გაბრიელ ჩაჩანიძე ძნელბედობისას ეკლესიის პირადად განმამტკიცებელი.
ერის ისტორიაში არსებობდნენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება, ღვაწლი და ეროვნული სულისკვეთება ხელოვნურად იჩქმალებოდა ტოტალიტარული რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ. ამიტომ მათი ამაგი ჯეროვნად არ არის შესწავლილი და წარმოჩინებული. შესაბამისად, ნაკლებად არიან ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასეთ მოღვაწეთა შორისაა გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა (1901-1956 წწ.) შეძლო ღირსეული კვალი დაეტოვებინა როგორც საერო, ისე სასულიერო ცხოვრებაში.
გაბრიელ ჩაჩანიძე დაიბადა 1901 წლის 1-ელ იანვარს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში (ახლანდელი კასპის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1913 წელს სწვლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1915 წელს 14 წლის ყმაწვილი, ჯერ კიდევ სემინარიის მსმენელი, თბილისის მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევითა და უშუალო დავალებით სემინარიელ მეგობრებთან, ალექსანდრე დათუკიშვილსა და გრიგოლ ფერაძესთან (შემდგომში ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული) ერთად სათავეში ჩაუდგა მეტეხის ხიდის ქვეშ წმინდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობისთვის შემოწირულობის შეგროვებას. სამივე მათგანი გულზე ჩამოკიდებული შესაწირი ყუთებით დადიოდა დედაქალაქის ქუჩებში და მოსახლეობას აცნობდა თბილისის მფარველი წმინდანის თავგანწირვისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამბავს. სამწუხაროდ, ტაძრის მშენებლობას ხელი შეუშალა 1917 წლის რევოლუციამ.
1921 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა ისტორიის სპეციალობით, რომლის დასრულების შემდეგ, როგორც წარჩინებული სტუდენტი, კათედრაზე ასპირანტად დატოვეს. მისი მასწავლებლები იყვნენ კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გრიგოლ წერეთელი. 1942 წელს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის". მისი სამეცნიერო ოპონენტები იყვნენ მათე ალექსიშვილი, გიორგი გოზალიშვილი და სიმონ ყაუხჩიშვილი. სამეცნიერო საბჭომ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიანიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო ორი წლის შემდეგ - დოცენტის წოდება. დაჯილდოებული იყო მედლით "შრომითი მამაცობისათვის 1941-1945 წლებში".
გაბრიელ ჩაჩანიძის სტუდენტები იყვნენ ლადო ასათიანი, ლევან სანიკიძე, გიორგი მჭედლიძე და სხვ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანმანათლებლო კერების რაიონებში გახსნის საკითხი დადგა, გაბრიელ ჩაჩანიძე არ მორიდებია პერიფერიაში გადასვლას. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თელავის, გორის უმაღლეს სასწავლებლებში. არცთუ იშვიათად საკუთარი ხარჯებითვე აფინანსებდა საისტორიო-კვლევით ექსპედიციებს და აქტიურად მონაწილეობდა მათში, იღვწოდა ქართული პოლიფონიური სიმღერებისა და საგალობლების აღსადგენად და გადასარჩენად. მის სახელს უკავშირდება არაერთი მივიწყებული და დაკარგული საგალობლის აღმოჩენა-აღდგენა. ქმნიდა სამეცნიერო შრომებს, პრაქტიკულ დახმარებას უწევდა ივანე ჯავახიშვილს წიგნის "ქართლის ცხოვრების" გამოცემაში (რაც არაერთხელაა აღნიშნული ივანე ჯავახიშვილის მემუარებსა და ოფიციალურ ჩანაწერებში), უანგაროდ მონაწილეობდა ქართული საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების საქმიანობაში.
XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომგადახდილ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მიერ შევიწროებული ქართული ეკლესია სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეპრესირებული ან ფიზიკურად განადგურებული იყო სასულიერო პირების უმრავლესობა, ეკლესია-მონასტრები - დანგრეული ან ფუნქციაგამოცვლილი, ხოლო ეპარქიების უმეტესობა - დახურული. წირვა-ლოცვა მხოლოდ თბილისის რამდენიმე ტაძარში ტარდებოდა და ქვეყანაში სულ ხუთიოდე მღვდელთმთავარი იყო შემორჩენილი. დედაეკლესიისთვის ასეთ რთულ პერიოდში გაბრიელ ჩაჩანიძემ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: დატოვა უნივერსიტეტის კათედრის გამგის კაბინეტი, პერსპექტიული სამეცნიერო კარიერა და 1948 წელს ბერად აღიკვეცა. ასე ითხოვდა ქვეყნის ინტერესები და მანაც მიუხედავად მოსალოდნელი რეპრესიებისა და დევნისა (რასაც მთელი საეკლესიო ცხოვრების გზაზე მწვავედ განიცდიდა), დოცენტის პორტფელი ბერის უბრალო კაბაზე გაცვალა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას საეკლესიო ყოფის ურთულესი გზა არჩია.
