მამა გიორგი სხირტლაძე: "ადამიანი ღვთისმსახურებაზე რწმენითა და სიყვარულით უნდა მოდიოდეს"


დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ საღმრთო ლიტურგიას შეეხება. ეკლესიის მამათა სწავლებით, საღმრთო ლიტურგია ეკლესიის ქმედებაა, რომლითაც ხორციელდება ეკლესიის არსი. ევქარისტია არის ყოვლისმომცველი საიდუმლო ხსნისა, საიდუმლო გაერთიანებისა, სიყვარულისა, განწმენდისა, შეწირვისა, განღმრთობისა. არის ცენტრი, გული ეკლესიის ცხოვრებისა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს, რომ ვიცხოვროთ ქრისტიანულად. ამიტომ მთელი ჩვენი რელიგიური განათლება დაფუძნებული უნდა იყოს წმ. ევქარისტიაზე და მასში ხორციელდებოდეს. 

საღმრთო ლიტურგია რამდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება - ლიტურგია, - ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას", რაც მიუთითებს იმაზე, რომ წმ. ზიარების საიდუმლოში ღვთისადმი შეიწირება მსხვერპლი მთე ლი მორწმუნე ერისათვის, ცოდვებისათვის როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთა. ბერძნები წმ. საიდუმლოს ზიარებას უწოდებდნენ "ევქარისტიასაც", ამიტომ ლიტურგია ხშირად იწოდება ევქარისტიად. მოციქულთა დროს ლიტურგიას "პურის განტეხას" უწოდებდნენ. წირვაზე მორწმუნეები იხსენიებენ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას მაცხოვრის შობიდან მის ამაღლებამდე. 

წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება კვირა დღეს, სხვადასხვა საუფლო თუ წმინდანთა დღესასწაულებზე და ზოგან, სადაგ დღეებშიც. 

ლიტურგიის შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად. შემდეგ, მორწმუნენი ემზადებიან საიდუმლოსათვის, ბოლოს სრულდება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად: 

1. კვეთა; 

2. კათაკმეველთა ლიტურგია; 

3. მართალთა ლიტურგია. 

ჩვენ ლიტურგიის სულიერ სიღრმესა და სიდიადეზე გავამახვილებთ ყურადღებას. რა მადლს ანიჭებს ადამიანს წირვა-ლოცვაზე დასწრება? როგორი განწყობით უნდა ვიყოთ ღვთისმსახურებაზე? და ა.შ. კითხვებზე გვიპასუხებს, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე. 

მამა გიორგი: 

- საღმრთო ლიტურგია არის ღვთისგან დაწესებული ყველაზე დიდი საიდუმლო, ახალი აღთქმის გამოცხადების საიდუმლო. ესაა საიდუმლო, როდესაც პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. ამ დროს ჩვენ საშუალება გვეძლევა, ვეზიაროთ ამ დიდ სიწმინდეს და ამგვარად განვიღმრთოთ. პირველივე საუკუნეებიდან ქრისტეს მოსახსენებლად ეს მსახურება ყოველთვის აღესრულებოდა. 

- საღმრთო ლიტურგია მხოლოდ ტაძრებში აღესრულება, სადაც დასვენებულია რომელიმე წმინდანის ნაწილი? 

- მღვდელმთავრის კურთხევით, წირვა აღესრულება ყველგან, სადაც კი ოდიკი იქნება დასვენებული. ოდიკი წარმოადგენს აბრეშუმის ნაჭერს, რომელზეც გამოსახულია საფლავში მდებარე მაცხოვარი და მისი წამების იარაღები. ოდიკში მოთავსებულია სიწმიდე, წმინდანის ნაწილი, თვითონ ოდიკი თავსდება ტრაპეზზე. უოდიკოდ წირვის ჩატარება დაუშვებელია. იგი ნახევრად იხსნება მრჩობლის, ხოლო სრულიად - კათაკმეველთა კვერექსისას და იკეცება ზიარების შემდეგ სამადლობელი კვერექსისას. ტრაპეზისა (ტაძრის) და ოდიკის კურთხევას დიდი საეკლესიო მნიშვნელობა ენიჭება. ოდიკი მოასწავებს წმინდანთა საფლავს. პირველქრისტიანულ დროში, როგორც წესი, ლიტურგია წმინდანთა საფლავებზე აღესრულებოდა. რომელიმე ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევა თუ იქნება, შესაძლოა, ოდიკი გადასვენებული იქნას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, იქ, სადაც წირვა დაყენდება, იქნება ეს სამლოცველო ოთახი, თუ სხვა ადგილი. განსაკუთრებული კურთხევის შემთხვევაში, ღია ცის ქვეშაც შეიძლება წირვის ჩატარება, მაგალითად, ტაძრის საძირკველზე. 

