წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებები, მიძღვნილი დიდი მარხვის პირველი კვირის ყოველი დღისადმი


ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელი სთქუა დაწყებასა მარხუათასა. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო! მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავს არს ნავთსაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი, და იშუებენ მყუდროებითა სულიერითა, რამეთუ არა ხოლო თუ მონაზონთაი, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, პყრობილთაი და მპყრობელთაი, მეფეთა და მთავართა, მღუდელთმთავართა, და მღუდელთა, და ყოველსავე ჰასაკისა, და ყოველსავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამეთუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერითგან შფოთითა და ამბოხებათაგან, და მათ წილ იწყებენ ფსალმუნებად, და დიდების მეტყუელებად, და ლოცუად, და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალექმნილი სახიერი ღმერთი ჩუენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩუენთათვის, უკეთუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეუვრდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე, და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამეთუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა, თანა მოღუაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მმარხუელთა მოძღუართა მიერ ნუგეშინის ცემაი. ხოლო მე ვინაითგან პატიოსნებისა თქუენისა თავად დავიდგინე, თქუენდა მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხუა უკუე განმაახლებელი არს სულისა, რამეთუ იტყვის მოციქული: "რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკეთუ განახლდების, საცნაურ არს, ვითარმედ განშუენდებისცა პირუელისა მისებრ სიკეთისა, და რაჟამს განშუენდეს, სიყუარულად თავისა თვისისა მოიზიდავს". რომელმან იგი თქუა: "მე და მამა მოვიდეთ, და სავანე მისთანა ვჰყოთ". აწ უკუე ვინაითგან ესე ვითარი არს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღუთისა გუყოფს ჩუენ სახიერი ღმერთი, თანაგუაძს შეწყნარებაი მისი, ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამადთასა, უწყით, რამეთუ უფალსა დაღათუ ძალ-ედვა მრავალთა სანოაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა, და ვინაიდგან უჩუეულობაი გულის მოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერითგან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხუა არა ჭამადთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღურებასა, ვითარცა საღმრთოთა მამათა ჩუენთა თქუეს: "განვეყენნეთ უკუე, გევედრები, მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩუეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა, და უფროსღა განვეშორნეთ წარმწყმედელსა გულის თქმასა, რამეთუ დაღაცათუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგუესხმის ჩუენ მრავალთავი ესე გუელი". ვისმინოთ მეტყუელისა მის, ვითარმედ შუენიერ იყო ხილუად და კეთილ საჭმლად, რომელმან იგი მომაკუდინა მე ნაყოფმან, და იხილეთ, რამეთუ მშუენიერ სთქუა ხილუად, და არა ბუნებით. რამეთუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცუალი ბროწეულისა შუენიერი და ფეროვანი, და ჰპოვის დამპალ, ეგრეთვე სახედ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა. და ვინაითგან მიღებულ იქმნას, უმწარეს ნაღვლისა იპოვების, და აღლესილ უფროს მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირუელსა მამასა ადამს, შეიტყუა რა გუელისა მიერ, რამეთუ ვინაითგან შეეხო დაყენებულსა მას ჭამადსა, ჰპოვა ცხოვრებისა წილ სიკუდილი. ესევე შეემთხვია მიერითგან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცთუნებულთა, რამეთუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცუალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცუალება ბოროტისა კეთილად, და მწარისა ტკბილად, და ბნელისა ნათლად, უშუერისა მშუენიერებად, და სასიკუდინოისა საცხოვრებელად, და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არა დასცხრების ყოვლად ბოროტი იგი. არამედ ჩუენ, ძმანო, ნუ შევსცდებით მრავალფერთა მათ საცთურთა მისთაგან, და ნუმცა შეგუემთხუევის სახედ მფრინუელთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამადსა უძღებებით მივლენ, და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურუელსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შუშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვივლტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყუნეთ, ჟამითი ჟამათ ფსალმუნებასა, გულსმოდგინეთ დიდებისმეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხუასა, წადიერად მუხლთ-დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითოეულსა ჟამისა. მოქმედ თვისითა ხელითა, რამეთუ კეთილ არს საქმე, რამეთუ უქმისა არა ჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმეი ვიტვირთოთ, რამეთუ რომელიმე უძლურ-არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისათვისცა და სუმისა და სხუათაცა საქმეთა, და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყუნეთ ყოველთა შინა ტკბილ ურთიერთ არს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა. და მშვიდობამან ღუთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუეწნნი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკუდართასა მიმთხუევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე, თანა მამით და წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სამშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, ხსენებისათვის სიკუდილისა და სიტყვის გებისათვის საქმეთა ჩუენთასა წინაშე საშინელისა მის სამსჯავროისა. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო! ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა სარგებელ არს ხსენებაი სიკუდილისა, და ჯერ არს, რათა ყოველსა ჟამსა ამიერ განსვლისა ჩუენისათვის, და მერმისა მის საქმეთა ჩუენთა სიტყვის მიცემისათვის ვზრახვიდეთ. ხოლო ფრიად უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა სათქმელ არს მისთვის, რამეთუ აწ უმეტეს სხუათა მათ დღეთასა აქუს მყუდროებაი გონებასა ჩუენსა და მარჯუე არს შეწყნარებად ესე ვითართა სიტყუათა, რამეთუ მარხვისა მიერ და ფსალმუნებისა და ლოცვისა და საღმრთოთა სიტყუათა ზედას-ზედა სმენისა, განუდგების გულისსიტყუათა ალმური, და განმზადებულ არს შეწყნარებად სულიერისა მოძღურებისა. ხედავთა უკუე, ვითარ ზედას-ზედა და შემდგომითი შემდგომად განვლენ ცხოვრებისა ამისგან ძმანი ჩუენნი და მამანი, და ესე სხუაი არა რაი არს, არამედ უწყება, ვითარმდ კნინღა და ჩუენცა მივიცუალებით ამიერ, ხოლო მივიცუალებით არა საწუთოთა და ქუეყანისა ადგილთა და საყოფელთა, არამედ უნივთოთა და სამარადისოთა სავანეთა, რომელთაგან არღარა არს მოქცევა ერთგზის წარსრულთა, და საშინელ არს სიკუდილისათვის სმენა, ხოლო უსაშინელეს არს თუალთა რა იხილოს, ვითარ იგი ჩუენ პირუელ მცირედთა დღეთასა ვიხილეთ ქალკიდიისა წინამძღურისა. რამეთუ ვინაითგან ვჰპოვეთ იგი უკანასკნელსა აღმოფშვინვასა, ფრიად განვკვირდით საქმესა მას ზედა, თუ ვითარ ერთსა წამსა შინა ჩუენ თანა იყო და ჩუენ განგუეშორა და მიეცა სიკუდილსა და ჭეშმარიტად საშინელ არს სმენა და განსაკვირვებელ ხილუა. თქუა უკუე ვიდრე სულიერღა იყო ნეტარი იგი, ესე ვითარი რაიმე სიტყუა, მცირედღა დავეწიფე. და სიტყუასა თანა შეძრა თავი ხელითურთ, ხოლო სახე სიტყვისა მის არა გამოაცხადა, ხოლო ჩუენ გულისხმავჰყოფთ, თუ რაისათვის არა იქმნა გამოცხადებაი, რამეთუ ვერცაღა ეძლო, და ესე ვთქუ, არა მისდა შესმენად, ნუ იყოფინ, არამედ თავისა თვისისა შეშინებად, და თქუენდა განსაკრძალველად, რათა არა მივიწივნეთ ესე ვითარისა ხმისა აღმოთქმად ჟამსა სიკუდილისასა, არამედ განმზადებულნი შეუშფოთებელად განვიდეთ ამიერ, ვითარცა წერილ არს: "განვემზადე და არა შევძრწუნდი". ხოლო ვერ სადა ვჰპოვოთ ესე, არა თუ დღითი დღე თავთა თვისთა განვეკრძალებოდეთ და წარმართებულნი სათნოებანი დავიმარხნეთ კრძალულებით და უდებქმნილნი განვმართნეთ მოღუაწებით, და ესრეთ განვემზადებოდეთ მარადის, ვითარცა ზეცად აღმავალნი. რამეთუ მითხარღა თუ ვის წინაშე წარვსდგებით, არა ყოველთა მსაჯულისაა, და უფლისავე. რომლისა მოსდრკეს ყოველი მუხლი ზეცისათა, და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველმან ენამან აღუაროს მას, რომლისად სიტყუის მიცემაი გუეგულების, არა ყოვლისავე ცხოვრებისა ჩუენისათვის, და საქმეთა, და სიტყუათა, და მოგონებათა! მე უკუე რავდენგზისცა მოვიხსენო ესე, ძრწოლაი შემიპყრობს, და ვჰგონებ, ვითარმედ კნინღა და მოიწევის მეყსა შინა, არამედ თქუენდა ჯერ არს, რათა უშიშ იყუნეთ. ხოლო თქუენ გეტყვი კეთილად მორჩილად, რომელნი ყოველსავე ზრუნვასა მორჩილებისა მცნებისა მიმართ მიაგებთ. რამეთუ ესევითარი არს ჭეშმარიტისა მორჩილისა ცხოვრებაი. ხოლო ვითარიმე სიტყვის გებაი განმზადონ თავთა თვისთათვის, წინაშე საშინელისა მის ქრისტეს საყდრისა, რომელნი მორჩილებისა წესთა განჰრყუნიან, და თვისთა ნებათა მონებენ, რომელნი აქა და იქი უწესოდ ვლენან, და სლუაი ფერხითა არა ჰნებავთ, რომელნი ვერცხლით ფრდილთა მონათა თანა იყუანებენ. ჰოი ჩუენი ესე უბადრუკება, ვითარ საბაძუელ არს სიბოროტე, ვითარ უკუე იქცენ მართლუკუნ წრფელად მავალნი მონაზონებისა მოქალაქობასა! უმჯობეს იყო მათდა, იტყვის წერილი, არა ცნობა გზისა მის სიმართლისა, ვიდრე ცნობისა, და მართლუკუნ ქცევასა, მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა. ხოლო შეემთხვია მათ ჭეშმარიტისა მისებრ იგავისა: "ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა, და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა", არამედ თქმული ესე არს სამხილებელად და საწამებელად ესე ვითართა მათ, რამეთუ არცა თუ შეგვინდობს ჟამი ესე უმეტესისა თქმად. ხოლო თქუენ, კურთხეულნო უფლისა მიერ, რომელნი ერთმანეთისა თანა, და ურთიერთარს ზოგებით სცხოვრებთ, რომელნი შინა დაადგრებით და არა იქმთ უჟამოდ განსლუასა გარეშე საჭიროთა სახმართა, და უფროისღა უბანთა, და კრებათა, რომელნი ურთიერთარს ჰმონებთ. და ესრეთ ჰმეუფებთ სოფელსა ამას შIნა, ისწრაფეთ და განმზადებდით თავთა თქუენდა, მერმისა მისთვის სიტყვისგებისა. იგონებდით დიდსა მას და განჩინებულსა დღესა, მოსლუასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შIნა მსაჯულმან მან სიმართლისამან დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა და თიკანნი მარცხენით, და მარჯუენეთა მათ უწოდოს სანატრელი იგი და საწადელი სახელი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი პირუელ სოფლისა დაბადებისა. ხოლო მარცხენითთა მათ ჰრქუეს, მწარეი იგი და საწყალობელი განჩინებაი: "წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის". ესე ხმა ძრწოლითა და შიშითა, და ზარ-ტეხითა აღსავსე არს! ამისი ჯერ არს ჩუენდა გონებაი, და შევრდომაი, და ტირილი და ღუთისა მოწყალე-ყოფა თავთა ჩუენთათვის, ვიდრე გამოცდილებადმდე სმენილთა ამათ! რამეთუ ცეცხლი იგი არა დაშრტების და მატლი არა მოკუდების, და ბნელი არა განქარდების, და საკრეულნი არა დაიხსნებიან, და ტარტაროსი არა დაილევის, და ღრჭენაი კბილთა არა დადუმნების, და სხუანი ყოველნივე სატანჯუელნი საუკუნო არიან. ამათ უკუე ვიგონებდეთ, ძმანო! და ნუმცა ვართ მოყუარე ვნებათა, ნუცა მოშურნე, ნუცა მრისხანე, ნუცა ძვირისმეტყუელ, ნუცა ტყუილისმზრახუელ, ნუცა სხვისა რაისამე წინააღდგომისა საქმედ. არამედ უფროსად მშვიდობასა ვჰყოფდეთ, და მტკიცედ ვდგეთ, და ვინანდეთ, და კეთილსა ვიქმოდეთ და ღუთის მოყუარებით ვიყუარებოდეთ ურთიერთარს, და ყოველსავე ბრძანებულსა ჩუენდა ვიქმოდეთ, და ყოველთავე დაფარულთა გულისსიტყათა, და უჩინოთა საქმეთა ჩუენთა კეთილისა აღსარებისა მიერ გამოვაცხადებდეთ, რათა მოვიღოთ შენდობაი და სატანჯუელთაგან განვერნეთ და ცხოვრებასა საუკუნესა მივემთხვივნეთ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ოთხშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, მოკუდინებისათვის ვნებათასა, და სამკალისათვის სულიერსა. გუაკურთხენ, მამაო!


