"ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ, ბედი არ გვციდიდეს
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი"
შოთა ნიშნიანიძე

სარჩევი
მთავარი » სტატიები » » ინტერვიუ [ სტატიის დამატება ]

+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი
"დივეევოს თხრილმა" შეიძლება საქართველოშიც გაიაროს


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

მოალერსე

წმინდა სერაფიმე საროველის სამშობლოდან - კურსკის ოლქის ჟელეზნაგორსკის ეპარქიიდან, არქიეპისკოპოსის თანაშემწე იური შიშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის - "მოალერსეს" ერთ-ერთი ასლი ჩამოაბრძანეს.
მცირე დელეგაცია რუსეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწვევით ჩამოვიდა. - პირველ რიგში, ისიც სერაფიმეა და მის ეპარქიაში კი წმინდა სერაფიმე საროველის მონასტერი არსებობს, მე კი მონათვლის შემდეგ გიორგი მიწოდეს და მართლაც, სხვა რა უნდა ერქვას ადამიანს, ვინც საქართველოში ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებსო, - ღიმილით მითხრა იური შიშკოვმა. - ღვთისმშობელი ყოველთვის წმინდანებთან ერთად მოგზაურობს და ამჯერად მასთან ერთად ჩამოვაბრძანეთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილის პატარა ხატიც, მისი სიწმინდითო.

 რამდენიმე დღის განმავლობაში სასწაულმოქმედი ხატი ვერაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში იყო დაბრძანებული და მის მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდიოდა. მეც სწორედ იქ მოვილოცე ხატი, რომელმაც იქვე ხილული სასწაულმოქმედი ძალა გვიჩვენა: შიგადაშიგ ნათდებოდა და გაოგნებულს გვტოვებდა ტაძარში მყოფთ.

იური შიშკოვი:
- ეს წმინდა მამა სერაფიმე საროველის უსაყვარლესი ხატია, "მოალერსე" ჰქვია. წმინდა მამა სერაფიმე ღვთისმშობლის წილხვედრი ბოლო - მეოთხე ადგილის - დივეევოს დედათა სავანის დამაარსებელი გახლავთ. მსოფლიოში ღვთისმშობლის წილხვედრი ოთხი ადგილია: ერთი ქვეყანა - ივერია (საქართველო), ათონის მთა - საბერძნეთში, კიევ-პეჩორის ლავრა - უკრაინაში და დივეევო - რუსეთში. 1930-იან წლებში დივეევოს მონასტერი დაანგრიეს, თუმცა მონაზვნებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადაარჩინეს და მონაცვლეობით ინახავდნენ. როდესაც მისი უკანასკნელი მცველი გარდაიცვალა, ხატი რუსეთის პატრიარქ ალექსანდრეს გადასცეს. ამ უკანასკნელმა თავისთან დაიტოვა და მას შემდეგ, როგორც უდიდესი სიწმინდე, რუსეთის საპატრიარქოს კარის ეკლესიაში ინახება. ჩვენ მიერ ჩამობრძანებული ხატი სწორედ იმ ხატის ერთ-ერთი ასლია. იგი 16 წლის წინ რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლოკოტში, ერთ ღვთისმოსავ ოჯახში აღმოაჩინეს. სხვათა შორის, ეს ადგილი გახლავთ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის უმცროსი ძმისა და დიდი მთავრის - მიხეილ რომანოვის ყოფილი მამული.

turinis sudaraამ კონკრეტული ხატის ისტორია ასეთია: 16 წლის წინ, ლოკოტის მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა სოფლის მაღაზიაში ღვთისმშობლის გამოსახულებით ვადაგასული კალენდარი შეიძინა. გამყიდველი მას გადაგდებას უპირებდა და ღვთისმშობელი რომ არ წაებილწათ, ღვთისმოსავმა ქალბატონმა გამოსახულება ამოჭრა და შინ, კედელზე ჩვეულებრივი საკანცელარიო სკოჩით მიაკრა. რაღაც ხნის შემდეგ ხატიდან მირონი გადმოდინდა. ეს ამბავი მაშინვე აცნობეს ადგილობრივ ეპარქიას. როდესაც ხატი კედლიდან ჩამოხსნეს, დაინახეს, რომ ღვთისმშობლის გამოსახულება მის უკანა მხარესაც გადასულიყო. აქედან მოყოლებული, ხატი სასწაულებს ახდენდა და იგი ფსკოვის დედათა მონასტერში წააბრძანეს. მის წინაშე მოხუცი გერმაგენი ლოცულობდა, რომელმაც თქვა: ამ ხატს უფალმა განსაკუთრებული თვისებები მიანიჭა, რითაც ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს - მასზე მლოცველი უნაყოფო ქალები ჯანმრთელ შვილებს გააჩენენ; კიბოთი და სხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებულები განიკურნებიან, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს - ცოცხლებს ან მკვდრებს იპოვნიან; ხატს თითოეული რწმენით მლოცველი ადამიანის ცხოვრების გზისა და ბედის შეცვლის ძალაც კი შესწევსო...

