ვერცხლისმოყვარება - ძირი ყოველგვარი ბოროტებისა
* * *
ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. იოანე მოწყალე იცნობდა ერთ ძუნწ და ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსს. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მიდიოდა, თან წაიყვანა იგი და, რაკი იცოდა, რომ ეპისკოპოსს ჰქონდა ფული, უთხრა მას:
- მამა ტროილ, ახლა შენი რიგია, რომ ეს გლახაკები ანუგეშო მოწყალებით.
ტროილს არ უნდოდა მოწყალების გაცემა, მაგრამ შერცხვა წმინდა იოანესი და რაც ჰქონდა, სულ გასცა გლახაკებზე. მას კი 30 ლიტრა ოქრო ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, ძლიერ ინანა და ისეთ მოწყინებაში ჩავარდა, რომ აღარ დაეწვია იოანეს ტრაპეზზე. ემცნო წმიდა იოანეს სულიწმიდისაგან მიზეზი ტროილის მოწყინებისა, აიღო 30 ლიტრი ოქრო და მივიდა მასთან:
-მე მოგიტანე ის ოქრო, რომელიც შენ ჩემი თხოვნით გაეცი საავადმყოფოში. გამომართვი და მომეცი ხელწერილი, რომ შენ უარს ამბობ იმ ჯილდოზე, რაც გამზადებული იყო შენთვის მოწყალების გაცემის გამო.
ვერცხილმოყვარე ტროილმა დაივიწყა სირცხვილი და შიში ღმრთისა. დაინახა თუ არა ოქრო, მაშინვე გამოკეთდა. მან დაუწერა იოანეს ასეთი ხელწერილი: „კაცთმოყვარე უფალო! ჩემს ნაცვლად ჯილდო მიეცი იოანეს, ალექსანდრიელ პატრიარქს, რომელმაც დამიბრუნა მოწყალებისათვის გაცემული 30 ლიტრი ოქროს სანაცვლო."
იოანემ აიღო ხელწერილი, დაბრუნდა შინ, დადგა ხატებთან და საიდუმლოდ ლოცულობდა, რომ უფალს განეკურნა ტროილი ვერცხლისმოყვარეობისაგან.
მომდევნო ღამეს ტროილმა სიზმრად ნახა დიდებული სასახლე. შესასვლელში ოქროს ასოებით ეწერა: „სავანე და მარადიული განსასვენებელი ეპისკოპოს ტროილისა". მას გაუხარდა, მაგრამ უეცრად ვიღაცა გამოეცხადა მოსამსახურეებს და სამყაროს შემოქმედის სახელით უბრძანა, წაეშალათ ოქროს წარწერა და მის ნაცვლად დაეწერათ: „„სავანე და მარადიული განსასვენებელი იოანესი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა, რომელმაც იგი შეიძინა 30 ლიტრი ოქროს საფასურად".
ტროილს შიშისაგან გამოეღვიძა, სინანული ჩაეღვარა გულში, მიხვდა, რომ 30 ოქროს გამო ცათა სასუფეველი დაკარგა და სასწრაფოდ გაიქცა იოანესთან. უამბო ყველაფერი და შენდობა ითხოვა. იოანემ იგი მრავალი რჩევა-დარიგებით დამოძღვრა, რის შემდეგაც ტროილი გახდა გლახაკთა მოყვარე და მოწყალე.
* * *
ღვაწლში მყოფი მამები ერთ მებაღეზე მოგვითხრობენ, რომელიც საკუთარ ბაღს ამუშავებდა და გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას ახმარდა, გამოკვებისათვის კი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იტოვებდა. გადიოდა დრო. ერთხელ სატანამ გულისთქმა შთაუნერგა: ფული დააგროვე, რომ მოხუცებულობაში და ავადმყოფობისას დანიშნულებისამებრ მოიხმაროო. მებაღემ თანხის გადანახვა დაიწყო და მალე დაგროვილი მონეტებით თიხის ჭურჭელი აავსო.