ძმანო და მამანო, მოწევნული ესე ჟამი მარხვისა, ჟამი არს შრომათა და ოფლთა ხორციელთა, ხოლო მოსაგებელთა და გვირგვინთა და მადლთა სულიერთა, ვითარცა უკუე ხილულსა ამას და საწუთოსა შრომასა, განვალს კაცი საქმესა თვისსა, და შრომასა თვისსა ცისკრითგან ვიდრემდე მწუხრამდე, პირუელად ხუნად, და განწმენდად ყანისა თვისისა ეკალთაგან და კუროს თავთა, და ყოველთაგან ნივთთა მავნებელთა, და მერმე თესუად თესლისა და ვითარცა მოიწიოს მკა, არა სცის ლხინებაი თავსა თვისსა, ვიდრემდის სრულიად მომკის, და განლეწის, და წინა მდებარეი იგი საუნჯეთა თვისთა შეიკრიბოს, რაი უკუე ჯერ არს თქმად, რამეთუ უკეთუ ხორციელთა ზედა ესრეთ არს, არა უფროსად საჭირო იყოსა, სულიერსა ზედა ესრეთ ყოფად. რამეთუ ჩუენდაცა წინა მდებარე არს თესვაი და მკაი, ვითარცა თქუმულ არს მოციქულისა მიერ, ვითარმედ: "რომელმან თესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან თესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს”. და უფალი ეტყოდა მოწაფეთა თვისა: "არა თქუენ იტყვითა, ვითარმედ ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაი, აჰა ესერა მე გეტყუი თქუენ, აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან აწვე სამკალად და მომკალმან სასყიდელი მიიღოს, და შეჰკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდეს”. აჰა ესერა გიჩუენე თქუენ, რაი არს თესუაი, და მკაი სულიერი. განვიდეთ უკუე ჩუენდა საქმესა ჩუენსა სულიერსა, რომლისათვის ვიჩინენით: ვთესოთ მარხუაი, ლოცუაი, ცრემლი, ფსალმუნებაი, მუხლთდრეკაი, ხმელისა ჭამაი, ხმელსა ზედა წოლაი და სხუა ყოველივე მოღუაწებაი, რათა შევჰკრიბნეთ ნაყოფნი, არა ხორციელნი და წარმავალნი, არამედ სულიერნი და დადგრომადნი ცხოვრებად საუკუნოდ, სიწმიდე, სიყუარული, სიხარული, სულგრძელებაი, მოთმინებაი, სიმშვიდეი, და სხუაი ყოველივე სათნოებაი, რამეთუ ესენი არიან ნაყოფნი სულისანი, რომელთაი ჯერ არს გულისხმისმყოფელისა გონებისა მიერ განლეწვა და შეკრება, ესე იგი არს, რათა შეურევნელ იყოს კეთილი ბოროტისაგან, ვითარ იგი სიყუარული, არამედ არა ვნებულად. და შური კეთილისა, არამედ არა მოშურნეობით და ზრახუაი ძმისათვის, არამედ არა მტერობით, არამედ უფროსღა წადიერებით აღსრულებად ნებაი ღუთისა კეთილი და სათნოი და სრული, ვითარცა წერილ არს: "ხოლო უკეთუ საუნჯეთაცა ჯერ არს შეკრება, ესე ვითართა ამათ ნაყოფთა, რაიმცა იყო სხუა, არამედ სიმდაბლისა მიერ დაკრძალუა”, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ "რაჟამს ყოველივე ჰყოთ, სთქვით, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გუედუა ყოფად, ვჰყავთ”. და კუალად მოციქული იტყვის, ვითარმედ: "რაი გვაქვს, რომელი არა მიგიღებიეს. რაისა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა”, და ესე შრომაი და ესე მკაი, არა ორთა, და სამთა დღეთა შინა თთუეთა იხილუების ძმანო, არამედ განგრძობილად დასასრულსა თანა ცხოვრებისა ჩუენისასა, ხოლო მერმესა მას რა ცხოვრებასა ჩუენსა თანა შეტყუებულ იქმნას, ვითარცა ერთი დღე შეირაცხოს, რამეთუ მუნ დასასრული არა არს, მუნ ნაყოფსა შრომათა თვისთასა თვითოეული სჭამდეს. მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, რომელი იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. ოდენ ნუ უდებვიქმნებით, ნუცა ოდენ მოვიწყინებთ, ნუმცაცა დამძიმდებიან გულნი ჩუენნი შუებითა და მთურალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, ოდეს მოვაკუდინნეთ ასონი ქუეყანისანი, სიძუაი, არა წმიდებაი, ვნებაი, გულისთქმაი ბოროტი, ანგარებაი, და სხუანი იგი უპატიოებისა ვნებანი, ოდეს გულმოდგინედ ვიტვირთოთ უღელი მორჩილებისა, ბრძანებულსა ყოველსა ვიქმოდეთ, სიმძიმესა ყოველსა ვიტვირთვიდეთ ურთიერთარს, რათა ესრეთ აღუასრულეთ სჯული იგი ქრისტესი, მსგავსად წერილისა. და ნეტარ არს, რომელმან ყოველივე შეურაცხჰყოს ღუთისმოშიშებისათვის, და ნეტარ არს, რომელი უმრავლეს დაშურეს. რამეთუ სადა უმეტეს შრომა იყოს, მუნ უფროს არს სასყიდელიცა, და რომელმან შეურაცხი და უმრწმესი მსახურება აღირჩიოს, მან მიიღოს უფროსობაი, სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ: "რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქუენ შორის, იყავნ იგი ყოველთა მსახურ და უკანასკნელ”, და რამეთუ ძე კაცისა არა მოვიდა, რათამცა იმსახურა ვისგანმე, არამედ მსახურებად, და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის. ჩუენებულ არს უკუე პირუელ თქუმულთა ამათგან, რამეთუ არს წინაშე ჩუენსა თესუა და მკაი ყოვლადვე და მარადის, ხოლო უმეტეს აწინდელსა ამას ჟამსა მარხვისასა ვთესოთ უკუე, ძმანო, თესლი მოღუაწებისა ცრემლით, და მოვიმკოთ გულსმოდგინებით ნაყოფი სათნოებისა: რომელი ასწავებდეს – სწავლა, რომელი ზედა ადგებოდეს – მოსწრაფება, რომელი განაგებდეს – განმგებობა, რომელი ჰმსახურებდეს – მსახურება, რომელი ჰმორჩილებდეს – მორჩილება, რომელი დაყუდებულ იყოს – დაყუდება, რომელი ილოცვიდეს – ლოცუა