1948 წლის აგვისტოში გაბრიელი ეკურთხა დიაკვნად.
1949 წლის 7 იანვარს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და გადმოყვანილ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში, ამავე დროს ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწის მოვალეობას. 1949 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1951 წლის 15 თებერვალს იგი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1953 წლის დასაწყისში ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსია, 1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთათელ-გაენათელად, მიენიჭა მიტროპოლიტობა. ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი ლექტორი დაბრუნდა როგორც ეპარქიის მღვდელმთავარი. მეუფე გაბრიელს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ურთულესი ვითარება დახვდა, მრევლი დაპირისპირებული, სასულიერო პირთა შორის - განხეთქილება. იყო კვირის წირვა-ლოცვის ჩაშლის შემთხვევები. ერთხელ ვიღაც მოსყიდული დედაკაცი მოსაკლავად დაედევნა მღვდელმთავარს... ამას ემატებოდა ხელისუფლებისაგან ზეწოლა-შევიწროება, მაგრამ მეუფე გაბრიელმა მოახერხა ვითარების ნორმალიზაცია. მიტროპოლიტმა გაბრიელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოწამეთას მონასტერს, რომელიც იავარქმნილ იყო. წმიდა დავითისა და კონასტანტინეს ნეშტები 1925 წელს, აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმდროინდელი ხელმძღვანელის ვალია ბახტაძის განკარგულებით გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისა და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ რიონში გადაყრა, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, მორწმუნე მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე უარს აცხადებდნენ.
1954 წელს მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება... ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს მოწამეთაში საზეიმო პარაკლისი დაიწყო, 11 საათზე მონასტერში დაბრუნდა წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მიტროპოლიტმა გაბრიელმა მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი. მიტროპოლიტ გაბრიელს რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I სთავაზობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის კურსის ხელმძღვანელობას. მას, როგორც განათლებულ და დახვეწილ სასულიერო მაღალ იერარქს, ჰქონდა დიდი მომავალი, მაგრამ იგი 1956 წლის 3 ივლისს უეცრად გარდაიცვალა... მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში მრავალი ვერსია იყო... თუმცა რა მოხდა ზუსტად არავინ არ იცის... მეუფე გაბრიელს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.
თვითმხილველთა გადმოცემით, გაბრიელ ჩაჩანიძის ლექციაცა და ქადაგებაც იმ ეპოქისთვის დიდი გმირობის ტოლფასი იყო, რადგან საქართველოს ისტორიას გადმოსცემდა არა ისე, როგორც ცენზურა ითხოვდა, არამედ პირუთვნელად და ობიექტურად. ამიტომ მისი ქადაგების დროს ტაძრები მრევლს ვერ იტევდა, ისევე როგორც მის ლექციაზე სტუდენტებს - აუდიტორია. გაბრიელ ჩაჩანიძე ყოველთვის მძიმედ განიცდიდა დედასამშობლოსგან მოწყვეტილი ტაო-კლარჯეთის, ლორესა და საინგილოს ბედს, ოცნებობდა მათ დაბრუნებაზე. მისი საქმიანობა და ეროვნული სულისკვეთება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას, ამიტომ მას მუდამ ებრძოდა პარტიული ნომენკლატურა და ე.წ. ჩეკა. ეს დაპირისპირება თუ მიტროპოლიტ გაბრიელის მხრიდან მხოლოდ იდეოლოგიით იფარგლებოდა, ჩეკა ყოველგვარ ძალისმიერ, დაუნდობელ და უღირს მეთოდებს მიმართავდა.
ცნობილია, რომ წირვის დროს მას ტაძარში შეუვარდნენ შეიარაღებული ჩეკისტები და სროლა ატეხეს, თუმცა მრევლი გადაეფარა, მეუფე საკურთხეველში შეაბრძანეს და ასე გადაარჩინეს მტრის ტყვიას. ჩეკისტები იძულებული გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ. ამის შემდეგ ღამით, ტაძრიდან წამოსულ მეუფეს დაედევნა შეიარაღებული დაქირავებული მკვლელი ქალი (ვითომ ქვრივი, მათხოვრებთან თავშეფარებული). მაშინაც და კიდევ რამდენიმე თავდასხმის დროსაც გაბრიელი მრევლის ერთგულმა წევრებმა იხსნეს, რომლებიც საკუთარი ნებით დაყვებოდნენ თან და მოსალოდნელი თავდასხმისაგან იცავდნენ მოძღვარს. საშობაო წირვის დროს კი მის საცხოვრებელ სახლში ჩეკას მიგზავნილი ბოშათა ჯგუფი შეიჭრა. ბოშებმა პროვოკაციულად, ხალხის თვალწინ დაამტვრიეს ყველაფერი და სახლი გაძარცვეს.
