პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

რუსთავისა და მარნეულის
მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი)

ბიოგრაფია


მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) - ერისკაცობაში გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი 1946 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში დაიბადა.

დედა – ეკატერინე ვილგელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი.

მამა - ვახტანგ ნიზოლოზის ძე გარეკელი - ისტორიის პროფესორი.

1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე.

1979 წლიდან ეკლესიის მრევლია.

1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს.

1985-88 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1987 წლის 19 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.

1988 წლის 24 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა.

1989-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია.

1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა (ამჟამად კომიტეტი რეორგანიზებულია განათლების ცენტრად და მას სათავეში კვლავ მეუფე იოანე უდგას ).

1995 წლის 25 მაისს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და აკადემიკოსოს წოდება მიენიჭა.

2005 წლის 31 იანვარს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა (ამ მოვალეობას იგი დღესაც ასრულებს).

2008 წლის 27 ივნისს წმინდა სინოდის კრებაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 2008 წლის 11 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 2008 წლის 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და უწოდა ცურტავის ტიტულოვანი ეპისკოპოსი.

2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.

2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.


კატეგორია: წერილები, ქადაგებები | დაამატა: vasoelis (25.01.2012)
ნანახია: 1624 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]