წარუტყუენველი; ყოველივე ყოველსა შინა მსგავსად ძალისა საცნაურ არს, რაჟამს ხორციელად მშრომელნი გულსმოდგინედ ხელჰყოფდეს საქმესა, ხოლო ჩუენ უდებებით და დახსნილებით მოუხდებოდეთ სულიერთა მოსწრაფებათა, ბოროტ არს, რაჟამს იგინი ოფლითა შესუარულნი არა განეშორებოდენ საქმესა; ხოლო ჩუენ მცონარე და მოწყინე ვიყუნეთ სიმტკიცისა მიმართ სათნოებათასა, და მოღუაწებისა საღმრთოისა, რომლისათვის სასუფეველი ცათაი წინა სძეს მაშვრალთა მათთვის უფლისათა; რომლისა თვისმე ცხოვრება საუკუნო, რომლისა თვისმე სიხარული გამოუთქმელი არს რამეა დახსნილობით მუშაკთა მიერ მოგებაი დიდთა და გულისსათქმელთა? ნუ იყოფინ. ამისათვის ჯერ არს განფრთხობაი და აღდგომაი, რამეთუ არა განხრწნადი და საწუთო სამკალი სძეს წინაშე ჩუენსა, არამედ უხრწნელი და საუკუნო, რათა ღირს იყოს ჩუენთვისცა თქმად, ვითარმედ ნაშრომი ხელთა შენთა ჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. ნუ ვინმე თქუას, ვითარმედ უძლურ ვარ, და ვერ ძალმიძს სულიერისა ამის სამკალისა მკად, ნუ უკუე და უძლურ ხარ ხორცითა, ხოლო არა სულითა! უკეთუ გნებავს, ძალგიძს საქმედ კეთილისა; ცრემლნი გქონან, სინანული გაქუს, ლმობიერება გაქუს, დაცუაი გონებისა გაქუს, მშვიდობაი გაქუს და სიწმიდეი გაქუს. რომელნი ესე ფრიად საყუარელ არიან ღუთისა. ხოლო უკეთუ უძლურებისათვის მარხუად, ზედგომად და მუხლთდრეკად მრავალ ჟამ ვერ ძალგიძს, ზემო თქმულნი ესე დაიმარხენ და ცხოვნდე. ნუ ვინ იტყუის თუ შემიბრკმა და ვერ ძალმიძს აღდგომად! ინებე ხოლო და აღგადგინოს შენ, რომელმან იგი აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, ნუ უკუე რომელი დაეცის, არა აღსდგისა? ანუ რომელი მიიქცის, ნუ არა მოიქცისა? ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, არა მნებავს მე სიკუდილი ცოდვილისა, ვითარ მოქცევაი, და ცხოვრებაი მისი. აწ უკუე რაიმცა გუაქუნდა მიზეზი ჯეროვანი, ანუ ადგილი სიტყვისგებისაი? არა ყოველთა გულსმოდგინებითა აღსრულებად მცნებათა და მიმთხუევად აღთქმულთა მათ კეთილთა გვიბრძანებს? აჰა ესერა წმიდანი მამანი ჩუენნი დაჰშურეს, სთესდეს და მოიმკეს, და შეიკრიბეს თვისა საუნჯეთა ცხოვრებაი საუკუნოი, და აწ არიან სიხარულსა შინა, და მოელიან გამოჩინებასა დიდისა მის დღისასა, რომელსა შინა განბრწყინდენ, ვითარცა მზე! გევედრები, ძმანო, ნუ უცხო ვიქმნებით ნეტარებათა ამათგან და ნუცა კნინისა და უნდოისა და საწუთოისა განსუენებისა და გემოისათვის განვსცემთ ცხოვრებასა ჩუენსა, რათა არა საუკუნოდ დავისაჯნეთ; არამედ რავდენცა შესაძლებელ იყოს, ვიღუაწოთ შემდგომად კუალსა წმიდათა მათ და ყოვლად ქებულთა მამათასა, ყოველსავე თავსვიდებდეთ, ყოველსავე მოვითმენდეთ, რათა სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ, ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხუთშაბათსა პირველისა შვიდეულისასა, განშუენებისათვის უხრწნელისა მის სამკვიდრებელისა ჩუენისა, სათნოებათა სამკაულითა. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო, სოფლისა ამის კაცნი, რაჟამს სახლთა მრავალსასყიდლისათა აღმართებდნენ, არა სცემენ განსუენებასა თავთა თვისთა ჭირითა, და შრომითა, და რუდუნებით ღამე და დღე, ვიდრემდის სრულყონ სასწრაფოი იგი თვისი და ესოდენ სურვილი აქუსთ მათთვის, ვიდრეღა ყოველი გონება მათი მათ შინა იქცევიან, და განიცდიან, თუ ვითარ სართული კეთილად დაირთოს, ანუ ვითარ ქუეყანა მარმარილოითა თვითო სახითა შეიმკოს, სხვისა მის-თანა შუენიერებისა, რათა ხილვისმოყუარეთა სახესა და ფერსა შუენიერსა და საწადელსა მისცემდეს. და კუალად უკეთუ ვინმე ინებოს დაბრკოლებაი მათი ზრუნვისა მისგან, ესრეთ შეუძნდეთ, ვითარცა დიდად ვნებულთა. ხოლო ჩუენ ვინაითგან არა განხრწნადთა სახლთა აღუაშენებთ, არამედ უხრწნელთა, არა ქუათაგან და ძელთა შენაწევრებულთა, არამედ მადლითა სულიერითა გამოქანდაკებულთა, უდებმევიქმნეთა? და მათისა მის მოსწრაფებისა უდარეს ვიპოვნეთა? და ვითარ არა იყოს ესე დიდი უსამართლობა. უფროისღა, რამეთუ იგინი კაცთა ხორცთ მოყუარეთა შეიწყნარებენ, და მრავალნი რა უფალნი იცუალნიან, უკანასკნელ დაიხსნიან და მოოხრდიან. ხოლო ამათ სულისა წმიდისა შეწყნარებაი იციან. რამეთუ ტაძარნი ღუთისანი ვართ, და სული ღუთისა მკვიდრ არს ჩუენ შორის, ვითარცა იტყვის საღმრთო მოციქული: ”და ავმაღლდეთ რა ამიერ სოფლით, ჩუენთანავე ამაღლდებიან, და ჰგიან ცათა შინა დაურღვეველად უკუნისამდე”. ხოლო რაი არს ნივთი ამის შენებისა? მწყობრი სათნოებათა. აწ უკუე დავსდვათ პირუელად შიში უფლისა, ვითარცა საფუძველი შეუძრუელი, ვინაითგან ”დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა”. და მერმე გონიერებაი და სიმხნე და სიწმიდე, და სიმართლე, ძალითა ერთი ერთისა შეახლებული და საკრუელითა სიყუარულისათა შენაწევრებული და შემტკიცებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, ვითარცა წერილ არს: ”ამას ტაძარსა, ძმანო, დღითი დღე ვაშენებდეთ, და ამისა შემკობად სიკეთითა სათნოებათათა ნუ დავსცხრებით, რათა სული