ერთხელ, მრევლში შეგზავნილმა მოხუცმა, შვილმკვდარმა ქალმა საზიარებლად მიართვა შავი ღვინო და დაჟინებით სთხოვა გაესინჯა. მეუფემ ერთი ყლუპი დალია და ორ კვირას იავადმყოფა, ძლივს გადაარჩინა მეგობარმა ექიმმა. ღვინო მედიცინისთვის უცნობი შხამით აღმოჩნდა მოწამლული, ხოლო ის ქალი მრევლში აღარავის უნახავს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ზემოთ მოყვანილ ფაქტზე რეაგირება არც ხელისუფლების, არც სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა. ყველაფერ ამას მუდამ თან სდევდა საქართველოს პატრიარქისა და სინოდისადმი მიმართული უსაფუძვლო, ცილისმწამებლური, განუწყვეტელი ანონიმური საჩივრების ნიაღვარი.
მიუხედავად მუდმივი ზეწოლისა, თავდასხმებისა და დევნისა, გაბრიელ ჩაჩანიძემ ყველგან, სადაც თუნდაც მცირე ხნით მსახურობდა, დიდი სამუშაო გასწია დედაეკლესიის გასაძლიერებლად. ალავერდის ეპარქია მის ეპისკოპოსად დანიშვნამდე ფაქტობრივად უმოქმედო იყო. გაბრიელმა მისვლისთანავე წარმართა ძირფესვიანი რეფორმა, აღადგინა წირვა-ლოცვა ყველა ტაძარში, რესტავრაცია გაუკეთა ტაძრებს, საკუთარი არხებით გამოძებნა ალავერდის ტაძრის სარესტავრაციო თანხა. ასევე მნიშვნელოვანი და დიდი რეფორმები მოახდინა ცხუმ-აფხაზეთისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიებში. უშუალოდ მისი ძალისხმევითა და პარტიულ ნომენკლატურასთან დიდი დაპირისპირების შედეგად მოხერხდა მოწამეთის ტაძრის რესტავრაცია, მასში წირვა-ლოცვის აღდგენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშთის ტაძარში გადასვენება. ამ საკითხზე ის ძალიან მწვავედ დაუპირისპირდა ადგილობრივ ხელისუფლებას და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელ გრიგოლ ნარსიას.
მიტროპოლიტმა გაბრიელმა აღკვეცა ბერად შემდგომში ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელ (გოდერძი) ურგებაძე. მეუფე გაბრიელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველთან და სასულიერო აკადემიის რექტორ ნიკალაი კრუტიცკისთან. საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და საეკლესიო თავყრილობაში. მათ შორის ბულგარეთში, რუსეთსა და რუმინეთში გამართულ საეკლესიო თათბირებში. 1951 და 1952 წლებში სიტყვით გამოვიდა მოსკოვში მშვიდობის მომხრეთა საერთაშორისო მეორე და მესამე ყრილობაზე.
არაერთი საინტერესო გადმოცემა არსებობს იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც მიტროპოლიტ გაბრიელის მხურვალე ლოცვის შედეგად უფალმა მრევლს მოუვლინა. ერთ-ერთი, რომელიც ქუთაისში მრევლის ხანდაზმულ წევრებს დღესაც ახსოვთ, ასეთია: იმ წელიწადს იმერეთში ძალიან გვალვიანი ზაფხული იყო. გაუჭირდა გლეხობას, გადახმა ნათესები. შეწუხებულმა ხალხმა საშველად მეუფე გაბრიელს მიმართა. მეუფემ ხალხი დაამშვიდა და მეორე დილით ელიაობის (ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღის) წირვაზე დაიბარა.
დილიდან მართლაც უამრავი ხალხი მოაწყდა ტაძარს. მრევლში მრავლად იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ჩეკისტები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ წირვის დამთავრებას, რათა გაწბილებული მრევლი აბუჩად აეგდოთ. აგვისტოს თვის დასაწყისში (2 აგვისტო) დილიდან საშინელი ხვატი იდგა და ცაზე არათუ საწვიმარი, ღრუბლის პატარა ფთილაც კი არ ჩანდა.
