მამა თეოდორე: ყოველი ხელისუფალი არის სარკე, ან პროტოტიპი, ან კარიკატურა თავისი ერისა


მრავალწლიანმა იძულებითმა დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ, სამწუხაროდ, არაფერზე არ ვმსჯელობთ ისე ზედაპირულად, როგორც ადამიანის ხასიათზე. არადა, რეალურად არსად არ ვსაჭიროებთ ისეთ დიდ წინდახედულობას, როგორც ამ საქმეში. მართალია, ამ «ცხრაკლიტულის» გახსნაში დახმარების ხელს გვიწვდიან ფსიქოლოგები, მაგრამ მათი რჩევები ჩემში დიდ ნდობას მაინც არ იწვევს. მაგალითად, «სხვა საშუალებების უქონლობის გამო, ადამიანის ხასიათს იმაზე უკეთ ვერ გაიგებ, თუ არა იმ ხუმრობით, რომელზეც ის გაღიზიანდება ან ნაწყენი დარჩებაო»... მაგრამ, ვაი, თუ სუბიექტმა გარეგნულად არ გამოაჩინა გაბრაზება ან წყენა? მაშინ რა ვქნათ? ამაზე ფსიქოლოგია ფუნდამენტალურად დუმს! და თუ ერთი ადამიანის ხასიათი ჩვენი გონებისთვის «დაბურული ტყეა», რაღა ვთქვათ ისეთ ფენომენზე, როგორიც ეროვნული ხასიათია? ვესაუბრებით ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს.

_ მამაო, ამბობენ შენი ხასიათი შენი ბედიაო. როგორ გავიგოთ ეს?

_ «ბედი», «ბედისწერა» ან, გნებავთ, «კარმა» ანტიქრისტიანულად ჟღერს. თუ ბედი არსებობს, ანუ ყველაფერი თავიდანვეა გაწერილი, მაშ, რაღა საჭიროა ადამიანის თავისუფალი არჩევანი?! გამომდინარე თავისუფალი არჩევანიდან, ადამიანი თავად ქმნის ე. წ. ბედს. მაგალითად, კაცი დათვრა და ის უთუოდ დგება არჩევანის წინაშე _ ან მიუჯდეს საჭეს, ან იქირაოს ტაქსი. პირველ შემთხვევაში, დიდია ალბათობა ტრაგიკული დასასრულისა, მეორეში _ სახლში მშვიდად დაბრუნებისა. მაშასადამე, ის იღებს გადაწყვეტილებას და არა სხვა, და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ეს პიროვნება თავისუფალია.

_ თუ ბედი არ არსებობს, მაშინ რა არის?


_ საღვთო განგებულება, რომელიც ცოცხალი ღმერთის მიერაა დაწესებული, რომელსაც თავად განაგებს და, რომელიც შეიძლება შეიცვალოს კიდეც.


_ მამაო, რა კავშირშია ღვთის განგებულება ერის ხასიათთან?


_ თითოეულ ერს ხასიათი ღვთის განგებულებით მიენიჭა. ყველა ერს გაჩენისთანავე ეძლევა განსაკუთრებული ჩვევები, მიდრეკილებები, თვისებები, ნიჭი. თავის მხრივ, ნებისმიერი ერი შედგება ცალკეული ინდივიდებისგან, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, ავლენენ საკუთარი ერის ჩვევებს, მიდრეკილებებს, თვისებებს, ნიჭს; და ყველაფერი ეს მათ ენიჭებათ გენეტიკურად.


_ ჩამოთვლილიდან მე, პირადად, არაფერი ამირჩევია. სადაა ადამიანის თავისუფალი არჩევანი?