წმიდა თანამკვიდრად გუაქუნდეს, რათა ანგელოსნი და კაცნი თავთა მიმართ თვისთა მოვიზიდნეთ ცხოვრებისა ჩუენისა შუენიერებითა და კეთილად ცხოვრებითა”. ხოლო ვინაითგან მარხუაცა ერთი არს სათნოებათაგანი, უფროსღა მისსა მიმართ განვმხნდეთ აწ და მივსცეთ დიდებაი ღმერთსა, რამეთუ ერთი სტადიონი მისი აღუასრულეთ. პირნი ჩუენნი შეიცუალნეს უფროს პირუელისა, არამედ კეთილითა შეცუალებითა, რომელ არს მარხვისა მიერისა სიყვითლითა ბრწყინუალება! სასანი ჩუენნი დამწარდეს ნაღვლისა მიერ, მიმყოვრებულად ჭამისაგან შესრულებულნი. არამედ სულნი ჩუენნი დასტკბენ სასოებითა ფრთოან ქმნულნი, დაღაცათუ ესენი ურთიერთარს მხდომ არიან, და ერთისა განმტკიცებად მეორისა დამხსნელ იქმნების, ხოლო ჩუენ ვიხარებდეთ, რაჟამს უმჯობესი განმტკიცნებოდეს და შეემატებოდეს. გარნა ნუ უკუე სთქუას ვინმე, ვითარმედ დღითი დღე მიღება საზრდელისა ნაკლულევანება არს სრულებისა, ნუ იყოფინ! რამეთუ, უკეთუმცა ესრეთ იყო, არამცა განეწესა უფალსა პური ესე ჩუენი არსობისა, თხოვად ჩუენდა; არამცა წინასწარმეტყუელი ილია უდაბნოსა ზედა დღითი-დღე გაზრდილ იყო ყორნისა მიერ; არცამცა პავლეს, რომელი პირუელ დიდისა ანტონისსა უდაბნოს მკვიდრ იქმნა, მდღევარი პური მიეღო ღუთისა მიერ; არცამცა თავადსა დიდსა ანტონის უფროს დღე გამოღებით შვიდეულით მარხვისა, თვინიერ განძღომისა, დღითი-დღე ჭამაი უმჯობესად განეწესა! და ვითარ ვჰგონებ ამის სახისათვის, რამეთუ ვინაითგან ხორცნი ჩუენნი, დღე ყოველ შურებოდენ რა, მოუძლურდებიან საცნობელთაგან, ვითარცა კიცვი რაიმე მორბედი და უხმს განსუენებაი – ამის თვისცა შემოქმედმან ბუნებათამან დღითი-დღედი საზრდელი შესაწევნელად მისსა საჭიროდ განაგო, რათა შემდგომითი შემდგომად უმაღლესად ჰრბიოდეს, და არღა იყოს დახსნილ, და დავრდომილ, ვითარ იგი შეემთხუევის მათ, რომელნი ორ-ორით, და სამ-სამით, და ოთხ-ოთხით რა იმარხუენ, რამეთუ ვერცა ზედას-ზედა მუხლთა დრეკად ძალუძთ, ვერცა ფსალმუნებასა შინა მხნედ მეტყუელებად, ვერცა სხუათა მსახურებათა სუბუქად აღსრულებად, გარნა თუ უაღრეს ბუნებათა რაიმე იქმნებოდეს! აწ უკუე არა უსრულთა არს დღითი-დღეი საზრდელი, თვინიერ განძღომისა, განწესებულსა ჟამსა მიღებული, არამედ ფრიად სრულთაცა, და ვაშა, ვაშა, რამეთუ მამათა მიერ განკანონებულ არს ჩუენი ესე მარხუაი, და უმეტეს მოგმადლენ თქუენ სიმართლეი ხორცთა, სიცოცხლეი სულთა მონებად ღუთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა, და მოლოდებად უკანასკნელსა მას დღესა, რომელსა შინა წმიდათა თანა გაბრწყინდეთ, ვითარცა მზე, და სასუფეველი ცათა დაიმკვიდროთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა დაუსაბამოთ მამით და ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველ-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


პარასკევსა პირველისა შვიდეულისასა, საღმრთოისა მოქალაქობისათვის. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო, ყოვლადვე ჯერ არს ჩუენდა ზრახუად სულიერისათვის და მოხსენებად თქუენდა სულთა სარგებელისა, უფროსღა დღეთა ამათ მარხვისათა; რამეთუ ვითარცა სხუათა მოღუაწებათა განვაგრძობთ, ეგრეთვე სწავლისაცა განმრავლებაი თანაგუაძს და არა დუმილი, ვინაითგან დუმილი ძილსა შეიქმს სულისასა, ხოლო ძილი მიზეზი არს სიკუდილისა, ვითარცა ილოცვიდა დავით იტყოდა: ”განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუ უკუე დავიძინო მე სიკუდიდ”. ხოლო სიტყუა, აღძრული გულსა შინა, წყარო არს წყლისა ცხოველისა, მდინარისა ცხოვრებად საუკუნოდ, რომლისა რაიმცა იყო უფროის სარგებელ. და ესე უწყოდა ნეტარმან მოციქულმან, და იტყოდა: ”სიტყუა ქრისტესი დამკვიდრებულ იყავნ თქუენ შორის მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა, ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თვისთა”. ჰხედავა, რამეთუ სწავლად და მოძღურებად თავთა თვისთა გვიბრძანებს ჩუენ და არა თვისისა მოხსენებისა ხოლო კმაყოფად! მე უკუე, გლახაკი ესე, რაოდენ გზისცა გეტყოდი თქუენ, აღვიარებ, ვითარმედ ფრიად სარგებელ მეყოფვის, რამეთUაღმოუწოდ თავსა ჩემსა სიბნელისაგან ამის ცხოვრებისა და უფრთხილეს ვიქმნები, და გულისხმისყოფად მოვალ თვისთა ცოდუათა. რამეთუ სიბნელე და შერეულობა არს ესე ცხოვრება, და სიტყუანი ბოროტნი აღიძვრიან მას შინა მარადღე, და სმენანი ამაონი, ზედა დასხმითა ეშმაკისათა, წინააღმდგომთა გულისსიტყუათა მიერ, და ჯერ არს წარდევნა ამათი მარადის სიტყვისა მიერ, და წმიდად წარდგინებაი გონებისა და კრძალუა, რომლისათვის ვიჩინენით. ხოლო რაისათვის ვიჩინენით? მონებად ღუთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა, და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, იესო ქრისტეს, მაცხოვრისა და მხსნელისა ჩუენისა, რისხვისა მისგან მომავალისა, ვითარცა წერილ არს: ”ხოლო არავინ მონაი მოელინ უფალსა თვისსა, არცა ბრალეული მსაჯულსა და დაიძინის და განისუენებს და განსცხრების, არამედ განიფრთხვის, და განიღვიძის და იღუწვის და იგონებნ, რაი