"ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ, ბედი არ გვციდიდეს
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი"
შოთა ნიშნიანიძე

სარჩევი
მთავარი » სტატიები » » წმინდანთა ცხოვრება [ სტატიის დამატება ]

+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი
დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

რომში, პანთეონთან ახლოს, პატარა მოედანია. ამ მოედნის ერთ-ერთი მხარე ეკლესიას უყურებს. როცა მასთან პანთეონიდან მიდიხართ, მოედნამდე არმისულები, ეკლესიის მთავარ შესასვლელს დაინახავთ. მის თავს ირმის თავი ამშვენებს, რომლის რქებს შორისაც ჯვარია აღმართული. ეს არის წმინდა ევსტათის ეკლესია; აქ განისვენებენ წმინდა მოწამეების – ევსტათის, მისი ცოლის – თეოპისტიასა და მათი ორი ვაჟიშვილის წმინდა ნაწილები.

 

წმინდა ევსტათი იმპერატორ ტრაიანეს დროს ცხოვრობდა და საუკეთესო მხედართმთავარი იყო. იმპერიის მტრებს მხოლოდ მისი სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა. ომებში მამაცი და დაუმარცხებელი ევსტათი ამასთანავე მეტად კეთილი გულის ადამიანი იყო და ცოლთან ერთად ღარიბებისათვის დიდ მოწყალებას გასცემდა. მთელი მათი ოჯახი მაშინდელ უმაღლეს საზოგადოებას ეკუთვნოდა, მდიდრები იყვნენ, იმპერატორთან დაახლოებულები, სარწმუნოებით – წარმართები.

დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა

ერთხელ პლაკიდა სანადიროდ წავიდა. ირმების ჯოგი დაინახა და წინ გაიჭრა. თავისი სწრაფი ბედაურით მალე თავის მსახურებს გადაუსწრო და ირმებს მარტო დაედევნა. უცებ დაინახა: ერთი დიდი და ლამაზი ქორბუდა ირემი ჯოგს გამოეყო და სხვა მიმართულებით გაიქცა. პლაკიდა დაედევნა. როგორ კარგ ცხენზე იყო იგი ამხედრებული, მაგრამ ირემი უფრო სწრაფად გარბოდა და მალე თვალს მიეფარა. პლაკიდამ ცხენი შეაჩერა და ჩაფიქრდა: რა ქნას? გააგრძელოს დევნა, თუ უკან გაბრუნდეს? და მსახურების შესაკრებად ბუკს ჰკრა. უცებ დაინახა – მაღალ კლდეზე, პირდაპირ მის წინ, ირემი დგას, რქებს შორის კი ჯვარი უბრწყინავს მასზე გაკრული უფალ იესო ქრისტეთი. პლაკიდას ხმა ესმის: – რად მდევნი?

 

პლაკიდა სასწაულებრივი ხილვისაგან ათრთოლდა და ცხენიდან მიწაზე ჩამოვარდა. როცა გონს მოვიდა, იკითხა:

 

– ვინ ხარ, რომ მესაუბრები? – და პასუხი მოესმა:

 

– მე ვარ იესო, სოფლის მაცხოვარი. შენი კეთილი საქმეები და მოწყალებანი ჩემამდე ამოვიდნენ. არ მინდა, სიმართლით მცხოვრები კაცი წარწყმდეს. ამისათვის გამოგეცხადე ამ ცხოველზე, რათა ჩემი მონა გაგხადო და საუკუნო ცხონება მოგანიჭო.

 

– მაგრამ რაღა უნდა გავაკეთო? – ჰკითხა პლაკიდამ. და მოისმინა პასუხი:

 

– ქრისტიან მღვდელს დაუძახე და მისგან მამის, ძისა და სული წმიდის სახელით მოინათლე; ცხონების გზაზე ის დაგაყენებს.