_ მიუხედავად ეროვნული თუ რასობრივი კუთვნილებისა, კაცობრიობა ერთი ძირიდანაა გამოსული _ ადამიდან! ყველა ადამიანს ერთი მიზანი აქვს _ განღვთობა და ღვთაებრივი ცხოვრება მარადისობაში. ეს მისი ვალდებულებაა! მაგრამ ერთი ადამიანი ერთ რასას მიეკუთვნება, მეორე _ მეორეს; ერთი ერთ ერში იბადება, ხოლო მეორე _ მეორეში და უკვე წინასწარ, მათი თავისუფალი არჩევანისგან დამოუკიდებლად, რაღაც გარკვეული თვისებები ენიჭებათ გენეტიკურად, ანუ ღვთის განგებულება ამ ადამიანებისთვის ასეა განწესებული. მაგალითად, მე დავიბადე საქართველოში, დღეს XXI საუკუნის მოქალაქე ვარ და მივიღე გარკვეული გენეტიკური მემკვიდრეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პიროვნულად ჩემი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა კვლავ ჩემთანაა, ოღონდ, აი, ამ მემკვიდრეობით!


_ მამაო, თქვენ ბრძანეთ, რომ კაცობრიობა ერთი ძირიდან არისო გამოსული. რა საჭირო იყო მისი ერებად დაყოფა?


_ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა უკიდურესი მიდგომა არსებობს. ერთნი თვლიან, რომ ეროვნულობას არანაირი კავშირი საღვთო განგებულებასთან არ აქვს; მეორენი, კოსმოპოლიტიზმს ქადაგებენ. მათთვის სულერთია, რა ენაზე ლაპარაკობ, რა გენეტიკური მემკვიდრეობა გაქვს, რა კულტურული გარემოდან ხარ და ა.შ., ანუ ეროვნული დადებითი ღირებულებები, რაც ყველა ერს გააჩნია, მათთვის არაფერს ნიშნავს. კიდევ, უკიდურესობაა, როდესაც ადამიანები საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს რაღაც განსაკუთრებულ ფენომენად თვლიან და გაუმართლებლად ძალზე მაღალ საფეხურზე აყენებენ. სხვა ერების ღირებულებანი მათთვის მეორეხარისხოვანია. ამის გამოვლინებაა ფაშიზმი, შოვინიზმი, მესიანურობა და ა.შ. ამ საკითხზე სწორი მსჯელობა მიგვიყვანს დასკვნამდე _ კაცობრიობის ერებად დაყოფა საღვთო განგებულებით მოხდა არა იმიტომ, რომ ეს უზენაესის გეგმაში იყო, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობის იმდროინდელ რეალურ მდგომარეობას ამგვარად დასჭირდა! ანუ ეს იყო სამკურნალო საშუალება, რომ უმეტესი ბოროტება არ გამოსულიყო! ამის მიზეზები ძალიან კარგადაა აღწერილი წმინდა წერილში.


_ რა იყო ამაში ცუდი? ერთი ერი, ერთი ენა. აქ არც შოვინიზმია, არც ფაშიზმი, არც ომები...


_ ეს ერთობა ადამიანებმა გამოიყენეს არა იმისთვის, რომ თითოეული ინდივიდი ამ ერთობაში ღმერთთან მისულიყო, არამედ ეს ერთობა გამოიყენეს, რომ თითოეული ინდივიდი ამ ერთობაში ღმერთს დაცილებულიყო! რა არის ბაბილონის გოდოლი? ამპარტავნება! ცას მივწვდეთო და ეს იქნება ჩვენი ერთიანობის სიმბოლოო _ სიმბოლო მომავალი კომფორტისა, ფუფუნებისა, კეთილდღეობისა, ოღონდ _ ღმერთის გარეშე! მოკლედ, _ მიწიერი სამოთხე ღვთის გარეშე. ადამიანთა ასეთი უღმერთო თანაცხოვრება ახალ, უფრო საშინელ სიმახინჯეებს წარმოშობდა და ამიტომ ჩაერია ღმერთი და ის ქმნის ერებს. აქ წმინდა სამების ბჭობა ჩანს ისევე, როგორც ადამიანის შექმნისას. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს უფალს ადამიანისადმი! თავისი შემოქმედებითობის უსაზღვრო, დაულეველი ნიჭით ის ქმნის სხვადასხვა ერს. აი, ენების არევა ზუსტად მაგას ნიშნავს! ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ და სხვადასხვა ჯგუფად დაყოფილნი ერთმანეთს სცილდებიან, რითაც დასაბამი ედება ერებს!