აგერ უკვე 16 წელიწადია, ხატს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავენ მორწმუნენი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ის მოგვიანებით გახდა - 2003 წელს, როდესაც რუსეთში წმინდა სერაფიმე საროველის განდიდების 100 წლისთავს ზარზეიმით აღნიშნავდნენ და მთავარი დღესასწაული საროვში ეწყობოდა. როგორც იცით, საროვი დახურული ქალაქია, რადგან საროვის მამათა მონასტერი, სადაც წმინდა მამა მოღვაწეობდა, დაანგრიეს და მოგვიანებით ლავრენტი ბერიას განკარგულებით, იმ ადგილას ატომური იარაღის მწარმოებელი სამხედრო ქარხანა ააშენეს. ქარხანა დღემდე იქ მდებარეობს და რომ არა დღესასწაული, იმ ტერიტორიაზე ვერც მოვხვდებოდით. წინა ღამეს, დივეევოდან ჯვრებით მსვლელობის დასასრულ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა კურთხევა მოგვცა, წმინდა სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებთან ერთად საროვიდან დივეევოში სწორედ ეს ხატი ჩაგვებრძანებინა. მასზე ახდა წმინდა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველება: მოვა დრო, როდესაც საროვიდან დივეევოში მოეწყობა ჯვრებით მსვლელობა, მასში ზღვა ხალხი მიიღებს მონაწილეობას და მსვლელობას სასწაულმოქმედ ხატს წაუმძღვარებენო. ამ ხატის შემყურეთ დღეს აზრად არ მოუვათ, რომ ოდესღაც ის ქაღალდის უბრალო ამონაჭერი იყო, ახლა კი პატრიარქის ხელოვანმა ის დიდებულად "შემოსა" და როდესაც ხელთუქმნელ ხატს კონტურებს უკეთებდა, მასში მანამდე უხილავი სხვა სახეც შენიშნა. ამ სახეს თითოეული შესანიშნავად ვიცნობთ - ეს არის ჯვარცმული ქრისტე ტურინის სუდარიდან. ისმის კითხვა: რატომაა მაცხოვარი თავქვე? - იმიტომ, რომ ის არა მარტო ღვთის შვილია, არამედ - ადამიანისაც და ყველას მოეხსენება, ნებისმიერი დედა შვილს გულით როგორ ატარებს...

 moalerseწმინდა სერაფიმე საროველმა უამრავი რამ იწინასწარმეტყველა და მათ შორის ერთს - დივეევოს დიად საიდუმლოდ წოდებულ წინასწარმეტყველებას გამოვარჩევ. მასში წმინდა მამამ დივეევოს მონასტრის მონაზვნები აკურთხა, მონასტრის ირგვლივ გაეკეთებინათ თხრილი და ასე შემოეფარგლათ ადგილი, სადაც ფეხშიშველმა ღვთისმშობელმა გაიარა. ამ ქვეყნად მოსული ანტიქრისტე, რომელიც ეკლესიებიდან და მონასტრებიდან ჩამოხსნიდა ჯვრებს, უწმინდესის ნავალ გზაზე ვერ შეაღწევდა - თხრილი ცამდე ავიდოდა და ანტიქრისტე მას ვერ გადალახავდა. ამ წინასწარმეტყველების წაკითხვის შემდეგ ბევრმა რუსმა დივეევოში იყიდა მიწა. დღეს იქ მიწის ან სახლის ყიდვა ძალუძს მხოლოდ უმდიდრეს ადამიანს. მოკლედ: მდიდარს - ყველაფერი, ღარიბს - არაფერი! მაგრამ სინამდვილეში ეს აბსურდია. წმინდა მამა ასეთ რამეს ვერ იტყოდა. როგორ არ ვცადეთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდით და ერთხელაც, კალუგის ბოროვსკის მონასტერში სტუმრობისას იქაურმა არქიმანდრიტმა გვითხრა: "წმინდა მამამ ამ საიდუმლოთი გაგვიცხადა, რომ სწორედ ეს ხატია "დივეევოს თხრილი" და რაც მეტ ქვეყანას მოატარებთ მას, ღვთისმშობელი მით მეტი ადამიანის დაცვას შეძლებს ანტიქრისტესგან. აბა, დააკვირდით ხატს: შემოსილ ღვთისმშობელს მისივე ტერფის ფორმა აქვს, მისი მარჯვენა ფეხის ანაბეჭდი". ორი წლის შემდეგ, როდესაც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღსანიშნავად ჯვაროსნული მსვლელობა მოვაწყვეთ მოსკოვი-მინსკი-კიევის მიმართულებით, ხატზე მარცხენა ტერფიც გამოჩნდა. ჩვენ ვიცით უკრაინის პოჩაევოს მონასტრის ხატი, სადაც მხოლოდ ერთი ტერფია გამოსახული, ხოლო ეს ხატი გახლავთ ერთადერთი, სადაც ღვთისმშობლის ორივე ტერფია. ასე გაიხსნა "დივეევოს დიადი საიდუმლო" - ამ ხატის სახით თავად ღვთისმშობელი მოგზაურობს წმინდა ფეხებით ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში. მე ვკითხე არქიმანდრიტს, - წინ რა გველის, შემდეგი საქართველოა-მეთქი? - დიახო, მიპასუხა, მაგრამ საქართველოში ჩამოსასვლელად მოლოდინით სავსე ხანგრძლივი 3 წელიწადი დაგვჭირდა. მანამდე კი ფეხით 13 ათასი კილომეტრი გვაქვს ჯვაროსნული მსვლელობით გავლილი, აღარაფერს ვამბობ, რა გზა გავიარეთ მანქანებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ეს ხატი აქაა, საქართველოში - ღვთისმშობლის უპირველეს წილხვედრ ადგილას და არავინ იცის, რა მოხდება, როდესაც ეს თხრილი დასრულდება; როდესაც ღვთისმშობელი ყველა მართლმადიდებელი ხალხის ქვეყანას მოივლის. წმინდა სერაფიმე საროველმა იწინასწარმეტყველა: მოვა დრო, როდესაც ყველა მართლმადიდებლური ქვეყანა გაერთიანდება, ერთ დიდ მართლმადიდებლურ ოკეანედ იქცევაო. ყველას ლოცვა გვმართებს, რადგან ჩვენი ერთიანობა უკვე დაარღვიეს და სადაც "გაჭრეს" ეს ერთობა, დღეს სისხლი გადმოდის.