შეემთხუევის, რომელსა იგი იგონებნ. კუალად მოციქული იტყვის, ვითარმედ: თავადი უფალი ბრძანებითა, და ხმითა ანგელოზთმთავრისათა, და საყვირითა ღუთისათა გარდამოხდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერ აღსდგენ პირუელად, მაშინღა ჩუენ ცხოველნი ესე რომელნი დაშთომილ ვიყუნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა, შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა, და ესრეთ მარადის უფლის თანა ვიყოფოდეთ”. არამედ ვითნიმე, ესე იგი არს: გლახაკნი სულითა, და მგლოვარენი, და წმიდანი გულითა, მშვიდნი და მშვიდობის მყოფელნი, და მოწყალენი, და რომელთა უღელი მორჩილებისა იტვირთეს, და რომელთა აღთქმა უტყუელად დაიმარხეს, - ესენი იყოფოდნენ ქრისტეს თანა. ხოლო ბოროტის მოქმედნი და ურჩნი, და წინააღმდგომნი, და მაცილობელნი, და შეურაცხისმყოფელნი აღთქმისანი, და უარისმყოფელნი მორჩილებისანი, რომელთა აღუარებელნი ცოდვანი ჰქონან და სხუანი ესე ვითართა ბოროტთა მოქმედნი, არცა აღიტაცნენ ღრუბელთა და არცა იყოფებოდენ უფლისა თანა, არამედ საწყალობელი სასჯელი მიიღონ, მოსასრუელი საუკუნოდ პირისაგან უფლისა, და პირისაგან დიდებისა ძლიერებისა მისისა, რომელი ესე ნუ იყოფინ თქუენთვის მოგონებადცა, გინა სიტყუად. ამისთვის გევედრები, განვიფრთხოთ და ვზრუნვიდეთ ცხოვრებისათვის ჩუენისა. აჰა ესერა ჰხედავთ, რამეთუ დევნულება წინაშე პირსა ჩუენსა არს, და განსაცდელნი – მახლობლად ჩუენდა, არამედ ნუ გეშინინ, და ნუცა შევსძრწუნდებით ჩუენ ზედა აღდგომილთა განსაცდელთათვის, რამეთუ უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს მტერ ჩუენდა? და უკეთუ პირუელ-მოწევნულთა მათ ჩუენ ზედა დევნულებათა ჩუენ თანა იყო, ვითარ აწ არა ჩუენ თანა იყოს, გლახაკთა ამათ, მოწევნადთაცა განმამხნობელად და განმაძლიერებლად ჩუენდა ყოვლისავე მიმართ აღთქმისამებრ თვისისა? ანუ თუ რაიმე ჰყონ წინააღმდგომთა ჩუენთა, კუალად გუდევნენა? ”არამედ უფლისა არს ქუეყანა და სავსება მისი”. კუალად პყრობილ-გუყუნენა? არამედ რაი არს უმჯობეს ქრისტესთვის პყრობილებისა! კუალად გუგუემნენა? არამედ უმრავლესთა გვირგვინთა გუექმნენ მომატყუებელ! და უკუეთუ მოგუაკუდინენ, მოვიხსენოთ, რამეთუ უფალიცა ჩუენი მოკუდა, რომლისა თანა თუ მოვკუდეთ, მისთანაცა ვსცხოვნდეთ, ვითარცა იტყვის მოციქული: ”და უკეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ”. ესევითარი იყო ნეტარი და დიდი მოწამე ქრისტესი თეოდორე, რომლისაცა ხსენებასა აღუასრულებთ, რამეთუ ყოველივე ქრისტესთვის სიხარულით დაითმინა – ტანჯუანი, ხუეტანი, პყრობილებანი, შიმშილითა და წყურვილითა განკაფაი, და ცეცხლსა მიცემაი და სიკუდილი, და ყოველივე სახეი სატანჯუელთა შეურაცხჰყო და ყოველთა ამხილა, არა თუ ახოვნად თავსდებითა ხოლო, არამედ წადიერებითაცა, და გულსმოდგინებითა მრავლითა, და რამეთუ ცეცხლი, ვითარცა თიხა დასთრგუნა, და მახვილისა მიმართ, ვითარცა შარავანდედისა და გვირგვინისა, მირბიოდა და ყუედრებანი და კიცხევანი უსჯულოთანი არა რად შერაცხნა; რამეთუ ყოველივე აღსძრა მისსა მიმართ მბრძოლმან მან ჭეშმარიტებისამან, და დაბრკოლებაი მისი ვერ უძლო, ვერცა მძლე ექმნა სიბრძნესა მისსა ტანჯუაი, ვერცა ახოვნებასა მისსა ერეოდა გუემაი, არამედ ეგო ყოვლისავე ანდამატისა უმტკიცეს, და კეთილთა მათ წარუვალთა სასოებითა უშუებდა, და ღუაწლითა სამკაულითა განშუენდებოდა. ამით სასოებითა ვჰმონებდეთ უფალსა ჩუენცა, გლახაკნი ესე, ამით სასოებითა მოვითმინოთ ყოველნი ჭირნი და იწროებაი მომავალი. შეურაცხჰყო მან საწუთოი ესე ცხოვრებაი? შეურაცხვჰყოთ ჩუენცა შუებაი ხორცთა! მისცნა მან ხორცნი თვისნი თვითო სახეთა სატანჯუელთა? მივსცნეთ ჩუენცა თავნი ჩუენნი მონაზონებისა შრომათა; დაუტევა მან სოფელი და სოფლისა ყოველივე ქრისტესთვის? დაუტევნეთ ჩუენცა ნებანი ჩუენნი ბოროტნი, რათა გარდავხდეთ ზღუდესა მას ცოდვისასა, მდგომარესა შორის ღუთისა და ჩუენისა! შეურაცხჰყო მან სიყმილი? შეურაცხვყოთ ჩუენცა მძლავრებაი იგი მუცლისა? შესთხივნა მან ხორცნი თვისნი ცეცხლსა და დასთრგუნნა მან ნაკუერცხალნი? დავშრიტნეთ ჩუენცა გულისთქმათა ბოროტთა სახმილი! ნუ საწუთოთა ამათ ვხედავთ ჭირთა, არამედ საუკუნეთა მათ კეთილთა; ნუ აწინდელთა მათ ძვირთა, არამედ სასოებათა მათ ტკბილთა; ნუ ვნებათა, არამედ ნიჭთა; ნუ შრომათა, არამედ გვირგვინთა; ნუ ოფლთა, არამედ მოსაგებელთა, რათა მორჩილებისა მიერ და აღსარებისა ღირს ვიქმნეთ ჩუენცა მკვიდრ ყოფად სასუფევლისა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