- მამაო, როგორც აღნიშნეთ, ლიტურგია არის უდიდესი საიდუმლო, რომლითაც ქრისტიანს საშუალება ეძლევა უფალთან მიახლოებისა, განღმრთობისა. აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში ამ მსახურებაში თანამონაწილეობას. 

- ქრისტიანის ცხოვრებაში ამ მსახურებას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს. ქრისტიანის ცხოვრება არის განღმრთობის, ჯვართმტვირთველობის პროცესი. განღმრთობა კი ქრისტეს მიერ მოცემული ამ უდიდესი საიდუმლოთი არის შესაძლებელი. ვიღებთ რა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, თანდათანობით ჩვენი სხეული, სული და სამშვინველი გარდაიქმნება, რადგან ამ საიდუმლოთი თვითონ ქრისტე შემოდის ჩვენში. 

- მამაო, მრევლში ყველა ერთი განწყობისა და ხასიათის მქონე ადამიანი ვერ იქნება, წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას ზოგჯერ შენიშვნებს იძლევიან რიგითი ადამიანები. ხომ არ არის მათი მხრიდან ნაკლები სულიერების გამოვლინება. ზოგადად, რა განწყობით უნდა იდგეს მორწმუნე ადამიანი წირვა-ლოცვაზე? 

- საღმრთო ლიტურგია არის ღვთის დიდება. როდესაც სრულდება ევქარისტია, ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვა, როდესაც უხილავად, სულიწმინდის მადლით, პური და ღვინო გარდაისახება მაცხოვრის წმინდა სისხლად და ხორცად, ტაძარში მდგომ ადამიანებზე უხილავად გარდამოდის ღვთის მადლი, ამიტომ აუცილებელია, ქრისტიანი გულგახსნილი, თავდამდაბლებული იდგეს. ადამიანი უნდა იყოს კეთილი განწყობით, დიდი შენდობის გრძნობით, ღვთის შიშით, უბრალოებით, მორჩილებით, სიყვარულით აღვსილი. უნდა ჰქონდეს ისეთი განწყობა, რომ მისმა სულმა კიდევ უფრო გაიღვიძოს. 

ლიტურგია არამარტო საერთო ლოცვაში თანამონაწილეობის საშუალებას აძლევს ადამიანს, არამედ მას განაღმრთობს, სულიერად აღვიძებს, აფხიზლებს და ზრდის, ცოდნას აძლევს. ანუ ლიტურგიაზე დასწრება ადამიანისთვის სულიერი, ცოდვილი ძილისგან გამოღვიძების უდიდესი საშუალებაა. 

- ხშირად, ღვთისმსახურებაზე მოსული ადამიანები ნაცნობ-მეგობრებში საუბრითა და ყოფითი საფიქრალით არიან დაკავებულნი. 

- ლოცვა გონების კონცენტრაციისა და ყურადღების გარეშე არის ბუტბუტი და ჰაერის შერხევა. საღმრთო ლიტურგია იგივე ლოცვაა, საზოგადო მსახურებაა და ამ დროს ადამიანის გონება კონცენტრირებული უნდა იყოს. ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რისთვის მოდის ტაძარში. იმისთვის კი არ უნდა მოდიოდეს, რომ მეგობრები ნახოს და მათთან სხვადასხვა ყოფიერი საქმეები განიხილოს, ან განიკითხოს ვინმე, თუნდაც ამსოფლიურ ფიქრებს მიეცეს. წირვის ერთ-ერთი საგალობელი ასე იწყება "რომელი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა..." 

ე.ი. როცა ადამიანი ლიტურგიაზე მოდის, მან ყოველივე მსოფლიო ზრუნვა უნდა დაუტევოს, ანუ ის, რაც ხელს უშლის ადამიანს სულიერ წინსვლაში. 

დღეს, გართულებული ცხოვრების გამო, მრავალი ადამიანი ღვთის მადლს ვერ ეზიარება. მუდმივი არჩევანის, მკითხაობის პროცესში იმყოფება, ამიტომ, რამდენადაც უბრალოებაში ვიქნებით, მით უფრო იოლად დავუახლოვდებით ღმერთს. გართულებული ცხოვრებით უფალთან ვერ მიხვალ. ამიტომ ტაძარშიც უბრალოდ უნდა იდგეს ადამიანი. 

- მამაო, საღმრთო ლიტურგიაზე სხვადასხვა საკითხავები იკითხება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია და რა მადლს ანიჭებს ადამიანს მისი მოსმენა? 