მეუფემ ჩვეული გულმოდგინებითა და სიდინჯით დაიწყო წირვა. მოხდა სასწაული... როგორც კი წირვის დამთავრებისას მრევლმა ერთხმად წარმოთქვა "ამინ", მოწმენდილ ცაზე გაისმა ქუხილის ხმა და მოულოდნელად გაჩენილი სქელი ღრუბლებიდან მართლაც წამოვიდა წვიმა, მაგრამ ისეთი ძლიერი, რომ ადიდებულმა რიონმა ჩეკას ერთ-ერთ კანტორას ძირი გამოუთხარა და წაიღო. დაბნეულმა ჩეკისტებმა თბილისში აფრინეს საჩივარი: "მიტროპოლიტმა გაბრიელმა კანტორა დაგვინგრია, ილოცა და ისეთი წვიმა მოიყვანა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა. ნება მოგვეცით დავიჭიროთ და პასუხისგებაში მივცეთო". მაგრამ დედაქალაქში დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეს სარჩელი ღმერთის აშკარა აღიარებამდე მიიყვანდათ და სასწრაფოდ გააუქმეს.
1956 წლის 3 ივლისს მიტროპოლიტი გაბრიელი საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის ტაძრის ეზოში. მისი გარდაცვალება დღესაც ბურუსითაა მოცული. არქივებში მოძიებულ ცნობებში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ღვიძლის კიბო, მაგრამ ანალიზების პასუხები და პაციენტის ჩივილები რადიკალურად ეწინააღმდეგება დიაგნოზს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ მეუფის გარდაცვალებისთანავე მის სახლში ჩეკამ ძირფესვიანი ჩხრეკა მოაწყო და მისი ხელნაწერები, ნაშრომები, ფოტოები, დოკუმენტები და ბიბლიოთეკაც კი, სატვირთო მანქანებით წაიღეს (სავარაუდოდ გაანადგურეს, რადგან არც ერთ არქივში, მათ შორის არც უშიშროების სამსახურის არქივში არ ინახება). გარდა ამისა, ყველგან, სადაც საარქივო მასალებია დაცული, იგრძნობა, რომ მის შესახებ თითქმის ყველა დოკუმენტი მიზანმიმართულადაა განადგურებული (სავარაუდოდ, ამაზეც სპეცსამსახურებს მიუწვდებოდათ ხელი).
ყველგან, სადაც გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა, მაღალი ინტელექტისა და ნიჭის წყალობით სწრაფად აღწევდა წარმატებას, აღიარებასა და გულწრფელ სიყვარულს. სასულიერო და სამეცნიერო წრეებში მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც განათლებულ, პრინციპულ და ამავე დროს უზომო სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, რომელიც ყოველი დილა-საღამოს ლოცვებს ასე იწყებდა: "უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო!"
მღვდელ გაბრიელ ჩაჩანიძის წერილი კ. კეკელიძისადმი.
"ჩვენო პატივცემული მასწავლებელო!
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
გახლდით ბულგარეთში და ვინახულე პეტრიწონის-ბაჩკოვოს მონასტერიც, კარგად გახლავთ შენახული.
ჩვენო ბატონო, ძველი ათონის საკითხი მუშავდება საერთოდ ე.ი. ყველა იმ ქვეყნების გაერთიანებული ძალებით, რომელიც აქვთ ბერძნებთან სადაო: რუსეთი, საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, რომელთაც უკვე წარმოუდგენიათ მოსკოვში მემორანდუმები და ვრცელი გამოკვლევებიც დაურთავთ.
ჩვენ ბრძენსაც წარუდგენია ერთგვერდნახევრიანი "მემორანდუმი" - ძალიან უხერხემლო და უნიათო არის.
ყველანი საერო და სასულიერო მთავრობა გაკვირვებულნი გახლავთ მოსკოვში ეს რა წარმოსადგენი იყოვო.
მე მოვახსენე, არაფერი არ ვიცი და როგორც გამოირკვა, თითონ დაუწერია პატრიარქს და გადაუგზავნია, რაც ხელაღებით დაწუნებულია და ახალს თხოულობენ უფრო დასაბუთებულს ე.ი. მემორანდუმში უნდა ასახული იყოს, რომ ჩვენია ივერიის მონასტერი და მისი ფილიალები თუკი ასეთები გააჩნდენ მას. მე გავეცანი სხვების მემორანდუმებსა და მასალებს მოსკოვში. ახლა მინდა თანახმად მოსკოვში არსებული საამისო კომისიის დავალებისა, წარვუდგინო შესაფერისი ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი თანაგრძნობა და ადამიანური დამოკიდებულება არ არის ჩემს მიმართ ჩვენი ეკლესიის მესვეურთაგან, მე მაინც ვეცდები თქვენი დახმარებით რაიმე გავაკეთო.
თქვენი მოწაფე გაბრიელი."
|