აქ, კიდევ ერთი რამაა საინტერესო _ ყოველი ერი, როგორც უკვე ვთქვი, განსაკუთრებულობას ატარებს და ამან გარეგნულად, ესთეტიკურად გაალამაზა სამყარო! აი, მოჩუქურთმებული კანკელი. თითოეულ ჩუქურთმას თავისი ხაზი აქვს, ფორმა, მაგრამ მათი მთლიანობა ერთ დიდებულ სიმფონიას ქმნის! ასევეა კაცობრიობა. ერთ ერს ერთი ნიჭი აქვს, მეორეს _ მეორე, მესამეს _ მესამე! ეს იმ შემთხვევაშია კარგი, თუ ერი საკუთარ თავს იპოვის _ სად დგას, რა აქვს ღვთისგან დავალებული, რა უნდა გააკეთოს, რომ თავისი ნიჭის მიხედვით განვითარდეს. ასე რომ, ეროვნულობა არის ღვთაებრივი წარმონაქმნი. ეროვნულობა კარგია, მაგრამ მას არა აქვს თვითღირებულება, ის არაა თვითმიზანი, არამედ შესაძლებლობაა პიროვნების რეალიზებისა, მისი განღვთობისა. ამიტომ, როცა მე ვამბობ, რომ ვარ ქართველი, ეს არის საღვთო განგებულება.


ღმერთისთვის სათნოა, რომ ქართველობაში მე უფრო მეტად მოვახდენ ჩემს პიროვნულ რეალიზებას. ერთი სიტყვით, თუ დაიბადე ქართველად, ინებე და ბოლომდე იყავი ქართველი! ხოლო თუ გადაჯიშდი, ჩათვალე, რომ ღმერთს უღალატე. უზენაესის ღალატი კი კატასტროფამდე მიგიყვანს!


_ ჩვენ რას წარმოვადგენთ? რაშია ქართველის ნიჭიერება? რა არის ქართული ხასიათი?


_ დავიწყოთ ცუდიდან. როცა ჩვენი თანამოძმეების ხასიათს აკვირდები, პირველ რიგში, ამჩნევ პათოლოგიურ სიამაყეს, რომელიც ვლინდება ამპარტავნებაში, პატივმოყვარეობაში, სიამაყეში. ასევე ვლინდება სიფიცხე, გაღიზიანებულობა; გვაქვს დამახინჯებული ღირსების განცდა, ავადმყოფური ლტოლვა პირველობისკენ, რადგან «მეორეობაზე» არავინ თანხმდება. ამის შედეგია თუნდაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სამარცხვინო პოლიტიკური პროცესები.


განსაკუთრებით მამაკაცებშია უზნეობის გამოვლინებები, თუმცა ახლა მათ არც ქალები ჩამორჩებიან!.. საერთოდ, ქართველი კაცი იქნება თუ ქალი, ზნეობას რომ კარგავს, ის ქართველიც აღარაა! გარდა ამისა, მოყვასისადმი ძალიან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს: ერთის მხრივ, შეიძლება გადაყვე ადამიანს, მეორე მხრივ, ისე გაწირო, რომ თვალიც არ დაახამხამო!..


