საერო და საეკლესიო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ტიხრული მინანქარი, ოქრომჭედლობა, ნაქარგობა, თექა)
საერო და საეკლესიო 
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები
  
თანამედროვე ქართული
ტიხრული მინანქარი და ოქრომჭედლობა
   
  
საეკლესიო და საერო ნაქარგობა 
 
დეკორატირული თექა 

 

გადაიწერეთ კატალოგის PDF ვერსია:

კატალოგი (4 MB), გარეკანი (144 KB)

 

კატალოგზე მუშაობდნენ:
  ზურაბ ცხოვრებაძე
დავით კაკაბაძე
თამარ ასათიანი
ეთერ უროტაძე
ელისო არაბული
ქეთევან ჭაბუკიანი

 
ტექნიკური უზრუნველყოფა:
  კახაბერ მაისურაძე
 
ფოტომასალა:
  ლევან ლაკერბაია

 

„ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა საერო და საეკლესიო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული მინანქრის, ნაქარგობის, თექისა და ხელოვნების სხვა დარგების ნიმუშები.

გამოფენის გახსნის დღეს თავის საკვირაო ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: „წმინდა იაკობ მოციქული ამბობს: რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო. მინდა შეგახსენოთ, რომ რწმენასთან ერთად უნდა ვიშრომოთ და ჩვენი შრომით ვჭამოთ პური. აი, დღეს ჩვენს ტაძარში შესანიშნავი გამოფენაა... ეს ნამუშევრები არ არის მხოლოდ სახილველად გამოფენილი. ვისაც შესწავლის სურვილი ექნება, მათთვის შეიქმნება პატარა ჯგუფები და მასწავლებლებს დაევალებათ, შეგასწავლონ ის საქმე, რომელსაც აირჩევთ. ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან მოგეწონებათ."

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე საეკლესიო ტიხრული მინანქრის რამდენიმე ნიმუში. ტიხრული მინანქარი შუა საუკუნეებში ბიზანტიასა და საქართველოში იყო გავრცელებული. მეცნიერებაში დღესაც არ არის ზუსტად დადგენილი, ამ საოცარი ხელოვნების აკვანი ბიზანტია იყო თუ საქართველო. ტიხრული მინანქრის პირველი ქართული ნიმუში VIII საუკუნით თარიღდება, მაგრამ განსაკუთრებულ განვითარებას ეს დარგი X-XII საუკუნეებში აღწევს.

საქართვლოს დასუსტებისა და მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად, ტიხრული მინანქარი გვიან შუა საუკუნეებში დავიწყებას ეძლევა.

დარგმა სწრაფი რენესანსი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, განიცადა.

ტიხრულ მინანქარს ყურადღება საქართველოს ეკლესიამაც მიაქცია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იწყება მინანქრის დავიწყებული ტრადიციის აღდგენა. მონასტრის ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნოში, რომელსაც მხატვარი დავით კაკაბაძე (უმცროსი) ხელმძღვანელობს, ტრადიციებისა და საეკლესიო კანონიკის გათვალისწინებით იქმნება შესანიშნავი ნიმუშები. მასალად გამოიყენება უმაღლესი, სუფთა სინჯის ოქრო, ვერცხლი და მინანქარი. მუშაობა მიმდინარეობს ტრადიციული, რთული ტექნიკით, ე.წ. ბიზანტიურ-ქართული ხელობით.

რაც შეეხება ხელსაქმეს, მას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. როგორც აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, ქსოვამქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი, ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები ქმრის ოჯახისთვის საჩუქრად მიჰქონდა.

ცნობილია, რომ წმინდა მეფე თამარი მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა და არა სამეფო ხაზინიდან.

ბუნებრივი მატყლის ძაფისაგან საქართველოში უძველესი დროიდანვე იქსოვებოდა: შალის ქსოვილები, ხალიჩები, ფარდაგები, ყაჯარ-ჯეჯიმები; ქსოვდნენ ასევე აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან. გარდა ამისა, გავრცელებული იყო სელის ძაფისაგან დამზადებული ქსოვილებიც (საინტერესოა ქსენოფონტეს ცნობა იმის შესახებ, რომ ხალიბები იყენებდნენ სელისაგან დაწნულ ჯავშანს). იქსოვებოდა ყდაზე, ყაისნაღით, ჩხირებითა და ასევე სხვა წესებით. ნაქსოვი და შეკერილი სამოსი კი ბოლოს იქარგებოდა. ასევე იქარგებოდა: სამაჯურები, ლეჩაქები, მანდილები, ქუდები, თავსაკრავები, ყაბალახები, ფაფანაკები, პერანგები, თათები, წინდები, პაჭიჭები, საწვივეები, ქისები, სათამბაქოები, ჩანთები, ბალიშები, მუთაქის პირები და ა. შ. რაც შეეხება საეკლესიო ნაქარგობას, მზადდებოდა: კრეტსაბმელები, გარდამოხსნები, დაფარნები, ოლარები, საბუხარები, ომოფორები, სამღვდელო და სამღვდელმთავრო შესამოსლები და სხვა.