 

სახლში დაბრუნებული პლაკიდა ცოლთან განმარტოვდა და ყველაფერი უამბო რაც ნახა და მოისმინა, მეტი არავისთვის უთქვამს ხილვის შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგეს, სად ცხოვრობდა ქრისტიანი მღვდელი, ღამით მასთან მივიდნენ და სთხოვეს მოენათლა ისინი. მღვდელმა ასწავლა, როგორ უნდა სწამდეთ ღმერთი, როგორ იცხოვრონ მისი მცნებებით და ამის შემდეგ პლაკიდა, მისი ცოლი და ორი შვილი მონათლა. ისინი ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს ეზიარნენ და სახლში დიდი სიხარულით დაბრუნდნენ. თუკი ადრე ღარიბები ებრალებოდათ და დიდ მოწყალებას გასცემდნენ, ახლა მზად იყვნენ ყოველი მათხოვარი თავიანთ სახლში შეეყვანათ, მაგიდასთან დაესვათ, მოფერებოდნენ და რითაც შეეძლოთ ენუგეშებინათ. მარხვა და ლოცვა მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მათ სახლში კარგა ხანს მიდიოდა მშვიდი და სიხარულით სავსე ცხოვრება.

 

მწუხარებაც ეწვიათ: მონები და მსახურები ავად უხდებოდათ, ნახირი ეკარგებოდათ, რამდენჯერმე გაქურდეს. სულ მალე მათთან გაჭირვებამ დაისადგურა. ევსტათი არ ჩიოდა. მრავალტანჯული იობის მსგავსად ამბობდა: "უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო: იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ!" ერთისა ეშინოდა, რომ მისი ცოლი ვერ გადაიტანდა ამ გაჭირვებას და ასეთი სიტყვებით ამხნევებდა:

 

– ხომ გახსოვს, თეოპისტია, რა ბედნიერად ვცხოვრობდით, როცა წარმართები ვიყავით. ახლა კი, როცა ქრისტიანები გავხდით, გაჭირვებას თავს ვერ ვაღწევთ. რა ვქნათ? ნუთუ ამის გამო განვუდგებით ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის სისხლი დათხია? არა, ნუ მოვიწყენთ! უფალს გაჭირვებით უნდა ჩვენი გამოცდა. მან იცის ჩვენი ძალები და იმაზე მეტ გასაჭირს არ გამოგვიგზავნის, ვიდრე ატანა შეგვიძლია.

 

თეოპისტია ნამდვილი რომაელი იყო და ქმარს ასე უპასუხა:

 

– ყოველთვის შენი ერთგული ცოლი ვიყავი. უწინ ბედნიერებას ვიყოფდით, ახლა სიმწარე გავიყოთ და ღვთის მოწყალების იმედი გვქონდეს: ის მოწყალეა და შემბრალებელი.

 

ძველებურად ცხოვრება მათ უკვე აღარ შეეძლოთ. სტუმრად წასვლა და მათი მიღება ძნელი გახდა, რადგან გაღარიბდნენ. სტუმრების მიღება კიდევ იმიტომ გახდა ძნელი, რომ ქრისტიანები გახდნენ. წარმართებთან მეგობრობას, იმათ ნადიმებში მონაწილეობას პლაკიდას ოჯახს ქრისტიანული სინდისი უკრძალავდა. ისინი ამას ღვთის ღალატად თვლიდნენ. და დაიწყეს ფიქრი რომიდან სად წასულიყვნენ. ყველაზე იოლი ერთ-ერთ მამულში დასახლება და უბრალო სოფლური, შრომითი ცხოვრება იყო, მაგრამ ამაზე ფიქრს თავი ანებეს, რადგან წლის ყველაზე ცხელ პერიოდში, როცა სიცხისა და დახუთულობისაგან ცხოვრება აუტანელი ხდებოდა, რომის არისტოკრატული ოჯახები თავიანთ ქალაქგარე მამულებში მიდიოდნენ და ხმაურიან გართობას იქ აგრძელებდნენ.

 

ევსტათიმ და თეოპისტიამ გადაწყვიტეს საერთოდ დაეტოვებინათ იტალია. ისინი გემზე დასხდნენ და ეგვიპტისაკენ გაცურეს. როცა აფრიკის ნაპირებს მიუახლოვდნენ, გემის პატრონმა განაცხადა, რომ ოჯახის გადაყვანისათვის არ უნდა საფასური, ის თეოპისტიას მონად დაიტოვებს. ის ყაჩაღი იყო, თეოპისტია კი – მეტად ლამაზი და ისიც მისი სილამაზით მოიხიბლა. მახვილის მუქარით მან ევსტათის ხომალდიდან ჩასვლა აიძულა. საცოდავი სანახაობა იყო: ევსტათი შვილებთან ერთად ნაპირზე მოთქვამდა, თეოპისტია მათკენ ხელს სასოწარკვეთილი იწვდიდა და საშველად ეძახდა... მაგრამ დაუბერა ზურგის ქარმა, გემი ნაპირს მოსცილდა და უბედური ოჯახი მრავალი წლით გაიყო. მათ არ იცოდნენ, ოდესმე კიდევ თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