ერთი რამ უდავოა _ ქართველი კაცი ძალიან ნიჭიერია! არ არის დარგი, რომელშიც მას თავი არ გამოეჩინოს: ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ხუროთმოძღვრება, პოლიტიკა, სამხედრო საქმე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები... ქართველს ახასიათებს გლობალური აზროვნება. მისი ნიჭიერება თითქოს საზღვრებს სცილდება! ქართველ კაცში დიდი შინაგანი პატიოსნებაა, დიდი ერთგულების უნარი, დიდი ღირსება! ეს თვისებები მასში რომ  საუკეთესო მხრიდან დომინირებდეს, ქართველს სჭირდება იმ მთავარი ნიჭის ამოქმედება, რომელიც უშუალოდ ქართულია და სხვა ერებს შეიძლება არც ჰქონდეს.


_ მაინც ასეთი უსაშველო რაა ეს ნიჭი?


_ ესაა ქართველის განსაცვიფრებელი ერთგულება უფლისადმი! ებრაელების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ გვერდით იყო ბაბილონი და სპარსეთი, რომლებსაც ჰქონდათ დიდი კულტურა და უძლიერესი სამხედრო მანქანა. რა ჰქონდათ ებრაელებს? ერთი შეხედვით, არც არაფერი. მარტო სწორი ურთიერთობა ცოცხალი ღმერთისადმი _ პიროვნული ღმერთისადმი. და, როცა ამ ნიჭიერებას ისინი სწორად ახორციელებდნენ, მაშინ ისრაელი უძლეველი სახელმწიფო იყო. გავიხსენოთ დავითისა და სოლომონის მეფობა! თუმცა, როდესაც მთავარ ნიჭიერებაზე უარი თქვეს, ანუ არ მოხდა მთავარი ნიჭის რეალიზება, სასიცოცხლო ძარღვი გადაიჭრა მათთვის და ყველამ აბუჩად აიგდო ისინი, იმიტომ, რომ ღირსება აღარ ჰქონდათ!.. როცა ჩვენ უზნეობით ღმერთს ვღალატობთ, ვიღებთ ნიჭიერი ერის ნახირად გადაქცევას! მაშასადამე, როცა მთავარ ნიჭს უღალატებ, ყველა დანარჩენი მოირღვევა! ჩვენმა წინაპრებმა მოციქულთა სარწმუნოება ჯერ მიიღეს და მერე შეინარჩუნეს. ასი ათასი ერთ დღეს გაწყდა, რომ მართლმადიდებლობა შეენარჩუნებიათ! ახლა რატომ ვკარგავთ?!


მე, როგორც მღვდელი, ასე ვამბობ: ქართველმა კაცმა თავის მთავარ დანიშნულებას ყურადღება უნდა მიაქციოს, გაუფრთხილდეს და მერე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი აღორძინდება! ხელისუფლებაც იზრუნებს ერის აღორძინებაზე არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არამედ ინდივიდების გადარჩენის თვალსაზრისითაც; და მაშინ გადარჩენილი ინდივიდი (თან ქართველი ინდივიდი ნიჭიერია) სახელმწიფოს ააყვავებს! მაგრამ ეს მოხდება, როცა გავხდებით ჭეშმარიტი ღმერთის სწორად მადიდებელნი და მოციქულთა მიერ გადმოცემული სარწმუნოების გულმხურვალე გამტარებელნი, ღვთის წინაშე წარმომჩენნი და დამმოწმებელნი! მხოლოდ ამის შემდეგ ქართველი კაცის ყველა კარგი თვისება: ტოლერანტობა, სითბო, სიყვარული, ერთგულების უნარი ყველასთვის სავიზიტო ბარათი გახდება, რომ ეს არის ღირსეული ერი! უფალი დაგვიფარავს და, აი, ამ საშინელ დღევანდელ პოლიტიკურ ლაბირინთში ისევე გაგვიყვანს, როგორც ებრაელები გაიყვანა წითელ ზღვაში! მაგრამ, უფალი ასე რომ ჩაერიოს, ამისთვის საჭიროა, ისე ვუერთგულოთ მას, როგორც მაშინდელმა ებრაელებმა უერთგულეს ღმერთს, მოსეს რომ მიჰყვებოდნენ!