- დიახ, ამ მსახურების მიმდინარეობისას მრავალი საკითხავი იკითხება, სხვადასხვა ფსალმუნები, კვერექსები თუ ლოცვები, მაგრამ ცენტრალური ადგილი მაინც სახარებას, მთლიანად ღვთის სიტყვას უკავია. ისმენს რა ადამიანი ღვთის სიტყვას, მისი ხუთივე გრძნობა განიწმინდება და, ამავე დროს, დიდ სიბრძნეს იძენს, რადგან ღვთის სიტყვაში მოქცეულია უდიდესი სიბრძნე, რომლითაც მთელი კვირის განმავლობაში, მომავალი კვირის მსახურებამდე უნდა იხელმძღვანელოს. ასე რომ, ლიტურგია არა მხოლოდ ლოცვით განმწმენდელსა და განმაღრთობელ საშუალებას, ზეცისკენ მიმავალ კიბეს წარმოადგენს ჩვენთვის, არამედ - კეთილად მოსული ადამიანისთვის იგი დიდი ცოდნის, ღვთის სიბრძნის შეთვისების წყაროცაა. 

- თუმცაღა, ეს წმინდა საიდუმლო რამდენად იქნება ჩვენთვის სიბრძნისა თუ მადლის მომნიჭებელი, ალბათ ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული. 

- როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი ღვთისმსახურებაზე შესაბამისი განწყობით უნდა მოდიოდეს, თავისთავად, ამაში რწმენა და სიყვარული იგულისხმება. გიყვარდეს და გწამდეს და რაც გინდა, ის გააკეთეო, ნათქვამია, ანუ თუ შენ გიყვარს და გწამს, ცუდს არ და ვერ გააკეთებ. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი მოდის დამდაბლებული, ნალოცი, შენდობილი, გულგახსნილი, იმ განწყობით, რომ სულიერად კიდევ უფრო წინ წავიდეს და არა - დაბოღმილი, მაშინ აუცილებლად მიანიჭებს უფალი მადლს. 

- რადგანაც საღმრთო ლიტურგია ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო და აღმატებული მსახურებაა, ალბათ, ამ დროს იმ ადამიანთა მოხსენიებასაც, რომელთა სახელებსაც საკურთხეველში სეფისკვერებთან ერთად ვაგზავნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

- წირვა-ლოცვაზე მიცვალებულების მოხსენიებას თავისი დრო აქვს, ცოცხლებისას - თავისი. მიცვალებულების მოსახსენებელი სეფისკვერი ცალკეა, ცოცხლებისა - ცალკე. 

კვეთის დროს საღმრთო პურიდან, ანუ სეფისკვერიდან ლახვრით იკვეთება ნაწილები ცოცხლებისა და მიცვალებულების სახელზე. ჩაესვენება ეს ნაწილები ქრისტეს სისხლში, ბარძიმში, მოხსენიებული ადამიანების ცოდვათა მისატევებლად და მათ განსაწმენდელად. 

ადამიანთა მოხსენიება მთელი წირვის განმავლობაში სულ ხდება. ჯერ კვეთაში, მერე კვერექსის დროს, ბარძიმის გამობრძანებისას, ბოლოს, ყველა ეს ნაწილები ჩაესვენება ბარძიმში, ამ დროს სპეციალური ლოცვა იკითხება. 

- მამაო, კვირა ხომ საუფლო დღედ ითვლება, ამიტომ კვირის წირვის მნიშვნელობაზე გამორჩეულად გავამახვილოთ ყურადღება. 

- კვირა არის უფლის დღე, აღდგომის ტოლფასი. იგი სხვა დღეებთან შედარებით უპირატესია, ადამიანები განსაკუთრებით ადიდებენ ღმერთს. თუ ძველ აღთქმაში მეშვიდე დღე, ანუ უფლის დღე შაბათი იყო, ახალ აღთქმაში ეს დღე არის კვირა. ანუ ახალ აღთქმაში კვირამ იტვირთა ის მისია, რასაც ადრე შაბათი ასრულებდა. ამიტომ კვირის წირვას განსაკუთრებული მრჩობლი, ანუ ორმაგი მადლი ახასიათებს. სადაგ დღეებში აღსრულებულ წირვებსაც იგივე მადლი აქვთ, მაგრამ ხომ არსებობს უფრო ინტენსიური, გაჯერებული მადლის მქონე დღეები, მაგალითად, თორმეტი მოძრავი თუ უძრავი დღესასწაული, დიდ წმინდანთა ხსენების დღეები. მათ შორისაა კვირა დღეც, ის საუფლო დღეების რანგში გადის. ამიტომ მადლის მეტი გაჯერებულობა იგრძნობა კვირის მსახურებაზე და სწორედ ამიტომ ჩემს მრევლს ვეუბნები ხოლმე, თუ სული სთხოვთ, შაბათ საღამოს ლოცვას დაესწრონ და კვირას ეზიარონ. 

