კაცხის სვეტი
15.04.2012, 13:26

კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე" — შთენილი კლდე სოფელ კაცხში.

მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერდა:

ვიკიციტატა
„[კაცხის] ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა."

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.





კატეგორია: რელიგიური | დაამატა: vasoelis
ნანახია: 1907 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]