გავიდა ხანი, მებაღე ავად გახდა - ფეხი დაუჩირქდა; დაგროვილი ფული ექიმებს დაახარჯა, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს. ერთხელ გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და უთხრა: „თუ ფეხის მოკვეთაზე არ დათანხმდები, მთლიანად დაგიჩირქდებაო" და ოპერაციის დღე დაუნიშნა. ოპერაციის წინა ღამეს მებაღე გონს მოეგო, საქციელი შეინანა, ოხვრითა და ტირილით მოსთქვამდა: „მოიხსენე, უფალო, მოწყალებანი, რომელიც ბაღში მუშაობისას გამიცია და ავადმყოფებისათვის დახმარების ხელი გამიწვდია". როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - სად არის შენ მიერ დაგრივილი ფული? სადღა არის შენი იმედის საბაბი? მებაღე საკუთარ ცოდვას მიხვდა და შეჰღაღადა: „უფალო! შეგცოდე. მაპატიე, დღეიდან ადრინდელ საქმიანობას თავს ვანებებ". მაშინ ანგელოზი მის ფეხს შეეხო და განკურნა.
დილით ექიმები ოპერაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით მებაღესთან მივიდნენ და ავადმყოფი სახლში არ დაუხვდათ; კითხვაზე, თუ სად იყო, მიუგეს: „დილაადრიან სამუშაოდ ბაღში წავიდა". ექიმი იქითკენ გაემართა და მიწაზე მომუშავე - ყოფილი ავადმყოფი იხილა და უფალი განადიდა, რომელსაც წამისყოფით იმ ავადმყოფის განკურნებაც ძალუძს, ვისი განკურნებაც ექიმებს არ შეუძლიათ.
* * *
ალექსანდრიაში ერთი მორჩილი გარეგნობის ქალწული ცხოვრობდა, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელად ატარებდა ღვთის მიერ ბოძებულ მადლს - ქალწულებას; სინამდვილეში კი ხარბი, ჭირვეული და ფულისმოყვარე გახლდათ; უფრო მეტად ვერცხლისმოყვარე იყო, ვიდრე ქრისტესმოყვარე. თავისი ქონებიდან მოწყალებად მაწანწალის, ღარიბ-ღატაკის, ბერ-მონაზონის, ქალწულის, უბედურებაში მყოფი ადამიანის, ან კიდევ ეკლესიისთვის ერთ ოვოლსაც (ფულის ერთეული) კი არ გაიღებდა. მიუხედავად წმიდა მამათა მრავალჯერადი შეგონებისა, ხარბი ქალწული სიმდიდრის ტვირთისაგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა. მდიდარ ქალწულს ნათესავები მრავლად ჰყავდა და აღსაზრდელად დის ქალიშვილი აიყვანა. ახლადშეძენილ შვილს მთელი ქონების დატოვებას ჰპირდებოდა, ზეციური სასუფევლის არსებობა კი არ ახსენდებოდა.
ამგვარი ყოფა - ეშმაკის ცდუნებათა ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც ადამიანში ახლობლებისადმი სიყვარულის საბაბით მომხვეჭელობის ვნება ისადგურებს.
ალექსანდრიის მოწყალებათა სახლის ღარიბ-ღატაკთა თავშესაფრის პრესვიტერმა და ზედამხედველმა - წმიდა მაკარიმ განიზრახა სიხარბის სენისაგან განეკურნა ქალწულებრივი ღვაწლისგან განშორებული ალექსანდრიელი ვერცხლისმოყვარე ქალწული. ახალგაზრდობაში წმიდა მამა ქვისმთლელის ხელობას ფლობდა. ერთხელ წმიდა მაკარი მდიდარ შინაბერასთან მივიდა და უთხრა: „ძვირფასი ქვები - ზურმუხტი და იაგუნდი აღმოვაჩინე. მოპარულია თუ შეძენილი არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ შეუფასებელია. მფლობელი 500 ვერცხლად ჰყიდის. თუ ძვირფასი ქვების შეძენას აპირებ, თანხა მე გამატანე. შენაძენი ქალიშვილისთვის გამოგადგება". დისშვილზე ვითომ შეყვარებულ ქალწულს გაუხარდა, შესაძელბლობა რომ მიეცა, საყვარელი არსება თვალმარგალიტით შეემკო, წმიდა მამას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა: „ჰქმენ წყალობა! არავის მიჰყიდო". წმიდა მამამ უპასუხა: „წამომყევი და ძვირფასეულობა შენი თვალით იხილე". ხარბმა ქალწულმა კი 500 ვერცხლი ჩაუთვალა და მიმართა: „გთხოვ, თვითონვე მომართვა, რადგან იმ ადამიანთან შეხვედრა არ მსურს, ვინც მათ ჰყიდისო". წმიდა მაკარიმ მოპოვებული თანხა თავშესაფრის კეთილმოწყობას და კეთილდღეობას მოახმარა.