ევსტათი დიდხანს იდგა ნაპირთან ცრემლით სავსე თვალებით და განუზომლად დარდიანი გულით. ორი პაწია ეკვროდა. რა უნდა ექნა? სად წასულიყო? ვისთვის შეეჩივლა თავისი მწარე ხვედრი? უკან ზღვა იყო, წინ – უცხო, უცნობი მიწა. არცერთი სულიერი არ ჩანდა, რომ ახლომახლო ადამიანის საცხოვრებელზე მიენიშნებინა.

 

თანდათან ბინდდებოდა. ჩრდილები უფრო და უფრო გრძელდებოდნენ, მალე ჩაბნელებულ ცაზე ასობით ვარსკვლავი აკიაფდა. ევსტათის სადმე გამოქვაბული მაინც უნდა ეპოვნა, რომ ღამით ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყვნენ. სანაპირო კლდეებში ბევრი გამოქვაბული იყო და საწყალმა მგზავრებმა ერთ-ერთს თავი შეაფარეს.

 

დილით გზას დაადგნენ. როცა უმცროსი ბიჭი იღლებოდა, მამა მხრებზე ისვამდა. ნახევარი დღე ასე, უგზოუკვლოდ მიდიოდნენ და ნაპირს სულ უფრო შორდებოდნენ. უცებ პაწიამ იყვირა, რომ ხედავს მდინარეს და ერთი საათის შემდეგ ისინი ფართო მდინარეს მიადგნენ, მაგრამ არც ხიდი ჩანდა, არც ბორანი, მხოლოდ ჭავლით შეიძლებოდა დაესკვნათ, რომ მდინარე ღრმა არ იყო. ევსტათიმ უმცროსი ბავშვი ხელში აიყვანა და მდინარის გადაცურვა დაიწყო. მდინარე რომ გადალახა, მეორე ბავშვისთვის უკან გამობრუნდა, მაგრამ შუა მდინარეში განწირული ყვირილი მოესმა. ეს ლომმა სტაცა უფროს ბავშვს პირი და უდაბნოსაკენ გააქანა. უბედური მამა უკან დაბრუნდა, მაგრამ ნაპირზე არ იყო გამოსული, რომ დაინახა მგელმა უმცროსი ბიჭი როგორ წაიყვანა ტყეში. ასე რომ, ორი დღის განმავლობაში ევსტათიმ ცოლიც დაკარგა და შვილებიც. ის მუხლებზე დაეშვა, ხელები აღმართა ზეცისკენ და ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო დიდო და ძლიერო! ამ მძიმე წუთს შენი შეწევნის გარეშე ნუ დამტოვებ, მიჩვენე საით წავიდე, დაგვიცავი, გვიხსენი და შეგვიწყალე ჩვენ ყველანი შენი მადლით!" და თითქოს ამ ვედრების პასუხად ევსტათის სულში აჟღერდა ფსალმუნის სიტყვები: "მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი და მან გამოგზარდოს შენ" (ფსალმ. 54,22).

 

მალე ევსტათი ერთ დასახლებაში მივიდა. ღარიბ მოგზაურში ვერავინ იცნო სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავარი, მაგრამ ყველანი მოხარულნი იყვნენ, რომ მოძებნეს კაცი, რომელიც თანახმა იყო მცირე საფასურად მათი მინდვრებისათვის ედარაჯა. დიდ სიღარიბეში, მორჩილებასა და შრომაში ევსტათიმ 15 წელი გაატარა. მისი ნუგეში ღვთისადმი მხურვალე ლოცვა და მისი წყალობის იმედი იყო.

 

რომში დიდი ხანია მიავიწყდათ, ვინ იყო პლაკიდა და რომ არა ბარბაროსებთან ომი, ის არავის გაახსენდებოდა. რომის ლეგიონებმა მარცხი ერთმანეთის მიყოლებით რომ განიცადეს და იტალიის საზღვრებამდეც კი დაიხიეს, უნებურად მოაგონდათ მხედართმთავარი პლაკიდა და შეწუხდნენ, იქ რომ არ იყო. თავად იმპერატორი ამბობდა: პლაკიდა რომ ყოფილიყო, ვინ გაბედავდა ჩვენზე თავდასხმას? უნდა მოვძებნოთ და ვუთხრათ, რომ სამშობლო გასაჭირშია. ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს, დიდი პატივით დავაჯილდოვებ. და აი, პლაკიდას ძველი მეგობრებიდან ორმა მეომარმა ითავა მისი მოძებნა და რომში ჩამოსვლაზე დაყოლიება. დიდხანს იარეს, სადაც არ იკითხეს, ყველგან უპასუხეს, რომ ასეთი კაცის შესახებ არაფერი სმენოდათ.