ქარგვის ოსტატები უდიდესი მოწიწებითა და ლოცვით აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.

ქართული ნაქარგობა გამოირჩევა ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დახვეწილი გემოვნებით, დეკორატიული სტილით, მდიდარი ფანტაზიით, უზადო შესრულებით, ტექნიკური ხერხების მრავალფეროვნებით. დახვეწილ ქართულ ხელოვნებაზე უცხოელებიც ხშირად წერდნენ.

ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ქრისტეს შობამდე 485-422 წწ.) გვაუწყებს, რომ იმდროინდელი კავკასიის მთიელები ბრწყინვალედ ქსოვდნენ, ქარგავდნენ და იქვე დასძენს, რომ ეს ნაქარგობა არ ხუნდებოდა.

მწერალი ოლღა ფოში წერს: „ქართველმა ქალებმა ნემსი აიყვანეს სახელმოხვეჭილი მხატვრის ფუნჯისა და მოქანდაკის საჭრეთლის სიმაღლეზე."

XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო საქართველოს დედაქალაქის აღწერისას აღნიშნავს: „თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილებს. ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!"

ისევე როგორც მინანქარი, საეკლესიო ნაქარგობაც ძნელბედობის, განსაკუთრებით კი, კომუნიზმის ჟამს, თანდათან დავიწყებას მიეცა. მისი აღდგენაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი საჭეთმპყრობლის სახელს უკავშირდება. 1983 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველ ქალთა პირველმა ჯგუფმა, ქალბატონი ანა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით, ამ უმნიშვნელოვანესი საქმის შესწავლა დაიწყო. 1985 წელს საქართველოს საპატრიარქოში ხალხური რეწვის განყოფილება შეიქმნა. 1994 წლიდან კი სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრასთან საეკლესიო ნაქარგობის სახელოსნოც გაიხსნა.

გარდა ხელსაქმისა, საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობდა თექის, ანუ მოთელილი მატყლის ტრადიცია. თექის ყველაზე გავრცელებული ნიმუშებია - ნაბადი და ქეჩა. თექას თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში ამზადებდნენ. ამისთვის გამოიყენებოდა ადგილობრივი ცხვრისა და მერინოსის მატყლი, ასევე სხვა მასალა.

ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გთავაზობთ გამოფენაზე წარმოდგენილ ორმოცდაექვს ნიმუშს. სამწუხაროდ, ტექნიკური მიზეზების გამო, გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი კატალოგში ვერ მოხვდა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი ავტორები: მონაზონი თებრონია (სეფერთელაძე), მონაზონი ნინო (მსხვილიძე), მონაზონი სალომე (მურცხვალაძე), მონაზონი ანტონინა (რუხაძე), დავით კაკაბაძე და ქართული ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანის" თანამშრომლები; ეთერ უროტაძე, ელისო არაბული, ლია ანიაშვილი, ლია ლურსმანაშვილი, ირმა იორამაშვილი, ნათელა ნაცვლიშვილი, ნაილი მამაცაშვილი, ჟუჟუნა ბალიაშვილი, თინათინ ყავლაშვილი, თამარ გულხადარაშვილი, თინათინ გულხადარაშვილი, ლელა კირთაძე, მანანა გოგავა, ელენე ყაყიტაშვილი, მაკა ბესტავაშვილი, გულიკო ალოევა, შორენა ციცქიშვილი, შორენა ქურდაძე, ქეთევან ჭაბუკიანი, ნატო ლაგვილავა, ელისაბედ ჩაჩანიძე, ხათუნა გოლოშვილი, მაია გეთიაშვილი, ელენე კოხრეიძე, თეკლა ფირცხალავა, ლეილა მარტიაშვილი, თამარ რუსაძე, ქეთევან კვესელავა, ფიქრია თოთიბაძე, ცირა გელოვანი, ლელა ფალავანდიშვილი, სოფიო თვალაბეიშვილი, ლია ლომსაძე, მანანა ღრეული, ლეილა ლაშხია, თინათინ მიქელაძე, ხათუნა ანიაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის კათედრის თანამშრომლები და სტუდენტები.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/galerea/nimushebi/nimushebi.htm
კატეგორია: ხატებისა და საეკლესიო ნივთების გალერეა | დაამატა: vasoelis (21.02.2012)
ნანახია: 1982 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]