მოგონებანი გაბრიელ ბერზე




საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: ”უფალი ისმენს მამა გაბრიელის ლოცვას”


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2012 წ. 10 აგვისტოს პანაშვიდი გადაუხადა არქიმანდრიტ გაბრიელს, ქართული საბერ-მონოზვნო სკოლის ღირსეულ წარმომადგენელს, რომელსაც ერი სიყვარულით უხმობს - ბერი გაბრიელი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

მოგეხსენებათ, რომ არსებობს სულთა კავშირი - კავშირი ზეცასა და ქვეყანას შორის და ეს კავშირი ხშირად მოგვიწოდებს სულიერი მოღვაწეობისაკენ, რაღაც საქმისაკენ. მე მახსენდება აწ გარდაცვლილი ალექსანდრიის პატრიარქის, ნოკოლოზის ჩამოსვლა საქართველოში. ჩვენ ერთად ვიყავით დარიალის ხეობაში, საზღვარზე და მე ვუთხარი მას: ”დამილოცე საზღვრები მეთქი”. მან დალოცა საზღვრები და თქვა: ”საქართველოს იმდენი წმიდანი იცავს, იმდენი თავდადებული მოღვაწე და მოწამე, რომ ვერავითარი მტერი ვერ დაარღვევს საქართველოს საზღვრებსო”.

დღეს, როცა ბევრი პრობლემა და სიმძიმე დააწვა საქართველოს და ჩვენ გვიჭირს აფხაზეთში და ცხინვალში შესვლა, შევთხოვოთ ჩვენს წინაპრებს: მეფეებს, პატრიარქებს, დედოფლებს, თავდადებულ ადამიანებს, მათ სულებს, რომ დაგვეხმარონ და დაიცვან სამშობლო. როგორადაც ჩვენია სამშობლო, ისე იმათია. და დღეს სულმა მომთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი ამ წმიდა მონასტერში და პანაშვიდი შემესრულებინა მამა გაბრიელის საფლავზე. მამა გაბრიელს მე კარგად ვიცნობდი ჩემი სტუდენტობიდან. ის იყო განსაკუთრებული მოღვაწე და ბევრს არც ესმოდა მისი. ზოგიერთ შემთხვევაში სალოსიც იყო, და ამასთან ერთად - დიდი სულიერი მოღვაწეც. და უფალი ისმენდა და ისმენს მის ლოცვას... ვილოცოთ მისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის და მთელი საქართველოსთვის. ჩვენთან არს ღმერთი.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)


მამა გაბრიელს სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტერში მსახურებისას დავუახლოვდი. ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II შემდეგ ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის. იგი არა მხოლოდ ქართველი ერის კუთვნილებაა, არამედ ყველა მათი, რომელთაც ოდესმე უნახავთ... ვისაც მამა გაბრიელი უყვარს, ის ყველა ღვთისშვილია


მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)

როცა მისი გარდაცვალების შემდეგ ამდენი სასწაული ხდება, ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი სიწმინდის მიზეზი. ამდენად, ის არის წმინდანი ბერი.


მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)


მამა გაბრიელი ბრძანდებოდა ჩვენი საშინელი, მკაცრი, დამძიმებული და უსიყვარულო სამყაროს ღვთიური სასწაული. იგი გვაგონებს მადლით თავის მფარველ ანგელოზ გაბრიელს და გაბრიელ მთაწმინდელს. მამა გაბრიელი ყოვლად ბრძნად დაბადებული, ზოგჯერ თავს გვაჩვენებდა სულელად.


იერუსალიმის იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის იღუმენია გეორგია


თქვენ ჭეშმარიტი ”სტარეცი” გყავთ. სამოთხეში ხართ.


ათონის მთის ქსეროპოტამოს მონასტრის წინამძღვარი სტილეანოსი


ასეთი დიდი ბერი ჩვენთანაც კი არ არის.


არქიმანდრიტი ტიმოთე, ოროპოსის სულიწმინდის სახ.მონასტრის წინამძღვარი, საბერძნეთი


მოხარულები ვართ, რომ ბოლო საუკუნეების მანძილზეც არიან ასეთი წმინდა ადამიანები, რომლებიც უშურველად ემსახურებიან ხალხს. მისი კანონიზირება საშური საქმეა.


სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)


ბერი გაბრიელი უდიდესი ბერია


არქიმანდრიტი ეფრემი (რუსეთი)


გაბრიელ ბერი იყო თავისი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებული მისსიისა და უმძიმესი ღვაწლის მქონე დიდი წინასწარმეტყველი, რომლის მეოხებითაც ბრძენ ქართველ ერს ბოლო დროის დიდი სულიერი საიდუმლოება გაეხსნება.


მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე)


მე ის უფრო გამიკვირდება, რომ მამა გაბრიელი არ იყოს წმიდანი.


მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა)


მამა გაბრიელთან შეხვედრის პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. ადამიანთა გულის საიდუმლოებების ცნობის ნიჭი, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიმადლებული, ჩემში კიდევ უფრო განამტკიცებდა იმ შეხედულებას, რომ ის ძალიან დიდი ბერი იყო. მისი ყოველი სიტყვა, ღიმილი თუ მრისხანებაც კი, ღმერთის სიყვარულით იყო დატვირთული. მასში საქართველოსა და ჩვენი ერის დიდი სიყვარული იგრძნობოდა. მამა იოანესა და მამა გიორგიზე (ბეთანიელებზე) მეუბნებოდა, უხრწნელნი არიან მიწაშიო. მახსოვს უხერხულ კითხვაზე ჩემი გულწრფელი პასუხით გახარებულმა მოფერებით მითხრა, მიყვარს უბრალო ბერებიო. მამა გაბრიელი ფიზიკურად დღესაც ჩვენთან რომ იყოს, მეტად დავეკითხებოდი და დავაფასებდი მას.


მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი თორნიკე


გაბრიელ ბერი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება. უაღრესად თავმდაბალი და ღმრთისმოშიში, დიდი სულიერების მქონე მოღვაწე. ჩემი ცხოვრების 86 წლის მანძილზე მრავალი მწუხარება და სიხარული განმიცდია. ერთ-ერთი დიდი სიხარული განვიცადე, როდესაც სან-ფრანცისკოში მართლმადიდებლურ მონასტერში ყოფნისას ჟურნალში ამოვიკითხე ჩვენი დიდი ბეთანიელი მამების - იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე) დიდ ბერულ ღვაწლზე, მამა გაბრიელზე კი ასეთი რამ ეწერა: საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში. ჩვენთანაც რომ აღიარონ, განა საუკუნეები უნდა გავიდეს?


ბერი ტიხონი (ბოგოლუბოვი) რუსეთი


არქიმანდრიტი გაბრიელი ქართველ ბერ-მონოზონთა და ნეტარ სალოსთა დასის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენელია, რომელმაც ქართველ წმინდანთა უწყვეტი ჯაჭვის გაგრძელება ბოლო ჟამის შეუდარებლად მძიმე პირობებშიც ღირსეულად შესძლო.


იღუმენი ფილარეტი (გუდინოვი)


მამა გაბრიელი იყო დიდი სასწაულთმოქმედი ბერი. ის იყო ჭეშმარიტების უშიშარი აღმსარებელი.


ბერი პეტრე (შარაშენიძე)


საოცარი სიყვარულისა და თავმდაბლობის მქონე წინასწარმეტყველი და ნათელმხილველი სალოსი მამა გაბრიელი ჭეშმარიტი ბერობის დიდი მოძღვარი იყო. მატერიას, დროსა და სივრცეს - სამყაროს ფლობდა. ბედნიერებაა, რომ ვიცნობდი მას. ის უდიდესი ავტორიტეტი იყო და არის დღესაც ჩემთვის.


რომანოს სამსონოვი (რუსეთი)


უკანასკნელი უღმრთო ათწლეულების მანძილზე ბერი გაბრიელი რჩებოდა ურყევ სვეტად ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.


ნიკოლოზ ვენალუსოვი


მამა გაბრიელის სალოსობა შეშურდებოდა სალოსობის ისეთი უმდიდრესი ტრადიციების მქონე ქვეყანასაც კი, როგორიც მართლმადიდებლური რუსეთია.