- მამაო, მრევლის წევრები ხშირად სვამენ ასეთ შეკითხვას, ღვთისმსახურების დასრულებამდე, ვიდრე საკურთხევლის კარი ღიაა, შეუძლიათ თუ არა ეკლესიიდან წასვლა. 

- როცა საკურთხევლის კარი ღიაა, ეს ნიშნავს, რომ მსახურება არ დასრულებულა. მოძღვარი რომ ჩამოილოცავს, მრევლს ჯვარს გადასახავს და აღსავლის კარს, ანუ კრეტსაბმელს დახურავს, ღვთისმსახურება მაშინ მთავრდება. 

საეკლესიო ეტიკეტი კრძალავს და არ არის სასურველი, ადამიანმა კურთხევის გარეშე ზურგი შეაქციოს მსახურებას და ისე გავიდეს ეკლესიიდან, მით უფრო მაშინ, თუ იგი ნაზიარევია. ქრისტიანი თუ ეზიარა და ბოლომდე ვერ რჩება ტაძარში, სასურველია, წასვლაზე მოძღვრისგან აიღოს კურთხევა, რომ გზაში განსაცდელი არ შეემთხვეს. აქვე აღვნიშნავ, რომ წირვა-ლოცვაზე მიღებული მადლი სახლში მშვიდობით უნდა მივიტანოთ. ზოგს ეს მადლი სახლამდე ვერ მიაქვს. ამიტომ სასურველია, ვინც ეზიარება, სახლში წავიდეს. წმინდა მამები ზიარების შემდეგ თავიანთ სენაკებში ბრუნდებოდნენ. მე იმას არ ვამბობ, რომ განმარტოვებისთვის ადამიანი ტყეში გაიქცეს, მაგრამ ზიარების დღე მეტ-ნაკლებად მშვიდსა და იზოლირებულ გარემოში უნდა იქნას გატარებული. 

- ლიტურგია, ტრადიციულად, გალობის ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც გუნდი ასრულებს. თუმცა, ზოგჯერ რიგით მლოცველებსაც უჩნდებათ ხმამაღლა გალობის სურვილი. ამაზე რას იტყვით? 

- წირვა-ლოცვაზე ინდივიდუალური ხმამაღალი გალობა, გარდა გუნდისა, ღვთისმსახურებას დააბრკოლებს, ამიტომ არ არის სასურველი, ჩვენი ხმა ავაყოლოთ მგალობლებს. საზოგადო მსახურების აღსრულებისას, ჩვენს გულში ვილოცოთ და თვალი მივადევნოთ წირვა-ლოცვისას აღსრულებულ საკითხავებს. 

სახლში, თავის სალოცავ ხატებთან ვისაც სურს, შეუძლია იგალობოს, თუნდაც ხმამაღლა ილოცოს, მეტანია გააკეთოს. 

- თუ ქრისტიანი უნდა ეზიაროს, ის მომზადებული მოდის, მაგრამ ვინც არ ეზიარება, ისიც უზმო უნდა ესწრებოდეს წირვას? 

- თუ არ ეზიარება, სასურველია, მაინც უზმო მოვიდეს წირვაზე და სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მიიღოს. ნაკურთხი სიწმინდეების მისაღებად ადამიანი უზმოზე უნდა იყოს, რომ სრულად შეისისხლხორცოს მადლი. . 

- საუბრის ბოლოს, მამაო, კიდევ რას ეტყვით მკითხველს? 

- ვურჩევ მათ, ხშირად მიიღონ წირვა-ლოცვაში მონაწილეობა. წირვა-ლოცვა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა იმისთვის, რომ ზევით ავიდეთ და ღმერთს მივუახლოვდეთ. ასევე, ჩემი რჩევა იქნება, მოძღვრის კურთხევით, ხშირად მიეღოთ წმინდა ზიარება და განკურნებულიყვნენ სულიერი თუ ხორციელი უძლურებისგან. წირვა ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აღესრულება. მოუკლებლად ლოცულობდნენ, მოუკლებლად მადლობდნენ უფალს, მოუკლებლად უხაროდეთ, თუ სურთ ბედნიერება, სულიერი წინსვლა. სულიერი წინსვლისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ წირვა-ლოცვაში მონაწილეობაა. ღვთისმსახურებაზე დასწრება ადამიანს სულიერ ძალას ანიჭებს. რაც უფრო სულიერად ჯანმრთელი იქნება მრევლი, შედეგად, ისინი ხორციელადაც გამოჯანმრთელდებიან. 

ეფემია წიკლაური
კატეგორია: ინტერვიუ | დაამატა: vasoelis (13.02.2012)
ნანახია: 1098 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]