 

ბოლოს იმპერატორის წარგზავნილები იმ სოფელში მივიდნენ, სადაც ევსტათი ცხოვრობდა. თავიდან ის მინდორში შენიშნეს და, რაღა თქმა უნდა, ვერ იცნეს. ევსტათიმ დაინახა თუ არა დაღლილი მგზავრები, მაშინვე თავისი მეგობრები იცნო, თავისთან მიიპატიჟა და დასვენება შესთავაზა. სტუმრებმა ტრაპეზზე ევსტათის გამოკითხვა დაუწყეს, ხომ არ სმენოდა რაიმე რომაელ მხედართმთავარ პლაკიდას შესახებ, რომელიც მრავალი წლის წინ რომიდან გაქრა და არავინ იცოდა საით წავიდა.

 

– ის რაში გჭირდებათ? – იკითხა ევსტათიმ.

 

– ჩვენ მისი მეგობრები ვართ, – უპასუხეს მათ, – იმპერატორმა მისი მოძებნა დაგვავალა, რათა ლეგიონებს კვლავ ჩაუდგეს სათავეში და მტერი იტალიის საზღვრებიდან განდევნოს.

 

ევსტათიმ არაფერი უპასუხა, მაგრამ როცა მეგობრები დაინახა და შეიტყო, რომ სამშობლო განსაცდელშია, მღელვარებისაგან თავი ვეღარ შეიკავა, შებრუნდა და მალულად ცრემლი მოიწმინდა, ხოლო როცა მცირე ხნით გარეთ გავიდა, სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს და თქვეს: "როგორ ჰგავს ეს კაცი პლაკიდას!"

 

მეგობრებმა იცოდნენ, რომ პლაკიდას კისერზე ჭრილობის ნაწიბური ჰქონდა. მათ მოილაპარაკეს, როცა სახლის პატრონი შემოვიდოდა, აუცილებლად ენახათ, ჰქონდა მას თუ არა ასეთი ნაწიბური. როგორი ბედნიერები იყვნენ მეგობრები, როცა შემოსულ პლაკიდას, რომელსაც სტუმრებისათვის საჭმელი მოჰქონდა, გაშიშვლებულ კისერზე დიდი ხნის წინ შეხორცებული ჭრილობის კვალი დაუნახეს. ისინი გულში ჩაეკრნენ მასპინძელს და ცრემლმორეულნი სიხარულით ეუბნებოდნენ:

 

– შენ ხარ პლაკიდა, რომელსაც ვეძებთ! შენ ხარ რომის ლეგიონთა ბელადი. რომში მოგელიან, რათა გამარჯვება გამარჯვებაზე მოგვიტანო.

 

– დიახ, ჩემო მეგობრებო, – თქვა ევსტათიმ, – მე ვარ პლაკიდა, მე ვარ ის, ვინც ოდესღაც რომის დიდება იყო. ოღონდ ახლა, უსახელოს, სიღარიბეში მხედავთ. უფლისადმი ჩემი სიყვარულის გამო ყველაფერი მივატოვე, დავკარგე ცოლი, შვილები და საკუთარი შრომით ვცხოვრობ, როგორც უკანასკნელი მოსახლე. თუკი უფალი უწინდელ ღირსებებსა და პატივში ჩემს აღზევებას ინებებს, წინააღმდეგობას არ გავუწევ. მე მზად ვარ ჩემს საყვარელ ჯარს დავუბრუნდე.

 

ევსტათი რომში იმპერატორმა ძალიან კარგად მიიღო. პლაკიდა ჩაუდგა თუ არა ლეგიონებს სათავეში, ისეთი მარცხი აგემა ბარბაროსებს, რომ დიდი ხნით დაუკარგა იმპერიის საზღვრებში შემოჭრის სურვილი. რომის ჯარები სახლში ბრუნდებოდნენ. ერთ პოლკში ორი მეომარი იყო. ისინი ერთმანეთთან ძლიერ მეგობრობდნენ. ერთ ადგილას, ერთი ღარიბი ქალის ბაღის ახლოს, კარავი გაშალეს და საუბარი გააბეს.