_ მამაო, თქვენ ტოლერანტობა ახსენეთ, მაგრამ ამ თვისებამ ბევრი სირთულე შეგვიქმნა. რატომ ვეხუტებით უცხოს, ხოლო ჩვენიანის მიმართ დაუნდობელნი ვართ? ღმერთი კი გვეუბნება, რომ გიყვარდეს მტერი შენიო, მაგრამ მანამდე გვმოძღვრავს _ გიყვარდეს მოყვასი შენი.


_ იცით, არიან ერები, მაგალითად ებრაელები, სომხები, ჩინელები და სხვები, რომლებშიც ეროვნული მოჭიდულობა ძალიან ძლიერია და მონოეთნოსს ქმნიან. ისინი, სადაც არ უნდა წავიდნენ, თავს კარგად გრძნობენ იმიტომ, რომ შეკრულები არიან. ქართველ კაცში ეს არ არის. რატომ? ამაში არის ერთი პლუსი _ ქართველისთვის გენეტიკური მემკვიდრეობა მეორეხარისხოვანია. მისთვის უმთავრესი იყო სულიერი მემკვიდრეობა. საქართველოს ისტორიაში არის ასეთი ფაქტი. ქართველმა ჯარმა გაანადგურა სპარსეთის ჯარი, რომლის ნაშთი ტყეს შეეხიზნა. როცა დაზამთრდა და მოშივდათ, ყიზილბაშები ტყიდან გამოვიდნენ და ახლომდებარე სოფლებში შევიდნენ. მოსახლეობამ ისინი დაიჭირა. ეს ის სპარსელები იყვნენ, რომლებიც აუპატიურებდნენ, კლავდნენ, წვავდნენ, ძარცვავდნენ... ახლა კი იყვნენ დამშეულები, გაუბედურებულები, აკანკალებულები. მრავალი სხვა ერის ისტორიას თუ გადავხედავთ, ისინი ასეთ მტრებს ერთიანად ამოწყვეტდნენ! აბა, რას იზამდნენ?! აქ კი, გააშიშვლეს და დაიწყეს სიცილი! ესენი ხომ ჩვენნაირები ყოფილან, ადამ და ევას შვილებიო. აჭამეს და გაუშვეს. აი, ასეთია ქართველი კაცის ბუნება!


ავიღოთ ქართველი წმინდანები. რას ვხედავთ? ბევრი მათგანი არაქართველია. მაგალითად, რაჟდენ პირველმოწამე სპარსელია, თბილისის მფარველი აბო არაბია, შუშანიკი სომეხია. ვახტანგ გორგასალი სპარსული წარმოშობისაა, ბაგრატიონებს ებრაული ფესვები აქვთ. გამოდის, რომ ქართველი კაცისთვის უმთავრესი იყო სულიერი მემკვიდრეობა. თუ შენ სულით იყავი ქრისტიანი და თან ქართულ ენაზე ღმერთს ადიდებდი, იყავი ქართველი! ეს ფორმულირება ჩვენ მოგვცა გიორგი მერჩულემ: საქართველო იქ არის და ქართველი ის არის, ვინც ქართულ ენაზე ღმერთს ადიდებს და წირავსო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა პოტენციური ძმაა! მაგრამ ასეთი დამოკიდებულება დღეს საშიშია.


_ რატომ?