დიდი ხნის შემდეგ მდიდარი მოვალე წმიდა მამას ეკლესიაში შეხვდა და შეეკითხა: „სად არის ძვირფასეულობა, 500 ვერცხლად რომ შევიძინეო". წმიდა მაკარიმ უპასუხა: „როგორც კი ფული მომეცი, თანხა პატრონს მივუტანე და ძვირფასი ქვები გამოვართვი, თუ მათი ნახვა გსურს, თავშესაფარში წამომყევი და იხილავ". ხარბი ქალწული სიხარულით გაჰყვა. წმიდა მამის მიერ დაარსებული მოწყალების სახლი ორი სართულისგან შედგებოდა. მეორე სართულზე ქალები ბინადრობდნენ, პირველზე - კაცები. როდესაც ღარიბთა თავშესაფარს უახლოვდებოდნენ, წმიდა მაკარი შეეკითხა: „თავდაპირველად იაგუნდის თუ ზურმუხტის ხილვა გსურსო?" „როგორც ინებებ" - უპასუხა ქალწულმა. ბერმა ზემო სართულზე აიყვანა და დასნეულებული ქალები უჩვენა: „ეს იაგუნდია", შემდეგ ქვემოთ ჩამოიყვანა და დავრდომილ კაცებზე მიუთითა: „ეს კი - ზურმუხტი, ამაზე ძვირფასს ვერსად მოიძიებ, თუ არ მოგწონს, ფულს დაგიბრუნებ".
ხარბი ქალწული მოწყალების სახლიდან დარცხვენილი გამოვიდა და სახლში მისვლისთანავე მწუხარებამ შეიპყრო, რომ კეთილი საქმე ღვთის სიყვარულის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამის შემდეგ, გონს მოსული ქალწული თვალის ახელვისათვის წმიდა მამას დიდად ჰმადლობდა.
* * *
ნიტრიაში მცხოვრებ ერთ ბერ-მონაზონს, რომელიც თავშენახული უფრო იყო, ვიდრე ხარბი, დაავიწყდა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე 30 ვერცხლად იქნა გაცემული: ქარგვით 100 ოქრო დააგროვა და მალე მოკვდა, ოქრო კი დარჩა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ამ სავანეში მოღვაწე 5000 მამა შეიკრიბა, რათა შეთანხმებულიყვნენ, დარჩენილი ოქრო როგორ მოეხმარათ; ზოგი მათგანი - ღარიბ-გლახაკთათვის დარიგებას ამჯობინებდა, ზოგი ეკლესიისათვის შეწირვას არჩევდა, ზოგიერთი კი - გარდაცვლილის ნათესავებისთვის გადანაწილებას განიზრახავდა. მაგრამ წმიდა მამებმა მაკარიმ, ჰამვომ, ისიდორემ და კიდევ სხვა ღვაწლში მყოფმა მამებმა, რომლებშიც სული წმიდის მადლი მკვიდრობდა, დაადგინეს: 100 ოქრო ბერთან ერთად დაემარხათ და გარდაცვლილისათვის მიემართათ: „ეგ შენი ვერცხლი შენთანავე იყოს წარსაწყმედელად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღმრთის ნიჭი" (საქმე მოციქულთა 8, 20). ამ მოვლენამ ეგვიპტეში მოღვაწე მამები იმდენად შეაძრწუნა, რომ ერთი ოქროს მონეტის გადანახვასაც კი ცოდვად მიიჩნევდნენ. წმიდა მამების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, შესაძლოა მკაცრი მოგვეჩვენოს, მაგრამ დადგინების მიმღებელნი სული წმიდის ნების აღმასრულებელნი იყვნენ.