სტუმრები ათი დღით ჩამოვიდნენ და გაცილებით დიდხანს დარჩნენ საქართველოში. ძალიან უხაროდათ, ქართველი ხალხი ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდება და ღვთისმშობლის გაშვება არ უნდათო. 8 იანვარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულზე უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სტუმრები ხატთან ერთად საპატრიარქოში მიიღო. იური შიშკოვმა გვითხრა, უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა, - ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულზე თავად ზეციური დედოფალი გვესტუმრაო. როდესაც უწმინდესს დასალოცად მივეახლეთ, ჩვენი ხატის მცველმა ნატალიამ მოახსენა პატრიარქს, - ჩვენს ხატზე ნაწინასწარმეტყველებია, რომ მთელ საქართველოში მასთან ერთად ჯვრებით უნდა მოეწყოს მსვლელობა, რათა "დივეევოს თხრილმა" საქართველოშიც გაიაროს იესო ქრისტეს ლოცვით, რომელსაც ხშირად წარმოთქვამდა წმინდა მამა სერაფიმე საროველი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ!

იური შიშკოვი:
- ჩვენი ვალი იყო, ღვთისმშობლის სურვილი უწმინდესისთვის გადაგვეცა, დანარჩენი კი მისი განსასჯელია. პატრიარქისგან მსვლელობისთვის კურთხევა ვითხოვე. პატრიარქმა გვითხრა: "ჩვენ ვიფიქრებთ!" ასეთი საკითხის გადაწყვეტისას, რასაკვირველია, აჩქარებას "ვიჩქაროთ ნელა" ჯობია და ეს ბრძენმა პატრიარქმა უკეთ იცის. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, ღვთისმშობლის ნება აღსრულდება და "დივეევოს თხრილი" გაივლის საქართველოზე, რაც თქვენს ქვეყანას ანტიქრისტესგან დაიცავს.

P.S. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან ხატი ერთი დღით ვარკეთილში, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული, შემდეგ წააბრძანეს კახეთში, იქიდან - სომხეთში, შემდეგ კვლავ საქართველოში დააბრუნებენ, ქართლში არსებულ ასურელ მამათა სახელობის ეკლესიაში დაბრძანდება და ბორჯომის გავლით, კვლავ რუსეთში დააბრუნებენ. თუმცა შესაძლებელია, მარშრუტში ცვლილებებიც შეიტანონ და საქართველოში კიდევ მეტხანს გაჩერდნენ. მერე კი საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და როგორც იური შიშკოვმა თქვა: - შეიძლება შემოდგომაზე უკვე ჯვრებით მსვლელობაც მოეწყოს. ამით აღსრულდება ის, რისთვისაც ახლა ჩამოვედით. ასე რომ, მთავარი წინ გველოდებაო.

 

 

ირმა ხარშილაძე

 



წყარო: http://www.gzapress.ge/life/1130-qdiveevos-thkhrilmaq-sheidzleba-saqarthveloshic-gaiaros.html
კატეგორია: ინტერვიუ | დაამატა: vasoelis (16.01.2015) | ავტორი: E-mail  WWW
ნანახია: 1110 | კომენტარი: 0 | თეგები: | რეიტინგი: 5.0/1
Free web hosting - uCoz   სულ კომენტარები: 0




ძიება
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
სტუმარი წევრი
Orthodox.do.am ©2011-2018
TOP.GE Rambler's Top100
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0