 

– ვინ არის მამაშენი? – ჰკითხა ერთმა მეორეს. იმან უპასუხა:

 

– მახსოვს, რომში ვცხოვრობდით და მდიდრები ვიყავით. მე უმცროსი ძმა მყავდა. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენმა ოჯახმა რომი დატოვა და გემით აფრიკაში გაემგზავრა. როცა ნაპირზე ჩამოვედით, დედა ჩვენთან აღარ იყო. მახსოვს, რომ ვტიროდით, მაგრამ გემზე რისთვის დარჩა, არ ვიცი. შემდეგ ქვეყნის სიღრმეში შევედით და რაღაც მდინარეს მივადექით. მამას სანამ უმცროსი ძმა გადაჰყავდა, მე ლომმა დამიჭირა და უდაბნოში წამიყვანა, მაგრამ მონადირეებმა ლომი მოკლეს და გადამარჩინეს. ამის გაგონებაზე ამხანაგი წამოხტა და კისერზე ჩამოეკიდა.

 

– შენ ჩემი ძმა ხარ! რასაც ჰყვები ყველაფერი მახსოვს, ვხედავდი, როგორ დაგიჭირა ლომმა. მე კი მაშინვე მგელმა წამიყვანა, მაგრამ მწყემსებმა გადამარჩინეს და მათ სოფელში გავიზარდე.

 

ქალმა, რომელიც იქვე მუშაობდა, მათ საუბარს მოჰკრა ყური. ეს თეოპისტია იყო. მისი გული სიხარულით თრთოდა. ამ ორ მეომარში მან თავისი შვილები იცნო და კინაღამ მათ კარავში შევარდა იმის სათქმელად, რომ მათი დედაა, მაგრამ კეთილგონიერებამ უკარნახა, რომ ცოტა ხნით მოცდა ჯობდა. საეჭვო იყო ღარიბ ქალში, რომელიც ბაღში მიწას ჩიჩქნიდა, მათ თავიანთი დედა ეცნოთ.

 

ქალმა გაიფიქრა: – იქნებ სჯობს მხედართმთავართან წავიდე და ჯართან ერთად რომში გაყოლა ვთხოვო? იქ უფრო იოლი იქნება ჩემი დედობის დამტკიცება. მხედართმთავართან მისული თეოპისტია გაოგნდა, როცა საკუთარი ქმარი იცნო. მიწამდე სცა თაყვანი და უთხრა:

 

– ჩემო ბატონო, ნუ განმირისხდები, თუკი ერთ, ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვან რამეს გთხოვ! – კარგი, თქვი, – უთხრა მან. და ქალმაც დაიწყო:

 

– შენ პლაკიდა ხომ არა ხარ, წმინდა ნათლისღებით ევსტათიდ წოდებული? შენ ხომ არ გიხილავს ქრისტე ირმის რქებს შორის? შენ ხომ არ მიგიტოვებია რომი ცოლ-შვილთან ერთად ღვთის გულისათვის? ეს შენ ხომ არ წაგართვა ცოლი გემზე ბარბაროსმა? ეს მე ვარ, შენი ცოლი; ღმერთია მოწამე, ღვთის მადლით ძალადობას თავი დავაღწიე, რადგან ბარბაროსი იმ დღესვე დაიღუპა, მე კი უმწიკვლო დავრჩი და ახლა სიღარიბეში დავეხეტები.

 

ევსტათიმ იცნო ცოლი, მოეხვია და ორივენი სიხარულით ატირდნენ. თეოპისტიამ მაშინვე უამბო შვილების შესახებ. ახალგაზრდა მეომრები ევსტათისთან გამოიძახეს... ამას მოჰყვა მშობლების ცრემლები, გაკვირვება და აუწერელი სიხარული ახალგაზრდა მეომრებისა, რომლებიც სახელგანთქმული მხედართმთავრის შვილები აღმოჩნდნენ – შეუძლებელი იყო ამ ოჯახური შეხვედრის გადმოცემა.