_ დღეს ღმერთის შემეცნება დავკარგეთ, ქართულ ენაზე ღმერთს აღარ ვადიდებთ და სულები გვაქვს გათიშული. სხვას რაღა უნდა მოსთხოვო?! მაგრამ თვისება _ გენეტიკური მემკვიდრეობის უყურადღებობა _ დაგვრჩა! ეს წარმოშობს დღევანდელ გაუგებრობებს სხვა აქ მცხოვრებ ეთნოსებთან. დღეს ისინი გენეტიკურად მრავლდებიან და, შესაძლოა, ხვალ ჩვენს ეკლესიას, სულიერებას დაემუქრონ. ადრე, როცა ქართველი კაცი ამ საშიშროებას ხედავდა, იღებდა ხმალს და შეუპოვრად იბრძოდა. გავიხსენოთ ცნობილი კახეთის აჯანყება, რომელიც 1659 წელს მოხდა. რატომ აჯანყდა ძირძველი მოსახლეობა, რომელიც მანამდე დამპყრობლისგან დამცირებებს იტანდა? იმიტომ, რომ დამპყრობელი ველური ფორმით ეკლესიას შეეხო! ერთ დღე-ღამეში დედაბუდიანად ამოწყვიტეს კახეთში ჩასახლებული 80 ათასი მომთაბარე თურქმენი... და რა, ამის გაკეთება მანამდე არ შეეძლოთ?! ეს პოტენცია განა მანამდე არ იყო?! იყო, როგორ არ იყო!


ამჟამად კი სხვა ერებთან რომელ სულიერ ერთობაზეა ლაპარაკი, როცა თავად ქართველები საჯაროდ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას აყენებენ დედაეკლესიას!


_ გამოსავალი?


_ ქართველი კაცი ვერ გახდება მონოეთნოსისადმი მიდრეკილი. ქართველებს ერთმანეთთან აერთიანებს სული და არა გენეტიკა, ხორცი.


_ კარგია ეს თუ ცუდი?


_ მარადისობის პერსპექტივაში სულიერი ერთობა მთავარია! ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელია ჩვენი სულების შედუღაბება, ანუ ეკლესიის გარშემო გაერთიანება! მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სასწაულებრივი აღდგენა.


_ მამაო, რატომ გვყავს ასეთი «კარგი» ხელისუფლება?


_ ბიზანტიის ისტორიიდან მოგიყვანთ ერთ მაგალითს. სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ იმპერატორის სახელს. ის წმინდანად არის შერაცხული. იმპერატორს აუჯანყდა ერთ-ერთი სარდალი, რომელსაც ხელმწიფე პირადად არ იცნობდა. ამ სარდალმა მთელი ჯარი დაიმორჩილა და შევიდა სასახლის ეზოში. იმპერატორმა ჰკითხა თავის დიდებულს, _ როგორი კაციაო ეს მეამბოხე. _ მშიშარააო, _ უპასუხა. _ მაშინ მომკლავსო, _ მშვიდად თქვა იმპერატორმა. სანამ ის ურჯუკი იმპერატორს მოკლავდა, ჯერ მის თვალწინ შვილები დაუხოცა. ამ დროს იმპერატორი ხელაპყრობილი იდგა და ღმერთს ადიდებდა და მადლობდა. აი, ასეთი ღირსეული ადამიანი იყო! სულ მალე, რაღაც ერთი წლის შემდეგ, ის გაიმპერატორებული მხედართმთავარი თავად ჯარისკაცებმა აკუწეს, მაგრამ მან ამ მცირე დროის განმავლობაში უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ბევრი სისხლი დაღვარა... ჰოდა, იმ დროს ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი. იგი ღვთის წინაშე გულმხურვალედ ლოცულობდა, რადგან ვერ გაეგო, ვერ აეხსნა საღვთო განგებულება, რატომ აღესრულა მოწამეობრივად ღვთისმოშიში იმპერატორი თავის შვილებთან ერთად და რატომ გახდა ასეთი უვარგისი ადამიანი სახელმწიფოს მეთაური. ამ ბერს სიწმინდისა და გულმხურვალების გამო საღვთო გამოცხადება ჰქონდა, მას ანგელოზის პირით ეუწყა, რომ მთელ იმპერიაში მე ვერ მოვძებნე ამაზე უარესი ადამიანი, რათა ეს ღმერთდაცილებული, უზნეობის ჭაობში ჩაფლული მოსახლეობა დამესაჯაო!..