მონოზონი მარიამი


მამა გაბრიელმა ყველაზე ყველაფერი იცოდა. ადამიანს რენდგენივით აშუქებდა. მან ჩემს შესახებ უფრო მეტი იცოდა, ვიდრე თავათ მე. ის ყოველთვის მართალი გახლდათ. სალოსობის დროს ვერ ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი, ან სიტყვა. მის ჭეშმარიტ აზრს მხოლოდ შემდგომ ვხვდებოდი. ნამდვილად დიდი ბერი იყო.


მონოზონი ანგელინა


მამა გაბრიელი ძალიან დიდი ბერი იყო. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი და წინასწარმეტყველი. უბრალო კაცივით ცხოვრობდა. განიკითხავდნენ, ის კი სულგრძელად ითმენდა და სიყვარულით პასუხობდა.


მონოზონი მართა. ბიწმენდის ამაღლების დედათა მონასტერი.


მამა გაბრიელის სიტყვის ძალისა და წინასწარმეტყველების ყოველთვის მწამდა. მანვე მიწინასწარმეტყველა მონოზვნობა, სახელიც კი მისი სიტყვისამებრ მერგო. თხოვნას ყოველთვის მისრულებდა. ერთხელ უკვე ამ ქვეყნიდან გასულს შეწევნა ვთხოვე. მანაც არ დააყოვნა - გამომეცხადა, ტომარა დამიტოვა და გაუჩინარდა. მისი საფლავის ზეთის სასწაულთმოქმედებაშიც არაერთხელ დავრწმუნდი.


თელეთის წმ. გიორგის მონასტრის იღუმენი ამბროსი


მამა გაბრიელი იყო დიდი წმიდა ბერი, მეოცე საუკუნის დიდი მასწავლებელი. უსაზღვრო სიყვარულისა და ტანჯვის მატარებელი. იმდენად დიდია მისი ღვაწლი, რომ მას მთელი საქართველო უნდა ეთაყვანებოდეს. ეთაყვანება კიდევაც გარდა მათი, ვისას ეშინია ანდა შურს მისი.


იღუმენი ელისე (ბელქანია)


XX საუკუნემ არ იცის მასზე დიდი ბერი


იღუმენია ელისაბედი, ფოკის დედათა მონასტერი


დარწმუნებული ვარ, რომ მამა გაბრიელი იყო ღმერთშემოსილი ადამიანი, რომელსაც შეეძლო უფალთან საუბარი. ის იყო სულიწმიდის ჭურჭელი. ყველასათვის უდიდესი სიხარული იქნება მისი წმინდანად შერაცხვა.


დეკანოზი იოსები. მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძღვარი


მამა გაბრიელი იყო დიდი სალოსი და სიმართლის მოყვარე უმძიმესი მოღვაწეობის დიდი ბერი.


დეკანოზი გრიგოლი (გოცირიძე)


მამა გაბრიელი რწმენისა და სიმართლისთვის ნატანჯი უდიდესი სიწმინდისა და სიყვარულის მქონე ბერი იყო.


დეკანოზი პავლე (კოსაჩი)


მამა გაბრიელი იყო ჭეშმარიტი ბერი, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზე უდრტვინველად ატარა დევნა-შევიწროვების უმძიმესი ჯვარი, რითაც დიდი მადლი ჰპოვა ღმრთის წინაშე.


დეკანოზი ექვთიმე (ლეჟავა)


მამა გაბრიელი დიდი მოვლენა იყო ჩვენ ქართულ ეკლესიაში. მისი ცხოვრება და ღვაწლი ბევრისთვის ჭკუის მასწავლებელია.


”ჯვრის მამის” წინამძღვარი იღუმენი ტარიელი


მამა გაბრიელზე რამის თქმა მხოლოდ სულიერებაში წარმატებულებს თუ შეუძლიათ. მე კი მიჭირს ვილაპარაკო ისეთ დიდ მამაზე, როგორიც მამა გაბრიელია... ის იყო ბერი, რომელიც ხედავდა წარსულსა და მომავალს, ადამიანის სულსა და გულს. მე შინაგანად ვგრძნობდი, რომ იგი მხედავდა. ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.


წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლეონტი (ჟვანია)


ბერი გაბრიელი იყო წმიდანი - დიდი სალოსი.