შაბათსა პირველისა შვიდეულისასა, რათა მხნედ, და მტკიცე ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო, წინამდებარე არს ჩუენდა დღეთა ამათ შინა დღითი-დღე მარხვისათვის ზრახუად, და სხუათა მათ მოღუაწებათა, რომელნი აღესრულებიან წმიდათა ამათ შინა ორმეოცთა, არამედ დღისა ამის სახემან მომიყუანნა ჩუენ ხსენებად, რომელი იგი გუესმა, რამეთუ აჰა ესერა მაუწყენ ჩუენ, ვითარმედ თვითმპყრობელი განრისხებულ არს ჩუენთვის და აწ ვითარცა სთქუეს, სიქადულით გუაშინებს, და გუექადის, რომელთა მიმართ უკეთუ ღუთივ შუენიერად განვეწყუნეთ, ვერარაი ირგოს ჩუენგან, არამედ მართლუკუნ იქცეს სირცხვილეული, რამეთუ რაი ვსთქუათ სხუა, არამედ ესე, ვითარმედ კუალად თუ ვიდევნნეთ, კუალადცა გვირგვინოსან ვიქმნნეთ. და რავდენცა განმრავლდენ ვნებანი, უფროსად გარდაემატნენ ნუგეშინისცემანი სულისა წმიდისანი, სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ: "რაოდენ გარდაემატნენ ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგოდენ ქრისტეს მიერ გარდაემატნენ ნუგეშინისცემანიცა ჩუენნი". რამეთუ გინათუ ვიჭირვით თქუენისათვის ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა ვნებათათა, რომლითა ჩუენცა გუევნების და სასოება ჩუენი მტკიცე არს თქუენთვის, გინა თუ ნუგეშინისცემულ ვართ თქუენთვის ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა, უწყით, რამეთუ ვითარცა იგი ზიარ ხართ ვნებათა, ეგრეთვე ნუგეშინისცემასა. აჰა ესერა გვიჩვენა ჩუენ ზიარებად ურთიერთარს ვნებათაცა შინა და ნუგეშინისცემეთაცა, ვითარცა იგი ერთხორც ვართ და ერთ სულ, ვითარცა იგი ვიჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებითა ჩუენისათა. ნუმცა უკუე დავეცემით ამიერითგან, ძმანო, ნუმცა ვიურვით ტანჯუათათვის და ჭირთა ხორციელთა. არამედ აღვსდგეთ ყოველნი, ვითარცა კეთილნი სტრატიოტნი ქრისტესნი, და შევიმოსოთ საჭურუელი ჩუენი - არა ხორციელნი, არამედ სულიერი და ძლიერი ღუთისა მიერ, დარღუევად ძნელოვანთა მათ საფრთხეთა მტერისათა, რომელ არს გონებაი, სიმხნე, სიწმიდე და სიმართლე. და ესრეთ აღუასრულოთ ბრძანებული ღუთისა მიერ, ვითარმედ: "რაჟამს გდევნიდეს თქუენ ამიერ ქალაქით, ივლტოდეთ სხუად და წარრაუვიდოდეთ, ნუ ჰზრუნავთ რაი სჭამოთ, ანუ რაი შეიმოსოთ", რამეთუ თავადმან ბრძანა: "არა დაგიტეო თქუენ, არცა დაგაგდო თქუენ", რამეთუ მუნცა ძალუძს განღებად ჩუენდა კარი, და შეწევნად ყოველსავე შინა. არა გვიხარისა, რამეთუ ესე ვითარნი აღთქმანი გუქონან, არა განვსცხრებითა, რამეთუ მოწაფენი ვართ უფლისანი! ესრეთ სდევნნეს წმიდანი მოციქულნი, რომელთა იგი უბრძანა მაცხოვარმან: "ნეტარ იყუნეთ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ, და გყვედრიდენ, და სთქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის, გიხაროდენ და მხიარულ იტყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა". აწ უკუე სიხარულისა, და მხიარულებისა არს მოწევნული ესე ჟამი, რამეთუ მოგუატყუებს ჩუენ სიხარულსა გამოუთქმელსა, და ცხოვრებასა საუკუნესა, და სუფევასა დაუსრულებელსა. იტყვის უფალი, ვითარმედ: "გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ, და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ!", ესე მცნებაი დავიმარხოთ მწუალებელთა მიმართ, და ნუ შევალთ ეკკლესიათა მათთა, და ნურცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა, და თესლი ღუთის მსახურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ, და მიერ გამოვიზარდენთ, ვითარცა წინანდელთა მათ ჟამთა. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდდენ თავთა თვისთა წინამძღურად, და არა არიან წინამძღუარბი, არამედ მაცთურნი, და გონება ცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცუათ სარწმუნოებაი მიუდრეკელი, და ცხოვრებაი შეუგინებელად, და ნუ გავრყუნით ერთსა ერთითა, არამედ ორ-კერძოვე ვიქმნნეთ სრულ და უვნებელ, და წინამდებარე ესე აღსარებაი, იყავ განკაცებისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა. აწ უკუე რომელი არა აღიარებს უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა გამოხატულად წერილითა, იგი არ აღიარებს მას გამოჩინებულად ხორცითა, და არცა გამოხატულად წერილითა. რომელი არა თაყუანისსცემს ხატსა მისსა წმიდასა, იგი არა თაყუანისსცემს უფალსა, რამეთუ ხატსა შინა პირმშოი იგი სახე და ხატი პირმშოსა მას სახესა შინა, თვითოეულისა გამოხატულისა სჩანს და თაყუანისიცემების, დაღაცათუ თქუენ ღუთისმბრძოლთა მათ, ვითარმედ: "თაყუანისვსცემთ", ტყუიან, ვითარცა თქუმულ არს: "ღმერთსა აღიარებენ ცნობად, ხოლო საქმითა უარჰყოფენ". ხოლო ჩუენ თაყუანისვსცემთ ქრისტესა და ხატსა მისსა, ღუთის-მშობელსა, და ხატსა მისსა. ყოველთა წმიდათა და ხატთა მათთა; ესე არს სამოციქულოი მოძღურებაი, რომელი მივიღეთ წმიდათა მამათა ჩუენთა მიერ. და ამას ნამარხევსა შეგვედრებ, შვილნო და ძმანო, სულისა მიერ წმიდისა, რომელ მკვიდრ არს თქუენ შორის, დაიცევით ესე წმიდად უბიწოდ, და შეუხებელად, და ილოცევდით ჩუენ გლახაკთათვის, რათა მომცეს ჩუენ უფალმან სიტყუაი აღებასა პირისა ჩუენისასა, ჯეროვნად აღმოთქმად, რათა არა გურცხუენეს სასოებისაგან ჩუენისა და რათა წინამდებარეი ესე ღუაწლი უბრალოდ სრულვყოთ თქუენთა, და ყოველნივე სასუფეველსა ცათასა მივემთხვივნეთ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხუათასა, რათა გამოვზარდოთ სული ხედვისა მიერ სულიერთა მცნებათასა. გუაკურთხენ, მამაო!

