ჯგუფი "პრიზი" - "ღამის ქალაქი"
[ · გადმოწერა წაშლილია (83.6 MB) ]08.11.2018, 19:57

ჯგუფი პრიზი "ღამის ქალაქი"

ტრეკლისტი:

  1. ქალაქი ღამით (4:35)
  2. შენ დამნაშავე არ ხარ (5:12)
  3. მოუსმინე გულს (4:32)
  4. მუდამ იქნები ჩემთან (3:50)
  5. თოვს (3:47)
  6. გავუფრთხილდეთ ბუნებას (4:20)
  7. დუმილის დრო (5:13)

შემადგენლობა:

  • ლევან ლომიძე – ვოკალი, გიტარა
  • ზაზა კახიანი – გიტარა
  • გივი გოგუაძე – ბასი

როდესაც ათწლეულების წინანდელი მუსიკის ძიებასა და გამოკვლევას იწყებ, ძალაუნებურად იმ ეპოქის სტერეოტიპები გიპყრობს და ხშირად ელოდები იმას, რასთანაც შენთვის ისტორიის ის პერიოდი ასოცირდება. მაშ ასე, 1992 წელი, ეს-ესაა მოპოვებული დამოუკიდებლობა, არეულობა, დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება… ამ ყველაფრის გადმომცემად კაცი ალბათ ცივ, აგრესიულ და სასოწარკვეთილ მუსიკას ჩათვლი და ამასვე ელოდები.

ამიტომაც იყო, როდესაც ”პრიზის” მუსიკას ყური მოვკარი, გავოცდი: რამდენ თბილ, მზიან და დადებით გრძნობას განიჭებს ეს მარტივი სიმღერები! რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იმ პერიოდის თანამგზავრი მელანქოლიაც თან სდევს, მაგრამ ის იმდენად ლამაზია, რომ ხალხში იმთავად გამეფებული სასოწარკვეთა აქ ადგილს ვერ ჰპოვებს.

”პრიზი” 1988 წელს შეიქმნა და ისტორიას თავისი ერთადერთი ნამუშევარი დაუტოვა. ალბომი ძალიან მოკლეა, სულ 31 წუთი, 7 სიმღერით. ის გამოიცა ცნობილ ლეიბლ ”მელოდიაზე”. საბჭოთა კავშირის დროს მუსიკალური ინდუსტრიის საფეხურები (მუსიკოსი, ჩამწერი სტუდია, ფირფიტების ჩაწერა და გამოცემა) კოორდინირებული იყო და მისი დაშლის შემდეგ ამ ყველაფერმა, როგორც სჩანს, წელიწადნახევრის განმავლობაში ინერციით იარსება. ეს ალბომი ”მელოდიაზე” გამოცემული ერთ-ერთი ბოლო ქართული ჩანაწერი იყო, ვინაიდან ამის შემდეგ ზემოთნახსენები სისტემა მალევე ჩამოიშალა და ჩაქვრა.პირველი მოსმენისას ალბომის სიმღერები ოდნავ გემარტივება, მაგრამ დაკვირვებისას სჩანს ალბომში სინთეზირებული ბევრი განსხვავებული გავლენა და კომპონენტი, რომლის შეკავშირებაც ჯგუფმა ისე კარგად მოახერხა, რომ ფაქტობრივად ამ ფარულ ეკლექტიკას ვერც ამჩნევ. ასე, მაგალითად, ვოკალისტის უახლოესი ანალოგი ალბათ Depeche Mode-ს ფრონტმენი Dave Gahan-ი იქნება, მაგრამ ”პრიზის” ვოკალისტს ძირითადად მასზე ნათელი ტემბრი აქვს. სიმღერიდან სიმღერამდე კი ის, ემოციურობის მხრივ, მოქნილად ვარირებს: რბილი, მშვიდი გადმოცემიდან (”მუდამ იქნები ჩემთან”, ”გავუფრთხილდეთ ბუნებას”) გოთიკური როკისეულ სიპირქუშემდე (”დუმილის დრო”). ვოკალის და ზოგადი ჟღერადობის ”ოთხმოციანებასთან” ფარულად კონტრასტირებს გიტარა, რომელიც მუსიკას ხშირად ბლუზურ ობერტონებს აპარებს. ეს განსაკუთრებით იქ სჩანს, სადაც სხვამხრივ მინიმალურ არანჟირებას ბლუზური გიტარა ავსებს (”შენ დამნაშავე არ ხარ”, ”დუმილის დრო” – ასეთი საგიტარო პარტიები იშვიათად შემხვედრია) ანდაც უფრო მსუბუქ, ბალადურ სიმღერებში (”მოუსმინე გულს”, ”გავუფრთხილდეთ ბუნებას”) ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ლამაზი მელოდიზმი მთელი ალბომის განმავლობაში (ერთ სიმღერას ვერ ნახავ, რომელსაც ეს დაეწუნება) და დახვეწილი პოეზია. ალბომის სიმღერები ცოტ-ცოტა ყველაფერს ეხება: სოციალურ, ეგზისტენციალურ, რომანტიკულ, ეკოლოგიურ თემებს.

განსაკუთრებული კი ბოლოსთვის მოვიტოვე: ესაა ალბომის გამხსნელი სიმღერა ”ქალაქი ღამით”, რომელსაც მარტივი, მაგრამ ულამაზესი სავიოლინო პარტია ალბათ ქართული როკ-მუსიკის ერთ-ერთ კლასიკურ სიმღერად აქცევს… იქცეოდა ეს სიმღერა ჰიტად საზღვარგარეთ? ვინ იცის… მე მგონი, კი და შეიძლება ეპოქის საუკეთესო სიმღერათა კრებულებიც დაემშვენებინა.

საერთო ჯამში, ჩვენს წინაშეა ალბომი, რომელიც ოცი წლის გადმოსახედიდან, იმ ცივ და ბნელ ხანაში იმედის სხივად მოსჩანს. იგი ასახავს იმდროინდელ ატმოსფეროს, მაგრამ მას ოპტიმისტური, მეოცნებე თვალით გადმოგვცემს. ამისთვის ჯგუფს უღრმესი მადლობა. სასიხარულოა, რომ ეს მცირე მარგალიტი ისტორიას რელიქვიად შემორჩა. ამის გარდა, ჯგუფმა ორი კლიპი გადაიღო – ”დუმილის დრო” და ”მონა ლიზა”. ეს უკანასკნელი ალბომში არ შესულა; ამით ეს კლიპი კიდევ უფრო ფასეულია. მოკლედ, ”ღამის ქალაქი” იმ ეპოქის ალბომებს შორის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია. ამიტომაც, სუბიექტური ბონუსის გათვალისწინებით, მას ასე შევაფასებ: 8,5 / 10.

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?xni36vnw4co16yg
კატეგორია: ქართული ესტრადა | დაამატა: vasoelis | ტეგები: ღამის ქალაქი, ჯგუფი პრიზი, ჯგუფი, პრიზი
ნანახია: 465 | რამოტვირთვები: 190 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]