მამა გიორგი (ბასილაძე), მოწამეთას მამათა მონასტრის ღვთისმსახური


გაბრიელ ბერი სულიწმიდის ჭურჭელი იყო. ის ღვთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება, არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ თანამედროვე წმიდანებისთვისაც. გაბრიელ ბერს დევნიდნენ და დღესაც დევნიან ჭეშმარიტების მოძულენი, მაგრამ ის ღვთის რჩეული იყო და ღვთისგან შერაცხული. რაც შეეხება ამქვეყნიურ კანონიზაციის საკითხს, მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, ეს დღეც არ არის შორს.


ზურაბ ცხოვრებაძე

პირველად მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში, 1988 წელს, მძიმე მარხვაში, შვიდჯერ ზეთისცხების დროს ვნახე. ის შემოვიდა ტაძარში და რიგრიგობით მიდიოდა სხვადასხვა მორწმუნესთან, ძირითადად ისინი ახალგაზრდები იყვნენ, მიუახლოვდებოდა მათ და მჭექარედ დასძახებდა: „დაიჩოქეთ!“ მრევლი მართლაც, იჩოქებდა მის წინაშე. ეს ჩვენთვის განსაცვიფრებელი სანახაობა იყო.

1990 წლის მძიმე მარხვისას, ნაშუადღევს მამა გაბრიელი სიონის საპატრიარქო ტაძარში ვნახე. ამ დროს ტაძარში არანაირი მსახურება არ მიმდინარეობდა, მამა გაბრიელი კი შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, სკამზე იჯდა და დიდი ხმით გაჰყვიროდა: „სისხლი, სისხლი, საქართველოში სისხლი დაიღვრება, საქართველო სისხლში ცურავს!“ საოცარი და შემზარავი ხმით მოთქვამდა და გოდებდა, მის დამშვიდებას ორი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა, მაგრამ მამა გაბრიელი არ მშვიდდებოდა. ბოლოს წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა ამბიონისკენ. მივხვდი, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მეც მივუახლოვდი ამბიონს. ამ დროს ტაძარში ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე კაცი იყო და ისინიც თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები. მამა გაბრიელი მოტრიალდა, თვალებში შემომხედა და ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ მართლაც ასრულდა. ეს იყო 1990 წლის გაზაფხული, როდესაც თითქოს არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრებოდა, ერთი შეხედვით ქვეყანა აღმავლობის გზაზე მიდიოდა, მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებიც შემდეგ განვითარდა, აბსოლუტურად დაადასტურეს მამა გაბრიელის სევდიანი წინასწარმეტყველება.

ერთხელ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩავედი მამა გაბრიელის სანახავად. იმ დროს სულიერად დამძიმებული ვიყავი. ჩვეულებისამებრ, მასთან კელიაში შესვლამდე ვთქვი ლოცვა და შესვლის უფლება მივიღე. მამა გაბრიელთან ვნახე მასთან მისული ერთი მცხეთელი ქალბატონი, რომელიც მას თავისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბობდა... შესვლისთანავე საოცარი სინანული დამეუფლა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი ვიდექი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასთან ყოველი შეხვედრისას სინანულის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იმ დღეს ეს განსაკუთრებულად ძლიერი იყო... კუთხეში ვიჯექი და, მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ამ ქალბატონთან საუბრობდა, საოცრად მძიმედ და უხერხულად ვიგრძენი თავი, სინდისი საოცრად მქენჯნიდა, ძალიან მინდოდა, იქაურობას გავცლოდი. უცებ გამახსენდა, როგორ გავაკეთე ერთხელ წვრილმანი სიკეთე, გამუდმებით ვიხსენებდი ამ მომენტს და იმ საქებარ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მომმართეს, რათა ამ საქებარი სიტყვებით როგორმე ჩამეხშო სინდისის ქენჯნა ჩემში და გადამეფარა სინანულის ის გრძნობა, რომელმაც მაშინ მთელი ჩემი არსება მოიცვა და რომლის დატევნაც უკვე მიჭირდა. აი, ამ დროს მოხდა საოცრება, მამა გაბრიელმა, რომელიც ჩემგან გვერდულად იჯდა, უცბად თავი ოდნავ ჩემსკენ მოატრიალა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „აბა, როგორ ამბობ მაგას, (შემდეგ გაიმეორა ის საქებარი სიტყვები, რომელსაც მე ვიმეორებდი გონებაში), როდესაც ყოველდღიუად ამას და ამას ჩადიხარო, - და ის ცოდვები ჩამომითვალა, რასაც ჩავდიოდი. მან გამოიცნო არა მარტო ჩემი წინა დღეების სულიერი მდგომარეობა, არამედ ის ფიქრი, რომელიც მაშინ გონებაში მიტრიალებდა. ეს ისე მოხერხებულად ჩართო საუბარში, რომ მისი მოსაუბრე ქალბატონი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და მამა გაბრიელმა კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სინანული კვლავ გამიძლიერდა. ცოტა ხანში მამა გაბრიელისგან კურთხევა ავიღე და წამოვედი. წამოსვლისთანავე ვიგრძენი შემსუბუქება, იმ წუთიდანვე ისევ ჩავდექი ეკლესიური ცხოვრების კალაპოტში.