პავლე მოციქულის სიტყვები: «ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არისო», ასე განვაზოგადოდ _ ყოველი ხელისუფალი არის სარკე, ან პროტოტიპი, ან, შეიძლება ითქვას, კარიკატურა თავისი ერისა. რა თვისებებიც ერში დომინირებს, იმ თვისებებს ატარებს, თუნდაც გაშარჟებული სახით, მთავარი ხელისუფალი! და, თუ  გადავხედავთ წარსულს, ჩვენ თუ შევისწავლით მეფეების ისტორიას, როგორი მეფეები გვყავდა, დაახლოებით შეგვექმნება წარმოდგენა, რომელ ეპოქაში როგორები იყვნენ, რა ხასიათი, რა მიდრეკილებები ჰქონდათ. ეს ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ, რომ იმ პერიოდში უფალმა დაუსვა სწორედ ამგვარი ხელისუფალი და არა სხვანაირი. დღესაც ნუ მოვერიდებით პასუხისმგებლობას. გამოვუტყდეთ საკუთარ თავს: ვინც ავირჩიე, ის თავად მე ვარ!


_ არასახუმარო ვნებათაღელვა საზოგადოებაში გამოიწვია .. აზიზის მეჩეთის მშენებლობის საკითხმა ქალაქ ბათუმში. საერთოდ, მამაო, აქვს თუ არა უფლება ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს, იქონიოს საკუთარი სალოცავი?


_ ჩვენ, მართლმადიდებლები, ვპასუხობთ: აქვთ! მაგრამ ეს ჯგუფი და ეს სალოცავი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ინტერესებს და არ უნდა მოქმედებდეს დესტრუქციულად საზოგადოებაში. თუ ამ კუთხით შევაფასებთ აზიზის მეჩეთს, მაშინ ის წარმოგვიდგება, როგორც ოსმალეთის იმპერიის სიმბოლო დაპყრობილ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. ძალზე საინტერესოა ისიც, რომ მას აშენებენ არა საქართველოს მუსლიმანები, არამედ ოსმალეთის პოლიტიკური მემკვიდრე _ თურქეთი.


_ კი მაგრამ, თურქეთი არაა ოსმალეთის იმპერია, ის რესპუბლიკაა!


_ მით უფრო გასაკვირია, რატომ სურთ მაგ რესპუბლიკის გარკვეულ წრეებს საქართველოში ბნელი წარსულის გადმონაშთის აღორძინება?!


_ ჩვენს მუსლიმანებს არ სჭირდებათ სალოცავი?


_ აჭარაში ასეთი სალოცავები აქვთ! ბათუმშიცაა დიდი მეჩეთი, რაც სრულიად აკმაყოფილებს მათ რელიგიურ მოთხოვნებს!


ახლა, როგორც ქართველი, ვიტყვი _ ჩემთვის აჭარა ისეთივე ძირძველი, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი კუთხეა საქართველოსი, როგორც დანარჩენი სხვა, ხოლო ქრისტიანული მოძღვრების გავრცელების თვალსაზრისით, უპირატესიცაა, რადგან აქედან შემოვიდა ქრისტიანობა!


კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი: მეჩეთის აშენება უნდათ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავებზე! არადა, საქართველოს ხელისუფლების საზრუნავია, დავიწყებას არ მიეცნენ ის გმირები, რომლებმაც გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით დამპყრობლის რეგულარული არმია დაამარცხეს და აჭარა დედასაქართველოს შეუნარჩუნეს! ჩვენ ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ამ ვაჟკაცების მაგალითებად წარმოჩენა, რამეთუ ეს ღირსებას მატებს ერს და ხელს უწყობს ჩვენს გაერთიანებას ეროვნული იდეის გარშემო! მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი პრეზიდენტი თავდადებული პარტრიოტია და ამიტომ იდეას ვაწვდი _ მაგ ადგილას დაიდგას გრანდიოზული მემორიალი, სკულპტურული კომპლექსი, რომელიც უკვდავყოფს მაზნიაშვილის ჯარისკაცების გმირობას!