ძმანო და მამანო, ვინაითგან ყოველი დასაბამი ძნელ არს, დაწყებაიცა მარხვისა შეცუალებისათვის ჭამადთასა, სიფიცხესა და სიმყვირტესა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი და გამოცდილება დააყუდებს და დააწყნარებს. ამისათვის წერილ არს, ვითარმედ: "ყოველი სწავლაი დასაბამსა არა არს სიხარული, არამედ მწუხარება, ხოლო უკანასკნელ ნაყოფი მყუდროებისა მის მიერ წურთილთა მათ მოაგის, სიმართლე". ამისთვის ჩუენცა ღირს ქმნულნი გარდახდად პირუელსა შვიდეულსა მარხუათასა, შემდგომითი შემდგომად უგულს-მოდგინეს-ვიქმნნეთ გამოცდილებისა მიერ, გულისხმავჰყოთ, რამეთუ გულსმოდგინება განამხნობს სულსა და ხორცთა, მძიმესა მსუბუქ ჰყოფს, და ძნელსა - ადვილ, ვიტარცა დახსნილება მსუბუქსა მძიმე ჰყოფს და ადვილსა - ძნელ. არა ვიტყვით, თუ უაღრეს ძალისა ჩუენისა განვაგრძობდეთ მოღუაწებათა, არამედ სულიერისა მის სიმრთელისა თანა დავიცუათ სიმრთელეცა ხორცთა. რამეთუ რაი სარგებელ არს დასაბამსა ფრიად სლუა და ადრე დაცემა? უფროსღა იყავნ დამარხულ პირუელი იგი წესიერება მოღუაწებისა, და მხედუელი სიგრძისა მიმართ სავანისა. ხოლო ვინაითგან სიგრძე დღისა მოწყინებასა შეიქმს, კეთილითა მყუდროებითა, და სულიერითა ხედვითა გამოვზარდოთ სული ჩუენი და ნუ მსოფლიოთა, რომელთა შინა არს ამაოება, და სიბნელე, და უბადრუკება, და სიწმიდე; არამედ რომელთა შინა არს სიტკბოება, და სიხარული, ვითარცა იტყვის: "მოვიხსენე ღუთისა და ვიხარე". ღუთისა მიმართ მხედუელი იყავნ გონება ჩუენი, და ზეცისა საკვირუელთა მათ სახილუელთა, მშუენიერებისა მიმართ სამოთხისა, სავანეთა მიმართ საუკუნეთა, განწყობილისა მიმართ ანგელოზთასა, და მერმისა მისთვის მოქალაქეობისა. და თუ სადა არიან სულნი მართალთა და ცოდვილთანი, თუ ვითარ იქმნას გამოჩინება დიდისა ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელსა შინა ვითარცა წერილ არს: "ცანი მძაფრიად წარხდეს და წესნი იგი დაიწუნნენ, და დაზულენ, და ქუეყანა, და მას შინა საქმენი დაიწუნეს". და თუ ეგების თვითოეულსა სულსა მეუღლეთა მათ თვისთა ხორცთა შემოსაი, ანუ ვითარი მე იყოს შესაკრებელი იგი ადამისითგან ვიდრემდე აღსასრულამდე შეკრებილი ერი მრავალი? რაბამ საშინელ იყოს, და უფროს მზისა ბრწყინუალე, დიდებული იგი პირი ქრისტესი! ვითარ მე გუესმას ხმა მისი, ანუ რაიმე იყოს უკანასკნელი განჩინებაი, რაჟამს მართალნი წარიყუანნენ სასუფეველსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი წარისხნენ სატანჯუელად საუკუნოდ! ვითარი მე გლოვა იყოს და ტირილი, რაჟამს იგი განიყუნენ ურთიერთარს: მამა-შვილისაგან და ძმა-ძმისაგან, მეგობარი-მეგობრისაგან და მეცნიერნი-მეცნიერთაგან და წარისხმოდენ ანგელოზთა მრისხანეთა მიერ: რომელნიმე-ბნელად გარესკნელად, რომელნიმე-ცეცხლად უშრეტად, რომელნიმე-ტარტაროსად განუნათლებლად და მიეცემოდნენ სატანჯუელთა დაუსრულებელთა, მატლსა დაუძინებელსა, და ღრჭენასა კბილთასა, სადა იგი არს ტირილი, და გოდება, და ვაება მიუთხრობელი, და თვითოეულმან დაიმკვიდროს სატანჯუელი მსგავსად საქმეთა თვისთა, ვითარცა ექმნათ სოფელსა ამას შინა! შევიშინოთ ჟამისა მისგან და დღისა, და ვიღუაწოთ ყოველთავე მსგავსად ძალისა, რათა არა მივეცნეთ სატანჯუელთა მათ დაუსრულებელთა, არამედ ღირს ვიქმნნეთ, რათა დავიმკვიდრნეთ კეთილი იგი საუკუნენი! ესე ვითართათვის ჯერ არს ჩუენდა, ძმანო, ზრუნვა და გოდება და ამათ შინა ქცევა და წურთა, ვითარცა გარეშე სოფლისა მყოფთა, რომელთა მოქალაქეობა ცათა შინა არს, და არა რა გუაქუს ზიარება მათ თანა, რომელნი იგი ხორციელად ცხონდებიან, რამეთუ ამათ საღმრთოთა გულის ზრახუათა შინა, არს სინანული და ცრემლნი, და განათლება გონებისა და საწუთოსა ამის ცხოვრებისა მშვიდობით აღსრულება, და საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

კატეგორია: წერილები, ქადაგებები | დაამატა: vasoelis (19.03.2013)
ნანახია: 1085 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]