ერთხელ მამა გაბრიელმა მომიწოდა, სინანული მომეხვეჭა. გავიდა გარკვეული ხანი და მორიგი სტუმრობისას ვუთხარი, რომ ვერ შევძელი სინანულის მოხვეჭა, რაზეც მან ასეთი რამ მიპასუხა: „არა მაქვს სინანული იმიტომ, რომ არ მინდა!“ და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. ამ შეხვედრიდან სულ მცირე დროის შემდეგ სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არ მითხოვია უფლისათვის სინანული, უცებ ჩემში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა, რომელიც თანდათანობით ძლიერდებოდა და ჩემი სულიერი სნეულებების უფრო და უფრო მეტ სიღრმეს ეხებოდა. ეს გრძნობა იმდენად მომძლავრდა, რომ ზოგჯერ საჭმლის ჭამაც კი მიჭირდა. ეს მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ იმ ადამიანის განცდებს, რომელმაც მოულოდნელად ახლობელი ადამიანი დაკარგა და დიდი გაჭირვების, უბედურებისა და ტკივილისაგან საჭმლის მიღების თავიც კი არა აქვს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელზე მასალების შეგროვება დაიწყო, წავიკითხე ერთ-ერთი მორწმუნის მოგონება, რომელშიც იგი წერდა: „მამა გაბრიელმა ერთხელ ასე ამიხსნა, რა არის სინანული. მან მითხრა, რომ სინანული არის ისეთი მდგომარეობა, როცა საჭმლის ჭამაც კი არ შეგიძლია; აი, ეს არის ნამდვილი სინანული“. ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩემს გულში შემოსული მოულოდნელი სინანული სწორედ მამა გაბრიელის ლოცვით იყო მიღწეული.

ერთხელ მამა გაბრიელმა ჩემი იქ ყოფნის დროს დედა პარასკევას დაავალა რაღაც გაზეთის მოძებნა. კარგა ხანს აძებნინა, შემდეგ კი წააკითხა. ამ გაზეთში განკითხული იყო სასულიერო პირი და მოყვანილი იყო არგუმენტები, რომლებიც იმ არეულობის პერიოდში (სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა) ხშირად მომდიოდა ხოლმე თავში. მეხამუშა მამა გაბრიელისგან ასეთი საქციელი და ვიფიქრე, თუკი მე ჩემი სისუსტის გამო, ხანდახან ცხელ გულზე განვიკითხავ სასულიერო პირს, ადამიანებს, ასეთ დიდ ბერს რატომ ემართება მსგავსი რამ-მეთქი. მამა გაბრიელი კითხვისას კომენტარსაც ურთავდა სტატიას. ეს კომენტარები ძალიან ჰგავდა ჩემს არგუმენტებს. შინ დავბრუნდი, გზად მიმავალმა უეცრად აღმოვაჩინე, რომ ის ყველაფერი, რასაცა მამა გაბრიელი ამბობდა და გაზეთებში კითხულობდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემს მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი და ნაფიქრი სიტყვები. მისი ამგვარი საქციელი გახლდათ ის, რომ გავაცნობიერე, რაოდენ არასწორი იყო ჩემი საქციელი და განკითხვის სურვილი მომეხსნა. სიმძიმე ჩამომეცალა გულიდან, მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს იყო ჩემი აზრებისა და ფიქრების მხილება და არა მარტო მხილება, არამედ მისი განკურნება. მან თავისი ლოცვით ეს ჩემი დაბრკოლება, ცდომილება განკურნა.

იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მამა გაბრიელი მოულოდნელად იწყებდა ცეკვას, სიმღერას, თითქოსდა დასალევად მოითხოვდა ღვინოს, ამ ცეკვის დროს უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, წარმოთქვამდა სხვადასხვა სიტყვებს, ზოგჯერ შეიძლება უხამსი რამეც ეთქვა. ერთი სიტყვით, იქცეოდა ისე, როგორც სალოსი. საოცარი იყო, რომ რაც არ უნდა უცნაური და თითქოსდა შეუფერებელი რამ ელაპარაკა, ეს არ ახდენდა ცუდ გავლენას ადამიანზე, არ ამძიმებდა მის სულსა და გულს, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარ რამედ მოიმოქმედებდა ან იტყოდა რომელიმე სხვა პიროვნება. თითქოს ამითაც რაღაცას გვეუბნებოდა, გვასწავლიდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მასთან ურთიერთობის დროს არამარტო სიტყვას ჰქონდა დიდი ძალა და მნიშვნელობა, მის გვერდში ყოფნისას ისეთი რამ ხდებოდა ადამიანის სულში, რომ შედეგად ეს ადამიანი მცირე ხნით მაინც იცვლებოდა ხოლმე. ეს მართლაც საოცრება იყო, მამა გაბრიელს ისეთი ზემოქმედება ჰქონდა ადამიანებზე, რომლის შესახებაც პატერიკებში წაგვიკითხავს და რომელიც ძველ წმიდა მამებს ახასიათებთ.

მახსოვს, ერთხელ საუბრისას ღვინის სმას შეეხო... ისე მოხდა, რომ იქიდან წამოსულმა სამი კვირის განმავლობაში ღვინოს საერთოდ პირი ვერ დავაკარე. ღვინის დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა თქმა უნდა, ესეც მამა გაბრიელის ლოცვით მოხდა.

ერთხელ 90-იანი წლების დასაწყისში მამა გაბრიელის კელიაში ვისხედით. ის სხვადასხვა საკითხზე გვესაუბრებოდა და უცბად ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ახლა რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ ღვთის წინაშე, აგერ, მეორედ მოსვლა კარზე არის მომდგარი!“ როცა მან სათქმელი ჩაამთავრა, მოკრძალებით შევეკითხე: „მამა გაბრიელ, ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც წინა საუკუნეებში ადამიანებს ეგონათ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, იქნებ ახლაც ასეთი მდგომარეობაა?“ მამა გაბრიელმა სიტყვა შემაწყვეტინა, თავი გააქნია და მითხრა: „არა, არა, შვილო, ახლა ნამდვილად ახლოსაა!“

საოცარი თვალები ჰქონდა, გამჭოლი... საკმაოდ ძნელი იყო მასთან ყოფნა, ძნელად იტევდა ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა ხოლმე. მისგან ძალიან დიდი ძალა მოდიოდა. ვამჩნევდი, რომ მასთან დიდხანს გაჩერება მიძნელდებოდა. მამა გაბრიელი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ გვტოვებდა, ჩემი ცხოვრების მანძილზე ხშირად მიგრძვნია მისი შემწეობა და დახმარება. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ამაში. როდესაც მისთვის პანაშვიდს გადავახდებინებდი ხოლმე განსაცდელის წუთებში, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, მისგან აუცილებლად შემწეობას ვიღებდი და ვიღებ დღესაც. იგი ნამდვილად ჩვენს გვერდითაა და გვმფარველობს, მფარველობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავმდაბლობით, სასოებითა და იმედით მიმართავს მას. შემთხვევითი არაა, რომ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი პატარა საფლავი მომლოცველობის ადგილად იქცა, რომელისკენაც განუწყვეტლივ მიეშურებიან მორწმუნენი არა მარტო საქართველოს ყოველი კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც და მის საფლავთან ყველა ჭეშმარიტად მლოცველი და სასოებით მიახლებული „ხელცარიელი“ არასდროს ბრუნდება უკან.

ღმერთმა მოიხსენოს მამა გაბრიელი - სიყვარულის მოძღვარი.

P.S. გაბრიელ ბერმა ასეთი თხოვნა დაგვიტოვა: ჩემი გარდაცვალების შემდეგ ფსალმუნების XVII კანონი წამიკითხეთ.