_ მეჩეთი თუ ააშენეს?


_ მაშინ ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან ცინიზმის უკიდურესი გამოვლინება _ღალატი და იქ დაკრძალული მეომრების შეურაცხყოფა, რაზეც, ადრე თუ გვიან, ღვთის წინაშე პასუხს აგებს!


_ მამაო, აღდგომა გვიახლოვდება! რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?


_ გვეუბნებიან: «ქრისტე აღსდგა!», ჩვენ ვპასუხობთ: «ჭეშმარიტად აღსდგა!». ვულოცავთ ერთმანეთს და ამ ემოციურ დატვირთვასთან ერთად, ცუდი არ იქნება, გავიაზროთ, თუ რატომ გვიხარია. ამ სიხარულს ორი საფუძველი აქვს: ქრისტე და მარადიული სიცოცხლე! «ქრისტე აღსდგა!» _ ამ მოკლე მილოცვით ეკლესია გვეუბნება, რომ იესო ქრისტე არა მხოლოდ ადამიანი, არამედ სამყაროს შემოქმედი ღმერთია, რომელიც ჩვენთვის მოვიდა, ჩვენთვის იცხოვრა, ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის აღსდგა! იგი _ მარად ცოცხალი და ყოვლისშემძლე, აღსდგა როგორც ადამიანი, რითაც ჩვენ თანაზიარნი გაგვხადა მარადიული ღვთაებრივი სიცოცხლისა! ამ მარადიული სიცოცხლის განცდა და მასთან შეხება აქვე _ დედამიწაზე უნდა დაიწყოს. ამისთვის ქრისტესადმი ერთგულებაა საჭირო, როგორც ღმერთისადმი. მაგრამ ქრისტესადმი ერთგულება, როგორც ღმერთისადმი, გაცილებით იოლია, ვიდრე ქრისტესადმი ერთგულება, როგორც ადამიანისადმი.


_ რატომაა რთული?


_ რთულია იმიტომ, რომ მას ამ სოფელში უჭირდა, ვერ უგებდნენ. ამა სოფლის ძლიერთაგან უარყოფილი, ტანჯული და უსამართლოდ მოკლული იქნა... საერთოდ, ძნელია უერთგულო სიმართლეს, როდესაც ის თავის ძალმოსილებას არ ავლენს!


რაც მეტად ვუერთგულებთ მაცხოვარს, მით მეტად შევიგრძნობთ მას ღმერთად! და თუ ჩვენი რწმენა და ერთგულება მოციქულთა რწმენას და ერთგულებას მიუახლოვდა, მაშინ ჩვენი სიხარულიც მოციქულთა იმ სიხარულს მიუახლოვდება, რომელიც ასე საოცრადაა აღწერილი სახარებაში!


_ მამაო, რა არის ამისთვის საჭირო?


_ ჩვენ მოციქულთა მსგავსად უნდა გვიყვარდეს ქრისტე. იგი ჩვენი ცხოვრების საზრისი, მიზანი უნდა გახდეს და ვეცადოთ, მოციქულებივით სამყაროს ვუყუროთ ქრისტეს თვალებით!


ღმერთმა აღდგომის სიხარული არ მოუშალოს ჩვენს ერს! ამინ!


ესაუბრა  გიორგი კორძაძე 




წყარო: http://geworld.ge/View.php?ArtId=3892&lang=ge&Title=mama+Teodore:+yoveli+xelisufali+aris+sarke,+an+prototipi,+an+karikat
კატეგორია: ინტერვიუ | დაამატა: vasoelis (17.05.2012)
ნანახია: 901 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]