 

ასეა ბუნებაშიც: ხანგრძლივი სიცივისა და უამინდობის შემდეგ მზე მძიმე ღრუბლებს გაფანტავს, ცაზე აკიაფდება და მიწაზეც ყველას გაათბობს. ევსტათის ოჯახშიც ასევე, ამდენი წლის განშორებისა და მძიმე ცხოვრების შემდეგ კვლავ სიხარული გამეფდა.

 

რომაული ლეგიონები ტრიუმფით დაბრუნდნენ რომში. ევსტათის უმაღლესი პატივი მიაგეს. რომის კარიბჭესთან თავად იმპერატორი შეეგება მას და თავზე გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი დაადგა (მაგრამ ეს იყო ახალი იმპერატორი, რომელიც ის-ის იყო გამეფდა). მეორე დღეს გამარჯვების აღსანიშნად ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვა დაინიშნა. ევსტათიც მოვიდა თავისი ამალით, მაგრამ საკერპოში არ შევიდა. იმპერატორს მოახსენეს. მან ბრძანა ეკითხათ მისთვის, რატომ არ სურდა მადლობა გადაეხადა ღმერთებისთვის გამარჯვებისა და ცოლ-შვილის დაბრუნებისათვის.

 

– მე ქრისტიანი ვარ, ერთ ღმერთს – იესო ქრისტეს ვაღიარებ და მას ვმადლობ ყველა წყალობისათვის, – უპასუხა ევსტათიმ. მაშინ მას უბრძანეს ყველა ჯილდო მოეხსნა და ცოლ-შვილთან ერთად იმპერატორთან გამოცხადებულიყო. იმპერატორი არწმუნებდა მათ დამორჩილებოდნენ და თაყვანი ეცათ ღმერთებისათვის, მაგრამ ისინი უდრეკნი იყვნენ.

 

– ჩვენ ქრისტიანები ვართ, – ამბობდნენ ისინი, – არ შეგვიძლია უსულო კერპებს ვცეთ თაყვანი.

 

– მაშინ სასტიკი, უღირსი სიკვდილით მოკვდებით, – თქვა იმპერატორმა და მათ მხეცებისაგან დაგლეჯა მიუსაჯა.

 

წმინდა ევსტათი ცოლითა და ვაჟებით სასიკვდილოდ ისე გაემართა, როგორც ნადიმზე. ისინი ცირკში მიიყვანეს და შუაგულ არენაზე დააყენეს. გალიიდან მშიერი მხეცები გამოუშვეს. მაყურებლებმა შეჰყვირეს! ყველას ეგონა მხეცები ტუსაღებს მისცვივდებოდნენ და დაგლეჯდნენ, მაგრამ მოხდა სასწაული: მხეცებმა მათ ხელები და ფეხები აულოკეს და არაფერი ავნეს. მაგრამ იმპერატორმა ვერ გულისხმაყო და შესძახა:

 

– ხვალ მათ ცხელ აბანოს მოვუმზადებთ.

 

წმინდა ოჯახი საპყრობილეში ჩასვეს, დილით კი გახურებულ ღუმელში შეყარეს. იქიდან დიდხანს ისმოდა ჩუმი გალობა, ბოლოს ყველაფერი მიჩუმდა. ცეცხლი ჩაქრა. სამი დღის შემდეგ, როცა ღუმელს თავი მოხადეს, ფერფლისა და ძვლების ნაცვლად მოწამეების უხრწნელი ნაწილები დაინახეს. სახეები ცოცხლებივით ჰქონდათ და ისეთი საოცარი სილამაზით ბრწყინავდნენ, რომ მთელმა ხალხმა შესძახა: "დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი!"

 

ქრისტიანებმა აიღეს წმინდა მოწამეთა სხეულები, პატივით დაკრძალეს და ადიდებდნენ ღმერთს, რომელიც "საკვირველ არს წმიდათა შორის მისთა"(ფსალმ. 67,35).

 

ეს ამბავი ქრისტეშობიდან დაახლოებით 118-ე წელს მოხდა.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა



წყარო:
კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | დაამატა: vasoelis (20.02.2015) | ავტორი: E-mail  WWW
ნანახია: 341 | კომენტარი: | თეგები: ცოლი მისი თეოპისტია, დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, თეოპისტე, აღაპი | რეიტინგი: 5.0/1
Free web hosting - uCoz   სულ კომენტარები: 0




ძიება
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0
სტუმარი წევრი
Orthodox.do.am ©2011-2018
TOP.GE Rambler's Top100
სულ ონლაინშია 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0