყველაფრისათვის მზად ვიყავი; მზად ვიყავი თავიც კი გამეწირა, ოღონდაც ჩემ შვილს შველებოდა. შვილის უბედურებით გულდათუთქულ დედაზე საცოდავი ვინ შეიძლება იყოს?!
უცებ ჩემმა ვერიკომ მთელი ხმით დაიყვირა: „დედა, ვხედავ! დედა, ვხედავ!" მე ყურებს არ დავუჯერე".
ქალი ცოტა ხანს გაჩუმდა. თითქოს ყველაფერი თავიდან გაუცოცხლდა თვალწინ, თავიდან გადაიტანა ის განცდები. მერე განაგრძო: „სიხარულით აღვსილი ვერიკო ყველაფერს ხელით ეხებოდა - წმინდა ნაწილების ლუსკუმას, წმინდა ჯვარს, სახარებას. ყველაფერი აოცებდა, აინტერესებდა.
ჩემი მაშინდელი მდგომარეობა სიტყვებით არ გადმოიცემა. თავი სიზმარში მეგონა. შვილთან ერთად ვხარობდი, ვმადლობდი უფალს და წმიდა სერაფიმეს. ხარობდა ყველა, ვინც ამ ამბავს შეესწრო; ყველა ადიდებდა ღმერთს". ქალი გაჩუმდა. ანდა სათქმელი რაღა იყო.
„დედამ თხრობა რომ დაასრულა, - თქვა ქალბატონმა ელისაბედმა, - გოგონასთან მივედი, სასწაულგადანახადი მისი თვალები დამენახა, ძვირფასი ზურმუხტებივით რომ უბრწყინავდა ლამაზ სახეზე. წამწაებზე რაღაც ძალიან წვრილი, ვარდისფერი ძაფივით ემჩნეოდა, რომელიც თითქოს მისი ყოფილი სიბრმავის ნიშანი იყო".
უნებურად გახსენდება სახარებისეული იგავი ბრმადშობილის განკურნების შესახებ და ის, რაც ამ იგავთან დაკავშირებით მაცხოვარმა ბრძანა: ამგვარი ხილული სასწაულები იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა ცხადლივ დაინახონ უფლის ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტი რწმენის ასევე ყოვლისმომცველი ძალა. დაბადებიდან ბრმის განკურნება მედიცინას არ შეუძლია. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ის, რაც არ შეუძლია კაცს. ამიტომ კვლავ და კვლავ ახდენს ყოვლადმოწყალე და ყოვლადშემწყნარებელი ზეცირუი მამა აგვარს სასწაულებს, რათა ერთხელ კიდევ შეგვახსენოს ცოდვით დაბრმავებულებს თავის არსებობა და თავისკენ მოგვიხმოს.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.