რა იკითხება ბზობის ხატზე
რა იკითხება ბზობის ხატზე
 

ბზობის ხატზე გამოსახულია უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც მაცხოვრის ჯვარზე ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ცენტრშია სახედარზე ჩამომჯდარი იესო ქრისტე. სახარებიდან ცნობილია, რომ როდესაც იერუსალიმში მიმავალი მაცხოვარი ბეთბაგეს და ბეთანიის მთას მიუახლოვდა, სოფელში ორი მოწაფე წარგზავნა და დაავალა, რომ მიეყვანათ სოფლის თავშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომელთა ზურგმაც არ იცოდა ადამიანი: „და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი და დაჯდა მას ზედა“ (მათე 21,7). თავდაპირველად უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამსახველ ხატზე მაცხოვარს სახედარზე გადამჯდარს გამოხატავდნენ, მოგვიანებით დაიხვეწა ბზობის შინაარსობრივი მხარე და იგი უკვე სახედარზე ჩამომჯდარი გამოისახება.

საინტერესოა, რატომ აირჩია უფალმა ეს ორი პირუტყვი - ვირი და ჩოჩორი და არა რომელიმე სხვა ცხოველი, რომელიც მის დიდებას უფრო მეტ ზეიმურობას შეჰმატებდა? როგორც არქიმანდრიტი რაფაელი განმარტავს, „იუდეაში არსებობდა ტრადიცია: მეფეები მშვიდობიანობის დროს ამ ცხოველებს სამეფო შემოვლისთვის იყენებდნენ, ხოლო ცხენებს - სამხედრო მიზნებისთვის. იესო ჩოჩორზე შეჯდა იმის ნიშნად, რომ მას მოაქვს მშვიდობა, იგი მშვიდობის მეუფეა“. ე.ი. ბზობის ხატზე მაცხოვარი ჩამომჯდარი „კიცვსა ზედა“ გამოისახება ნიშნად უფლის თავმდაბლობისა და კარაულის მორჩილებისა. კარაულის სრული მორჩილების ნიშანია აყრილი ლაგამიც. უფალი იერუსალიმში შედის არა ცხენით, ე.ი. მხედრად და დამპყრობად, არამედ როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელმაც ადამიანებს მშვიდობა და ხსნა უნდა მოუტანოს.

ბზობის ხატზე იესო ქრისტეს გვერდით გამოისახებიან მისი მოწაფეები, იქვე ჩანს „სიმრავლე ერისა“, ე.ი. იერუსალიმის ქუჩებში გამოფენილი ადამიანები, რომლებიც განადიდებენ მაცხოვარს. სცენის მოუცილებელი ნიშანია ყრმა ებრაელნი, რომლებიც სამოსელის და რტოების დაფენით ადიდებენ უფალს. „დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ - მოგვითხრობს მათე მახარებელი. „ოსანა“ ნიშნავს: უფალი მოდის! ხსნა უფლისგანაა! უფალო, გვაცხოვნენ ჩვენ! „ოსანა“ ნიშნავს, რომ ამ დღეს ქრისტე უხილავად გვიახლოვდება, მოდის ჩვენს გულებთან“, - განმარტავს არქიმანდრიტი რაფაელი.

როგორც აღვნიშნეთ, იერუსალიმში უფალი შედის როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელიც ნებსით უნდა ეგოს მსხვერპლად ადამის ცოდვას. უფალი ძალმომრეობით კი არ იპყრობს იერუსალიმს, რაც ზოგადად უფლის სახელს განასახიერებს - ეს სახელწოდება „მშვიდობის სავანეს“, „მშვიდობის ქალაქს“ ნიშნავს, - არამედ სიყვარულითა და მიტევებით ანგრევს ძველს და აგებს ახალ იერუსალიმს. ამდენად, შედის რა იერუსალიმში, იესო ქრისტე შედის თავის ტაძარში, რაც იერუსალიმში შესული მაცხოვრის იერუსალიმის ტაძარში შესვლით კონკრეტდება. „ჯვარი ვაზისას“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მომზადებული მასალის „ბზობის ხატის“ თანახმად: „ის, რომ იერუსალიმში და ტაძარში შესვლა მაცხოვრისა ერთი და იგივე აქტია, უფაქიზესად აისახა იკონოგრაფიულადაც, კერძოდ, ყრმანი, რომლებიც სახარების მიხედვით ტაძარში განადიდებენ იესოს, სახვითად იერუსალიმში შესვლას წინაუსწრებდნენ და იერუსალიმის წინ გამოსახული ფინიკის ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. აქედან ჩანს, რომ ბზობის სახვითი ტრადიცია გამომდინარეობს არა სიუჟეტური მდინარებიდან, არამედ შინაარსიდან.

აუცილებელია კიდევ ერთი ელემენტის განმარტება, კერძოდ, მღაღადებელ ყრმათა სიმბოლოსი. „ყრმანი უმანკონი“, „სულისაგან წმიდისა განათლებულნი და საღმრთოითა მადლითა აღვსილნი“, სიბრძნით წინასწარმეტყველებენ უფლის მოსვლას, მიეგებებიან „მხსნელსა მას სულთა ჩვენთასა“ და თუ ბზობა უფლის დიდების მიწიერი განცხადებაა, ამ დიდებაში ყრმანი ანგელოზთა სახეებია“.

სახარების თანახმად, იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი პალმის რტოებს უფენდა გზაზე. სამხრეთის ქვეყნებში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე გამოიყენება პალმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეცვალეს, გაზაფხულზე ბზა ყველა მცენარეზე ადრე ყვავის. თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება - ბზობა - ამ მცენარის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას უფენდნენ გზაზე პალმის ტოტების სახით: ხალხი ეგებებოდა იესო ქრისტეს პალმის რტოებით ხელში, ვითარცა მძლეველს... ჩვენ გვიჭირავს ბზა და ამით ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის სიკვდილის, დემონისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი. ამასთანავე, ბზის და პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოსახავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 7, 2006 წ.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/bzobis_khati.htm
კატეგორია: ხატებისა და საეკლესიო ნივთების გალერეა | დაამატა: vasoelis (02.01.2019)
ნანახია: 455 | ტეგები: რა იკითხება ბზობის ხატზე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]